განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001497123
საქმე N3ბ/528-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე- ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტები (მოსარჩელეები) - უნიტარული საწარმო ,,ბ--–------------------------------------–-”, ღია სს ,,ნ--------”, ღია სს ,,ბ--––---”, ღია სს ,,გ-----–---------------------”;
წარმომადგენელი - გ---–--–------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო;
წარმომადგენელი - ე---------------–--–-;
მესამე პირები - შპს ,,დ------------------"; შპს ,,ტ-------------–------"; შ----- ბ------------;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, უნიტარული საწარმო ,,ბ--–------------------------------------–-ს”, ღია სს ,,ნ--------ს”, ღია სს ,,ბ--––---ს”, ღია სს ,,გ-----–--------------------ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.2.1. 2016 წლის 14 მარტის მდგომარეობით მომზადებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ შპს ,,ბ--------–---“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მეწარმე სუბიექტად, 4-------- საიდენტიფიკაციო ნომრით დარეგისტრირდა 2014 წლის 25 მარტს, იურიდიული მისამართია - საქართველო, თბილისი, ს----------–--ს რაიონი, გ---------------ს დაღმართი N--, კომპანიის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი - დ---- ს-----–------ი, პარტნიორ ორგანიზაციებს წარმოადგენენ - უნიტარული საწარმო ,,ბ--–------------------------------------–-“ (წილი 26 %), ღია სააქციო საზოგადოება ,,ნ--------“ (წილი 5 %), ღია სს ,,ბ--––---“ (წილი 15 %), ღია სს ,,გ-----–---------------------“ (წილი 5 %) და შპს ,,ტ-------------–---------------------“ (წილი 49 %).
ამავე ამონაწერით ირკვევა, რომ შპს ,,ტ-------------–---------------------“-ის სახელზე შპს ,,ბ--------–---ს“ კაპიტალში რიცხულ 49 %-იან წილზე რეგისტრირებულია ყადაღა, ნოტარიუსის ნ---- გ-------ის 0-----2016წ. N1-------- სააღსრულებო ფურცელის (სააღსრულებო საქმე A1-------, მოვალე - შპს ,,ტ-------------–---------------------“, კრედიტორი - შპს ,,ი--------–-“), აღსრულების ეროვნული ბიუროს 02.10.2015წ. N1-------------- სააღსრულებო ფურცელის (სააღსრულებო საქმე A1-------, მოვალე - შპს ,,ტ-------------–---------------------“, კრედიტორი - შპს ,,ბ--------–---“) აღსრულების უზრუნველსაყოფად (ტ.1, ს.ფ. 15-16).
2.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს ,,ს------------–---------------მ” სარჩელი აღძრა შპს ,,ტ-------------–---------------------“-ის და შ----- ბ------------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: 1) „მოპასუხე მხარე“ „მოსარჩელე მხარის“ მიმართ სოლიდარულად აღიარებს დავალიანებას 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ოდენობით (შემდგომში „დავალიანება“); 2) „მოპასუხე მხარე“ კისრულობს სოლიდარულ ვალდებულებას, 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ოდენობით რიცხული „დავალიანება“ სრულად გადაუხადოს „მოსარჩელეს“ შემდეგი გრაფიკით: 2.1. არაუგვიანეს 2015 წლის 27 ნოემბრისა - 10 000 (ათი ათასი) ლარი; 2.2. არაუგვიანეს 2015 წლის 27 დეკემბრისა - 10 000 (ათი ათასი) ლარი; 2.3 არაუგვიანეს 2016 წლის 27 იანვრისა - 10 000 (ათი ათასი) ლარი; 2.4. არაუგვიანეს 2016 წლის 27 თებერვლისა - 10 000 (ათი ათასი) ლარი; 2.5. არაუგვიანეს 2016 წლის 27 მარტისა - 10 000 (ათი ათასი) ლარი; 2.6. არაუგვიანეს 2016 წლის 27 აპრილისა - 10 000 (ათი ათასი) ლარი; 2.7. არაუგვიანეს 2016 წლის 27 მაისისა - 10 000 (ათი ათასი) ლარი; 2.8. არაუგვიანეს 2016 წლის 27 ივნისისა - 10 000 (ათი ათასი) ლარი. 3) „მოპასუხე მხარე“ კისრულობს სოლიდარულ ვალდებულებას, გადაუხადოს „მოსარჩელეს“ „დავალიანება“ უნაღდო ანგარიშსწორების წესით, „მოსარჩელის“ სს „თ----------ში“ გახსნილ შემდეგ ანგარიშზე ჩარიცხვის გზით: GE0-------------------; 4) „მოპასუხე მხარის“ მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების პირველივე დარღვევის შემთხვევაში, „მოპასუხე მხარე“ კისრულობს სოლიდარულ ვალდებულებას, გადაუხადოს „მოსარჩელეს“ პირგასამტეხლო, „დავალიანების“ წლიური 15%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დარღვევის პირველივე დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 5) „მოპასუხე მხარის“ მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების პირველივე დარღვევის შემთხვევაში, „დავალიანების“ დარჩენილი ნაწილი ექვემდებარე დაუყოვნებლივ, სრულად გადახდას, მიუხედავად ამავე მე-2 პუნქტით შეთანხმებული გრაფიკისა, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ, სრულად აღსრულებას; 6) „მოპასუხე მხარის“ მიერ წინამდებარე მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, ძალაში რჩება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ვლადიმერ კაკაბაძის მიერ №2/9607-15 საქმეზე 20.05.2015 წელს მიღებული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება (ტ. 2, ს.ფ. 17-19).
2.2.3. კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე, 2016 წლის 14 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ტ.2, 22-23).
2.2.4. 2016 წლის 21 მარტს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში შპს ,,ს------------–---------------მ“ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2016 წლის 14 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2/9607-15), რომლითაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღება და მოთხოვნის აღსრულება, კერძოდ, დაეკისროთ შპს ,,ტ-------------–---------------------“-ს და შ----- ბ------------ს 60 000 და 1 742,46 ლარის გადახდა (ტ. 2, ს.ფ. 14).
2.2.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე, დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე A1-------.
2016 წლის 24 მარტს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოვალე - შპს ,,ტ-------------–---------------------“-ის მიმართ გამოსცა A1-------- 0------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. ხსენებული დოკუმენტით მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაეხადა 2016 წლის 14 მარტის სააღსრულებო ფურცელით დაკისრებული თანხა. მოვალეს ასევე ეცნობა, რომ უკვე რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში, რის შედეგადაც შეზღუდული ჰქონდა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის (გასხვისების და უფლებრივად დატვირთვა) უფლება. ამასთან, მის მიმართ განხორციელდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაყადაღდებოდა საბანკო ანგარიშები, აღიწერებოდა, დაყადაღდებოდა და შეფასდებოდა მათ საკუთრებაში არსებული ქონება. ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი. აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. მოვალეს, ასევე გადაეგზავნა სააღსრულებო წარმოების მხარეთა უფლებებისა და სააღსრულებო წარმოების განხორციელების პროცედურების შესახებ ინფორმაცია დანართის სახით (ტ. 2, ს.ფ. 24-26).
2.2.6. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2016 წლის 24 მარტს N3---- წერილით მიმართა სს ,,ს---------–--------ს“, სს ,,ბ---------ს“, სს ,,პ-----------------ს“, სს ,,თ----------ს“, სს ,,კ-------–-----ს“, სს ,,ა-----------------------–--------------------------–--ს“ თ.რ ,,ზი-------------------–---------–---–ს“, სს ,,კ----------------------------------------–--ს“, სს ,,ხ--–--------------------–--ს“ სს ,,თუ----------–------------–---–ს“ და მოითხოვა 2016 წლის 14 მარტის N2/9607-15 სააღსრულებო ფურცელის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ეცნობებინათ ჰქონდა თუ არა გახსნილი მოვალეს ანგარიშსწორების ანგარიშები მათთან. ასეთის არსებობის შემთხვევაში მოითხოვა რეგისტრაციაში გაეტარებინათ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღა მოთხოვნის ფარგლებში. ასევე, მოთხოვნილი იქნა ეცნობებინათ ანგარიშები და მასზე დაყადაღებული თანხის ოდენობა (ტ. 2, ს.ფ. 161).
2.2.7. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2016 წლის 24 მარტს A1--------006 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა 14.03.2016წ. N2/9607-15 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ეცნობებინა: ირიცხებოდა თუ არა - შპს ,,ტ-------------–---------------------“-ის სახელზე უძრავი ქონება, იყო თუ არა აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთული იპოთეკით ან რაიმე სხვა სანივთო უფლებით, როდის და ვის სასარგებლოდ; რეგისტრირებული იყო თუ არა აღნიშნულ ქონებაზე ყადაღაზე, როდის და ვის მიერ. ამავე წერილით ეთხოვა უძრავი ქონების ამონაწერის ასლის, იპოთეკის ხელშეკრულების ასლების, სხვა სანივთო თუ ვალდებულებითი ხელშეკრულების ასლების, ყადაღის რეგისტრაციის მომთხოვნისა და ყადაღის რეგისტრაციის საფუძვლების შესახებ ინფორმაციის, ასევე ყველა მათ ხელთ არსებული აღნიშნული უძრავი ქონების ნახაზების და ორთოფოტოების მიწოდება. ამასთანავე, ეთხოვა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ინფორმაციის მიწოდება - იყო თუ არა მოვალე რეგისტრირებული მეწარმე-გადამხდელად, ფლობდა თუ არა წილს კომერციულ საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, ვინ იყვნენ საწარმოს პარტნიორები და წარმომადგენლობაზე იურიდიული პირები.
ხსენებული წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 მარტის N7---- წერილით აღმასრულებელს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით შპს ,,ტ-------------–--------------------- "–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 აპრილის N8---- წერილით აღმასრულებელს ეცნობა, რომ შპს ,,ტ-------------–---------------------“ რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ბ--------–---ს“ კაპიტალში 49%-ანი წილის მესაკუთრედ. ამავე წერილით აღმასრულებელს გადაეგზავნა 26.03.2015წ. შპს ტ-------------–--------------------- -ის ამონაწერი, რომლის მიხედვით, შპს ტ-------------–----------------------ის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად ფიქსირდებიან დირექტორები: მ----- მ------- და შ----- ბ------------ (ტ.2, ს.ფ. 31-33; 154; 156-157).
2.2.8. 2016 წლის 29 მარტს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის A1--------0------ შეტყობინებით შპს ,,ტ-------------–---------------------"-ს მიეთითა ქონებრივი ნუსხის წარდგენის თაობაზე. მოვალეს დაევალა მისი ქონების შესახებ წარედგინა შემდეგი სახის ინფორმაცია: საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალი (ქონების დასახელების, რაოდენობის და ადგილმდებარეობის ზუსტი მითითებით); მის სახელზე არსებული ყველა საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაცია; მის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის და რეგისტრაციის ადგილის შესახებ ინფორმაცია; გააჩნდა თუ არა მესამე პირის მიმართ მოთხოვნები; ქონების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ეკუთვნოდათ სხვებისგან.
ზემოხსენებული შეტყობინების პასუხად, 2016 წლის 02 აგვისტოს შპს ,,ტ-------------–---------------------"-ის დირექტორმა შ----- ბ------------მ აღმასრულებელს წარუდგინა შპს-ს საკუთრებაში რიცხული მოძრავი ქონების ჩამონათვალი (ტ.2, ს.ფ. 163-164; 169-172).
2.2.9. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2016 წლის 18 მაისს A1--------011/001 წერილით მიმართა სს ,,საქართველოს ბანკს“, წარადგინა საინკასო დავალება შპს ,,ტ-------------–---------------------"-ის მიმართ 66064,43 ლარზე. მოითხოვა აღნიშნული საინკასო დავალების კონტროლზე აყვანა და მისი შესრულების უზრუნველყოფა. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა 2016 წლის 24 მარტის N3---- მიმართვის საფუძველზე დადებული ყადაღის მოხსნა ანგარიშებზე, რომ შესაძლებელი გამხდარიყო მასზე რიცხული თანხების გადარიცხვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე. ასევე გათვალისწინებული არ ყოფილიყო მოვალეთა რეესტრის შეზღუდვა (ტ.1, ს.ფ. 173-174).
2.2.10. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა შპს ბ--------–---ს კაპიტალში შპს ,,ტ-------------–------ს“ 49 პროცენტიან წილზე 2016 წლის 29 ივნისს 17:00 საათზე დაინიშნა აუქციონი. კომპანიის დირექტორს შ----- ბ------------ს ეცნობა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 239-240).
2.2.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 27 ივლისის №A---------------- განკარგულებით მოვალე შპს ,,ტ-------------–---------------------"-ის საკუთრებაში რიცხული ქონების, კერძოდ შპს ბ--------–--ში 49%-იანი წილის შემძენი 2016 წლის 25 ივლისს დასრულებულ აუქციონზე გახდა შპს ,,დ----- ტ---------“, რომელმაც ქონება შეიძინა 4935.5 ლარად. აღსრულება განხორციელდა კრედიტორების: შპს ,,ს------------–---------------ს“, შპს ,,ი--------–-ს“ და შპს ,,ბ--------–---ს“ სასარგებლოდ; ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან, დამატებითი ღირებულების გადასახადს შეადგენდა 752. 87 ლარს. ამავე განკარგულების თანახმად, აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდებოდა საკუთრების გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. შემძენის საკუთრებაში ყადაღადადებული მოძრავი ქონების გადასვლის შედეგად მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლებები გაუქმდა; ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველმა მესაკუთრემ დაკარგა ყოველგვარი უფლება ამ ნივთზე (ტ.2, ს.ფ. 266).
2.2.12. 2016 წლის 28 ივლისს მომზადებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ შპს ,,ბ--------–---ს“ პარტნიორი ორგანიზაციებია: უნიტარული საწარმო ,,ბ--–------------------------------------–-“ (წილი 26 %), ღია სააქციო საზოგადოება ,,ნ--------“ (წილი 5 %), ღია სს ,,ბ--––---“ (წილი 15 %), ღია სს ,,გ-----–---------------------“ (წილი 5 %) და შპს ,,დ----- ტ---------“ (წილი 49 %) (ტ.1, ს.ფ. 38-39).
2.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
2.3.1. სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს აღსრულების ქვემდებარე აქტებს. მითითებული მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები (შემდგომში – აღმასრულებელი).
სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე ნორმატიული აქტის 21-ე მუხლით განსაზღვრულია სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება; ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები.
სასამართლომ განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი აღმასრულებლისათვის წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს კრედიტორთა და მოვალეთა წრეს, ასევე - აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და არ ტოვებს თავისუფალ სივრცეს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციისათვის. შესაბამისად, აღმასრულებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს სააღსრულებო ფურცლით და არ გასცდეს მის ფარგლებს.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ ერთის მხრივ, შპს ,,ს------------–---------------ს” და მეორე მხრივ, შპს ,,ტ-------------–---------------------“-ს და შ----- ბ------------ს შორის თანხის დაკისრების თაობაზე სასამართლო დავა დასრულდა მორიგებით. მორიგების პირობები დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით (საქმე N2/9607-15). კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე, 2016 წლის 14 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მითითებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კრედიტორის წერილობითი მოთხოვნით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა - შპს ,,ტ-------------–---------------------“-ის მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება (სააღსრულებო საქმე A1-------).
ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლის წარდგენის პირობებში, აღმასრულებელი ვალდებული იყო ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე დაეწყო სააღსრულებო წარმოება და დამოუკიდებლად განეხორციელებინა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აუქციონის მოსამზადებელი პროცედურები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.
2016 წლის 24 მარტს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოვალე-შპს ,,ტ-------------–---------------------“-ის მიმართ გამოსცა A1-------- 0------ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მოვალეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაეხადა 2016 წლის 14 მარტის სააღსრულებო ფურცელით დაკისრებული თანხა. ამასთან, მოვალე გაფრთხილებულ იქნა დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, მის მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, ხოლო ამ ღონისძიების გატარებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდებოდა პირველი იძულებითი აუქციონი. იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდებოდა ნივთის რეალიზაცია, პირველი აუქციონის დასრულებისთანავე დაინიშნებოდა განმეორებითი აუქციონი, შემდგომ კი მეორე განმეორებითი აუქციონი. აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა, მიეთითა, რომ აუქციონის შესახებ ინფორმაცია შეეძლო მიეღო ვებ-გვერდიდან www.eauction.ge .
დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მხრიდან არ გადახდილა დაკისრებული თანხა. შესაბამისად, აღმასრულებელმა დაიწყო იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, მათ შორის დაიწყო მოვალის ქონების მოძიება. სააღსრულებო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ შპს ,,ტ-------------–--------------------- "–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ იყო, თუმცა იგი რეგისტრირებული იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ბ--------–---ს“ კაპიტალში 49%-ანი წილის მესაკუთრედ. წარმოების პროცესში ასევე დადგიდა, რომ შპს ,,ტ-------------–---------------------“-ის სახელზე შპს ,,ბ--------–---ს“ კაპიტალში რიცხულ 49 %-იან წილზე რეგისტრირეული იყო ყადაღა, ნოტარიუსის ნ---- გ-------ის 0-----2016წ. N1-------- სააღსრულებო ფურცელის (სააღსრულებო საქმე A1-------, მოვალე - შპს ,,ტ-------------–---------------------“, კრედიტორი - შპს ,,ი--------–-“), აღსრულების ეროვნული ბიუროს 02.10.2015წ. N1-------------- სააღსრულებო ფურცელის (სააღსრულებო საქმე A1-------, მოვალე - შპს ,,ტ-------------–---------------------“, კრედიტორი - შპს ,,ბ--------–---“) აღსრულების უზრუნველსაყოფად.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას, ხოლო 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესის“ დანართი N1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამავე ნორმაში მითითებულ მონაცემებს, მათ შორის გასაყიდი ქონების დასახელებას; მე-3 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოთდასახელებული წესის მე-3 მუხლი ადგენს რეალიზებას დაქვემდებარებულ მოვალის ქონებაზე პირველი, პირველი განმეორებითი, მეორე განმეორებითი აუქციონის დანიშვნის წესს და პირობებს. ამავე წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
ამავე წესის დანართი N2-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულება შესრულებულად ითვლება ქონების ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისათვის შესაბამისი განკარგულების გადაცემისთანავე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ამ ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ აღმასრულებლის მხრიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აუქციონის მოსამზადებელი პროცედურების დასრულების შემდგომ, №A1------- სააღსრულებო საქმეზე მოვალე - შპს ,,ტ-------------–---------------------“-ის საკუთრებაში არსებულ შპს ,,ბ--------–---ს“ კაპიტალში 49 %-იან წილზე დაინიშნა იძულებითი აუქციონი. 2016 წლის 25 ივლისს დასრულებულ აუქციონზე ქონების შემძენი გახდა შპს ,,დ----- ტ---------“, რომელმაც შპს ,,ტ-------------–---------------------“-ის საკუთრებაში რიცხული ქონება, კერძოდ შპს ,, ბ--------–--ში“ 49%-იანი წილი შეიძინა 4 935.50 ლარად. ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ, თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2016 წლის 27 ივლისს გამოსცა A---------------- განკარგულება, რომლის თანახმად, აღსრულება განხორციელდა კრედიტორების: შპს ,,ს------------–---------------ს“, შპს ,,ი--------–-ს“ და შპს ,,ბ--------–---ს“ სასარგებლოდ; ამავე განკარგულების შესაბამისად, აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალმა მესაკუთრემ დაიკავა ძველი მესაკუთრის ადგილი და გახდა საკუთრებაში გადასვლის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ამასთან, შემძენის საკუთრებაში ყადაღადადებული მოძრავი ქონების გადასვლის შედეგად მასზე არსებული ყველა ყადაღა, სანივთო და ვალდებულებითი უფლებები გაუქმდა; ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველმა მესაკუთრემ დაკარგა ყოველგვარი უფლება ამ ნივთზე.
სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის განმარტებაზე, რომ განკარგულება არის უკანონო და ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა მოტივირებულია იმ გარემოებით, რომ იძულებით აუქციონზე გატანილი შპს ,,ბ--------–---ს“ კაპიტალში 49 % წილი საკუთრების უფლებით არ ეკუთვნოდა შპს ,,ტ-------------–---------------------“-ს. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული შპს ,,ბ--------–---ს“ პარტნიორთა საერთო კრების N1/16 გადაწყვეტილება (საკითხი N2) ცალსახად ადასტურებდა აღსრულების პროცედურების განხორციელების დროისათვის ამ ქონებაზე კომპანიის საკუთრების დაკარგვას, მისი შპს ,,ბ--------–---ს“ პარტნიორთა სიიდან გარიცხვას.
სასამართლომ, სადავო საკითხთან დაკავშირებით მიუთითა საქმეზე დადგენილ, ამასთან მოსარჩელის მხრიდან დადასტურებულ გარემოებაზე, რომ სამეწარმეო რეესტრში აუქციონის მიმდინარეობის პროცესში, ასევე გასაჩივრებული განკარგულების გამოცემის დროისათვის შპს ,,ტ-------------–---------------------“ რეგისტრირებული იყო შპს ,,ბ--------–---ს“ პარტნიორად, 49 %-იანი წილის მესაკუთრედ.
სასამართლომ მოიხმო ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.
სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო რეესტრის მონაცმეების მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმცია, ვიდრე არ დადგინდება საწინააღმდეგო. მითითებული სამართლებრივი ნორმით განმტკიცებული საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, ემსახურება კეთილსინიდისიერი პირის ინტერესების დაცვას, ქმნის გარანტიას კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დაცვისათვის. რეესტრის ჩანაწერის მიმართ არსებული ჩანაწერით ივარაუდება, რომ რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტი სრულად და სწორად არის განხორციელებული. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მიუთითებს რეგისტრაციის უკანონობაზე ვერ გამორიცხავს მითითებული ნორმით დაცულ ვარაუდს რეესტრში რეგისტრირებული უფლების მართებულობასთან დაკავშირებით, მანამ სანამ არ დადგინდება ჩანაწერის უსწორობა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო წარმოებაზე უფლებამოსილი პირის ვალდებულება მოვალის ქონების მოძიებით შემოიფარგლება, შესაბამისად, მოცემულ დავაში რეესტრის ჩანაწერში დაფიქსირებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოვალის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე სააღსრულებო ღონისძიებების განხორციელება სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღმასრულებლის ქმედება შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას, ასევე კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით იყო მიღებული მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული განკარგულება, შესაბამისად არ არსებობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 27 ივლისის №A---------------- განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტები მიუთითებენ, რომ სასამართლომ არ იმსჯელა აუქციონზე გასატანი ქონების საკუთრების უფლების ნამდვილობაზე. სააღსრულებო ბიუროს უკანონო ქმედებას წარმოადგენს აუქციონზე ქონების რეალიზაცია, რომელიც არ წარმოადგენს მოვალის ნამდვილ საკუთრებას. მართალია, სამეწარმეო რეესტრში შპს ,,ტ-------------–------ს“ მფლობელობაში გააჩნდა 49% წილი, მაგრამ აღნიშნული რეგისტრირებული იყო გარკვეული პირობით - შენატანის განხორციელება საწესდებო კაპიტალში შპს ,,ტ-------------–------ს“ მიერ. ამასთან, სამეწარმეო რეესტრში რეგისსტრირებული იყო მოსარჩელეთა გადაწყვეტილება შპს ,,ტ-------------–------ს“ გარიცხვის თაობაზე შენატანის განხორციელების გამო და სააღსრულებო ბიუროს შეეძლო და უნდა დაედგინა წილზე ,,ტ-------------–------ს“ ნამდვილი საკუთრების უფლების არსებობა/არარსებობის საკითხი.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland). და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ- ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. პალატა დამატებით მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
4.1.2. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება, რომლითაც სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აუქციონზე გაყიდული ქონების (საწარმოში წილის) მესაკუთრე გახდა ახალი შემძენი. აპელანტები (მოსარჩელეები) აღნიშნულ განკარგულებას სადავოდ ხდიან იმ საფუძვლით, რომ აღმასრულებელმა არ შეისწავლა იძულებით აუქციონზე რეალიზებული ქონების - საწარმოში წილის ნამდვილი მესაკუთრე. ამდენად, მოცემული დავისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს აღმასრულებლის მიერ აუქციონზე რეალიზებული ქონების ნამდვილი მესაკუთრე.
დადგენილია, რომ 2016 წლის 29 ივნისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ დაინიშნა აუქციონი შპს ,,ბ--------–---ს“ კაპიტალში შპს ,,ტ-------------–------ს“ 49 პროცენტიან წილზე.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2016 წლის 14 მარტის ამონაწერით დასტურდება, რომ შპს ,,ბ--------–---ს“ 49% წილის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ტ-------------–---------------------“.
პალატა მიუთითებს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.6 მუხლი). ამგვარი რეესტრი ასახავს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა ძალაში მყოფ მონაცემებს (10.21მუხლი). საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი (მე-5 მუხლი). პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-201 მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, სუბიექტი წარმოშობილად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად, რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.
მითითებულ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული მონაცემები ასახავს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე არსებულ უფლებრივ მდგომარეობას, ხოლო მასში ცვლილება ძალაში შედის რეესტრში რეგისტრაციის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან. რეგისტრირებულ მონაცემებში სუბიექტის ცვლილების შემთხვევაში იგი აისახება ამონაწერში. შესაბამისად, ამონაწერში კომპანიის წილის მესაკუთრედ დაფიქსირებული პირი ითვლება წილზე ნამდვილი საკუთრების უფლების მქონე სუბიექტად. ამგვარი ჩანაწერის მიმართ მოქმედების უტყუარობის პრეზუმფცია.
სააღსრულებო წარმოების პროცესში ამონაწერში შპს ,,ბ--------–---ს“ 49% წილის მესაკუთრედ ფიქსირდებოდა შპს ,,ტ-------------–---------------------“, რაშიც ეჭვის შეტანისა და დამატებით გარემოებათა კვლევის როგორც უფლებამოსილება, ასევე ვალდებულება აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ გააჩნდა. საგულისხმოა, რომ მეწარმეთა შესახებ რეესტრის ამონაწერში რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებას ადგილი არ ჰქონია, ვიდრე აუქციონის შედეგად არ განხორციელდა ზემომითითებული წილის რეალიზაცია. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ აუქციონზე გატანილი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს ,,ტ-------------–---------------------“, რაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნდა აღმასრულებელს. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება არც სასამართლო განხილვის ეტაპზე იქნა წარმოდგენილი.
პალატა იზიარებს პრველი ინსტანციის სასამათლოს მსჯელობას მასზედ, რომ საჯარო რეესტრის მონაცმეების მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმცია, ვიდრე არ დადგინდება საწინააღმდეგო. მითითებული სამართლებრივი ნორმით განმტკიცებული საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, ემსახურება კეთილსინიდისიერი პირის ინტერესების დაცვას, ქმნის გარანტიას კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დაცვისათვის. რეესტრის ჩანაწერის მიმართ არსებული ჩანაწერით ივარაუდება, რომ რეესტრში უფლების რეგისტრაციის ფაქტი სრულად და სწორად არის განხორციელებული. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც მიუთითებს რეგისტრაციის უკანონობაზე ვერ გამორიცხავს მითითებული ნორმით დაცულ ვარაუდს რეესტრში რეგისტრირებული უფლების მართებულობასთან დაკავშირებით, მანამ სანამ არ დადგინდება ჩანაწერის უსწორობა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააღსრულებო წარმოებაზე უფლებამოსილი პირის ვალდებულება მოვალის ქონების მოძიებით შემოიფარგლება, შესაბამისად, მოცემულ დავაში რეესტრის ჩანაწერში დაფიქსირებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოვალის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე სააღსრულებო ღონისძიებების განხორციელებას სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
5. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უნიტარული საწარმო ,,ბ--–------------------------------------–-ს”, ღია სს ,,ნ--------ს”, ღია სს ,,ბ--––---ს”, ღია სს ,,გ-----–--------------------ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩვარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა