განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.07.2018
საქმის ნომერი
330210016001343685
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001343685

საქმე №2ბ/2391-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო

მოსამართლეები: მაია სულხანშვილი

ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ქ--–--------–---------------------------------

წარმომადგენელი- ნ-------- ტ----–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ”გ----–--------”

წარმომადგენელი - ნ---- ჩ--------–---–-

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით ქ-------–--------------------------------- სარჩელი შპს ,,გ----–--------’’-ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,გ----–--------’’-ს მოსარჩელე ქ-------–--------------------------------- სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 4 147.71 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2013 წლის 28 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა №1------------ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია ქ. თბილისში, ვ---------------–--ს რაიონში, ვაკის ზონის გზებისა და ქუჩების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები.

 

ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, მთლიანი სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების

3.4. პუნქტის მიხედვით კი ხელშეკრულების ღირებულებაა 660 402.93 ლარი, ყველა გადასახადის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების 7.1. პუნქტი ადგენს, რომ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის დასრულების შესახებ და წარუდგინოს ანგარიშები.

 

12.1. პუნქტი განსაზღვრავს, რომ ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.

 

ხელშეკრულების 12.2. პუნქტის მიხედვით, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა- გრაფიკის 1-დან 10 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.25%-ის ოდენობით, ხოლო გეგმა-გრაფიკის 10-დან 30 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, ხოლო გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.7%-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22)

 

2.2. 2013 წლის 16 აპრილის №0--------- წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში დაუყოვნებლივ უზრუნველეყო არაერთხელ ნაჩვენებ და სიტყვიერად მითითებულ შესაბამის ქუჩებზე: რ-------ს ქუჩა; მ-------ს გ-------ს ქუჩა; ა--–----რ-------ს ქუჩების დამაკავშირებელი გზა; წ------ - ს------–--ს გზა; ჭ--------- გამზირი (უკრაინის საელჩოს მიმდებარედ); ნ--–-----ის მე-5 მ/რ-ის მისასვლელი; ნ--–-----ის ქუჩა, დაზიანებული მონაკვეთების დროული შეკეთება

30 აპრილამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი (ს.ფ. 26)

 

2.3. 2013 წლის 17 ოქტომბრის №0------------- წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე მათ მიერ არაერთხელ ნაჩვენებ და სიტყვიერად მითითებულ შემდეგ ქუჩებზე: ქ---------ის №---ის მიმდებარე ტერიტორია; უ-----–---–-ს მე-4 გასასვლელი, სამუშაოების დასრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი (ს.ფ. 28)

 

2.4. 2013 წლის 17 ოქტომბრის №0------------- წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ჭ--------- გამზირი, კორპ: №16-ის მიმდებარე ტერიტორია, ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნებოდა ხელშეკრულების მე-12 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი (ს.ფ. 27)

 

2.5. მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ეცნობა ვალდებულების დარღვევის, კერძოდ, კონკრეტულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე 41 447.73 ლარის ოდენობით, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა უმოკლეს ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წერილი (ს.ფ. 29)

 

2.6. მხარეებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გაფორმებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტები შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიღება-ჩაბარების აქტები, შესრულებული სამუშაოების მიღების აქტები (ს.ფ. 30-43)

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის 2013 წლის 28 თებერვლის №1------------ ხელშეკრულების 4.2 პუნქტით განსაზღვრული შესრულების ვადები, კერძოდ, მის მიერ მოსარჩელის 2013 წლის 16 აპრილის №0---------, 2013 წლის 17 ოქტომბრის №0-------------, 2013 წლის 17 ოქტომბრის №0------------- წერილებში მითითებული სამუშაოები არ იქნა შესრულებული ამავე წერილებით განსაზღვრულ ვადებში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შესაბამის მტკიცებულებებს, მათ შორის მხარეთა მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტებს და შესრულებულ სამუშაოთა მიღების აქტებს (ს.ფ. 30-43), რომლებიც უდავოდ ადასტურებენ მოპასუხის მიერ შესაბამისი სამუშაოების შესრულებას დადგენილი ვადების დარღვევით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ შესაბამისი სამუშაოების შესრულება მხარის მიერ განსაზღვრულ ვადებში იყო არაგონივრული, რომ წინასწარ შეუძლებელია შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული დროის განსაზღვრა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა სამუშაოთა შესრულების ვადის გაზრდა. მით უფრო დაუსაბუთებელია მისი განმარტება, რომ შეუძლებელია სამუშაოს შესრულების კონკრეტული ვადის განსაზღვრა.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება და მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებები, კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილებს (ს.ფ. 172-173) ფორს- მაჟორული გარემოებების და მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის დასადასტურებლად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული წერილებით მართალია დასტურდება ნალექის არსებობს შესაბამის პერიოდებში, მაგრამ აღნიშნულით არ დასტურდება, რომ შესაბამისი ნალექის გამო შეუძლებელი იყო მოპასუხის მიერ სამუშაოების შესრულება ან რომ ეს იყო იმ ოდენობით ნალექი, რომელიც გამორიცხავდა სამუშაოების მის მიერ შესრულებას.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს არ ექნებოდა პრეტენზია შესრულების ვადებთან დაკავშირებით. აღნიშნულ აქტებზე არსებული მოსარჩელის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა არ ადასტურებს აღნიშნულ გარემოებას.

 

მხარეებს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების 12.1. პუნქტის მიხედვით, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, ხოლო 12.2 პუნქტი განსაზღვრავს ჯარიმის დაწესების წესსა და ოდენობას.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებით, მიღება-ჩაბარების აქტებით დასტურდება მოპასუხის მხრიდან შესრულების ვადების დარღვევა, რაც მათ შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას. მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი იმის დასადასტურებლად, რომ ვადაგადაცილება გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული პირობების გამო და არც სამუშაოს შესრულების პერიოდში უცნობებია მოპასუხეს მოსარჩელისათვის ფორს-მაჟორული პირობების შესახებ, რისი ვალდებულებაც ჰქონდა აღნიშნული ხელშეკრულების 11.3. მუხლიდან გამომდინარე. სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა გაზიარებული მოპასუხის განმარტება და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილები) ფორს-მაჟორული გარემოებების და მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის დასადასტურებლად.

 

იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

 

სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მითითებებით. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპთან მიმართებაში მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი. მტკიცების ტვირთის ვალდებულების მქონე სუბიექტია პროცესის მონაწილე ის მხარე, რომლის უფლებებსა და ვალდებულებებზე შესაძლოა იმოქმედოს სასამართლო გადაწყვეტილებამ.

 

მტკიცებულებათა გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ შეძლო მისი დასამტკიცებელი გარემოების - მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტის დადასტურება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სრულად განახორციელა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი.

 

2.8. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. მოპასუხეს მისი გადახდა ეკისრება სასამართლოს მიერ 10-ჯერ შემცირებული ოდენობით, კერძოდ, 4 147.71 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაეკისრა მასსა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, 12.2 პუნქტის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების პირობები შეთანხმებული იყო მხარეთა მიერ, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეათანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

სასამართლოს განმარტებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა შესწავლა.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

 

სასამართლომ ასევე დამატებით განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2013 წლის 28 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე და მის ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის

 

გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი ’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

სასამართლოს მითითებით მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია რომ შეუსაბამოდ მაღალია სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5% და 0.7%-ის ოდენობით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 41 447.73 ლარი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი დაკისრება მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს გონივრულად მიიჩნია, სარჩელით მოთხოვნილი თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობის ათჯერ შემცირება და პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისთვის ნაცვლად 41 447.73 ლარისა, ჯამში 4 147.71 ლარის დაკისრება.

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 31);

- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 61-73).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მ----–----–-------ს მ-----სა და შპს „გ----–--------“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეებს შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობა მოიცავს ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ურთიერთობას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემსრულებლის მიერ სახეზეა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ დარღვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადები.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და უნდა მომხდარიყო მისი შემცირება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ოდენობამდე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული სამართლებრივი ნორმების და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს პირგასამტეხლო დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალქო კოდექსის 416-ე, 417-ე, 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ანუ ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, ასევე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტს, რამეთუ უბიძგებს მოვალეს ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ. აპელანტის განმარტებით, გათვალისწინებით იმისა, რომ შპს ,,გ----–---------ის’’ მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სამუშაოების შესრულებასთან მიმართებით მას დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით. აპელანტის მითითებით სამოქალქო ბრუნვის მონაწილენი სამოქალქო კოდექისის 319-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას თავისუფლები არიან შესაბამისად უფლებამოსილნი არიან შეთანხმდენენ მათთვის მისაღებ ოდენობაზე. აპელანტის განმარტებით სასამართლოს არ აქვს უფლება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით ნებისმიერ დროს შეამციროს პირგასამტეხლო. შემცირებისას სასამართლომ უნდა დაასაბუთოს რატომ იქნა მიჩნეული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შეუსამოდ მაღალ ოდენობად და რასთან მიმართებით იყო იგი შეუსაბამო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. 2013 წლის 28 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა №1------------ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის 3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტად განისაზრვრა ქ. თბილისში, ვ---------------–--ს რაიონში, ვაკის ზონის გზებისა და ქუჩების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები.

ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, მთლიანი სამუშაოების შესრულების ვადა ეტაპიბრივად 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა შესრულებულიყო. ამავე ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების ღირებულება ყველა გადასახადის ჩათვლით 660 402.93 ლარს შეადგენდა.

12.1. პუნქტით მხარეები შეტანხმდნენ, რომ ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქციები.

ხელშეკრულების 12.2. პუნქტის მიხედვით, კონკრეტულ ობიექტზე გადაცემული გეგმა- გრაფიკის 1-დან 10 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.25%-ის ოდენობით, ხოლო გეგმა-გრაფიკის 10-დან 30 კალენდარულ დღემდე ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, ხოლო გეგმა-გრაფიკის 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული კონკრეტული ობიექტის შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.7%-ის ოდენობით. (ტ.1.ს.ფ. 16-22)

4.2.2013 წლის 16 აპრილის №0--------- წერილით შპს ,,გ----–---------ის’’დირექტორს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში დაუყოვნებლივ უზრუნველეყო არაერთხელ ნაჩვენებ და სიტყვიერად მითითებულ შესაბამის ქუჩებზე: რ-------ს ქუჩა; მ-------ს გ-------ს ქუჩა; ა--–----რ-------ს ქუჩების დამაკავშირებელი გზა; წ------ - ს------–--ს გზა; ჭ--------- გამზირი (უკრაინის საელჩოს მიმდებარედ); ნ--–-----ის მე-5 მ/რ-ის მისასვლელი; ნ--–-----ის ქუჩა, დაზიანებული მონაკვეთების დროული შეკეთება 30 აპრილამდე. (ტ.1.ს.ფ. 26)

4.2.1. 2013 წლის 17 ოქტომბრის №0------------- წერილით შპს ,,გ----–---------ის’’დირექტორს კვლავ ეცნობა, რომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე მათ მიერ არაერთხელ ნაჩვენებ და სიტყვიერად მითითებულ შემდეგ ქუჩებზე: ქ---------ის №---ის მიმდებარე ტერიტორია; უ-----–---–-ს მე-4 გასასვლელი, სამუშაოების დასრულება. (ტ.1. ს.ფ. 28)

4.2.3. 2013 წლის 17 ოქტომბრის №0------------- წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ჭ--------- გამზირი, კორპ: №16-ის მიმდებარე ტერიტორია, ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნებოდა ხელშეკრულების მე-12 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები. (ს.ფ. 27)

4.2.4. ქ--–--------–-------------------------------- 12.2014 წლის წერილით შპს ,,გ----–---------ის’’დირექტორს კონკრეტულ მონაცემებზე მითითებით ეცნობა ვალდებულების დარღვევის და აღიშნულის საფუძველზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და ოდენობით პირგასამტეხლოს 41 447.73 ლარის დარიცხვის შესახებ. ამავე წერილით შპს ,,გ----–---------ის’’დირექტორს განემარტა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. (ტ.1. ს.ფ. 29)

დადგენილია, რომ 27.04.2016 წელს ქ--–--------–-------------------------------- სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს ,,გ----–---------ის’’ წინააღმდეგ პირგასამტეხლოს სახით 41 477.73 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქაალქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. როგორც ზემოთ აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. ამდენად, პირგასამტეხლოს შემცირება შეფასებითი კატეგორიაა, რომლის აუცილებლობას საქმის განმხილველი სასამართლო განსაზღვრავს საქმის გარემოებათა ურთიერთშჯერების შედეგად.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე მასზედ, რომ მოპასუხე შპს ,,გ----–---------მა’’ პირველ ინსტანციაში წარდგენილი შესაგებლით სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხველ გარემოებად ვალდებულების შესრულებაზე მიუთითა, რაც საბოლოოდ სასამართლომ არ გაიზიარა და დადაგენილად იქნა მიჩნეული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში ქ--–--------–---- მ----–----–-------ს სააპელაციო საჩივრით შედავებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, შესაბამისად, სააპელაციო წესით განსჯის საგანია რამდენად მართლზომიერად იქნა შემცირებული მოთხოვნილი პირგასამტეხლო 4147.71 ლარამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

 

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმე სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში.

 

მოცემულ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც დადგენილ გარემოებას წარმოადგენს შპს ,,გ----–---------ის’’ მხრიდან 28.02.2013წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რომლის საფუძველზეც მასვე წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, სასამართლო ადგენს, რომ შპს ,,გ----–---------ს’’ იმთავითვე არ მიუთითებია, თუ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, შესაბამისად, მას არც პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი წინაპირობები უმტკიცებია და არც განსაზღვრული ოდენობით პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეწონილობაზე უმსჯელია, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ასეთ მოცემულობაში უმართებულოა პირგასამტეხლოს 4 147.71 ლარამდე შემცირება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა მახასიათებელების, ვადაგადაცილების პერიოდის, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ შპს ,,გ----–---ს 2005-ს" ქ--–--------–---- მ----–----–--------ს მ------ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 8 000 ლარის ოდენობით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ქ--–--------–-------------------------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,გ----–---------‘’ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 560 ლარის გადახდა მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ--–--------–-------------------------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ქ--–--------–-------------------------------- სარჩელი შპს ,,გ----–---------ის’’ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. შპს ,,გ----–--------’’-ს ქ--–--------–---- მ----–----–-------ს მ------ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 8 000 ლარის ოდენობით.

 

5. შპს ,,გ----–--------’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 560 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო

მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე მაია სულხანიშვილი