განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001636087
N2ბ/473-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი – ლ--------–-------
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,-------------------–---–----------------------
წარმომადგენელი - ლ---------–---
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.02.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 16.10.2017 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.02.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. შ-- '--------------------–---–-----------------------' სარჩელი დაკმაყოფილდა.
2. ლ---------–-------ს უკანონო მფლებელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა წ---–------, #--- (--------------) ბინა #--- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №----------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა შ-- ''ჯ-----------------–---–-------------------------
2.1. ლ---------–-------ს უკანონო მფლებელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი თბილის, ქუჩა წ---–------, #--- (--------------) ბინა #--, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №----------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა შ-- ''-------------------–---–-------------------------
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 2321-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
ლ--------–------ს სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდა 2017 წლის 26 იანვარს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ ზემოაღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. ამასთან, არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
31.03.2017 წელს მოპასუხემ საჩივარი წარადგინა სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების მოთხოვნით.
საჩივარში მითითებულია, რომ სარჩელი და თანდართული მასალა ჩაბარდა აპელანტის ძმას - გ-----------–-------, რომელიც არ არის მისი ოჯახის წევრი და რომელიც ცხოვრობს სხვა მისამართზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.10.2017 წლის განჩინებით სასამართლომ არ გაიზიარა საჩივარში მითითებული გარემოებები, რის გამოც ლ--------–------ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 10.02.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის მოთხოვნაა, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.02.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 16.10.2017 წლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ვინაიდან, სარჩელი და თანდართული მასალა მას არ ჩაბარებია, არამედ ჩაბარდა მის ძმას, რომელიც არ არის მისი ოჯახის წევრი და ცხოვრობს სხვა მისამართზე, რომლისგან სასამართლოს კორესპოდენცია არ მიუღია.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სსკ-ის 385.1. მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე და საქმე მომზადების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
ამდენად, შესაგებლის წარუდგენლობის საფუძვლით დაუსწრებელი გადწყვეტილების გამოტანის სავალდებულო პირობაა მოპასუხეს ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე - 78-ე მუხლებით დადგენილი წესით და აქედან დადენილ ვადაში შესაგებელი არ იყოს წარდგენილი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ-- ,,-------------------–---–----------------------- სარჩელი და თანართული მასალები 26.01.2017 წელს ჩაბარდა ლ--------–-------ს ძმას - გ-----------–-------.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო, თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
პალატა განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყების ჩამბარებელი უფლებამოსილია უწყება ჩააბაროს ადრესატთან მცხოვრებ ოჯახის წევრს იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე. შესაბამისად, სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს მხარის ოჯახის წევრს მის საცხოვრებელ მისამართზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე (აპელანტი) ლ--------–-------ს საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს - ქ. თბილისი, წ---–---------- N--- ბინა N--- ხოლო, უწყება ჩაბარდა მის ძმას - გ-----------–-------, რომლის საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, წ---–---------- N--- ბინა 1-. ანუ, ძ---- ცხოვრობენ ერთ მრავალბინიან კორპუსში, სხვა და სხვა ბინებში და ერთი ოჯახის წევრები არ არიან. შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ გ-----------–------- არ იყო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი, ვინაიდან იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ წარმოადგენს ლ--------–-------ს ოჯახის წევრს და მასთან ერთ ოჯახად მცხოვრებ პირს.
აღნიშნული გარემოების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგებილი საჩივრიდან, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ სარჩელი თანდართული მასალებით გ-----------–------- ჩაბარდა ლ--------–-------ს მისამართზე, ქ. თბილისი, წ---–---------- N--- ბინა N-- (იხ. ს/ფ 77ბ).
პალატა აღნიშნავს, რომ მართალია გზავნილზე მითითებულია ლ--------–-------ს მისამართი და მის მიღებაზე ხელს აწერს ძმა - გ-----------–-------, თუმცა გზავნილში მითითებული არ არის, რომ ძმა არის ოჯახის წევრი და რომ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. სხვა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გზავნილის გ-----------–-------სთვის ლ--------–-------ს მისამართზე ჩაბარებას, საქმის მასალებში დაცული არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-----------–------- არ იყო უფლებამოსილი მიეღო ლ--------–-------სთვის გაგზავნილი კორესპონდენცია. ანუ, მხარეს არ მიუღია სასამართლოს გზავნილი საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ასეთ პირობებში დაუსწრებელი გადაწყვტილების ძალაში დატოვება დაუშვებელი იყო.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების მიღებისას დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებისა და მომზადების ეტაპიდან საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთათვის დაკისრების საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--------–-------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე მომზადების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე გელა ქირია