განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.08.2018
საქმის ნომერი
210210016001400750
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
20.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210210016001400750

საქმე №2ბ/2760-17

განჩინება

საქართველოს სახელით

11 იანვარი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ხათუნა არევაძე

სხდომის მდივანი - ნინო სოლომნიშვილი

1. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ლ------------–-

წარმომადგენელი - დ-----------------–-

 

2. აპელანტები (მოწინააღმდეგე მხარე) - ფ-------------------–-, გ------------------–-

წარმომადგენელი - შ---------------------–-

 

დავის საგანი - მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

 

(I) აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

(II) აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ლ------------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ------------–- ცნობილ იქნა ნ---------------------- მემკვიდრედ და მესაკუთრედ უძრავი ქონების, მდებარე ქ. ს--------------------------------, მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი 5-----------, წილის ½ ნაწილზე. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეების - გ------- და ფ-------------------–----------, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2----–-–---------------- გარდაიცვალა ნ---------------------, რომელსაც თანასაკუთრებაში (გ------------------–---- ერთად) გააჩნდა, ს---------------------------------–- მდებარე, უძრავი ქონების ½ წილი.

 

2.2. მოსარჩელე ლ------------–- (ქორწინებამდელი გვარი ლ--------–-–---–-) არის ნ---------------------- შვილი (პირველი რიგის მემკვიდრე), ხოლო მოპასუხეები არიან ნ---------------------- პირველი რიგის მემკვიდრის ტ------–-----–-–---–-- (გარდაცვლილი) შვილები.

 

სადავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემობები

 

2.3. მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენენებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ცხოვრობდა მოსარჩელესთან. მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის იყო დაძაბული მდგომარეობა და მოპასუხეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა მამკვიდრებელთან ურთიერთობისა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. მოსარჩელემ უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2----–-–---------------- გარდაიცვალა ნ---------------------, რომელსაც თანასაკუთრებაში (გ------------------–---- ერთად) გააჩნდა, ს---------------------------------–- მდებარე უძრავი ქონების ½ წილი. მოსარჩელე არის ნ---------------------- შვილი (პირველი რიგის მემკვიდრე), რომელიც ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ.

 

მოსარჩელე არის ნ---------------------- პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე (შვილი). 2----–-–---------------- გარდაიცვალა ნ--------------------- და გაიხსნა სამკვიდრო. იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. არ შეიძლება სამკვიდროს მიღება რაიმე პირობების წამოყენებით. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების არსებობა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება-მემკვიდრეობის მიღება. მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს - მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების შემთხვევაში, ცალსახად უნდა იკვეთებოდეს პირის ნება სამკვიდროს მიღებისა, რაც გულისხმობს სამკვიდრო ქონების ფლობას და სარგებლობას, როგორც საკუთარისა.

 

სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა (სამოქალაქო კოდექსის 50-51-ე მუხლი), რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, კერძოდ მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების როგორც საკუთარის მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვით, მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

ის ფაქტი რომ ლ------------–- დაეუფლა ნ---------------------- სამკვიდრო ქონებას მისი გარდაცვალების შემდეგ, დადგინდა თვით მოპასუხის მიერ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით. კერძოდ, ნ---------------------- გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელემ თხოვა ნ---------------------- სახლის გასაღები, მართლმადიდებლური წესის შესრულების მიზნით. მათ გამოიჩინეს კეთილი ნება და მისცეს ამ წესების შესრულების უფლება. თუმცა, მოსარჩელემ არ დატოვა ბინა და ცხრა თვის შემდეგ იძულებული გახდნენ შეეცვალათ საკეტი, ხოლო სახლში არსებული ნივთები პოლიციის თანდასწრებით წაიღო მოსარჩელემ. ამ განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ცხრა თვის განმავლობაში ფლობდა სამკვიდრო ქონებას და ეს ფლობა შეწყდა მოპასუხეთა იძულებითი მოქმედების შედეგად (საკეტის შეცვლა). სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლებას არ ჭირდებოდა მოპასუხეთა კეთილი ნების გამოვლენა. უფრო მეტიც, მოპასუხეები ვალდებული იყვნენ ხელი არ შეეშალათ მოსარჩელისათვის სამკვიდრო ქონების დაუფლებაში. ის ფაქტი, რომ იძულებით ქონების ფლობის ჩამორთმევის შემდეგ მოხდა ლ------------–-ს მიერ სახლიდან ნივთების გამოტანა მეტყველებს მამკვიდრებლის ქონების დაუფლებაზე.

 

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ ლ------------–-- კანონით დადგენილ ვადაში განახორციელა ქმედება და გამოხატა ნება სამკვიდროს მიღებისა. ამდენად, არსებობს პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2.5. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხეებს გ------- და ფ------------–-–---–--- ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება, სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

მოსარჩელე ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად სარჩელში უთითებდა ორივე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე მან განმარტა რომ მოპასუხეები თავს არიდებდნენ მამკვიდრებლის რჩენას, რის გამოც უნდა ჩამოერთვათ სამკვიდროს მიღების უფლება. ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ მოპასუხეები თავს არიდებდნენ მამკვიდრებლის რჩენას, რის გამოც მათ უნდა ჩამოერთვათ სამკვიდროს მიღების უფლება. მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ მამკვიდრებელი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ცხოვრობდა მოსარჩელესთან. მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის იყო დაძაბული მდგომარეობა და მოპასუხეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა მამკვიდრებელთან ურთიერთობისა.

 

სასამართლომ რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტა: ვიდრე დავადგენდეთ ჰქონდა თუ არა ასეთი ვალდებულების დარღვევას ადგილი, უნდა დადგინდეს რას გულისხმობს მოსარჩელე რჩენის ვალდებულებაში, როდის და რის საფუძველზე წარმოიშვა ეს ვალდებულება, როგორია ამ ვალდებულების ფარგლები. მორალური (ზნეობრივი) ვალდებულება ვიზრუნოთ ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე არ შეიძლება გავაიგივოთ რჩენის ვალდებულების სამართლებრივ გაგებასთან. თუ არ ვიცით რის საფუძველზე წარმოიშვა ეს ვალდებულება და როგორია მისი ფარგლები, ვერ დავადგენთ რა იგულისხმება ამ ვალდებულებებში და ვერ განვსაზღვრავთ კონკრეტულად რა მოქმედებები უნდა განეხორციელებინა მემკვიდრეს მამკვიდრებლის რჩენისათვის, როდის ჩაითვლება ვალდებულება შესრულებულად და როდის ექნება ადგილი ამ ვალდებულების დარღვევას.

 

2.6. 2----–-–---------------- გარდაიცვალა ნ---------------------, რომელსაც თანასაკუთრებაში (გ------------------–---- ერთად) გააჩნდა, ს---------------------------------–- მდებარე, უძრავი ქონების ½ წილი. ნ---------------------- პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მოსარჩელე და მოპასუხეები, როგორც გარდაცვლილი შვილიშვილები. სადავოდ არ გამხდარა მოპასუხეების მხრიდან მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტი. ამ დავის ფარგლებში კი, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ლ------------–-ს მიერ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტი. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ს---------------------------------–- მდებარე უძრავი ქონების ½ წილი თანაბრად უნდა გაიყოს ორივე კანონისმიერ მემკვიდრეზე და ლ------------–- ცნობილ უნდა იქნეს მემკვიდრედ და მესაკუთრედ ნ---------------------- საკუთრებაში აღრიცხული ქონების წილის ერთ ½ ნაწილზე, ე.ი წილის ნახევარზე.

 

3. (I) სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

შვილიშვილმა, რომელსაც აქვს მატერიალური შესაძლებლობა, უნდა არჩინოს შრომისუუნარო პაპა და ბებია. კანონისმიერი მემკვიდრეები ვერ იქნებიან ისეთი პირები, რომლებიც თავს არიდებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას ერჩინათ მამკვიდრებელი, შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება.

 

(II) სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 1424-ე მუხლი. ნ---------------------- გარდაცვალების შემდგომ ლ------------–-ს ქმედებები მიმართული არ იყო სამკვიდროს მიღებისაკენ. ლ------------–-- სადავო ბინის გასაღები ითხოვა იმ მიზნით, რომ ქრისტიანული წესის მიხედვით მიცვალებულისთვის პატივი მიეგო. სადავო ბინიდან თავისი ნივთები გამოიტანა და არა მამკვიდრებლის. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის დავალიანებას დღემდე იხდიან აპელანტები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების წესს ადგენს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

თავისი სამართლებრივი ბუნებით, სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი საშუალებით: მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. პირველ შემთხვევაში, სამკვიდროს მიღება შეიძლება გამოიხატოს მემკვიდრის ერთადერთი მოქმედებით - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი, შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით; მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ბარათების დაუფლებით; სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით; სამკვიდრო ქონების გაქირავებით ან უკვე გაქირავებული ქონებიდან ქირის მიღებით და სხვა).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ სარჩელში მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ ლ------------–- დაეუფლა ნ---------------------- სამკვიდრო ქონებას. მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ნ---------------------- გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელემ სთხოვა მათ ნ---------------------- სახლის გასაღები, მართლმადიდებლური წესის შესრულების მიზნით. მათ გამოიჩინეს კეთილი ნება და მისცეს ამ წესების შესრულების უფლება. თუმცა, მოსარჩელემ არ დატოვა ბინა და ცხრა თვის შემდეგ იძულებული გახდნენ შეეცვალათ საკეტი, ხოლო სახლში არსებული ნივთები პოლიციის თანდასწრებით წაიღო მოსარჩელემ. ამ განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ცხრა თვის განმავლობაში ფლობდა სამკვიდრო ქონებას და ეს ფლობა შეწყდა მოპასუხეთა იძულებითი მოქმედების შედეგად (საკეტის შეცვლა). ამდენად, ლ------------–- მართლზომიერად იქნა ცნობილი მემკვიდრედ და მესაკუთრედ ნ---------------------- საკუთრებაში აღრიცხული ქონების წილის ½ ნაწილზე, ე.ი წილის ნახევარზე.

 

რაც შეეხება მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას, პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1311-ე მუხლის მიხედვით, შვილების კანონით მემკვიდრეებად ვერ იქნებიან მშობლები, რომლებსაც ჩამოერთმევათ მშობლის უფლება და სამკვიდროს გახსნის დღისათვის არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში. კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან აგრეთვე პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით.

 

წინამდებარე ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი კანონით მემკვიდრეებად არ მიიჩნევს პირებს, რომლებაც არასათანადოდ განახორციელეს მათზე დაკისრებული ვალდებულება ერჩინათ მამკვიდრებელი. მართალია, დასახელებული ნორმის მიზნებისათვის უნდა განისაზღვროს იყო თუ არა სარჩენი მამკვიდრებელი და რა კონკრეტული ვალდებულებები მოიაზრება მასში, თუმცა ზემოხსენებული ნორმა ერთმნიშნვნელოვნად განსაზღვრავს დასახელებული სადავო გარემოების სასამართლო წესით დადასტურებას. დადასტურება კი, უნდა განხორციელდეს მამკვიდრებლის სიცოცხლეში. ამგვარ დადასტურებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქმეში წარმოდგენილი 21.10.2010 წლის საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ჩუქების ხელშეკრულება ნ---------------------- და გ------------------–- შორის იმ დასაბუთებით, რომ დასაჩუქრებულმა გამოავლინა მატერიალური და მორალური უყურადღებობა. განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შვილიშვილები არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ რჩენაზე ვალდებულ პირებად, ვინაიდან სკ-ის 1243-ე მუხლის თანახმად, შვილიშვილი, რომელსაც საკმაო სახსრები აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო პაპა და ბებია, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, თუ მათ არ შეუძლიათ მიიღონ სარჩო თავისი შვილისაგან ან ერთმანეთისაგან. წინამდებარე შემთხვევაში, რჩენის ვალდებულებას გამორიცხავს ის ფაქტი, რომ მამკვიდრებელს შეეძლო სარჩოს მიღება შვილისაგან (მოსარჩელე).

 

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა უარი ლ------------–- ფ-------------------–-სა და გ------------------–-სათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ლ------------–-ს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო ლ------------–- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ფ-------------------–-სა და გ------------------–-ს მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ------------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ფ-------------------–-სა და გ------------------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. უცვლელად დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ხათუნა არევაძე

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი