განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210016001232488
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001232488

N2ბ/1606-2017

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 მაისი, 2018 წელი ქალაქ თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტები (მოპასუხეები) - ვ-–-----------, ნ----–--–---, დ------------------- მ----------------

წარმომადგენელი - ა-–------------------- (--–-------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ-----------–---–ი

წარმომადგენელი - გიორგი ვაჭარაძე

 

თავდაპირველი მოპასუხე - გ-----------------

წარმომადგენელი - ა-–-------------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ლ-----------–---–-- სარჩელი დაკმაყოფილდა. ვ-–-----------ის, გ----------------ის, ნ----–--–--ის, დ-----------------ის, მ---------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, ა-------- (----------- ე---------- ქუჩის პირველ შესახვევი №--–- მდებარე ბინა №-- (41.00 კვ.მ ფართი) ს-- №-------------------.0-- და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მესაკუთრეს - ლ-----------–---–ს.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ლ-----------–---–-- საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღრიცხულია ქ. თბილისში, ა-------- (----------- ე---------- ქუჩის პირველ შესახვევი №--–- მდებარე ბინა №-- (41.00 კვ.მ ფართი) ს-- №-------------------.0-- (ს/ფ. 14-15);

 

2.2. ლ------------–---–-- კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ვ-–-----------, გ-----------------, ნ----–--–---, დ------------------- მ----------------, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

2.4. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.

 

2.5. სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

2.7. სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემობათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

2.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ-----------–---–-- კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ მოპასუხეები.

 

2.9. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო ნივთზე ლ-----------–---–ს გააჩნდა საკუთრების უფლება და იგი არ იყო შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს.

 

2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ იყო. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე იყო სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვდა მოპასუხეების გამოსახლებას და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათის იყო და არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოსარჩელეს ჰქონდა სრული უფლება მოეთხოვა კუთვნილ ნივთზე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განეკარგა საკუთარი ნივთი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ-----------–---–-- სარჩელი იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

2.11. ლ-----------–---–-- წარმომადგენელმა იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, რაც არ დაკმაყოფილდა;

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოცემულ დავაში ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.

 

აპელანტის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულება ბინის მფლობელსა და ლ-----------–---–ს შორის არ შემდგარა. განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა გ----------------ის მიერ ს-------------------ის სასარგებლოდ სადავო ქონების იპოთეკით დატვირთვის ფაქტს, რა დროსაც, გ- ღ------ეს რჩებოდა გამოსყიდვის უფლება. გამოსყიდვის ვადაში ს-------------------ე არ იყო უფლებამოსილი გაესხვისებინა სადავო ბინა. მიუხედავად ამისა, ს-------------ემ მაინც გაასხვისა ბინა ლ-----------–---–ზე.

 

აპელანტის განმარტებით, ლ-----------–---–სა და ს-------------------ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის თვალთმაქცური გარიგება. რადგან ადგილი ჰქონდა სხვა ხელშეკრულების გადაფარვას. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად კი, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. 25.11.2--- წ. მომზადებული ს---------------------------–----თ, ქ. თბილისში, ა-------- (----------- ე---------- ქუჩის პირველ შესახვევი №--–- მდებარე ბინა №-- (41.00 კვ.მ ფართი) ს-- №-------------------.0--, წარმოადგენს ლ-----------–---–-- საკუთრებას;

 

უფლების დამდგენი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება N---------- დამოწმების თარიღი 16.06.2--- წ. (იხ. ტომი 1; ს.ფ. 14-15; ს---------------------------–----);

 

4.2. დადგენილია და სადავო არ არის, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობენ და სარგებლობენ ვ-–----------ე, ნ----–--–---, დ------------------- მ----------------;

 

4.3. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ლ-----------–---–-- მოთხოვნას წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-----------–---–ი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტები (მოპასუხეები) წარმოადგენემ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს.

 

რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების მე-3 აუცილებელ პირობას - მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები (იხ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები, წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი) ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. კერძოდ, ისეთ ვითარებაში როდესაც საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხეების მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, და ამასთან, მოპასუხეებს სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის შეტანის გზით სადავოდ არ გაუხდიათ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი (კონკრეტულ შემთხვევაში 16.06.2--- წლის ნასყიდობის ხელშეკრულება), პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ სადავო ქონება გასხვისებული იქნა გამოსყიდვის ვადაში, მაშინ როდესაც მან (გამოსყიდვის უფლების მქონე პირმა) თანხმობა განაცხადა ამ ქონების გასხვისებაზე (იხ. ტ.1, ს/ფ 67-68), არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ნასყიდობის ხელშეკურლების ბათილად ცნობას და სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხეების მართლზომიერ ფლობელად მიჩნევას.

 

პალატა განმარტავს, რომ სიკეთის დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 160.00 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–----------ის, ნ----–--–--ის, დ-----------------ის და მ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტებს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია