განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160141318002339133
საქმე №1ბ/9-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
რა---–----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი #2----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ--------–---------------------–---------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენით რა---–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
რა---–----------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ გენდერის შეუწყნარებლობის მოტივით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
მ--------–--------------------–----------ში მცხოვრები რა---–----------ი, დაახლოებით სამი წლის მანძილზე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს დუ-----------------ას, რომელიც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას. 2018 წლის 01 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე თავის საცხოვრებელ სახლში რ----– ჩ--------მა მოსთხოვა მეუღლეს დუ-----------------ას მოედუღებინა მისთვის ჩაი. დუ-----------------ამ თავის მეუღლეს მიართვა ჩაი, იმ მიზეზით რომ ჩაი იყო ცივი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რა---–----------მა მას მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ფეხი ჩაარტყა ზურგში, ხელებით დაქაჩა თმებში და რამდენიმეჯერ მუშტები ჩაარტყა მხრებში. აღნიშნულის შედეგად დუ-----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. დედის, დუ-----------------ას ცემის ფაქტს შეესწრო მისი სამი წლის შვილი ნუ---–------------ი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი------------–---–ის და ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, რა---–----------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით და დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, მსჯავრდებულმა ცოლს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიერ ქმრისთვის მიტანილი ჩაი არ აღმოჩნდა საკმარისად ცხელი ანუ დანაშაული ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დიდია ალბათობა, რომ რა---–----------მა კვლავ განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა, რათა ყოფით ურთიერთობაში ხშირია ასეთი უმნიშვნელო მიზეზები, რომელიც მსჯავრდებულის სტერეოტიპული შეხედულებების გამო, დიდი ალბათობით აღმოჩნდება საკმარისი საფუძველი, რომ კვლავ ჩაიდინოს ახალი დანაშაული. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ დუ-----------------ას, მოწმეების: ნუ–------–----ას, შა-–------–----ას გამოკითხვის ოქმები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ რა---–----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობრივი ხასიათის, გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა, რომელიც ლახავს ოჯახში მყუდრო ატმოსფეროს, გავლენას ახდენს ოჯახის წევრების ნორმალურ ცხოვრებაზე და გააჩნია მომატებული საზოგადოებრივი საშიშროება, ხოლო, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ მოცემულ შემთხვევაში ქმედების ობიექტური მხარის ნიშანია და არ წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას. რა---–----------ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რომ დაზარალებულმა დატოვა საქართველო, ბავშვები იზრდებიან მსჯავრდებულის მშობლებთან, რომლებსაც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი შემოსავალი. პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ადეკვატური, პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ - გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
რა---–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
რა---–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
რა---–----------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 2 მარტიდან 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ რა---–----------ს პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში დაევალოს მატერიალურად დაეხმაროს ოჯახს.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულ რა---–----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე