განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 060210018002175209
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№2/ბ- 470-18 18 ივლისი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი(მოსარჩელე) მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) - - ჰ-------- რ----ა თ---------- ჯ---–----ე, თ----- რ------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ს------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება, მოპასუხეთათვის იურიდიული მომსახურების თანხის, 5700 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეები არიან მეუღლეები. მხარეებს შორის გარიგება იურიდიული მომსახურეობისათვის ანაზღაურების გადახდის თაობაზე დაიდო ზეპირი ფორმით. გარიგების თანახმად, საქმის წარმოების დაწყების დღიდან, იურიდიული მომსახურებისათვის საჭირო მთელი პერიოდის განმავლობაში, მოპასუხეებს მოსარჩელესათვის უნდა გადაეხადათ ყოველთვიურად, თ---------- ჯ---–----ის ხელფასის თანხა-820 ლარი. მოპასუხე თ----- რ------ემ პირადად ივალდებულა არამარტო მისი, არამედ თ---------- ჯ---–----ის ნაწილში ვალდებულების შესრულება. მოსარჩელე 7 თვის განმავლობაში დაკავებული იყო მოპასუხეების პრობლემებიდან გამომდინარე იურიდიული მომსახურებით, რაც კეთილსინდისიერად განახორციელა კერძოდ: წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საფუძველზე, თ---------- ჯ---–----ის უფლებებს იცავდა ს------------ სსიპ N- ს-------- სკოლის დისციპლინური კომიტეტის შემდეგ სხდომებზე: 2016 წლის 28 დეკემბერს; 2017 წლის 17 იანვარს; 2017 წლის 18 იანვარს; 2017 წლის 07 მარტს; ასევე, ს------------ სსიპ N- ს-------- სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომებზე 2017 წლის 16 თებერვალს და 2017 წლის 27 თებერვალს. პარალელურ რეჟიმში, თ---------- ჯ---–----ის უფლებების დაცვის მიზნით, N 4 ს-------- სკოლის მიმართ ნაწარმოები საქმეები გადააგზავნა უშუალოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან. წარმომადგენლობის უფლებამოსილების საფუძველზე, ასევე იცავდა თ----- რ------ის უფლებას 2017 წლის 12 იანვარს და 2017 წლის 03 აპრილს ს------------ სსიპ N- ს-------- სკოლის დისციპლინური კომიტეტის N11 სხდომაზე და 2017 წლის 20 მარტს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. 2017 წლის 13 მარტს, ს------------ N- ს-------- სკოლის ადმინისტრაციის მიერ თ---------- ჯ---–----ე გათავისუფლდა სამუშაოდან, რის გამოც სსიპ N 4 ს-------- სკოლის დისციპლინური კომიტეტის და სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმები, ასევე სკოლის დირექტორის 2017 წლის 03 იანვრის N15-2, 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-15, 2017 წლის 24 იანვრის N1/კ-16, 2017 წლის 13 მარტის N1/კ-29 ბრძანებები გაასაჩივრა ს------------ რაიონულ სასამართლოში. ს------------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით, თ---------- ჯ---–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, იგი აღდგენილი იქნა სამუშაოზე. ამის შემდეგ, თ---------- ჯ---–----ემ, 2017 წლის 31 ივლისს გაუუქმა მინდობილობა იმის გამო, რომ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შეესრულებია. მოპასუხეები ვალდებული არიან, 7 თვის მანძილზე გაწეულ მომსახურებაში გადაუხადონ 5700 ლარი. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათსა და ჰ-------- რ----ას შორის არსებობდა ახლომეგობრული, თბილი დამოკიდებულება. მოსარჩელე მათთან ცხოვრობდა 6 თვის განმავლობაში. შეთანხმება ფულადი ანაზღაურების თაობაზე არ ყოფილა. რამდენჯერმე გადასცეს სხვადასხვა ოდენობის თანხა კომუნალური გადასახადების დავალიანების დასაფარავად. ს------------ რაიონულ სასამართლოში დავის დასრულების შემდეგ, მადლიერების ნიშნად გაწეული მომსახურებისათვის გადასცეს 400 ლარი. მოსარჩელე მხარეს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია მოპასუხეებთან 5700 ლარის ანაზღაურების შეთანხმების არსებობაზე, რის გამოც უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ჰ-------- რ----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის 13 დეკემბერს და 2017 წლის 06 მარტს, თ---------- ჯ---–----ესა და ჰ-------- რ----ას შორის გაფორმებული იქნა იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. 2017 წლის 06 მარტს, თ----- რ------ესა და ჰ-------- რ----ას შორის ასევე გაფორმდა იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. ჰ-------- რ----ას მიერ, შესრულებული იქნა დავალების ხელშეკრულებით გათალისწინებული მომსახურება. 2.2. 2017 წლის 09 ოქტომბერს, თ---------- ჯ---–----ემ, შპს მისო „------–-------- ჯო------ს“ საშუალებით, ჰ-------- რ----ას სახელზე ჩაირიცხა 400 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 427-ე, 709-710-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულებიდან, რასაც ადასტურებს დავალების შესრულების შემდეგ, ჰ-------- რ----ას სახელზე თ---------- ჯ---–----ის მიერ 400 ლარის ჩარიცხვა. 2.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4-ე, 102-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ დაადგინა, რომ მართალია, დავალების ხელშეკრულება დადებული იქნა წერილობით, თუმცა თანხის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება არსებობდა ზეპირი ფორმით. ვინაიდან, დავალების შესრულების შემდეგ, მოპასუხე თ---------- ჯ---–----ემ მოსარჩელე ჰ-------- რ----ას სასარგებლოდ ჩაირიცხა 400 ლარი, ხოლო ჰ.რ----ას, გარდა სასამართლო სხდომაზე მიცემული მისი ახსნა-განმარტებისა სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ დავალების შესრულების სანაცვლოდ შეთანხმება არსებობდა 5700 ლარზე, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე, გაზიარებული არ იქნა მოსარჩელეს მითითება 400 ლაზე მეტი ოდენობით დავალების საზღაურზე შეთანხმების არსებობაზე.
2.5. ასევე, არ იქნა გაზიარებული მოპასუხეთა მითითება მხარეთა შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულების უსასყიდლო ბუნებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტი მოპასუხეთა შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების: ზ----- კა-------ს, გ---–----- ჭა---------ის, ნ---- დვ--–-–---–ის ჩვენებებით არ დადასტურდა.
2.6. იმაზე მითითებით, რომ თ. ჯ---–----ემ, ჰ.რ----ას ანგარიშზე განახორციელა 400 ლარის ჩარიცხვა, სკ-ის 361-ე და 427-ე მუხლების საფუძველზე დადასტურებულად ჩითვალა, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება შეასრულეს, რამაც მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა გამოიწვია.
შესაბამისად, ჰ-------- რ----ა აღარ წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს მოოპასუხეებს სადავო თანხის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. ს------------ რაიონულმა სასამართლომ არ დაასაბუთა ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ეყრდნობოდა გაწეული იურიდიული მომსახურების ადექვატური და სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნის საკითხს. უდავოა ის გარემოება, რომ მისი მხრიდან სრული მოცულობით იქნა შესრულებული წარმომადგენლობითი/იურიდიული საქმიანობა ს-------- სკოლაში, განათლების სამინისტროსა და სასამართლოში 07 (შვიდ) სხვადასხვა სამართლებრივ საქმეზე, რასაც მოპასუხე მხარეც არ უარყოფს და რაზედაც სარჩელს ერთვის შესაბამისი წერილობითი მტკიცებულებები. 3.2. უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი ფორმით დადებული დავალების ხელშეკრულება, ასევე ზეპირი ფორმით შეთანხმება დავალების შესრულების სანაცვლოდ, თანხის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა სასამართლომ არასწორად დაადგინა შეთანხმებული თანხის ოდენობა ნაცვლად 5700 ლარისა- 400 ლარი. მოპასუხებმა, რომ არ გადაიხადეს გაწეული იურიდიული მომსახურების საფასური-5700 ლარი, სწორედ ეს არის დავის საგანი და არა 400 ლარის გადახდით ვალდებულების შესრულების დასასტურება, რომელი თანხაც მოსარჩელეს არ აუღია და დაიბრუნა მოპასუხემ. 3.3. სასამართლოს უნდა გაენალიზებინა, საქმეების რაოდენობა, მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების გონივრული ოდენობის დადგენას განაპირობებდა. სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორიცაა იურიდიული მომსახურების გაწევა ორი პირის მიმართ, შვიდ სხვადასხვა სამართლებრივ საქმეზე სკოლაში, განათლების სამინისტროში, ასევე სასარჩელო წარმოება სასამართლოში. ყველა იურიდიული მომსახურება მოპასუხეთა ინტერესების სასარგებლოდ არის დასრულებული. 3.4. მოსარჩელის ინტერესს, სწორედ მოპასუხეების მხრიდან ადვოკატის შრომითი ანაზღაურების შესრულება წარმოადგენს. ევროპული სასამართლო მაშინაც კი აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქველმოქმედების სახით. (2012 წლის 2 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე - „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). 3.5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2005 წლის 9 ივნისს განხილულ საქმეზე, „ფადეევა, რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) ადვოკატის მომსახურებისათვის ხარჯის დაკისრებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების 147-ე პუნქტით განმარტა; „სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. მაშასადამე, ადვოკატების ჰონორარები ანაზღაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. 3.6. სასამართლოს უნდა ემსჯელა ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების, შესრულებული შრომის სამართლიან და კანონიერ ანაზღაურებაზე, მოპასუხეების მხრიდან შრომის ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობაზე და დაესაბუთებინა გადაწყვეტილება ისე, რომ მისი სამართლიანობა და კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდაგარიყო.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 დეკემბერს, თ---------- ჯ---–----ემ სანოტარო წესით გასცა მინდობილობა (რეესტრის რეგისტრაციის ნომერი N---------), რომლითაც ჰ-------- რ----ას განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა უფლებამოსილება დაეცვა მისი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში და ადმინისტრციულ ორგანოში, ასევე მიეღო მისი კუთვნილი ნებისმიერი დოკუმენტაცია N- ს-------- სკოლაში, ს------------ რესურსცენტრში. (ს.ფ.20-21). 4.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 06 მარტს, თ---------- ჯ---–----ემ, სანოტარო წესით კვლავ გასცა მინდობილობა (რეესტრის რეგისტრაციის ნომერი N---------), რომლითაც ჰ-------- რ----ას განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა უფლებამოსილება დაეცვა მისი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში და ადმინისტრციულ ორგანოში, ასევე იყოს მისი წარმომადგენელი ს------------ საგანმანათლებლო რესურსცენტრში... ს------------ N- ს-------- სკოლაში, მის სამეურვეო საბჭოში, დისციპლინურ კომიტეტში, პედსაბჭოში და შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება ზოგადი ადმინისტრაციული დებულების შესაბამისად. (ს.ფ.22-23). 4.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 06 მარტს, თ----- რ------ემ, სანოტარო წესით გასცა მინდობილობა (რეესტრის რეგისტრაციის ნომერი N---------), რომლითაც ჰ-------- რ----ას განუსაზღვრელი ვადით მიანიჭა უფლებამოსილება დაეცვა მისი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში, ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში და ადმინისტრციულ ორგანოში, ასევე იყოს მისი წარმომადგენელი ს------------ საგანმანათლებლო რესურსცენტრში... ს------------ N- ს-------- სკოლაში, მის სამეურვეო საბჭოში, დისციპლინურ კომიტეტში, პედსაბჭოში და შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება ზოგადი ადმინისტრაციული დებულების შესაბამისად. (ს.ფ.23-24). 4.4. საქმეში განთავსებული წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2016 წლის დეკემბრიდან-2017 წლის მარტის თვემდე, თ---------- ჯ---–----ე, ჰ-------- რ----ას (წარმომადგენელი) დახმარებით აწარმოებდა დავას უშუალოდ ს------------ N- ს-------- სკოლასთან და წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობდა სკოლის სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინური კომიტეტის სხდომებში, ხოლო 2017 წლის 16 მარტს, თ.ჯ---–----ემ ს------------ რიონულ სასამართლოს მიმართა სარჩელით, ს------------ N- ს-------- სკოლის წინააღმდეგ, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის მოთხოვნით, სადაც მის წარმომადგენლობას ახორციელებდა ჰ-------- რ----ა (ს.ფ.21-100, 114-201). 4.5. დადგენილია, რომ ს------------ რაიონული სასამართლოს მიერ, 2017 წლის 04 ივლისს გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც თ---------- ჯ---–----ის სარჩელი ს------------ N- ს-------- სკოლის წინააღმდეგ, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დაკმაყოფილდა. 4.6. დადგენილია, რომ 2017 წლის 31 ივლისს, თ---------- ჯ---–----ემ, სანოტარო წესით გააუქმა მის მიერ, 2017 წლის 06 მარტს, ჰ-------- რ----ას სახელზე გაცემული მინდობილობა, რეესტრის რეგისტრაციის ნომერი N--------- (ს.ფ.202-203). 4.7. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---–----- ჭა---------ემ აჩვენა, რომ ცხოვრობს თ---------- ჯ---–----ის მეზობლად. ჰ-------- რ----ას იცნობს დაახლოებით 15 წელია. ჰ--------, ჯ---–----ის ოჯახის მეგობარია. დაახლოებით 8 თვე, ასევე მთელი ზამთარი, ცხოვრობდა ჯ---–----ის ოჯახში. სკოლაში დავის წარმოშობის დროს, ჰ--------მ თ----------ს შესთავაზა მომსახურება უსასყიდლოდ. ამ საუბარს პირადად შეესწრო. სასამართლოში დავის დასრულების შემდეგ, თ----------ს ჰქონდა ვახშამი, სადაც ყველა მეზობელი ჰ--------ს მადლობას უხდიდა უსასყიდლოდ, რომ მოემსახურა და დავა მოაგებინა. იმ ვახშამს თავადაც (გ.ჭა---------ე) ესწრებოდა. 4.8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ----- კა-------მ აჩვენა, რომ ცხოვრობს თ---------- ჯ---–----ის მეზობლად. ჰ-------- რ----ა, გარკვეული თვეების განმავლობაში ხშირად ათევდა ღამეს ჯ---–----ის ოჯახში. თავდაპირველად, ჰ-------- სხვა მეზობელთან სტუმრობდა, შემდეგ კი დაუახლოვდა ჯ---–----ის ოჯახს და გახდა მათი დამცველი სასამართლოში. მათ შორის გასამრჯელოზე საუბარი არასოდეს ყოფილა. იცოდნენ, რომ ოჯახის ახლობელი იყო. სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ, მეზობლებმა აღნიშნეს და ჰ--------ს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის, რომ უანგაროდ ემსახურა. ჰ--------მ მადლობები მიიღო. მისთვის (ზ. კა-------) თ---------- ჯ---–----ისაგან ცნობილი იყო, რომ ჰ-------- ანაზღაურების გარეშე ემსახურებოდა. გარკვეული დროის შემდეგ, თ----- რ------ემ სთხოვა 400 ლარი ესესხებინა, რათა ჰ--------სთვის პატივისცემის ნიშნად გადაეხადა. 4.9. 2018 წლის 04 ივლისს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა ჰ-------- რ----ამ განმარტა, რომ იგი არ არის ადვოკატი. თ---------- ჯ---–----ეს იცნობს 1992 წლიდან. მოპასუხეებთან ჰქონდა ახლომეგობრული ურთიერთობა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 16:48:33). მათ გააცნეს სკოლის დირექტორის საჩივარი. იმ მიზნით, რომ სურდა თ. ჯ---–----ისა და სკოლის დირექტორის შერიგება, 2016 წლის 07 დეკემბერს ტელეფონით დაუკავშირდა სკოლის დირექტორს, ხოლო 11 დეკემბერს სკოლაში მივიდა, მაგრამ დირექტორმა არ დაუშვა და მოსთხოვა მინდობილობა, რომლის საფუძველზეც დაელაპარაკებოდა. პირველი მინდობილობა 13 დეკემბერს ამ მიზნით გაფორმდა, თუმცა მინდობილობის წარდგენის შემდეგაც არ მიიღო დირექტორმა. ამის შემდეგ, მან დაუწერა თ. ჯ---–----ეს პირველადი სათანადო დოკუმენტაცია, თავად კი საახალწლოდ გაემგზავრა თბილისში. (იხ.სხდ.ოქმი 16:53:13, 16:57:32). მოპასუხეებს, იურიდიული მომსახურების ფარგლებში შეუდგინა 14 ერთეული დოკუმენტი, მათ შორის თ----- რ------ის სახელით 4 დოკუმენტი (იხ.სხდ.ოქმი, 16:42:46-16:45:39). 2017 წლის 06 მარტს, ახალი მინდობილობის შედგენა განაპირობა სკოლის დირექტორის მოთხოვნამ, დაეკონკრეტებინათ დისციპლინური კომიტეტისა და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე მონაწილეობის მიღების უფლება (იხ.სხდ.ოქმი 16:47:47-16:48:02). იურიდიული მომსახურეობის თანხაზე საუბარი შედგა 2016 წლის 09 დეკემბერს. შეთანხმება წერილობით არ გაუფორმებიათ, ვინაიდან განსაკუთრებული ურთიერთპატივისცემა იყო მათ შორის, რამაც განაპირობა ნდობა (იხ.სხდ.ოქმი (16:54:21-16:55:15, 16:56:21-16:56:28). 4.10. დადგენილია, რომ 2017 წლის 09 ოქტომბერს, თ---------- ჯ---–----ემ, შპს მისო „------–-------- ჯო------ს“ საშუალებით, ჰ-------- რ----ას სახელზე ჩაირიცხა 400 ლარი, ასევე ჰ. რ----ას გაუგზავნა წერილი, სადაც აღნიშნა, რომ უგზავიდა 400 ლარს მადლიერების ნიშნად და იმ უანგარო მეგობრული დახმარებისთვის, რაც მათ გაუწია (ს.ფ.202-203), თუმცა ჰ. რ----ამ უარი განაცხადა მის მიღებაზე, რაც უკანვე დაიბრუნა თ. ჯ---–----ემ. სამართლებრივი დასაბუთება 4.11. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დავალების ხელშეკრულებიდან (სკ-ის 709-ე მუხლი), რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს, როგორც უსასყიდლო, ისე სასყიდლიანი (სკ-ის 710-ე მუხლი), ამიტომ, თუ რწმუნებულმა მარწმუნებლის სახელით შესრულებული მოქმედებისთვის უნდა მიიღოს გარკვეული საზღაური, ამის თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში სპეციალურად უნდა იქნეს მითითებული. თუ კანონით არის გათვალისწინებული რწმუნებულის მიერ სასყიდლიანი მოქმედების განხორციელება, მაშინ, ამის თაობაზე ხელშეკრულებაში სპეციალური მითითება აღარ არის საჭირო. 4.12. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ჰ-------- რ----ა არ არის ადვოკატი, რაც გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4.1 „დ“ მუხლითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, იურიდიული მოსახურეობის გაწევა, მხოლოდ გასამრჯელოთი იყო მოსალოდნელი. ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება იურიდიული მოსახურეობის გაწევისათვის გასამრჯელოს, კერძოდ თვეში 820- ლარის გადახდის თაობაზე მოსარჩელეს ვალდებულებაა. 4.13. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით კანონმდებელი ადგენს მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს. აღნიშნული ნორმა არც ერთ მტკიცებულებას უპირატეს მნიშვნელობას არ ანიჭებს, არამედ, სასამართლოს ავალდებულებს, ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეაფასოს ისინი ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. სწორედ, ამ გზით განისაზღვრება მათი განკუთვნადობის, იურიდიული დამაჯერებლობის საკითხი და მათი ერთობლივი ანალიზით დგინდება მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობა (ფაქტები). მოსარჩელემ, მის მიერ მითითებული ფაქტის (საფასურის გადახდის თაობაზე შეთანხმების არსებობა) დამტკიცების მიზნით წარმოადგინა, მხოლოდ თავისი ახსნა-განმარტება. მოპასუხემ, საწინააღმდეგოს დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე აჩვენეს, რომ თ---------- ჯ---–----ის მიმართ იურიდიულ მომსახურეობას ჰ-------- უსასყიდლოდ ახდენდა. ასეთ ვითარებაში პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე, მხოლოდ მოსარჩელეს ახსნა-განმარტება, სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რაც გამორიცხავს მისი გაზიარების შესაძლებლობას. ვინაიდან, ჰ.რ----ას ახლომეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხე მხარესთან, ხანგრძლივი დროით -რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა მათ ოჯახში, ამასთან მოპასუხეთა მიერ გაცემული მინდობილობები არ შეიცავს ჩანაწერს იურიდიული მომსახურეობისათვის გასამრჯელოს გადახდის თაობაზე, სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დავალება უსასყიდლო იყო. 4.14. სამოქალაქო კოდექსის 361.1-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თ---------- ჯ---–----ემ, ჰ-------- რ----ას 2017 წლის ოქტომბერში ჩაურიცხა 400 ლარი, თანხის ჩარიცხვის მიზნობრიობა განსაზღვრა კეთილმეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე მადლიერებად, თუმცა ჰ. რ----ამ არ მიიღო, რაც უკანვე დაიბრუნა თ---------- ჯ---–----ემ. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ 400 ლარის გადახდით შესრულება (იურიდიული მოსახურეობისათვის გასამრჯელოს გადახდა) არ მომხდარა, რაც გამორიცხავს ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ 400 ლარის გადახდა ადასტურებდა მხარეთა შორის დავალების სასყიდლიან ბუნებას და ვალდებულების შესრულებას-გაზიარებული ვერ იქნება 4.15. ასევე ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ 2017 წლის 31 ივლისს მინდობილობის გაუქმება ემსახურებოდა გასამრჯელოს გადახდისათვის თავის არიდებას. პალატა განმარტავს, რომ თუკი დადასტურდებოდა შეთანხმება გასამრჯელოს თაობაზე, მინდობილობის გაუქმების მიუხედავად, ამ დავალების შესრულების სანაცვლოდ თანხის ანაზღაურების ვალდებულება მაინც იარსებებდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჰ. რ----ა არ წარმოადგენს რა ადვოკატს, პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის დასრულების შემდეგ, მინდობილობის ძალაში დატოვების შემთხვევაშიც კი ვეღარ განახორციელებდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, რაც გამორიცხავს მისი მითითების გაზიარებას, რომ გარიგების თანახმად, საქმის წარმოების დაწყების დღიდან, დავის დასრულებამდე, მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა გაეწია იურიდიული მომსახურება, ხოლო მოპასუხეებს მისთვის უნდა გადაეხადათ ყოველთვიურად გასამრჯელო- თ---------- ჯ---–----ის ხელფასის თანხა-820 ლარი. 4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა ჰ-------- რ----ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ჰ-------- რ----ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ს------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ჰ-------- რ----ას მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-229 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჰ-------- რ----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ს------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე