განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001598154
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/248-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - შ-- ,,ჰ-------“
წარმომადგენელი - დ-------–------
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს---------------------------------“
წარმომადგენელი - ლ--–------–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ-- ,,ჰ-------”-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 12 იანვარს, შ-- ,,ჰ------ს“ და სს ,,ს----------------------- უ------ს“ შორის დაიდო #9 ხელშეკრულება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზე შ-- ,,ჰ------მა“ სს ,,ს----------------------- უ------ში“ დააზღვია მის საკუთრებაში არსებული ოცდაერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტს (ხელშეკრულების საგანს) წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა ტექნიკური დავალებისა და წინამდებარე ხელშეკრულების დანართების შესაბამისად. ავტომობილების სრული დაზღვევა მოიცავდა ავტომობილის დაზიანებას ან განადგურებას (რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, მეხის დაცემით ან/და აფეთქებით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ვანდალიზმით, რაიმე საგნის დაცემით, სტიქიური უბედურებით ან უბედური შემთხვევით) .
ამავე ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ს ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 12 იანვრის #9 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ.
15-19);
- დანართი #1 (ს.ფ. 20);
- მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.2. სს ,,ს---------------------------------ს“ სატენდერო წინადადების ჩანაწერის შესაბამისად, სადაზღვევო დაცვა არ ვრცელდებოდა ავტოტრანსპორტის ან მისი ცალკეული ნაწილების, ძრავის და მისი დეტალების, სავალი ნაწილების, გადაცემათა კოლოფის, აკუმულატორის ან სხვა ელექტრომოწყობილობის დაზიანება მოკლე ჩართვის შედეგად (გარდა ხანძრისა, თუ მოკლე ჩართვა არ არის გამოწვეული ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სატენდერო წინადადება (ს.ფ. 22-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.3. 2016 წლის 08 აგვისტოს ცეცხლი გაუჩნდა შ-- ,,ჰ-------ს“ კუთვნილ სს
,,ს------------------------ უ------ში“ დაზღვეულ ავტომობილს (K-------, სახ. ნომერი V-------) მოძრაობის პროცესში გაუჩნდა ხანძარი და მთლიანად განადგურდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო განხილვისას მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება განადგურდა სრულად და ნარჩენი ღირებულება (ჯართის ფასი) შეადგენს 100 ლარს. ხოლო ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ავტოტრანსპორტის განადგურებად ჩაითვლებოდა ზიანი, რომლის დროსაც აღდგენითი შეკეთების ღირებულება აღემატებოდა მისი ღირებულების 70%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 12 იანვრის #9 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ.
15-19);
- დანართი #1 (ს.ფ. 20);
- შ-- პ-------------------ის 17.11.2016 წლის დეფექტური აქტი ნარჩენი ღირებულების შესახებ (ს.ფ. 111);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.4. 2016 წლის 25 აგვისტოს შ-- ,,ჰ------მა“ წერილობით მიმართა სს ,,ს----------------------- უ------ს“ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც სადაზღვევო კომპანიისგან წერილობით მიიღო უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ-- ,,ჰ-------ს“ 2016 წლის 25 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 24);
- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ 1--------- წლის სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით შედგენილი დოკუმენტაცია (ს.ფ. 25-29);
- სს ,,ს---------------------------------ს“ 2016 წლის 30 აგვისტოს წერილი (ს.ფ. 30-
31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.5. შ-- ,,ჰ-------ს“ 2016 წლის 21 სექტემბრის წერილთან ერთად მოპასუხე მხარეს დამეტებით წარედგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ხანძრის გაჩენის მიზეზის მითითებით და დამატებით იქნა მოთხოვნილი მოსარჩელე მხარის მიერ დამდგარი ზიანის ანაზღაურება დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ-- ,,ჰ-------ს“ 2016 წლის 21 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 32);
- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 1--------- წლის დასკვნა (ს.ფ.33-45)
- სს ,,ს---------------------------------ს“ 2016 წლის 26 სექტემბრის წერილი (ს.ფ.46)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.6. შ-- ,,ჰ-------ს“ 2016 წლის 21 სექტემბრის წერილის პასუხად 2016 წლის 26 სექტემბრის სს ,,ს------------------------ უ-------ს“ მიერ მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე - მომხდარი ფაქტის დროს გარე ფაქტორების ზემოქმედების არ არსებობის და არსებული შემთხვევის მხოლოდ ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობის გამო დადგომის გამო, რაც მოპასუხე მხარის მიხედულებით ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შ-- ,,ჰ-------ს“ 2016 წლის 21 სექტემბრის წერილი (ს.ფ. 32);
- სს ,,ს---------------------------------ს“ 2016 წლის 26 სექტემბრის წერილი (ს.ფ.46)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.7. შ-- ,,ჰ-------ს“ სადაზღვევო შემთხვევის მიზეზის დადგენისათვის ჩატარებული საექსპერტო კვლევისათვის გაღებული ხარჯის ოდენობა შეადგენს 330 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი #3005599416 (ს.ფ.50);
- ხელშეკრულება #2----------142 (ს.ფ.47-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.8. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვისა და გამოკვლევის, მხარეთა ახსნა -განმარტებების მოსმენის და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნია, რომ შ-- ,,ჰ-------ს“ კუთვნილი, სს ,,ს----------------------- უ------ში“ დაზღვეული ავტომობილის განადგურება განაპირობა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურმა გაუმართაობამ.
სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა- განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლომ მოცემული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას იხელმძღვანელა საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით; კერძოდ, სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 1--------- წლის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, ჩატარებული გამოკვლევების შედეგების ანალიზის და ავტომობილის ძრავის ნაკვეთურის შუა ნაწილში ხანძრის კერის ადგილმდებარეობის გათვალისწინების საფუძველზე დადგინდა, რომ ,,K------“-ს მარკის სახ. #V-- 2-- ავტომობილში, ხანძრის წარმოქმნის ტექნიკური მიზეზია საწვავის მიწოდების სისტემიდან დაღვრილი საწვავი სითხის, ძრავის გახურებულ ელემენტებთან მისი კონტაქტის შედეგად წარმოქმნილი ანაორთქლის ჰაერნარევი მასის აალება ელექტრო-ტექნიკური წარმოშობის ნაპერწკლებით ან გამონაბოლქვი აირის გახურებული კოლექტორის თერმული ზემოქმედებით.
სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართავობის გამო (მოძრაობის პროცესში) ხანძრის გაჩენას. აღნიშნული დასკვნის შესაბამისად, ხანძრის გაჩენა ავტომობილში ცეცხლის განზრახ წაკიდებით და ელექტროტექნიკური მიზეზების გამო გამორიცხულია. აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია მოკლედ ჩართვას და რაიმე სახის გარეგან ზემოქმედებას, ცეცხლის გაჩენა ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის მიწოდების სისტემაში არსებული ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით მოხდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 1--------- წლის დასკვნა (ს.ფ. 34-45)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2015 წლის 12 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები უნდა შეთანხმდნენ დაზღვევის ინტერესსა და საგნის შესახებ, ზუსტად უნდა განისაზღვროს სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო საზღაურის გამონგარიშების წესი, სადაზღვევო შენატანის (პრემიის) გადახდის წესი და პირებები. აღნიშნულ პირობებზე შეთანმხების გარეშე დაზღვევის ხელშეკრულება არ დაიდება.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,ხელშეკრულების პირობები’’ იყოფა: 1) პირობებად, რომლებიც წინასწარ არის ჩამოყალიბებული, გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის და რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. აღნიშნულ პირობებს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ეწოდება და 2) პირობებად, რომლებიც მხარეთა მიერ დეტალურად არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1 მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლომ განმარტა, რომ დაზღვევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიად განიხილება, რამდენადაც ის შესაძლო ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. თავის მხრივ, 799-ემუხლი პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების განხილვა მოთხოვნის უფლების შემცველი ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებით უნდა დაიწყოს. კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უმთავრესი წინაპირობებია დამზღვევის მიმართ დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის. სადაზღვევო დავებში ანაზღაურების მოთხოვნის წინაპირობების დადგენისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა. ზოგადი პრინციპის თანახმად, მხედველობაში მიიღება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი (Causa proxima) და მიზეზთა მიზეზების დაუსრულებელი ძიება უმართებულოდ მიიჩნევა.
799.1-ე მუხლი ასევე მიუთითებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესახებ. ასეთი მოწესრიგებით კანონმდებელი მხარეებს უფლებას ანიჭებს, თავისუფლად განსაზღვრონ დაზღვევის ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმარტებისას, უმნიშვნელოვანესია სადაზღვევო დაფარვისა და გამონაკლისი პირობების გათვალისწინება. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და დამდგარ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.
წარმოდგენილ შემთხვევაში მხართა შორის დავის საგანს წარმოდგენს ხელშეკრულების და მისი შემადგენელი სატენდერო პირობის ტექსტში არსებული სამართლებრივი დანაწესის განმარტება. კერძოდ 2016 წლის 8 აგვისტოს მომხდარი შემთხვევა წარმოდგენს თუ არა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაზღვეულ რისკს ან/და წარმოდგენს საგამონაკლისო შემთხვევას.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის განსხვავებული სახით ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მხარეთა შორის არსებული შეთანხმების განმარტება. მოსარჩელე მხარის მითითებით ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად, ხანძრის შედეგად მანქანის დაზიანება უნდა იქნეს ანაზღაურებული და ვინაიდან აღნიშნული შემთხვევა არ ჯდება საგამონაკლისო დანაწესში, სწორედ 4.1 პუნქტის თანახმად განადგურებული ავტომანქანის ღირებულება უნდა ანაზღაურდეს სრულად. სასამართლო წარმოდგენილ შემთხვევაში უნდა დაადგინოს გონივრული განსჯის პირობებში მხარეთა არსებული შეთანხმება, მათ მიერ გამოვლენილი ნება და არა მარტო მისი პირდაპირი სიტყვითი მნიშვნელობა და ჩანაწერი ხელშეკრულებაში. ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილის
- სატენდერო პირობაში არსებული საგამონაკლისო დანაწესით დადგენილია - ,, სადაზღვევო დაცვა არ ვრცელდებოდა ავტოტრანსპორტის ან მისი ცალკეული ნაწილების, ძრავის და მისი დეტალების, სავალი ნაწილების, გადაცემათა კოლოფის, აკუმულატორის ან სხვა ელექტრომოწყობილობის დაზიანება მოკლე ჩართვის შედეგად (გარდა ხანძრისა, თუ მოკლე ჩართვა არ არის გამოწვეული ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობით). განმარტებისას მნიშვნელოვანია პირველ რიგში ყურადღება გამახვილდეს ძირითად ჩანაწერზე, რომლიც ცალსახად ადგენს რომ მოკლე ჩართვისას დაზიანებული კონკრეტული დეტალების მიმართ სადაზღვევო ანაზღაურება არ ვრცელდება; თუმცა მითითებულ დათქმას გამორიცხავს პირველი 2 სიტყვა - ,,გარდა ხანძრისა“, თუმცა აქვე არ სრულდება მითითებული საგამონაკლისო დათქმა. აღნიშნული აზრის ამგვარი სახით დასრულება შესაძლებელია ცალსახად ყოფილიყო მიჩნეული რომ მოკლე ჩართვის შედეგად გამოწვეული ხანძრის შემთხვევა ანაზღაურებას დაექვემდებარებოდა. მომდევნო დანაწესი უკვე გამორიცხავს მოკლე ჩართვის მიუხედავად გაჩენილი ხანძრის შემთხვევას რომელიც ზოგად ტექნიკურ გაუმართავობას უკავშირდება. შესაბამისად, ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში არსებული ხანძრის შემთხვევა (იგულისხმება ავტოსატრანსპორტო საშუალების ცალკეული დეტალის დაზიანების შემთხვევაში) უკვე მითითებული სრული დათქმის შედეგად საგამონაკლისო შემთხვევას განკუთვნება და ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად.
სასამართლომ ასევე განმარტა დაზღვევის ხელშეკრულების 4.1 პუნქტით დადგენილი ხანძრის შედეგების მიმართ სადაზღვევო კომპანიის ვალდებულება სრული მოცულობით აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი. ხელშეკრულების მითითებული პუნქტის თანახმად, ავტომობილების სრული დაზღვევა მოიცავს ავტომობილის დაზიანებას ან განადგურებას (რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, მეხის დაცემით ან/და აფეთქებით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ვანდალიზმით, რაიმე საგნის დაცემით, სტიქიური უბედურებით ან უბედური შემთხვევით). კონკრეტული შემთხვევაში წარმოდგენილი დათქმის, ჩამონათვალის (დაზიანება/განადგურების შემთხვევები) ლოგიკური, გონივრული ანალიზის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება გარეგანი ფაქტორებიდან გამომდინარე მოულოდნელი და წინასწარ ხელშეკრულების მხარეთათვის გაუთვლელი რისკები, რომლიც მომდინარეობს გარეშე ფაქტორებიდან და არა უშულოდ დაზღვეული საგნის ბუნებიდან, მისი შინაგანი პროცესებიდან. ყველა მითითებული შემთხვევა - მეხის დაცემა, მესამე პირთა მოქმედებები, საგნის დაცემა თუ ავტოსაგზაო შემთხვევა, წარმოადგენს სწორედ გარეგანი ფაქტორების შედეგად დაზღვეული საგნის განადგურების/დაზიანების შემთხვევებს, რაც თავისთავად სასამართლოს მიხედულებით გულისხმობს, რომ დაზღვეული ნივთის მიღმა გაჩენილი მითითებული სტიქიური მოვლენის მიზეზით დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოშობს ხელშეკრულებით მზღვეველის ვალდებულებას მოახდინოს ხელშეკრულებით ნაკისრი ზიანის ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, დამდგარი ზიანი მხარეთა შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე არ ექვემდებარება ანაზღაურებას და მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
2015 წლის 12 იანვრის დაზღვევის ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა
- ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ს ოდენობით. ვინაიდან წარმოდგენილ შემთხვევაში არ არსებობს მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.11. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოდგენს 2015 წლის 12 იანვრის დაზღვევის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე მხარის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის (გაწეული ხარჯის) ანაზღაურება. აღნიშნული პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებები და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლს (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული პირობა ხელშეკრულების შესრულების კონტროლს, ანუ მხარეთა უფლება-მოვალეობების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობის ინსპექტირების მიზნებს ემსახურება და წარმოადგენს ტექნიკური პირობების, მზღვეველის მხრიდან სათანადო სტანდარტით ხელშეკრულების ტექნიკურად შესრულების შესაძლებლობის გამოცდის, შემოწმების უფლების გამოყენების სურვილის შემთხვევაში კონკრეტული კვალიფიკაციის პირთა მონაწილეობის და მათი შრომითი ანაზღაურების საკითხს აწესრიგებს. შესაბამისად, კონკრეტული სადავო სადაზღვევო შემთხვევის ფარგლებში განხორციელებული მტკიცებულების (დასკვნის) მომზადებისათვის გადახდილი ფულადი თანხა უნდა იქნეს განხილული და გადაწყვეტილი მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის და არა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დამდგარი ზიანის კუთხით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით უდავოა, რომ შ-- ,,ჰ-------ს" კუთვნილი დაზღვეული ავტომობილი ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა. ხელშეკრულების 4.1 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ავტომობილის სრული დაზღვევა ვრცელდება მის განადგურებაზე, რომელიც შესაძლებელია მოხდეს ხანძრის გაჩენით. კონტრაქტის აღნიშნულ ჩანაწერში სხვა დათქმა არ არსებობს და ჩანაწერის გრამატიკული გარჩევითაც ირკვევა, რომ ერთმანეთისგან ,,მძიმით" არის გამოყოფილი სხვადასხვა გარემოებების ჩამონათვალი და მათ რაიმე სხვა დამატებითი პირობა არ უკავშირდება. შესაბამისად ცალსახად დასტურდება, რომ ხელშეკრულების ამ ჩანაწერით ავტომობილ სრულად დაზღვეულია თუ ის განადგურდა ხანძრით, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. შესაბამისად, მოპასუხემ კონტრაქტით აღიარა ვალდებულება და შევიდა სახელშეკრულებო ბოჭვაში მოსარჩელესთან, რომ თუ ხანძრით განადგურდებოდა ავტომობილი ის აანაზღაურებდა ზიანს სრულად. აქედან გამომდინარე, თუ საგამონაკლისო პირობები არ ეხება მოცემულ ვითარებას ვალდებულება უნდა შესრულდეს სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
აპელანტის მითითებით სატენდერო პირობით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, დადგენილია საგამონაკლისო პირობები, რომ სადაზღვეო დაცვა არ ვრცელდება: ავტოტრანსპორტის ან მისი ცალკეული ნაწილების, ძრავის ან მისი დეტალების, სავალი ნაწილების, გადაცემათა კოლოფის, აკუმულატორის ან სხვა ელექტრომოწყობილობის დაზინება მოკლე ჩართვის შედეგად (გარდა ხანძრისა, თუ მოკლე ჩართვა არ არის გამოწვეული ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობით), აქედან გამომდინარე დაზღვეული ავტომობილის ხანძრის შედეგად განადგურება ექვემდებარება ანაზღაურებას, თუ ხანძარი არ არის გამოწვეული ავტომობილის ელექტრო მოწყობილობების გაუმართავი მუშაობით (მოკლე ჩართვა). საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნა (რაც ასევე არაა სადაო), რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ ხანძრის გაჩენა ელექტროტექნიკური მიზეზების გამო გამორიცხულია, შესაბამისად, რადგან ისეთი გარემოება არ არსებობს, რომელიც გამორიცხავს სადაზღვევო დაცვას, ავტომობილის ხანძრის შედეგად განადგურების ფაქტზე ვრცელდება ხელშეკრულების მე-4.1 მუხლის მე-2 პუნქტი. აღნიშნული პირობები, დანაწესები და შეთანხმება პირდაპირ არის ჩაწერილი ხელშეკრულებაში და ცალსახაა, რომელსაც არანაირი დამატებითი განმარტებები არ სჭირდება, შესაბამისად საქალაქო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799, 316, 317, 361-ე მუხლები და მოეხდინა მათი განმარტება და მოცემულ საქმესთან მისადაგება იმგვარად, რომ დაეკმაყოფილებინა სარჩელი სრულად ანუ დაევალდებულებინა მოპასუხე გადაეხადა მოთხოვნილი თანხა და არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი რადგან ნების განმარტების საკითხი საერთოდ არ იდგა.
აპელანტის განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებით აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. მოცემულ შემთხვევაში კი ხელშეკრულების ტექსტში დებულებებს შორის არანაირი წინააღმდეგობა და შეუსაბამობა არაა, პირიქით ცალსახადაა დაწერილი ყველაფერი. წინააღმდეგობა და შეუსაბამობა მხარეებს შორისაა და ამიტომაც მიმართა მოსარჩელემ სასამართლოს ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებოდა შესაბამისი თანხის გადახდევინება მოპასუხეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1 აპელანტის მიერ სადავოდ არ გამხდარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავო გარემოებების სახით დადგენილი და გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1 – 3.1.7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე.
4.1.2. ერთი მხრივ შ-- ,,ჰ------ს“, როგორც დამზღვევს და მეორე მხრივ სს „ს----------------------- უ------ს“, როგორც მზღვეველს შორის სადაზღვევო სამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა 2015 წლის 12 იანვრიდან 2017 წლის 05 თებერვლამდე პერიოდისათვის.
მხარეთა შორის სადავოა, 2016 წლის 08 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შესახებ ფაქტის, მხარეთა შორის შეთანხმებული სადაზღვევო პირობების შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევად შეფასების შესახებ საკითხი. კერძოდ, მხარეთა შორის სადავოა, 2016 წლის 08 აგვისტოს ხანძრის შედეგად შ-- ,,ჰ-------ს’’ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშულების განადგურება, წარმოადგენს თუ არა 1--------- წლის სადაზღვევო ხელშეკრულებით (მისი შემადგენელი სადაზღვევო პირობებით) გათვალისწინებულ სადაზღვევო რისკის განხორციელებას და შესაბამისად ეს შემთხვევა წარმოადგენს თუ არა მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის გაცემის საფუძველს.
4.1.3. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ 0--------- წელს ხანძრის გაჩენის შედეგად მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშულების განადგურება მხარეთა შორის გაფორმებული 1---------წ. ხელშეკრულების შესაბამისად უნდა შეფასდეს სადაზღვევო შემთხვევად, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიის მიერ შ-- ,,ჰ-------ს’’ სასარგებლოდ სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს 1--------- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 4.1. პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტი. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტს (ხელშეკრულების საგანს) წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა ტექნიკური დავალებებისა და ხელშეკრულების დანართების შესაბამისად. ავტომანქანების სრული დაზღვევა მოიცავდა ავტომობილის გატაცებას, ქურდობას, ძარცვას, ყაჩაღობას, ავტომობილის დაზიანებას ან განადგურებას (რაც გამოწვეული იქნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, მეხის დაცემით, ან/და აფეთქებით, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, ვანდალიზმით, რაიმე საგნის დაცემით, სტიქიური უბედურებით ან უბედური შემთხვევით).
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა სატენდერო წინადადებით განსაზღვრეს იმ გამონაკლისების ჩამონათვალი, რაზეც სადაზღვევო დაცვა არ გავრცელდებოდა. კერძოდ, მხარეთა შეთანხმებით სადაზღვევო დაცვა არ ვრცელდებოდა ავტოტრანსპორტის ან მისი ცალკეული ნაწილების, ძრავის და მისი დეტალების, სავალი ნაწილების გადაცემათა კოლოფის, აკუმულატორის ან სხვა ელექტრომოწყობილობის დაზიანებაზე, რომელიც წარმოიშვებოდა მოკლე ჩართვის შედეგად (გარდა ხანძრისა, თუ მოკლე ჩართვა არ იქნებოდა გამოწვეული ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობით).
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადაზღვევო პირობები (იხ. ტ.1. ს.ფ. 16 და ს.ფ. 23) ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეულ ხანძარს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიაზრებდა საგამონაკლისო შემთხვევად (რომელიც თავის მხრივ გამორიცხავდა მზღვეველის პასუხისმგებლობას სადაზღვევო თანხის გაცემისაგან), თუ ხანძარი გამოწვეული იქნებოდა ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობის საფუძველზე წარმოშობილი მოკლე ჩართვის შედეგად. სააპელაციო პალატა აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მითითებული შესყიდვის ობიექტის ფარგლების და სატენდერო წინადადებაში მითითებული გამონაკლისების როგორც სიტყვასიტყვითი, ასევე მათი ერთობლივი ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად. კერძოდ, ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით დაზღვევა მოიცავს ავტომობილის დაზიანებას ან განადგურებას თუ ის გამოწვეულია მათ შორის ხანძრით, სატენდერო წინადადება აზუსტებს დაზღვევის ფარგლებს და ჩამოთვლის ისეთ შემთხვევებს, რაზეც არ ვრცელდება სადაზღვევო ანაზღაურება. ესენია ავტოტრანსპორტის ცალკეული ნაწილების (ძრავი და მისი დეტალები, სავალი ნაწილების გადაცემათა კოლოფი, აკუმულატორი ან სხვა ელექტრომოწყობილობა) დაზიანება, თუ დაზიანება გამოწვეულია მოკლე ჩართვის შედეგად, აქვე ფრჩხილებში ტერმინით ,,გარდა’’ იწყება წინადადება და მითითებულია ,,გარდა ხანძრისა, თუ მოკლე ჩართვა არ იქნებოდა გამოწვეული ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობით.’’ აღნიშნული ჩანაწერის, როგორც სიტყვასიტყვითი, ასევე მისი შინაარსობრივი ახსნა-განმარტება იძლევა ცალსახა დასკვნის საფუძველს, რომ ხანძრის შედეგად ნივთის დაზიანებით მიყენებული ზიანი იმ შემთხვევაშიც კი დაექვემდებარებოდა მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებას, თუ ხანძარი გამოწვეული იქნებოდა მათ შორის მოკლე ჩართვის შედეგად, თუმცა, ხანძრით გამოწვეული ზიანი იმ შემთხვევაში არ დაექვემდებარებოდა მზღვეველის პასუხისმგებლობას თუ ის გამოწვეული იქნებოდა ისეთი მოკლე ჩართვის შედეგად, რომლის საწყისიც ტექნიკური გაუმართაობა იქნებოდა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 1--------- წლის #0-------- დასკვნის თანახმად შემთხვევის ადგილის დათვალიერებით ჩატარებული გამოკვლევების შედეგების ანალიზის და ავტომობილის ძრავის ნაკვეთურის შუა ნაწილში ხანძრის კერის ადგილმდებარეობის გათვალისწინების საფუძველზე დადგინდა, რომ ,,K------“-ს მარკის სახ. #V-- 2-- ავტომობილში ხანძრის წარმოქმნის ტექნიკური მიზეზია საწვავის მიწოდების სისტემიდან დაღვრილი საწვავის სითხის, ძრავის გახურებულ ელემენტებთან მისი კონტაქტის შედეგად წარმოქმნილი ანაორთქლის ჰაერნარევი მასის აალება ელექტრო ტექნიკური წარმოშობის ნაპერწკლებით ან გამონაბოლქვი აირის გახურებული კოლექტორის თერმული ზემოქმედებით. შემთხვევის ადგილის გამოკვლევით ხანძრის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით და ხანძრის ინტენსიური თერმული ზემოქმედების ლოკალური ნიშნების (კვლევის) გაანალიზების შედეგებიდან გამომდინარე ხანძრის გაჩენის კერა ანუ არაკონტროლირებადი წვის პირველადი წარმოშობის ადგილი დაფიქსირდა ავტომობილის ძრავის ნაკვეთურის შუა ნაწილში, მრფქვევანებზე საწვავის გამანაწილებელი მოწყობილობის შემაერთებელი შტუცერის განთავსების ზონაში. ხანძრის გაჩენა ავტომობილში ცეცხლის განზრახ წაკიდებით და ელექტროტექნიკური მიზეზების გამო მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია.
ამდენად, ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევა, რომელზეც მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობებით არ ვრცელდებოდა სადაზღვევო დაცვა, არ მოიცავს სადავო შემთხვევას, რამეთუ როგორც 1--------- წლის დასკვნით დგინდება ავტომობილში ხანძრის გაჩენა საწვავის მიწოდების სისტემაში არსებული ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით მოხდა, სატენდერო წინადადების მიხედვით კი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სადაზღვევო დაცვა ხანძრით გამოწვეულ ზიანზე მხოლოდ იმ შეთხვევაში არ გავრცელდებოდა თუკი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობიდან მომდინარე მოკლე ჩართვა იქნებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო შემთხვევასთან მიმართებით მზღვეველის პასუხისმგებლობის გამოსარიცხად მზღვეველის მხრიდან სატენდერო წინადადებაში მითითებულ საგამონაკლისო შემთხვევაზე აპელირება, პალატის მოსაზრებით არადამაჯერებელია.
4.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 08 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის შედეგად შ-- ,,ჰ-------ს“ კუთვნილი სს ,,ს------------------------ უ------ში“ დაზღვეული ავტომობილი (K-------, სახ. ნომერი V-------) განადგურდა და ნარჩენი ღირებულება (ჯართის ფასი) 100 ლარს შეადგენს. 1--------- წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ავტოტრანსპორტის განადგურებად ჩაითვლება ზიანი, რომლის დროსაც აღდგენითი შეკეთების ღირებულება აღემატება მისი ღირებულების 70%-ს. დასახელებული ხელშეკრულების დანართი #2-ის მიხედვით ხანძრის შედეგად განადგურებული ავტომობილის - K-------, სახ. ნომერი V------- ნარჩენი ღირებულება შეფასებულია - 15 916 ლარად. საბოლოოდ, ხანძრის გაჩენის დროს მხარეებს შორის მოქმედი სახელშეკრულებო პირობების, ამ პირობების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების და ხანძრის შედეგად დამდგარი ზიანის მოცულობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა სადაზღვევო თანხის - 15 916 ლარის მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო თნხის სახით მოსარჩელისათვის 15 916 ლარის გადახდის საფუძველი.
4.1.5. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პრეტენზია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა შენიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რაც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის სახით, რადგანაც სადავოდ გახდომის შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი აღარ წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად ვალდებულებას, არამედ იგი წარმოადგენს იმ თანხას, რაც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
2015 წლის 12 იანვრის დაზღვევის ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეებმა განსაზღვრეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ს ოდენობით.
პალატა განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში მზღვეველს დაყოვნებული თანხის 0.2 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს მის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა, რაც სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს. ნებისმიერ ანაზღაურებაში თუ ანგარიშწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, არ შეიძლება მოვიაზროთ ყველა სახის ზიანი, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მზღვეველისთვის დაკისრებული თანხა წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთნხმების, არამედ დამდგარი ზიანის ანაზღურების სახეს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას პირგასამტეხლოს სახით 1336.86 ლარის ანაზღაურებაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, შ-- ,,ჰ-------ს’’ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შ-- ,,ჰ-------ს’’ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 527 ლარს შეადგენს (ტ..ს.ფ. 55) ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 703,31 ლარი. (ტ.1. ს.ფ.192) საქმის მასალებით დასტურდება ასევე ექსპერტიზის ჩატარებისთვის 330 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტი. (ტ.1.ს.ფ. 51) გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, შ-- ,,ჰ-------ს’’ სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი ნაწილობრივ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის - მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ს-----------------------ს 15 916 ლარის გადახდა დაეკისრა სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სს ,,ს----------------------- უ------ს“ შ-- ,,ჰ-------ს’’ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 647 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 484.84 ლარის, ხოლო სასამართლოსგარეშე გაწეულის ხარჯისთვის (ექსპერტიზის ხარჯი) 303.6 ლარის (დაკმაყოფილებული ნაწილი პროპორციულად) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ-- ,,ჰ-------ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შ-- ,,ჰ-------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადაზღვევო თანხის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად; ,,ს----------------------- უ------ს“ შ-- ,,ჰ-------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 15 916 ლარის გადახდა;
5. პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში შ-- „ჰ-------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში სს ,,ს----------------------- უ------ს“ შ-- ,,ჰ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს 647 ლარის გადახდა;
7. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში სს ,,ს----------------------- უ------ს“ შ-- ,,ჰ-------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 484.84 ლარის გადახდა;
8. სს ,,ს----------------------- უ------ს“ შ-- ,,ჰ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის ანგარიშში 330 ლარიდან 303.6 ლარის გადახდა;
9. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური