განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210014453883
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/7260-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერეკაშვილი
სხდომის მდივანი - ნატო მახრაშვილი, გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - ნ-------- დ----ე
წარმომადგენელი - გ------- გ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ----- დ----ე, შპს „ვ---- ი------ი“
წარმომადგენელი - გ------- ყ---–-–---–ი, ა---------– ნ-–---–--ე (შპს „ვ---- ი------ი“)
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2014 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ-------- დ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2007 წლის 25 აპრილს ნ-------- დ----ესა და მ----- დ----ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ნ-------- დ----ემ თავის ძმას, მ----- დ----ეს აჩუქა უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, 2100,00 კვ.მ, მდებარე სოფელ ა---–--ში. უძრავი ქონების მახასიათებლები: სარეგისტრაციო ზონა - ხ--–--------ი, კოდი 2-, სექტორი კ-------- - კოდი 0-, კვარტალი - 0-, ნ----------------- - 1--.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას: უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ.59)
2.2. 2013 წლის 20 სექტემბერს ნ-------- დ----ემ აღძრა წინამდებარე სარჩელი მ----- დ----ის მიმართ 2007 წლის 25 აპრილის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. 2013 წლის 15 ოქტომბერს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ-------- დ----ის სარჩელი, გაუქმდა 2007 წლის 25 აპრილის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონების ½ ნაწილი მდებარე ქალაქი ბ------ი, დასახლება ა---–--, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით:
0----------- აღირიცხა ნ-------- დ----ის სახელზე.
2013 წლის 29 ოქტომბერს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და
2013 წლის 31 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
2013 წლის 11 ნოემბერს (უფლების რეგისტრაციის თარიღი) 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2116,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის მესაკუთრედ აღრიცხა ნ-------- დ----ე, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქმეზე №2/13612-13.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2013 წლის 20 სექტემბრის სარჩელი (ს.ფ. 1-12, ტომი პირველი).
2013 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 30-32 ტომი პირველი).
2013 წლის 31 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 35 ტომი პირველი).
2013 წლის 11 ნოემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 30-31, ტომი მეორე).
2.3. 2013 წლის 5 დეკემბერს შპს „ვ---- ი------ის“ წარმომადგენელმა დ----- გ-------–---–მა მომართა სასამართლოს განცხადებით საქმის წარმოების განახლების შესახებ კანონიერ ძალაში შესული 2013 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2013 წლის 5 დეკემბრის განცხადება (ს.ფ. 1-4, ტომი მეორე).
2.4. 2014 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება და დადგინდა შპს „ვ---- ი------ის“ მონაწილეობა მოპასუხედ მ----- დ----ესთან ერთად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2014 წლის 28 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 135-145, ტომი მეორე).
2.5. მოპასუხე შპს ,,ვ---- ი------ის’’ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბ------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით საქმეზე №2-1046-12, შპს „ვ---- ი------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე მ----- დ----ეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 354 677,00 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. 2013 წლის 15 ივლისს ბ------ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2013 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება, 2013 წლის 15 ივლისის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 71-88, ტომი მესამე).
2013 წლის 13 სექტემბერს მოვალე მ----- დ----ეს მიეცა წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, 2013 წლის 15 ივლისის №2-1046/12 საქმეზე ბ------ის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2013 წლის 13 სექტემბრის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 47-
49, ტომი მეორე).
2.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ----- დ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „ვ---- ი------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და შპს „ვ---- ი------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2013 წლის 24 დეკემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.
89-120, ტომი მესამე).
2.7. 2014 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შეჩერდა მოცემულ საქმეზე №2/3878-14 სამოქალაქო საქმის წარმოება შპს „ვ---- ი------ის“ სარჩელისა გამო მ----- დ----ის მიმართ ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 04 ივნისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2014 წლის 24 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 43-48, ტომი მესამე).
2.8. 2015 წლის 29 მაისის საქართველოს უზენაესის სასამართლოს განჩინებით მ----- დ----ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2015 წლის 29 მაისის საქართველოს უზენაესის სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 12--126, ტომი მესამე).
2.9. 2017 წლის 06 სექტემბრის საოქმო განჩინებით №2/3878-14 საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 06 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 145-146).
2.10. საჯარო რეესტრიდან 2016 წლის 14 ივნისის ამონაწერის მიხედვით, 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2116,00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ½ ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენს მ----- დ----ე, უფლების რეგისტრაციის თარიღია 2013 წლის 26 ნოემბერი, ხოლო უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმებული 2013 წლის 26 ნოემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 14 ივნისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 131-132, ტომი მესამე).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.11. არ დგინდება მ----- დ----ის მიერ ნ-------- დ----ის წინაშე მძიმე შეურაცხყოფის ან/და დიდი უმადურობის გამოვლენის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას კანონი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიცაა 1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან 2) მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი, ანუ აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს.
მოსარჩელის მითითებით, მ----- დ----ემ მიაყენა მას მძიმე შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა უხეში სიტყვიერი შეურაცხყოფით, რაც ასევე მიმართული იყო მისი შვილებისა და მეუღლისადმი. ნ-------- დ----ემ ასევე, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ----- დ----ის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია (იხ, 2014 წლის 30 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი12:45:32-12:50:15)
სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი).
კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობისა და შეურაცხყოფის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება იმდენად მძიმე და დიდად არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს. ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხე შპს „ვ---- ი------ს“ არ აქვს წარმოდგენილი მ----- დ----ის მიერ ნ-------- დ----ისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენების უარმყოფელი მტკიცებულება.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის ზემოთ აღნიშნულ განმარტება და მიუთითა, რომ მოპასუხე მხარეს, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკისრებოდა საპირისპირო მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, თუკი მოსარჩელე სარჩელში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენდა. მოსარჩელე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებებით და სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის ზეპირი მითითების გათვალისწინებით, ვერ მიიჩნევს მ----- დ----ის მიერ ნ-------- დ----ისათვის მძიმე შეურაცხყოფის ან/და დიდი უმადურობის გამოვლენის ფაქტს დადასტურებულად, რაც სარჩელს აცლის ფაქტობრივ საფუძველს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად მოპასუხე მ----- დ----ის წარმომადგენლის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებზე დათანხმებისა და აღიარებისა, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დადგენილად მიიჩნიოს გარემოებები, რომლებზედაც დამყარებულია სასარჩელო მოთხოვნა, იმ გარემოების უპირატესი გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შპს „ვ---- ი------ი“ სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ გარემოებებს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაგანი რწმენით შეფასების შედეგად, სასამართლომ მმიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზაცია და ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხის მ----- დ----ის მხრიდან ადგილი ქონდა სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მძიმე შეურაცხყოფას ან/და დიდი უმადურობის გამოვლენას, სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც მოსარჩელე ზეპირსიტყვიერად მიუთითებდა, სასამართლოს შინაგანი რწმენის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ ხარისხის უმადურობად და შეურაცხყოფად, რაც ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს. სასამართლოს შინაგან რწმენას ამყარებს, ასევე შპს ,,ვ---- ი------ის’’ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზეც სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობები სახეზე არ არის.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ-------- დ----ესა და მ----- დ----ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რის საფუძველზეც უძრავი ქონება აღირიცხა დასაჩუქრებულის მ----- დ----ის საკუთრებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
სასამართლომ მიუთითა, რომ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) დროს, დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა ხდება მისი მხრიდან საპასუხო შესრულების გარეშე. ჩუქება, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა.
ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობა ყველაზე ნათლად ასახავს რა სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირს, მჩუქებელისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ზნეობრივ ფასეულობათა დაცვა მოცემულ შემთხვევაში ხდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით, რასაც თან ახლავს სათანადო სამართლებრივი შედეგი – მჩუქებლისათვის გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნება.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, მოცემულ შემთხვევაში, კი მოსარჩელემ ვერ შეძლო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გამოყენებით მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. ვერ გაამყარა სასარჩელო მოთხოვა ფაქტობრივი საფუძვლებით და ვერ წარადგინა შესაბამისი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე მ----- დ----ის მიერ სარჩელის ცნობა ვერ გახდება მისი დაკმაყოფილების საფუძველი, ვიანიდან მეორე მოპასუხე შპს „ვ---- ი------ი“ არ ცნობს სარჩელს. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლების შესაბამისად დააკმაყოფილოს სარჩელი.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით მთავარი ფაქტობრივი უსწორობაა ის, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილად მიჩნეული მოპასუხე მ----- დ----ის მხრიდან მოსარჩელე ნ-------- დ----ის, როგორც დამსაჩუქრებლის მიმართ, მძიმე შეურაცხყოფის და დიდი უმადურობის გამოვლენის ფაქტი. აპელანტის განმარტებით მისი სარჩელით, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, მოპასუხე მ----- დ----ის მიერ სარჩელის ცნობით, მისი წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, საკმარისად დასტურდება დასაჩუქრებულის მიერ დამსაჩუქრებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია.
3.2. აპელანტი პრეტენზიას აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.02.2014 წლის განჩინებაზე, რომლითაც საქმეში მოპასუხედ მ----- დ----ესთან ერთად ჩაბმული იქნა შპს ვ---- ი------ი’’. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ზუსტად და ამომწურავად ადგენს მოპასუხის საპროცესო სტატუსის მარეგულირებელ წესებს და ეს წესები არ ითვალისწინებს ამა თუ იმ პირის ხელოვნურად მოპასუხედ დადგენას, როგორც ეს მოხდა საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინებით.
აღნიშნულთან მიმართებით აპელანტი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე და განმარტავს, რომ დასახელებული მუხლით განმტკიცებული დისპოზიციური უფლება თავის თავში მოიცავს არა მარტო სარჩელის შეტანის და დავის საგნის განსაზღვრის, არამედ მოსარჩელის მიერ სარჩელის მოპასუხის განსაზღვრის უფლებასაც. სასამართლოს მხრიდან ერთადერთი ჩარევის ფორმა მოსარჩელის ამ უფლებაში განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით და ეს არის არასათანადო მოპასუხის შეცვლა სათანადო მოპასუხით. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლო ჩაერია მოსარჩელის დისპოზიციურ უფლებაში და მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩააბა საქმეში კიდევ ერთი მოპასუხე, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა დავის საგანთან - უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებასთან. უძრავი ნივთის ჩუქების სამართლებრივ ურთიერთობაში შპს „ვ---- ი------ი“ არ ყოფილა მჩუქებელი, ან დასაჩუქრებული და ასევე, უძრავ ნივთზე მას არასდროს არ გააჩნდა თუნდაც რაიმე სანივთო უფლება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს 28.02.2014 წლის საოქმო განჩინების, რომლითაც შპს ,,ვ---- ი------ი’’ წინამდებარე დავაში ჩაერთო მოპასუხედ, გაუქმების საფუძველი.
დადგენილია, რომ 20.09.2013 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ-------- დ----ემ მ----- დ----ის წინააღმდეგ 25.04.2007 წ. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის, კერძოდ, უძრავი ქონების (ს.კ #0-----------) ½ ნაწილის მის საკუთრებაში რეგისტრაციის მოთხოვნით. (ტ.1.ს.ფ. 1-12)
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 15.10.2013 წელს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ-------- დ----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 2007 წლის 25 აპრილის ჩუქების ხელშეკრულება და უძრავი ქონების ½ ნაწილი მდებარე ქალაქი ბ------ი, დასახლება ა---–--, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით: #0----------- აღირიცხა ნ-------- დ----ის სახელზე. (ტ.1.ს.ფ. 30-32)
31.10.2013 წელს აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. (ტ.1.ს.ფ. 35)
დადგენილია, რომ 2013 წლის 0- დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.10.2013 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა შპს ,,ვ---- ი------ის’’ წარმომადგენელმა. განმცხადებელმა აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოებას, როგორც მოპასუხე მ----- დ----ის კრედიტორს ჩუქების ხელშეკრულების საგანზე, როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებაზე გააჩნია დაცვის ღირსი ინტერესი, შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის საკუთრებიდან გავიდა უძრავი ქონება პირდაპირ შეეხო საზოგადოების კანონით გათვალისწინებულ უფლებებს, რამეთუ პრაქტიკულად მოესპო მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება. შპს ,,ვ---- ი------ის’’ წარმომადგენელმა განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით განცხადებას დაურთო ბ------ის საქალაქო სასამართლოს 18.06.2012 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს ,,ვ---- ი------ის’’ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მ----- დ----ის საკუთრებაში რიცხული ქონების მდებარე - ქ. ბ------ი, დასახლება ა---–--, საკადასტრო კოდით: 0----------- ½ ნაწილს და მის საბანკო ანგარიშებს.
დადგენილია, რომ 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმეზე განახლდა წარმოება, ამავე სხდომაზე მიღებული განჩინებით დადგინდა შპს „ვ---- ი------ის“ მონაწილეობა მოპასუხედ მ----- დ----ესთან ერთად. (ტ.2. ს.ფ. 135-145)
აღსანიშნავია, რომ საქმის წარმოების განახლების ნაწილში 28.02.2014 წლის საოქმო განჩინება ნ-------- დ----ის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. (ტ.2.ს.ფ. 166-170)
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.0-.2014 წლის განჩინებით ნ-------- დ----ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.02.2014 წლის განჩინება. (ტ.2. ს.ფ. 178-181)
განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ვ---- ი------ის’’ განცხადებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოებების, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ 28.02.2014 წლის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,ვ---- ი------ის’’ განცხადება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, აღნიშნული განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,ვ---- ი------ი’’ წინამდებარე დავაში მოპასუხედ მართებულად ჩააბა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით სარჩელზე მოპასუხეთა წრის განსაზღვრა მოსარჩელის უფლებას წარმოადგენს, თუმცა გათვალისწინებით იმისა, რომ ბ------ის საქალაქო სასამართლოს 18.06.2012წ. განჩინების (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) და ამავე სასამართლოს 04.06.2013წ. გადაწყვეტილების (სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ) საფუძველზე მოპოვებული უფლებების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული (28.02.2014წ) განჩინებით დადასტურებულ გარემოებას წარმოადგენს დავის საგნის მიმართ შპს ,,ვ---- ი------ის’’ როგორც მოპასუხე მ----- დ----ის კრედიტორის ინტერესი პალატის მოსაზრებით ქმნის მართლზომიერ საფუძველს ნ-------- დ----ის სარჩელზე შპს ,,ვ---- ი------ის’’ თანამოპასუხედ ჩასართავად, ისევ და ისევ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილება შპს ,,ვ---- ი------ის’’ კანონით გათვალისწინებულ ინტერესს პირდაპირ და უშუალოდ შეეხება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული საოქმო განჩინების გამოტანისას საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, არ არსებობს 28.02.2014 წლის საოქმო განჩინებასთან მიმართებით აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
4.2. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დასაჩუქრებულმა მ----- დ----ემ მჩუქებელს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა ან მის მიმართ უმადურობა გამოიჩინა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
განსახილველ შემთხვევაში გამჩუქებელი სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელებას მიიჩნევდა („ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ“). იგი მიუთითებდა, რომ დასაჩუქრებული მასთან მივიდა სახლში, რა დროსაც მიაყენა მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლესა და შვილებს, რა დროსაც არ ერიდებოდა უხამსი და უშვერი სიტყვების გამოყენებას. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, დასაჩუქრებული, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მით უფრო მაშინ, როცა მათ შორის ახლო ნათესაური კავშირია, მაგრამ ამგვარი ვალდებულება, არ გულისხმობს დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას მხოლოდ გამჩუქებლის სუბიექტური დამოკიდებულებისა და მისი ნება-სურვილის გათვალისწინებით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაა მოთხოვნილი, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ნორმის დისპოზიციით განსაზღვრული წინაპირობების დადგენა, კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნამდვილად ჰქონდა, თუ არა, ადგილი დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოვლინებას ან დამსაჩუქრებლისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების წინაპირობების შეფასება შეფასებითი კატეგორიაა, შესაბამისად მაშინაც კი, თუ საქმეში ხსენებული მოპყრობის შესახებ პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, მათი დადგენა შესაძლებელია საქმეში არსებულ მასალათა სრული და ობიექტური გამოკვლევის მიღების გზით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი კატეგორიის დავებში მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა, კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლისა, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის სასარგებლოდ დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვს. მსგავს სიტუაციაში მას ეკისრება ვალდებულება სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ ამტკიცოს დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან/და დიდი უმადურობის გამოვლინება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით მისივე ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულებებზე არ მიუთითებია. მართალია ნ-------- დ----ის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებას დაეთანხმა, აღიარა მ----- დ----ე, თუმცა სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მ----- დ----ის აღიარება, ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებად, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული, შესაბამისად, დავის პროცესში აღიარებული ფაქტი სასამართლომ უნდა ამორიცხოს დავის საგნიდან და როგორც უდავო ფაქტი მტკიცებას არ საჭიროებს. ფაქტის აღიარების ასეთ მტკიცებულებად შეფასება ემყარება რწმენას, რომ იგი ნამდვილად არსებობს და თვით ის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელსაც ამ და სხვა ფაქტების საფუძველზე მეორე მხარის უფლებების დარღვევაში ედავებიან. ამასთან, აღიარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართებითაც შემდგომში იქნება გამოყენებული და რომელსაც აკისრია აღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში, მ----- დ----ის აღიარების საფუძველზე, საფუძველი ეცლება უძრავ ქონებაზე მის საკუთრების უფლებას, რომელზეც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების უფლება გააჩნია ამავე დავაში მოპასუხედ ჩაბმულ მის კრედიტორს. შესაბამისად, ნ-------- დ----ის სარჩელზე ერთ-ერთი მოპასუხის ამ შემთხვევაში დასაჩუქრებული ძმის მიერ სარჩელში მითითებული გარემოების - მძიმე შეურაცხოფის მიყენების დადასტურების ფარგლებში სარჩელის დაკმაყოფილებით სარჩელზე მეორე მოპასუხედ ჩაბმულ პირს შპს ,,ვ---- ი------ის’’ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მ----- დ----ისთვის დაკისრებული 354 677,00 აშშ დოლარის დაბრუნების რეალური შესაძლებლობა ესპობა. ამდენად, მ----- დ----ის აღიარებაზე დაყრდნობით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება გვაძლევს იმგვარ სურათს, რომ ნ-------- დ----ე იბრუნებს უძრავ ქონებას, ხოლო შპს ,,ვ---- ი------ს’’ კი, რომელის სასარგებლოდაც ფაქტის ამღიარებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით 354 677,00 აშშ დოლარის გადახდა ეკისრება და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალების სწორედ ჩუქების ხელშეკრულების საგანი წარმოადგენს, ესპობა თანხის უკან დაბრუნების უზრუნველყოფის საშუალება. საკითხის ამგვარი გადაწყვეტით, ირღვევა დასაცავ უფლებათა სამართლიანი ბალანსი. მ----- დ----ის აღიარება ნ-------- დ----ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო იმ შემთხვევაში თუ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მათ კანონიერ ინტერესებს შეეხებოდა. პალატა ხაზგასმით განმარტავს, რომ აღიარება მხოლოდ მაშინ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, როდესაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელზე სრული პასუხისმგებლობა ამღიარებელს ეკისრება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი მტკიცების ფარგლებში, სამოქალაქო საქმეთა პალატას ვერ წარუდგინა სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რაც დასაჩუქრებულის, მ----- დ----ის მიერ მჩუქებლის, ნ-------- დ----ის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან უმადურობის გამოვლენის ფაქტს უტყუარად დაადასტურებდა. შესაბამისად, არ არსებობს, სადავო გარიგების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ-------- დ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /
მოსამართლეები: /დიანა ბერეკაშვილი/
/ეკატერინე ცისკარიძე/