განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117001892496
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6336-17 06 ივლისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - ო----- ბ-----ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ---–- მ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ს----------------“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - თ-------------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.09.2017წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ----- ბ---მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ო----- ბ-----ის მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხე ო----- ბ-----ეს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 6740.82 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 4371.02 ლარი, პროცენტი - 1606.56 ლარი და პირგასამტეხლო - 763.24 ლარი.
1.2. მოპასუხე ო----- ბ-----ეს 2017 წლის 20 მარტიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე - 4371.02 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 131.13 ლარს.
1.3. მოპასუხე ო----- ბ-----ეს 2017 წლის 20 მარტიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე - 4371.02 ლარზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს 0.5% -ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 21.85 ლარს), მაგრამ არაუმეტეს - 1000 ლარისა.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2000 ლარის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.09.2017წ. გადაწყვეტილებით:
1. სს "თ----- ბ----ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ო----- ბ-----ეს სს "თ----- ბ----ს" სასარგებლოდ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 4371.02 ლარის, პროცენტის - 1606.56 ლარის და პირგასამტეხლოს - 100 ლარის გადახდა .
3. მოპასუხე ო----- ბ-----ეს სს "თ----- ბ----ს" სასარგებლოდ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 20 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 4371.02 ლარზე წლიური 7%-ის სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 25.49 ლარს.
4. მოპასუხე ო----- ბ-----ეს სს "თ----- ბ----ს" სასარგებლოდ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 20 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 4371.02 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.02% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.87 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 1000 ლარისა.
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ''თ----- ბ---- '' უფლებამოსილია მოითხოვოს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 4371.02 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უნდა დაეკისროს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის გადაუხდელი დავალიანების - 1606.56 ლარის გადახდა.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან, ყოველდღიური 0.5% თვეში (30 დღე) შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) - 182.5%-ს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 0.02% -მდე.
შესაბამისად, საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს სს ''თ----- ბ----ს'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დარიცხული პირგასამტეხლო - 100 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ასევე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 4371.02 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს - 0.02%-ის გადახდა, 2017 წლის 20 მარტიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც შეადგენს ყოველდღიურად - 0.87 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 1000 ლარისა.
4.3. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს - მოპასუხე ო----- ბ-----ეს სს "თ----- ბ----ს" სასარგებლოდ 2017 წლის 20 მარტიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე - 4371.02 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 131.13 ლარს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება . შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზეა, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბ---ო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 7%-ს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხებზე - 4371.02 ლარზე წლიური 7%-ი სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მოპასუხე ო----- ბ-----ეს სს "თ----- ბ----ს" სასარგებლოდ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 4371.02 ლარზე წლიური 7% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 25.49 ლარს.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.09.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო----- ბ-----ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტების განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოპასუხე წლების განმავლობაში დადგენილი გრაფიკის მიხედვით იხდიდა სესხის ძირითად თანხას, ხოლო ბ---მა ეს თანხა მიმართა ჯარიმების და საურავების ჩამოსაჭრელად (ტ.2, ს.ფ.8).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის/უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მხარეთა შორის სადავო არ არის და საქმის მასალებითაც დგინდება, რომ 09.05.2008წ. სს ''თ----- ბ----ა'' (შემდგომში „მოსარჩელე“) და ო----- ბ-----ეს (შემდგომში „მოპასუხე“) შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც:
- მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი - 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით;
- წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისათვის განისაზღვრა - 36%-ით;
- ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა შეადგენდა - ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი;
- კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დამდეგი დაანგარიშების დღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს (ტ.1, ს.ფ. 16-35).
- გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ. 1, ს.ფ. 20).
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ 2011 წლის 27 ივნისს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 4371.02 ლარი.
საკრედიტო ბარათის განაცხადის მიხედვით, მსესხებელი გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს და ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს მოსარჩელის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ხელშეკრულებას ფიზიკური პირის საბ---ო ოპერაციების წარმოების შესახებ, ეთანხმება მას და უერთდება ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას (ტ. 1, ს.ფ. 16,17).
8. 2017 წლის 20 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 6740.82 ლარის ოდენობით, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 4371.02 ლარი, პროცენტი - 1606.56 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 763.24 ლარი (ტ.1, ს.ფ. 53).
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.
მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, 2000 ლარის დაკისრების ნაწილში (ტ.1, ს.ფ.85), რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად.
10. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ ო----- ბ-----ის მიერ დარღვეულ იქნა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების პირობები და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ მომხდარა დავალიანების სრულად დაფარვა.
მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. საფუძვლიანია სს ''თ----- ბ----ს'' სარჩელი კრედიტის ძირითადი თანხის - 4371.02 ლარის და სარგებლის 1606.56 ლარის დაკისრების ნაწილში.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გონივრული, სამართლიანი ანაზღაურების სახით და მოვალისათვის სავარაუდო ზიანად მართებულად მიიჩნია გადაუხდელი ძირი თანხის წლიური 7% და მოპასუხეს სწორად დააკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2017 წლის 20 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე - 4371.02 ლარზე წლიური 7% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 25.49 ლარს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დარიცხული პირგამტეხლო - 763.24 ლარი შეუმცირდა 100 ლარამდე.
მოსარჩელე ასევე ითხოვდა 2017 წლის 20 მარტიდან დავალიანების ძირ თანხაზე - 4371.02 ლარზე, აღსრულებამდე პირგასამტეხლოს 0.5% -ის გადახდას (რაც ყოველდღიურად შეადგენს 21.85 ლარს), მაგრამ არაუმეტეს - 1000 ლარისა.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ყოველდღიურად 21.85 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, დგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნის მაქსიმალური ფარგლები მოიცავდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად 21.85 ლარის (4371.02 ის 0.5%) დაკისრებას 46 დღის განმავლობაში (1000/21.85), ანუ მოსარჩელე ითხოვდა, არაუმეტეს 46 დღის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და შეამცირა 0.02%-მდე (ანუ დღეში 0,87-მდე), თუმცა დაკისრებული პირგასამტეხლოს მაქსიმალურ ოდენობად კვლავ განსაზღვრა 1000 ლარი, რაც გულისხმობს პირგასამტეხლოს დაკისრებას 1149 კალენდარული დღის განმავლობაში (1000/0.87). შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო გაცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დანაწესით სასამართლო შეზღუდულია მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებით. აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების (რომელიც მოიცავს მოპასუხისთვის მაქსიმუმ 46 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს დაკისრებას) და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს განაკვეთის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის 20 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დავალიანების ძირითად თანხაზე - 4371.02 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.02% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.87 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 40.02 ლარისა (0.87X46).
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება 959.98 ლარის ნაწილში (1000-40,02), აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 38.39 ლარის ოდენობით (959,98-ის 4%).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ო----- ბ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.09.2017წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ო----- ბ-----ეს სს "თ----- ბ----ს" სასარგებლოდ საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 20 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 4371.02 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.02% -ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.87 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 40.02 ლარისა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.09.2017წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. სს "თ----- ბ----" ო----- ბ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 38.39 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე