განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2018
საქმის ნომერი
330210017001851762
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001851762

საქმე №2ბ/1400-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

12 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო

მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე

მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - გ------- ს-----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ-----------’’

წარმომადგენელი - დ----- თ--------------ი

 

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით გ------- ს-----ის სარჩელი სს ,,თ-----------“-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2010 წლის 27 სექტემბრის ,,თავდების განცხადების“ საფუძველზე, გ------- ს-----ესა და სს ,,თ----------ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, გ------- ს-----ე იღებდა ვალდებულებას სოლიდარულად ეგო პასუხი მესამე პირის სს ,,ჰ----------–--------–--ის“ მიერ ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით (15.02.2007, N------) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ,,ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში თავდები ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, მის შესახებ ბანკში არსებული ინფორმაცია, მასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს საქართველოში მოქმედ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, ამ ბიუროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, რის საფუძველზეც თავდები აღირიცხება ბიუროს მონაცემთა ბაზაში. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ბანკის მიმართ დავალიანების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, კლიენტის მიერ სესხთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ინფორმაციას კლიენტის დამფუძნებლისა, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისა და თავდებების შესახებ. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის შესახებ, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს, სხვა ინფორმაციას კლიენტის შესახებ, რასაც მოითხოვს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს დადგენილი პროცედურები“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდების განცხადება (ს.ფ. 42)

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 43-44)

 

2.2. 2010 წლის 27 სექტემბერს გ------- ს-----ის მიერ მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, სს ,,თ----------სა“ და გ------- ს-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ,,თავდების მიერ მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებით წყდება 2010 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება, რითაც თავდები პასუხისმგებლობას კისრულობდა ,,ბანკის“ წინაშე სს ,,ჰ----------–--------–--ის“, შემდგომში ,,კლინეტის“ მიერ 2007 წლის 15 თებერვლის N------ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით (ძირითადი ხელშეკრულებით) და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება თავდებობის შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 46)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.3. 2016 წლის 25 მაისს სს ,,თ----------მა“ გასცა N---------- ცნობა, რომლითაც მიმართავს გ------- ს-----ეს და უდასტურებს, რომ 2016 წლის 24 მაისს გაუქმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფა მესამე პირის ვადიან სესხს. N-------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- სს ,,თ-----------“-ს N---------- ცნობა (ს.ფ. 47)

 

2.4. 2016 წლის 30 მაისს გ------- ს-----ემ წერილობით მიმართა სს ,,თ----------ს“ და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რატომ გაუქმდა 2016 წლის 24 მაისს თავდებობის ხელშეკრულება და რა გახდა მისი გაუქმების საფუძველი, რეალურად როდის უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაუქმება და თავდებობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იყო თუ არა მისი პირადი მონაცემები სს ,,ს----------------------------–--ს“ მონაცემთა ბაზაში ან/და სხვა მსგავს მონაცემთა ბაზაში.

 

გ------- ს-----ის 2016 წლის 30 მაისის მიმართვის საპასუხოდ, სს ,,თ----------მა“ 2016 წლის 03 ივნისს გაუგზავნა წერილი, სადაც მიუთითებდა, რომ 2010 წლის 27 სექტემბერს ბანკსა და გ------- ს-----ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა ამავე თარიღში (2010 წლის 27 სექტემბერს). აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს კი წარმოადგენდა 2010 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- გ------- ს-----ის განცხადება (ს.ფ. 48)

- სს ,,თ-----------“-ს ელექტრონული წერილი (ს.ფ. 49-51)

 

2.5. სს ,,კ--------------------------–--ს“ მონაცემთა ბაზაში გ------- ს-----ის შესახებ არსებულ საკრედიტო ისტორიაში N------------- ხელშეკრულების საფუძველზე მითითებული იყო ,,მიმდინარე ნეგატიური სტატუსი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- ,,კ--------------------------–--ს სრული პერსონალური საკრედიტო რეპორტი“ ს.ფ.

75-110)

 

2.6. 2016 წლის 08 სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსეპქტორს განცხადებით მიმართა გ------- ს-----ემ, რომლითაც ითხოვდა სს ,,თ-----------ს“ მიერ მისი მონაცემების სს ,,კ--------------------------–--ს“ მონაცემთა ბაზაში დამუშავების კანონიერების შესწავლას და ბანკის მიერ მისი ინფორმირების წესების დარღვევაზე რეაგირებას. ამავე განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2016 წლის მაისის თვეში მიმართა ერთ-ერთ კომერციულ ბანკს სესხის მიღების მიზნით, თუმცა სესხის გაცემაზე უარი ეთქვა. მიზეზად კი დაუსახელეს სს ,,კ---------------------------–--ს“ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გ-------ს ს-----ეს თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნდა ბანკის წინაშე ფინანსური ვალდებულებები.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპეტქტორის 2016 წლის 13 სექტემბრის N------------ გადაწყვეტილებით განსახილველად იქნა მიღებული გ------- ს-----ის განცხადება და საქმის გარემოებების შესწავლის მიზნით, სს ,,კ--------------------------–--სგან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია.

 

საქმეში წარმოდგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ინსპექტორის აპარატის წერილის საპასუხოდ, 2016 წლის 06 ოქტომბერს წარდგენილი იქნა სს ,,კ--------------------------–--“-ს N-------------- წერილი, რომლითაც კომპანია განმარტავდა, რომ 2015 წლის 05 თებერვალს მიიღო ბანკისაგან ინფორმაცია გ------- ს-----ის, როგორც თავდების სტატუსის შესახებ, ხოლო ამ თარიღამდე (2015 წლის 05 თებერვლამდე) განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია ბანკისაგან არ მიუღია. სს ,,კ--------------------------–--მ“ მიიღო ბანკის 2016 წლის 25 მაისის წერილობითი მიმართვა და ამ მოთხოვნის საფუძველზე, სს ,,კ--------------------------–--ს“ მონაცემთა ბაზაში გ------- ს-----ის შესახებ ყველა მონაცემი, მათ შორის თავდებობის შესახებ, წაიშალა 2016 წლის 30 მაისს. წერილში ასევე მითითებულია, რომ ვინაიდან უკვე წაშლილი იყო განმცხადებლის თავდებობის შესახებ შეცდომით მითითებული ჩანაწერი, ეს ფაქტი ზეგავლევნას ვერ მოახდენდა გ------- ს-----ის გადახდისუნარიანობის შეფასებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

- გ------- ს-----ის 08.09.2016 განცხადება (ს.ფ. 114-118)

- პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება N------------ (ს.ფ. 119-129)

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. სასამართლოს მითითებით მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზემოთმითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, მოცემული უნდა იყოს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია ამ პირის არამართლზომიერი ქმედებით, პირის ქმედებას და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული კანონით დადგენილი ვალდებულება. კერძოდ, 2010 წლის 27 სექტემბერს მისი ანგარიშიდან მოპასუხის მიერ თანხის ჩამოჭრის შემდეგ, გაფორმდა შეთანხმება 2010 წლის 27 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. მიუხედავად თანხის გადახდის განხორციელებისა და თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გაფორმებული შეთანხმებისა, სს ,,თ----------ს საკუთარი ქმედებებით ხელშეკრულება შეწყვეტილად არ უღიარებია. მოსარჩელის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ 2010 წლის 27 სექტემბრის შეთანხმება თავდებობის ხელშეკრულების თაობაზე ძალაში არ შესულა და შეთანხმება მხოლოდ 2015 წლის 25 მაისს შედგა, გამოდის რომ 5 წლისა და 6 თვის განმავლობაში ბანკი მის კუთვნილ თანხას 32 577,50 აშშ დოლარის ოდენობით, სრულიად უსაფუძვლოდ ფლობდა. ამ ხნის განმავლობაში ბანკი არც გადასახდელ ვალდებულებას თვლიდა შესრულებულად და ამ თანხის ფლობის შესახებ არანაირი სხვა შეთანხმება და/ან ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

 

ამდენად, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხის მხრიდან მოხდა სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, სს ,,თ------------“ არ ჰქონდა მისი თანხმობა ფინანსების არამიზნობრივად განკარგავსთან დაკავშირებით, 2010 წლის 27 სექტემბრიდან 2016 წლის 24 მაისის ჩათვლით ბანკი განკარგავდა, სარგებლობდა მისი თანხებით, რის გამოც მიადგა ზიანი.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ: - 2010 წლის 27 სექტემბრის ,,თავდების განცხადების“ საფუძველზე, ამავე დღეს გ------- ს-----ესა და სს ,,თ----------ს“ შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, გ------- ს-----ე იღებდა ვალდებულებას სოლიდარულად ეგო პასუხი მესამე პირის სს ,,ჰ----------–--------–--ის“ მიერ ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით (15.02.2007, N------) ნაკისრი ვალდებულებებნის შესრულებაზე.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ,,ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში თავდები ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, მის შესახებ ბანკში არსებული ინფორმაცია, მასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს საქართველოში მოქმედ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, ამ ბიუროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, რის საფუძველზეც თავდები აღირიცხება ბიუროს მონაცემთა ბაზაში. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს კლინეტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ბანკის მიმართ დავალიანების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, კლიენტის მიერ სესხთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ინფორმაციას კლიენტის დამფუძნებლისა, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისა და თავდებების შესახებ. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის შესახებ, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს, სხვა ინფორმაციას კლიენტის შესახებ, რასაც მოითხოვს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს დადგენილი პროცედურები“.

 

- 2010 წლის 27 სექტემბერს გ------- ს-----ის მიერ მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, სს ,,თ----------სა“ და გ------- ს-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ,,თავდების მიერ მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებით წყდება 2010 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება, რითაც თავდები პასუხისმგებლობას კისრულობდა ,,ბანკის“ წინაშე სს ,,ჰ----------–--------–--ის“, შემდგომში ,,კლინეტის“ მიერ 2007 წლის 15 თებერვლის N------ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით (ძირითადი ხელშეკრულებით) და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.“

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია, რომ გ------- ს-----ემ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ოდენობით - 32 577,50 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

ამდენად გ------- ს-----ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 32 577,50 აშშ დოლარის გადახდა, მოწმობს ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შეწყვეტას, რაც ასევე დატურდება, საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 27 სექტებრის თავდებობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. ამასთან, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. კონდიქციური ვალდებულების არსებობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2010 წლის 27 სექტემბრიდან 5 წლისა და 7 თვის განმავლობაში რეგისტრირებული იყო კრედიტინფოს ბაზაში აკისრია, თავად მოსარჩელე მხარეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები. მისი კრედიტინფოს ბაზაში 2010 წლის 27 სექტემბრიდან რეგისტრაციის ფაქტი არ დადგინდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპეტქტორის 2016 წლის 11 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ინსპექტორის აპარატის წერილის საპასუხოდ, 2016 წლის 06 ოქტომბერს წარდგენილი იქნა სს ,,კ--------------------------–--“-ს N-------------- წერილი, რომლითაც კომპანია განმარტავდა, რომ 2015 წლის 05 თებერვალს მიიღო ბანკისაგან ინფორმაცია გ------- ს-----ის, როგორც თავდების სტატუსის შესახებ, ხოლო ამ თარიღამდე (2015 წლის 05 თებერვლამდე) განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია ბანკისაგან არ მიუღია. სს ,,კ--------------------------–--მ“ მიიღო ბანკის 2016 წლის 25 მაისის წერილობითი მიმართვა და ამ მოთხოვნის საფუძველზე, სს ,,კ--------------------------–--ს“ მონაცემთა ბაზაში გ------- ს-----ის შესახებ ყველა მონაცემი, მათ შორის თავდებობის შესახებ, წაიშალა 2016 წლის 30 მაისს. წერილში ასევე მითითებულია, რომ ვინაიდან უკვე წაშლილი იყო განმცხადებლის თავდებობის შესახებ შეცდომით მითითებული ჩანაწერი, ეს ფაქტი ზეგავლევნას ვერ მოახდენდა გ------- ს-----ის გადახდისუნარიანობის შეფასებაზე.

 

ამდენად, სს ,,კ---------------------------–--სგან“ მიღებული ინფორმაციით გ------- ს-----ის თავდების სტატუსის ინფორმაცია კომპანიის მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებოდა 2015 წლის 05 თებერვლიდან 2016 წლის 30 მაისამდე, და არა 2010 წლიდან, როგორც ამას მოსარჩელე მხარე უთითებს. ამავე გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ ბანკმა 2015 წლის 05 თებერვალს სს ,,კ--------------------------–--ს“ გადასცა მცდარი ინფორმაცია გ------- ს-----ის შესახებ და დაამუშავა არაზუსტი მონაცემები, ხოლო აღნიშნულ უზრუსტობასთან დაკავშირებით გ------- ს-----ის მიმართვამდე არ უზრუნველყო ამ ინფორმაციის გასწორება.

 

გარდა ამისა, საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც, სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში როდესაც მოსარჩელის მიერ 2010 წლის 27 სექტემბერს სს ,,თ-----------“-ს ანგარიშზე ჩარიცხული 32 577,50 აშშ დოლარი, ემსახურებოდა მასსა და სს ,,თ----------ს“ შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, სს ,,კ--------------------------–--ს“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, არ იძლევა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის დადასტურების შესაძლებლობას, რადგან როგორც უკვე აღინიშნა იმ სამართლებრივი საფუძვლის ფარგლებში მოხდა გ------- ს-----ის მიერ თანხის გადაცემა, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით არის მოწესრიგებული. ხოლო მის მიერ თანხის გადახდის გზით შეწყდა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ------- ს-----ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო სამართალში განმტკიცებულია გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრების საფუძვლები, კერძოდ საჭიროა სახეზე იყოს ,,სამართალდარღვევის’’ შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის, ანუ პირს არ შეიძლება დაეკისროს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ, სახეზე არ არის თუნდაც ერთ-ერთი ზემოაღნიშნული პირობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, კრედიტინფოს ბაზაში 2010 წლის 27 სექტემბრიდან რეგისტრაციის ფაქტი არ დადგინდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპეტქტორის 2016 წლის 11 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ინსპექტორის აპარატის წერილის საპასუხოდ, 2016 წლის 06 ოქტომბერს წარდგენილი იქნა სს ,,კ--------------------------–--“-ს N-------------- წერილი, რომლითაც კომპანია განმარტავდა, რომ 2015 წლის 05 თებერვალს მიიღო ბანკისაგან ინფორმაცია გ------- ს-----ის, როგორც თავდების სტატუსის შესახებ, ხოლო ამ თარიღამდე (2015 წლის 05 თებერვლამდე) განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია ბანკისაგან არ მიუღია. სს ,,კ--------------------------–--მ“ მიიღო ბანკის 2016 წლის 25 მაისის წერილობითი მიმართვა და ამ მოთხოვნის საფუძველზე, სს ,,კ--------------------------–--ს“ მონაცემთა ბაზაში გ------- ს-----ის შესახებ ყველა მონაცემი, მათ შორის თავდებობის შესახებ, წაიშალა 2016 წლის 30 მაისს. წერილში ასევე მითითებულია, რომ ვინაიდან უკვე წაშლილი იყო განმცხადებლის თავდებობის შესახებ შეცდომით მითითებული ჩანაწერი, ეს ფაქტი ზეგავლევნას ვერ მოახდენდა გ------- ს-----ის გადახდისუნარიანობის შეფასებაზე.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპეტქტორის 2016 წლის 11 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილებით სს ,,თ----- ბ---ი“ ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, რადგან ბანკმა არ უზრუნველყო განმცხადებლის სათანადო ინფორმირება, არ მიაწოდა მას მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

მოცემულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სს ,,თ-----------“-ს მხრიდან არამართლზომიერი ქმედება განხორციელდა, როდესაც მან 2015 წლის 05 თებერვალს სს ,,კ--------------------------–--ს“ გადასცა მცდარი ინფორმაცია გ------- ს-----ის შესახებ და დაამუშავა არაზუსტი მონაცემები, ხოლო აღნიშნულ უზუსტობასთან დაკავშირებით განმცხადებლის მიმართვამდე არ უზრუნველყო ამ ინფორმაციის მიწოდება.

 

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს არა მხოლოდ არამართლზომიერი ქმედების, არამედ ზიანის არსებობაც. შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მითითებული ქმედების შედეგად მას მიადგა ზიანი ე.ი. დადგა უარყოფითი შედეგი.

 

ამასთან, რამდენადაც მოსარჩელე 32 577,5 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნას უკავშირებს, მიუღებელ შემოსავალს, შესაბამისად კვლევის საგანი უნდა იყოს, არამარტო ის გარემოება მოხდა თუ არა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრება, არამედ მიზეზობრივი კავშირი სს ,,თ----- ბ---ის“ მხრიდან 2015 წლის 05 თებერვალს სს

,,კ--------------------------–--ს“ გადაცემულ მცდარ ინფორმაციასა და მიყენებულ ზიანს შორის.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 27 სექტემბრიდან მოყოლებული 2016 წლის 24 მაისამდე, არაერთხელ ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საბანკო პროდუქტით, თუმცა ბანკები უარს აცხადებდნენ სესხის გაცემაზე. ბოლო მცდელობისას 2016 წლის მაისის თვეში, სწორედ ბანკის წარმომადგენელმა, მისი SOLO კლიენტის სტატუსიდან გამომდინარე და დაჟინებული მოთხოვნის შემდეგომ განუმარტა, რომ მის სახელზე ,,კრედიტინფოში“ ფიქსირდებოდა ვალდებულების არსებობა სს ,,თ-----------ს“ წინაშე. არაკეთილსინდისიერი გადამხდელის სტატუსი, მისი შელახული საბანკო რეპუტაცია წარმოადგენდა სესხის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოებები. მისი კრედიტინფოს ბაზაში 2010 წლის 27 სექტემბრიდან რეგისტრაციის ფაქტი არ დადგინდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპეტქტორის 2016 წლის 11 ნოემბრის N------------ გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გ------- ს-----ის თავდების სტატუსის ინფორმაცია კომპანიის მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებოდა 2015 წლის 05 თებერვლიდან 2016 წლის 30 მაისამდე, და არა 2010 წლიდან, როგორც ამას მოსარჩელე მხარე უთითებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის მიმართ დამდგარ უარყოფით შედეგს შორის. ხოლო რაც შეეხება 2015 წლის 05 თებერვლიდან 2016 წლის მაისამდე პერიოდს, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც საბანკო კრედიტის აღების მცდელობის დამადასტურებელი მტკიცებულება და შესაბამისად არც სესხის გაცემაზე უარის თქმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც არ დასტურდება ცალსახად, რომ კ--------------------------–--ს ბაზაში რეგისტრაცია წარმოადგენს სესხის გაცემაზე უპირობო უარის თქმის საფუძველს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი სს ,,თ-----------ს“ მხრიდან 2015 წლის 05 თებერვალს სს ,,კ--------------------------–--ს“ გადაცემულ მცდარ ინფორმაციასა და სესხის აღებას შორის. რაც შეეხება 2016 წლის მაისის თვეში მოსარჩელის მხრიდან სესხის აღების მცდელობას, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარემ გ------- ს-----ის განცხადებისთანავე მყისიერად მოახდინა რეაგირება და მიმართა სს ,,კ--------------------------–--“-ს მონაცემების კორექტირების მიზნით. ამდენად, ვერც ამ ნაწილში შეძლო მოსარჩელემ მიზეზობრივი კავშირის დადასტურება.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოცემულ შემთხვევაში, გ------- ს-----ემ რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მან მიმართა რომელიმე ბანკს და ბანკმა სესხი არ გასცა, სასამართლოს არ წარმოუდგინა.

 

შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზირა მოსარჩელის მოტივაცია მასზედ, რომ გაუმართლებელი რეგისტრაციის გამო გ------- ს-----ეს მიუღებელი შემოსავლის სახით მიადგა ზიანი 36 486,8 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე გ------- ს-----ის განმარტებით, მოსარჩელისათვის ჩარიცხული თანხა მან ვერ განათავსა სადეპოზიტო ანგარიშზე, რამაც თავის მხრივ განაპირობა ზიანის დადგომა 36486,8 აშშ დოლარის ოდენობით ე.ი. ვერ მიიღო შემოსავალი რასაც იგი პროცენტის სახით მიიღებდა. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობა, თუ, თავდაპირველად სახეზეა პირის ნება გარკვეული ქმედების განხორციელების თაობაზე, ხოლო ამ ქმედების განუხორციელებლობა განპირობებული იქნა მოპასუხის ქმედებით. უდავოა, რომ ქონება, რომლის გასხვისებაზეც უთითებს მხარე მოხმარდა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად დაუსაბუთებელია მხარის ნება ნივთის გასხვისების თაობაზე. აღნიშნული, კი, გამორიცხავს მოსარჩელის მოტივაციის გაზიარების საფუძველს.

 

გარდა ამისა, მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მოცემული საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს 32577,5 აშშ დოლარი გადახდილი ჰქონდა თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისად, მის ინტერესს წარმოადგენდა ვალდებულების შესრულება და არა ხელშეკრულების საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით, სარგებლის მიღება. შესაბამისად, არ დადასტურდა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.

 

2.10. სასამართლო ასევე არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ბანკის მიმართ თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება განხორციელდა სესხის სახით აღებული თანხებიდან, რისთვისაც მის მიერ პროცენტის სახით გადახდილი იქნა 22 410,24 აშშ დოლარი, ეს თანხა უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი) , მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.

 

მოსარჩელის განმარტებით, მასსა და სს ,,თ----------ს“ შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 50 000 აშშ დოლარზე გაფორმებულ იქნა იმ მიზნით, რომ ამ თანხის ნაწილი მოხმარდებოდა თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. რომ არა ბანკის მიერ 2010 წლის 27 სექტემბრის ხელშეკრულების პირობათა დარღვევა არ იარსებებდა შემდეგი გარემოება: ბანკს მის მიერ უსაფუძვლოდ არ გადაეცემოდა 22 410,24 აშშ დოლარი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 27 სექტემბერს გ------- ს-----ის მიერ მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, სს ,,თ----------სა“ და გ------- ს-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ,,თავდების მიერ მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებით წყდება 2010 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება, რითაც თავდები პასუხისმგებლობას კისრულობდა ,,ბ---ის“ წინაშე სს ,,ჰ----------–--------–--ის“, შემდგომში ,,კლინეტის“ მიერ 2007 წლის 15 თებერვლის N------ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით (ძირითადი ხელშეკრულებით) და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ ვალდებულების შესასრულებლად აიღო სესხი, რისთვისაც სარგებელის სახით გადაიხადა 22 410,24 აშშ დოლარი, არ ადასტურებს მიზეზობრივ კავშირს სს ,,თ-----------“-ს მხრიდან თუნდაც ვალდებულების შეუსრულებლობასა და გ------- ს-----ეს მიერ სესხის აღებას შორის. სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტს დაადსატურებდა, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

2.11. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. გ------- ს-----ესა და სს ,,თ----------ს“ შორის წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, სს ,,თ-----------“-ს მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, არ არსებობს.

 

გარდა ამისა, საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სს ,,თ-----------“-ს მიერ 2010 წლის 24 სექტემბრის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებისა და 2010 წლის 27 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ

 

იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობის შემლახველი ცნობების გავრცელებას.

 

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

მოსარჩელის განმარტებით, სს ,,თ-----------“-ს დაუდევარი და უპასუხისმგებლო ქმედებით მიადგა მორალური ზიანი - მოპასუხის ქმედებით შეილახა მისი საქმიანი რეპუტაცია. მხოლოდ მას შემდგომ, რაც ამოეწერა მოვალეთა სიიდან, ბანკებმა მიიღეს როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი და განაცხადეს თანხმობა მოსარჩელესთან თანამშრომლობაზე.

 

მორალური ზიანი განსაზღვრულია, როგორც ფიზიკური და სულიერი ტკივილი. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, როგორც დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ისე, ობიექტური გარემოებანი, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება (ხელყოფილი სიკეთის ცხოვრებისეული მნიშვნელობა, სამართალდარღვევის შედეგთა სიმძიმე, ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხი და სხვა). ყველა შემთხვევაში, როცა მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება, ზიანი უნდა იყოს სამართლებრივად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი. კომპენსაციის ოდენობის დასასაბუთებლად უნდა დამტკიცდეს ფიზიკური ტანჯვის ხარისხი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი თვისებები, რომელსაც საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს, გააჩნიათ მათ, ვინც მონაწილეობს ეკონომიკურ (კომერციულ) საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სსკ-ის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის, მისი პროფესიული თვისებების დისკრედიტაციისათვის. ასეთი ხელყოფით პირს შეუძლია მიადგეს მატერიალური ზიანიც, ე.ი. ხელიდან გაუშვას მოგება, დაეკარგოს კლიენტი და სხვ.

 

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი იცავს პირად არაქონებრივ უფლებებს, თუ სახეზეა შემდეგი გარემოებანი: შელახულია ფიზიკური ან იურიდიული პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია, პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები გავრცელებულია, გავრცელებული ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება. პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ქვეშ იგულისხმება ასეთი ცნობების გამოქვეყნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, საჯარო განცხადებებში, გამოსვლებში ერთი ან რამდენიმე პირისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც აუცილებელია მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სასამართლომ მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ განუხორციელებია ისეთი ქმედება, რაც გამოიწვევდა მისთვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რის გამოც სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ს-----ეს უარი ეთქვა სს ,,თ-----------სათვის“ საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ზიანის ანაზღაურების სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე და ცნობების უარყოფაზე.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ბანკმა კ--------------------------–--ს მის შესახებ მცდარი მონაცემები 2015 წლის 05 თებერვალს მიაწოდა. თუმცა, ამ გარემოების დადასტურებულად ცნობის პირობებშიც სახეზეა ბანკის მცრიდან 73 კვირის განმავლობაში არასწორის მონაცემების მიწოდება. აღნიშნულით კი დგინდება, რომ მიუხედავად მისი მხრიდან ვალდებულების შესრულებისა ბანკი თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას შესრულებულად არ თვლიდა. აპელანტის მითითებით ის გარემოება, რომ ბანკმა ვალდებულება არ შეასრულა 2010 წლის 27 სექტემბერს დასტურდება მა უკანასკნელის მიერ 25.05.2016 წელს გაცემული ცნობით. შესაბამისად, ბანკის ასეთი აღიარების პირობებში სახეზე იყო ზიანის ანაზღაურების საკმარისი საფუძველი.

 

3.2. აპელანტის განმარტებით კრედიტინფოში მის შესახებ მონაცემის საფუძველზე არაერთხელ ეთქვა უარი საბანკო პროდუქტებით სარგებლობაზე. აპელანტის მითითებით საბანკო დაწესებულებებს არ გააჩნიათ ვალდებულება დაასაბუთონ საბანკო პროდუქტის გაცემაზე უარი, შესაბამისად, სასამართლოს სარჩელში მითითებული გარემოების დადასადასტურებლად, რომ მას არაერთხელ ეთქვა უარი საბანკო პროდუქტით სარგებლობაზე მისი ახსნა-განმარტება უნდა გაეზიარებინა. გარდა ამისა, აპელანტის მითითებით ის გარემოება, რომ მის შესახებ კრედიტინფოში არსებული მონაცემები სახვდასხვა საბანკო დაწესებუების მიერ არაერთხელ გადამოწყმდა ადასტურებს ფაქტს მსაზედ, რომ გადამოწმება მის მიერ საბანკო პროდუქტით სარგებლობის მოთხოვნას უკავშირდებოდა.

 

3.3. აპელანტის განმარტებით მას შემდეგ რაც მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა საბანკო პროდუქტებით მიღებული თანხა მიაქცია ბიზნეს საქმიანობაში , რითაც მიიღო გარკვეული სარგებელი.

 

3.4. აპელანტის მითითებით თანხა, რომელიც 27.09.2010 წელს ამავე დღეს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად გადაიხადა მიღბული ჰქონდა ამავე საბანკო დაწესებულებიდან სესხის სახით. შესაბამისად, სს ,,თ----------მა’’ სესხის გაცემით მიიღო სარეგებელი პროცენტის სახით, დაიკმაყოფილა 27.09.2010 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა და თანხის მიღების შემდეგ ამ თანხის ფლობით დამატებით მიიღო სარგებელი.

 

3.5 აპელანტის განმარტებით ბანკის მიერ მის შესახებ არასწორი მონაცემების წარდგენით მოხდა პროფესიული თვისებების დისკრედიტაცია, რიტაც მიადგა მორალური ზიანი.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1. 27.09.2010 წელს სს ,,თ----------ს’’ და გ------- ს-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით გ------- ს-----ემ ბანკის წინაშე იკისრა ვალდებულება სს ,,ჰ----------–--------–--ის“ მიერ 2007 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებით ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

ხელშეკრულების 2.4 პუნქტით თვადებმა იკისრა ვალდებულება წერილობითი მოთხოვნისთანავე დაეფარა კლიენტის დავალიანება ბანკის წინაშე. ხელშეკრულების 2.6 პუქნტით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თავდების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ უკანასკნელის ვალდებულებად განისაზღვრა ბანკის სასარგებლოდ ყოველდღიურად დავალიანების თანხის 0,2 % გადახდა.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ,,ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში თავდები ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას, მის შესახებ ბანკში არსებული ინფორმაცია, მასთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს საქართველოში მოქმედ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, ამ ბიუროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, რის საფუძველზეც თავდები აღირიცხება ბიუროს მონაცემთა ბაზაში. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ბანკის მიმართ დავალიანების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, კლიენტის მიერ სესხთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ინფორმაციას კლიენტის დამფუძნებლისა, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისა და თავდებების შესახებ. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის შესახებ, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს, სხვა ინფორმაციას კლიენტის შესახებ, რასაც მოითხოვს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს დადგენილი პროცედურები“. (ტ.1.ს.ფ. 43-44)

 

4.2. 2010 წლის 27 სექტემბერს გ------- ს-----ის მიერ მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, ამავე დღეს მხარეებს ერთი მხრივ სს ,,თ----------სა“ და მეორე მხრივ გ------- ს-----ეს შორის გაფორმდა თავდებობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება. (ტ.1.ს.ფ.

 

ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ,,თავდების მიერ მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებით წყდება 2010 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება, რითაც თავდები პასუხისმგებლობას კისრულობდა ,,ბანკის“ წინაშე სს ,,ჰ----------–--------–--ის“, შემდგომში ,,კლინეტის“ მიერ 2007 წლის 15 თებერვლის N------ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით (ძირითადი ხელშეკრულებით) და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.“ (ტ. 1.ს.ფ. 46)

 

4.3. 2016 წლის 25 მაისს სს ,,თ----------მა“ გასცა N---------- ცნობა, რომლითაც მიმართავს გ------- ს-----ეს და უდასტურებს, რომ 2016 წლის 24 მაისს გაუქმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფა მესამე პირის ვადიან სესხს. N-------------. (ტ.1.ს.ფ. 47)

 

4.4. 2016 წლის 30 მაისს გ------- ს-----ემ წერილობით მიმართა სს ,,თ----------ს“ და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რატომ გაუქმდა 2016 წლის 24 მაისს თავდებობის ხელშეკრულება და რა გახდა მისი გაუქმების საფუძველი, რეალურად როდის უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაუქმება და თავდებობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იყო თუ არა მისი პირადი მონაცემები სს ,,ს----------------------------–--ს“ მონაცემთა ბაზაში ან/და სხვა მსგავს მონაცემთა ბაზაში.

 

2016 წლის 03 ივნისს სს ,,თ----------მა’’ გ------- ს-----ეს მისი 2016 წლის 30 მაისის განცხდების საპასუხოდ გაუგზავნა წერილი, სადაც განმარტა, რომ 2010 წლის 27 სექტემბერს ბანკსა და გ------- ს-----ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა ამავე თარიღში (2010 წლის 27 სექტემბერს). აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს კი 2010 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წარმოადგენდა. (ტ.1.ს.ფ. 48-51)

 

4.5. 2016 წლის 08 სექტემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსეპქტორს განცხადებით მიმართა გ------- ს-----ემ, რომლითაც ითხოვდა სს ,,თ-----------ს“ მიერ მისი მონაცემების სს ,,კ--------------------------–--ს“ მონაცემთა ბაზაში დამუშავების კანონიერების შესწავლას და ბანკის მიერ მისი ინფორმირების წესების დარღვევაზე რეაგირებას. ამავე განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2016 წლის მაისის თვეში მიმართა ერთ-ერთ კომერციულ ბანკს სესხის მიღების მიზნით, თუმცა სესხის გაცემაზე უარი ეთქვა. მიზეზად კი დაუსახელეს სს ,,კ---------------------------–--ს“ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გ-------ს ს-----ეს თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნდა ბანკის წინაშე ფინანსური ვალდებულებები. (ტ.1.ს.ფ. 114-118)

 

4.6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპეტქტორის 2016 წლის 13 სექტემბრის N------------ გადაწყვეტილებით განსახილველად იქნა მიღებული გ------- ს-----ის განცხადება და საქმის გარემოებების შესწავლის მიზნით, სს ,,კ--------------------------–--სგან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია.

 

საქმეში წარმოდგენილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ინსპექტორის აპარატის წერილის საპასუხოდ, 2016 წლის 06 ოქტომბერს წარდგენილი იქნა სს ,,კ--------------------------–--“-ს N-------------- წერილი, სადაც კომპანია განმარტავდა, რომ 2015 წლის 05 თებერვალს მიიღო ბანკისაგან ინფორმაცია გ------- ს-----ის, როგორც თავდების სტატუსის შესახებ, ხოლო ამ თარიღამდე (2015 წლის 05 თებერვლამდე) განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია ბანკისაგან არ მიუღია. სს ,,კ--------------------------–--მ“ მიიღო ბანკის 2016 წლის 25 მაისის წერილობითი მიმართვა და ამ მოთხოვნის საფუძველზე, სს ,,კ--------------------------–--ს“ მონაცემთა ბაზაში გ------- ს-----ის შესახებ ყველა მონაცემი, მათ შორის თავდებობის შესახებ, წაიშალა 2016 წლის 30 მაისს. წერილში ასევე მითითებულია, რომ ვინაიდან უკვე წაშლილი იყო განმცხადებლის თავდებობის შესახებ შეცდომით მითითებული ჩანაწერი, ეს ფაქტი ზეგავლევნას ვერ მოახდენდა გ------- ს-----ის გადახდისუნარიანობის შეფასებაზე. (ტ. 1. ს.ფ. 119-129)

 

განსახილველ შემთხვევაში გ------- ს-----ის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს:

 

1.1. სს ,,თ-----------სთვის“ მიუღებელი შემოსავლის სახით 36 486,8 აშშ დოლარის დაკისრება.

1.2. სს ,,თ-----------სთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 22 410,24 აშშ დოლარის დაკისრება.

 

1.3. სს ,,თ-----------სთვის“ პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2010 წლის 27 სექტემბრიდან 2016 წლის 25 მაისამდე პერიოდისათვის, 134 610,23 აშშ დოლარის დაკისრება.

1.4. სს ,,თ-----------სთვის“ გ------- ს-----ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 50 000 აშშ დოლარის დაკისრება.

1.5. სს ,,თ-----------სთვის“ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 50 000 აშშ დოლარის გადახდა.

1.6. სს ,,თ-----------ს“ დავალდებულება საქართველოს ბაზარზე არსებულ საბანკო დაწესებულებებისთვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს 2010 წლის 27 სექტემბრიდან, 2016 წლის 24 მაისის ჩათვლით გ------- ს-----ე წარმოადგენდა ფინანსური ვალდებულების მატარებელ პირს, არ შეესაბამება სიმართლეს. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად მის მიერ 27.09.2010 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების ამავე დღეს შესრულებისა, იგი როგორც თავდების სტატუსის მქონე, ანუ ბანკის წინაშე ვალდებული პირი 25.05.2016 წლამდე ირიცხებოდა სს ,,კ--------------------------–--ს’’ მონაცემთა ბაზაში.

 

4.7. სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- ს-----ე 05.02.2015 წლიდან 25.05.2016 წლამდე რეგისტრირებული იყო სს ,,კ--------------------------–--ს’’ მონაცემთა ბაზაში. აღნიშნული გარემოების დადასტურებულად მიჩნევის მიზნებისთვის სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 11.11.2016 წლის გადაწყვეტილებაზე, საიადანაც ირკვევა, რომ ინსპექტორის აპარატის წერილის საპასუხოდ, სს ,,კ--------------------------–--მ“ დაადასტურა ფაქტი მასზედ, რომ 2015 წლის 05 თებერვალს ბანკისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამ უკანასკნელისგან 25.05.2016 წლამდე განახლებული ინფორმაციის მიღებამდე გ------- ს-----ე როგორც თავდების სტატუსის მქონე პირი ირიცხებოდა სს ,,კ--------------------------–--ს’’ მონაცემთა ბაზაში. საგულისხმოა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 11.11.2016 წლის გადაწყვეტილებაში მითითებლი გარემოების გასაბათილებლად მოსარჩელეს სამართლებრივად წონად მტკიცებულებაზე არ მიუთითებია.

 

4.8. სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ გ------- ს-----ის მიერ 27.09.2010 წელს გადახდილი თანხით (32 577,50 აშშ დოლარი) ბანკი უსფუძვლოდ არ გამდიდრებულა.

 

აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარეებს შორის 27.09.2010 წელს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების იმ ძირითად პირობაზე, რომლის მიხედვითაც გ------- ს-----ემ 33 070 აშშ დოლარის ფარგლებში კლიენტის (,,ჰ----------–--------–--ის“) მიერ 15.02.2007 წლის ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა იკისრა. აღსანიშნავია, რომ თავდებს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება წერილობითი მოთხოვნისთანავე უნდა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ბანკის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ყოველდღიურად დავალიანების თანხის 0,2 %-ის გადახდის ვალდებულება. უდავოა, რომ 27.09.2010 წელს გ------- ს-----ემ ბანკის სასარგებლოდ იმ ოდენობს თანხა გადაიხადა, რაც ამ უკანასკნელს ბანკთან 27.09.2010 წელს გაფორმებული გარიგების ფარგლებში ევალებოდა. უდავოა ასევე, რომ გ------- ს-----ეს 27.09.2010 წლის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის საფუძვლით ბანკის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა არ დაკისრებია. ამდენად, თავდებობის ხელშეკრულების, თავდებობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების, და ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს არარსებობის შესახებ უდავო გარემოების ერთობლივი, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 27.09.2010 წელს გ------- ს-----ის მიერ სს ,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ თანხის გადახდა ემსახურებოდა ამავე დღეს ბანკთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, შესრულებით კი მხარეებს შორის 27.09.2010 წლის ხელშეკრულებიტ ნაკისრი ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის მიხედვით ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

4.9. სს ,,კ--------------------------–--ს’’ მონაცემთა ბაზაში ბანკის განცხადების საფუძველზე 05.02.2015 წლიდან 25.05.2016 წლამდე გ------- ს-----ის, როგორც თავდების შესახებ მონაცემების არსებობის მიუხედავად არ დასტურდება ამგვარი მონაცემების განთავსების საფუძველზე ზიანის დადგომის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის მიხედვით კი, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, გ------- ს-----ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე სს ,,თ-----------სთვის’’ ზიანის სახით თანხის გადახდის დაკისრება მის მიერ სს ,,კ-----------------------–---’’ მონაცემთა ბაზაში არასწორი მონაცემების მიწოდების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, შესაბამისად, გ------- ს-----ის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა ფაქტების მტკიცება მასზედ, რომ სს ,,თ-----------ს’’ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ვალდებულების შეწყვეტის მიუხედავად მისი როგორც ვალდებული პირის შესახებ მონაცემები კვლავ რეგისტრირებული იყო სს ,,კ--------------------------–--ს’’ მონაცემთა ბაზაში, სს ,,კ------------------------–--–-’’ მის შესახებ მონაცემების არსებობის პერიოდში მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, საბანკო დაწესებულებების მიერ უარი ეთქვა საბანკო პროდუქტებით სარგებლობაზე, უარი განპირობებული იყო სს ,,კ------------------------–--–-’’ მის შესახებ მონაცემების არსებობით. საბანკო პროდუქტების გაცემაზე უარით მას მიადგა ზიანი, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარემ მისივე ახსნა-განმარტების გარდა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო პერიოდში მან მიმართა რომელიმე საბანკო დაწესებულებას საბანკო პროდუქტით სარგებლობის მოთხოვნით, ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მას უარი ეტქვა იმ საფუძვლით, რომ მის შესახებ ნეგატიური მონაცემები არსებობდა სს ,,კ-------------------------–---’’ მონაცემთა ბაზაში, საბანკო დაწესებულების მიერ საბანკო პროდუქტის გაცემაზე უარის ტქმის შედეგად მას მიადგა მოთხოვნი ოდენობის ზიანი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. გათვალისწინებით იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე აპელანტის ახნა-განმარტებას არ დაეთანხმა, ამასთან, სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები მასზედ, რომ სს ,,თ-----------ს’’ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ვალდებულების შეწყვეტის მიუხედავად მისი როგორც ვალდებული პირის შესახებ მონაცემები კვლავ რეგისტრირებული იყო სს ,,კ--------------------------–--ს’’ მონაცემთა ბაზაში, სს ,,კ------------------------–--–-’’ მის შესახებ მონაცემების არსებობის პერიოდში მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, საბანკო დაწესებულებების მიერ უარი ეთქვა საბანკო პროდუქტებით სარგებლობაზე, უარი განპირობებული იყო სს ,,კ------------------------–--–-’’ მის შესახებ მონაცემების არსებობით. საბანკო პროდუქტების გაცემაზე უარით მას მიადგა ზიანი, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან პალატის მიერ მოსარჩელის მიერ ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებები ვერ იქნება გაზიარებული.

 

4.10. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ მოდავე მხარეებს შორის არ არსებობს წერილობითი შეთანხმება მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლით პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს პირგასმტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია 27.09.2010 წელს ბანკის სასარგებლოდ გადახდილი თანხის ამავე დღეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი აღნიშნული თანხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული პროცენტის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების შესახებ.

 

4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. 18.2. მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებულ მორალური ზიანის ანაზღაურებას გააჩნია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანის გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი თვისებები, რომელსაც საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს, გააჩნიათ მათ, ვინც მონაწილეობს ეკონომიკურ (კომერციულ) საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სსკ-ის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის, მისი პროფესიული თვისებების დისკრედიტაციისათვის. ასეთი ხელყოფით პირს შეუძლია მიადგეს მატერიალური ზიანიც, ე.ი. ხელიდან გაუშვას მოგება, დაეკარგოს კლიენტი და სხვ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტი. გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელე 05.02.2015 წლიდან 25.05.2016 წლამდე სს ,,კ--------------------------–--ს’’ მონაცემთა ბაზაში თავდები პირის სტატუსით იყო რეგისტრირებული თავისთავად არ ადასტურებს მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტს. საქმიანი რეპუტაციის დადასტურების მიზნით მოსარჩელემ მისი წილი მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია. რაც საბოლოოდ, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო

 

მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე

 

მაია სულხანიშვილი