განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010141318700064116
საქმე №1/ა.გ 464-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ------- მ----–----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით, ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძესა და ბრალდებულ ჯ-------------–-----ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
ჯ-------------–----- (დაბადებული 1----–-–------------------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2(ორი)წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4(ოთი)წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი)წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ჯ------- მ----–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 2 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით, ქ.თბილისის ვ---------------–--- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ ი-----------–-–---–-- და ბრალდებულ ჯ-------------–-----ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
ჯ-------------–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 6(ექვსი)თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4(ოთი)წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი)საათის ვადით.
საქართელოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4(ოთხი)წელი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასაჯელს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილობრივ დაემატა 6(ექვსი)თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ჯ-------------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1(ერთი)წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4(ოთი)წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი)საათის ვადით.
ჯ-------------–-----ს მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 6(ექვსი)თვის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10(ათი)წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 1(თხუთმეტი)წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ჯ------- მ----–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან.
2018 წლის 24 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ჯ-------------–-----მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენის გადასინჯვა და საბოლოოდ დადგენილ სასჯელში ცვლილების შეტანა.
სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ჯ------- მ----–----ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციოურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე-ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 33-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სარჩელით სადავოდ გამხდარი ოდენობით (0,00009 გრამი), ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინის’’ დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით, ჯ-------------–-----ს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით - 0,0000054 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ,,დეზომორფინის’’ უკანონო შეძენა- შენახვაში.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ჯ------- მ----–----ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქი - როგორც ნარკოტიკული საშუალების სახეობის, ისე მისი ოდენობის გათვალისწინებით და შესაბამისად, ამ მუხლით დანიშნულ სასჯელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ჯ-------------–----- უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი სასჯელისგან და ამ მიმართებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება. ასევე, აღნიშნულის გათვალისწინებით ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენში, სასჯელის ნაწილში..
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 213 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ------- მ----–----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. მსჯავრდებული ჯ-------------–----- გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი სასჯელისგან - 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთისგან..
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
6. მსჯავრდებულ ჯ-------------–-----ს მოსახდელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 6(ექვსი)თვე განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4(ოთხი)წელი ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე საგამოცდო ვადით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. ჯ------- მ----–----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან.
9.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება აღსრულებას;
10. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე