განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/772-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორ - დ--------------ძის,ადვოკატ - ზ------------ის,მსჯავრდებულ - ა---------------–--ლის მონაწილეობით,ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა-----------------------–--ლის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–----------------–-----------–--------------------------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თ------–------------------------------–---- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------------------–--------------ე კორპუსი, ბ--------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენით:
ა---------------–--ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 აპრილის განჩინებით, ა---------------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ა---------------–--ლმა ჩაიდინა:
სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ა---------------–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 01:35 საათზე, თბილისში, ვ-----------------–------------1-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,-----–-“, ა---------------–--ლმა განზრახ დააზიანა ,,საქართველოს ბანკის“ კუთვნილი ბანკომატის წინა მხარეს არსებული ,,პანელი“, რითაც დაზარალებულს მიადგა 3 500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ----------------ემ და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის გამკაცრების კუთხით.
ბრალდების მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან დანიშნული სასჯელი ლმობიერია. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ ა---------------–--ლმა ხელყო სხვისი საკუთრების უფლება, დააზიანა სხვისი მოძრავი ნივთი, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაზარალებულს, რაც დღემდე არ აუნაზღაურებია.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ა---------------–--ლმა და მისმა ადვოკატმა ზ------------ემ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ა---------------–--ლის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: თ-------–----------------------------–---–---------–-------------------------ს, მსჯავრდებულ ა---------------–--ლის გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა---------------–--ლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ - დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, ანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; გარდა ამისა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა; მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მონანიება, თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან და მზადყოფნა - აანაზღაუროს დაზარალებულებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრდებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის მითითებას, რომ ვინაიდან ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ასევე მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, მიზანშეწონილია მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულზე უფრი მკაცრი სასჯელის გამოყენება. პალატის განმარტებით, სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ა---------------–--ლი გამოთქვამს მზადყოფნას - აანაზღაუროს დაზარალებულთათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, მის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, არის ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენი ა---------------–--ლის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენი;
ა---------------–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 აპრილის განჩინებით, ა---------------–--ლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალით, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე