განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2218-17 (330310016001409859)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლეები - შოთა გეწაძე
ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი - შპს ,,თ---–------------------–-----------------–--------–------–---------“
წარმომადგენელი - რ----------–------ი, ა-----–------–-–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
წარმომადგენელი - გ---------–------, მ-----------–-–---–-
მესამე პირი - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - დ------------------
მესამე პირი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ქ-------------–-–---–-
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.აპელანტის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს თ---–------------------–-----------------–--------–------–---------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარმოებებთან დაკავშირებით:
შპს ტ-----------–-----------------–-------–------–---------ზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დაცვის სამმართველოს მიერ გაიცა საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს №------ ლიცენზია, მოქმედების ვადად განისაზღვრა 1----–-–---------------დან 2----–-–--------------ამდე, ლიცენზიის სახელმწიფო რეესტრში გატარების თარიღია 2----–-–--------------ერი.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- სერია სს №------ ლიცენზია (ს.ფ. 22-23);
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2003 წლის 24 ოქტომბერს გაიცა გარემოსდაცვითი ნებართვა №----, ნებართვის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2013 წლის ოქტომბრამდე, გარემოსდაცვითი ნებართვის ერთ-ერთი პირობა იყო სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიით (სერია სს №------) განსაზღვრული პირობების შესრულება.
მტკიცებულება, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო:
- გარემოსდაცვითი ნებართვა №---- (ს.ფ. 24-25);
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.
სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია. ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
საქალაქო სასამრთლომ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს... ...ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე №ას-937-887-2015).
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 19 მაისის №---- წერილით განიმარტა, რომ სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია (№------) მოქმედი იქნებოდა თუ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იქნებოდა როგორც ლიცენზიის ერთ-ერთი სახე. ამ შემთხვევაში იგი შეინარჩუნებდა იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში (ს.ფ. 32). საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2014 წლის 20 ოქტომბრის №---------- წერილით შპს ტუ---------–-----------------–--------–-------–---------- დირექტორს ეცნობა, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით სპეციალური წყალსარგებლობის №------ ლიცენზიის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციულ ორგანოში არ მოიძიებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის მიერ წარსადგენ ყოველწლიურ ანგარიშში ვერ ჩაითვლებოდა (ს.ფ. 26).
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის გარდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესისა, რაც ზოგადად დამახასიათებელია აღიარებითი სარჩელების მიმართ, ადმინისტრაციული სამართლის ზოგადი პრინციპიდან (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი) გამომდინარე, სარჩელი უნდა ეფუძნებოდეს კანონიერ ინტერესს, ე.ი. მხარის იურიდიული ინტერესის რეალიზება კანონისმიერი უფლებით უნდა იქნეს განპირობებული და ამ უფლებას უნდა ეცილებოდეს მოპასუხე მხარე. ამდენად, იმის დასადგენად არსებობს თუ არა დღეის მდგომარეობით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიით (№------) გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა აუცილებელია შეფასდეს ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც ლიცენზიის გაცემისას და შემდეგ პერიოდში არსებობდა.
წყლის შესახებ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყლით სპეციალური ფორმით სარგებლობა წარმოებს ლიცენზიის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის 'ვ' ქვეპუნქტის თანახმად, წყალსარგებლობის სახეობების შესაბამისად ლიცენზია გაიცემა საკურორტო და სპორტული მიზნისათვის (აღნიშნული ნორმა ამოღებულ იქნა 25.03.2013. N494 კანონით).
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია ან ნებართვა ამ კანონით აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია ან ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე იმ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაცემული ლიცენზია ან ნებართვა, რომელიც ამ კანონით რეგულირდება, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე კონკრეტულ საქმიანობაზე გაცემული ლიცენზია, რომელზედაც ამ კანონის თანახმად გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.
შპს ტ-----------–-----------------–-------–------–---------ს სახელზე გაიცა საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს №------ ლიცენზია, მოქმედების ვადად განისაზღვრა 1----–-–---------------დან 2----–-–--------------ამდე, ლიცენზიის სახელმწიფო რეესტრში გატარების თარიღია 2----–-–--------------ერი. უდავოა ასევე ის გარემოება, რომ 2005 წლის 24 ივნისის №1775 - რს კანონით მიღებული ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით საკურორტო და სპორტული მიზნით წყალსარგებლობის ლიცენზიის ან ნებართვის სახე გათვალისწინებული არ ყოფილა. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ხსენეული კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ ''კანონის მოქმედების სფერო მოიცავს არამარტო სამეწარმეო საქმიანობას, ასევე ნებისმიერ ორგანიზებულ და ზოგიერთ არაორგანიზებულ საქმიანობას. აღნიშნული გათვალისწინებული იქნა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია კონკრეტული საქმიანობა, რომელიც ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე საჭიროებს რეგულირებას, არ წარმოადგენდეს სამეწარმეო საქმიანობას''.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. სასამართლომ განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრა პირს შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსარჩელეს გააჩნია კანონიერი ინტერესი მოცემულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს მიერ მოხდეს საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს №------ ლიცენზიით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება, არ გამომდინარეობს კანონისმიერი რეგულირებიდან და სცდება კანონიერი ინტერესის დადასტურების ფარგლებს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც 2000-2004 წლებში, ასევე 2012-2016 წლებშია შექმნილი და წარდგენილი ადმინისტრაციული ორგანოებისადმი ვერ ადასტურებენ აღიარებითი სარჩელის კანონისმიერ დასაბუთებულობას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ განხორციელებული მოქმედებები ვერ ექცევა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების სფეროში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ახლად ამოქმედებული ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის (გარდამავალი დებულებების ხსენებული მუხლები დღეის მდგომარეობით მოქმედია იმავე რედაქციით) სულისკვეთება იყო ის, რომ სწორედ ამ კანონით გათვალისწინებული სალიცენზიო (სანებართვო) საქმიანობას მიენიჭა კანონისმიერი ძალმოსილება უკვე გაცემული ლიცენზიის (ნებართვის) მოქმედების ვადის ფარგლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს თ---–------------------–-----------------–--------–------–---------ს სარჩელი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა, არ მოახდინა კანონის ნორმების შესაბამისობის დადგენა სასარჩელო მოთხოვნასთან.
სასამართლომ არ შეაფასა ის სამართლებრივი საფუძვლები, თუ რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობდა ლიცენზიის გაცემამდე და გაცემის შემდეგ კომპანიასა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. ის ფაქტი, რომ კომპანიას სადავო საკითხის მიმართ გააჩნია იურიდიული ინტერესი სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა.
საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის #------ ლიცენზიის იურიდულად მოქმედების საკითხი უნდა შეფასდეს იმ სამართალურთიერთობისა და არსებული საკანონმდებლო ნორმების ფარგლებში, რომელიც ეხება ლიცენზიის მოქმედების წესებსა და სპეციალური წყალსარგებლობისა ან/და წყალმოსარგებლის უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში, საკითხი უნდა გადაწყდეს ორი მოქმედი კანონის - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „წყლის შესახებ“ ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
„წყლის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში და ბ) წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების მიღება და მათი შესრულების კონტროლი.
კანონის 33-ე მუხლი განსაზღვრავს სპეციალური წყალსარგებლობის რეგულაციას. კერძოდ, 1. სპეციალური წყალსარგებლობა ხორციელდება ისეთი ნაგებობებისა და ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე და 2. სპეციალურ წყალსარგებლობას, ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება მიეკუთვნოს აგრეთვე წყლის ობიექტით სარგებლობა ნაგებობათა და ტექნიკურ მოწყობილობათა გამოუყენებლად, თუ ეს გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე.
კანონის 38-ე მუხლში საუბარია, ვინ შეიძლება იყოს წყალმოსარგებლე, ხოლო კანონის 39-ე მუხლი ადგენს წყალმოსარგებლის უფლებებს. კერძოდ, კანონის 39-ე მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, წყალმოსარგებლეს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს წყლის ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით, ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის უკანონო მოქმედების გამო, რომელსაც მოჰყვა წყლის ობიექტის გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი ზიანის ასანაზღაურებლად გ) დადგენილი წესით გაასაჩივროს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევს მის უფლებებს წყალსარგებლობაზე.
კანონი ადგენს წყალმოსარგებლის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე სპეციალური წყალსარგებლობის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს (39-ე; 41-ე; 53-ე მუხლები). იგივე კანონი ადგენს წყლის დაცვასა და გამოყენებას სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით (74-ე მუხლი). 85-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მიუთითებს სამინისტროს უფლებაზე შეწყვიტოს წყლისა და მისი ობიექტებით თვითნებური, აგრეთვე წყლის დაცვისა და გამოყენების დადგენილი წესების, ვადის, კვოტების და სხვა მოთხოვნების დარღვევით სარგებლობა.
კანონის 93-ე მუხლით განისაზღვრა ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტების ჩამონათვალი. აღნიშნული მუხლის ჰ.ე) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობას 2014 წლის 1 იანვრამდე უნდა მოემზადებინა და საქართველოს პარლამენტის მიმართ წარედგინა კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომლითაც აღდგებოდა წყალსარგებლობის სფეროში შესაბამისი უფლებააღმჭურველი აქტების აღების ვალდებულება.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის აპარატის 2016 წლის 1 ნოემბრის #-------- წერილის თანახმად, „საქართველოს პარლამენტში დღეის მდგომარეობით არ არის ინიცირებული და შესაბამისად, არ იხილება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონის პროექტი“.
სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სადავო ლიცენზია იურიდიული ძალმოსილების მქონე არ არის, ყოვლად დაუსაბუთებელია. ვერც სასამართლომ და ვერც მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს იურიდიულად მტკიცე პოზიცია, რომ ლიცენზია, როგორც უფლება აღმჭურველი აქტი, გაუქმებულია ან ასეთი გაუქმება მოხდა კომპანიის მხრიდან ლიცენზიის პირობების დარღვევით ან კომპანიის მხრიდან ლიცენზიაზე უარის თქმით, რასაც კანონი ითვალისწინებდა კიდეც. მოპასუხეებმა ვერც იმის შესახებ წარმოადგინეს ცნობა, რომ სამინისტროს მხრიდან მომზადებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონის თანახმად, მთავრობისთვის უნდა წარედგინა და რომელსაც "ლიცენზიებისა და ნებართვების" შესახებ ახალი კანონიდან ამოღებული ლიცენზიებისა და ნებართვების იმ სახეობების მიმართ, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე არსებობდა, ახალი სამართლებრივი რეგულაცია უნდა მიენიჭებინა. არ არსებობს მთავრობის ან/და მინისტრის მხრიდან გამოცემული რომელიმე სამართლებრივი აქტი, რომელიც კანონის ამოქმედების შემდეგ კანონის ამოქმედებამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობების საკითხზე დროებით რეგულაციებსა და ღონისძიებებს გაატარებდა, როდესაც ასეთი ვალდებულება მოპასუხე სამინისტროს ახალი კანონპროექტის მიღებით პირდაპირ გააჩნდა, ახალი კანონის მიღებამდე კი, დროებითი ღონისძიების გამოყენება, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენდა. ამდენად, სასამართლომ არ მოახდინა ფაქტებისა და მოვლენების, საქმესთან დაკავშირებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების კვლევა, რის გამოც მოხდა კანონის არასწორი ინტერპრეტაცია და საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მსჯელობს და მიდის დასკვნამდე, რომ "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონის გარდამავალი დებულების სულისკვეთებაა კანონისმიერი ძალმოსილება მიანიჭოს მხოლოდ ამ კანონის ფარგლებში გაცემულ ნებართვებს, თუმცა სასამართლო არც კანონის საერთო სულისკვეთებას, არც მისი გარდამავალი დებულების სწორ შეფასებასა და არც მისგან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე მსჯელობს. იმისთვის, რომ სასამართლოს სწორად შეეფასებინა სადავო გარემოებები, უნდა მოეხდინა მთავარი საკითხის კვლევა: კომპანია ითხოვდა თუ არა სადავო ლიცენზიას 2005 წლის მდგომარეობით, როდესაც სახეზე იყო ახალი კანონი და ახალი კანონის რომელი მუხლი საუბრობდა იმაზე, რომ წარსულში გაცემული ლიცენზიის კანონისმიერი ძალმოსილება აღარ მოქმედებდა.
კომპანიის მიერ კანონის ამოქმედებამდე მიღებული საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია ამჟამად მოქმედია და არც ერთ კანონს, არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, ლიცენზია არ გაუუქმებია. სასამართლომ არ იმსჯელა, რომ ეს ლიცენზია თავისი არსით წარმოადგენს უფლებააღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც კომპანიას ანიჭებს უფლებას და სარგებელს. მისი გაუქმება უნდა მოხდეს ან ადმინისტარციული აქტით ან მის გაუქმებაზე პირდაპირ უნდა არსებობდეს მითითება კანონში.
შპს „ტ-----------–-----------------–--------–------–---------მ“ 2----–-–--------------ერს მიიღო საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზია. „წყლის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპანია ინარჩუნებს სპეციალური წყალმოსარგებლის სამართლებრივ სტატუსს, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით, 2005 წლის 24 ივნისიდან, საქმიანობის ლიცენზიის სახეებს შორის, ამოღებულია წყალსარგებლობის ლიცენზია. სწორედ ამ გარემოებით დაისმის კითხვა: მოქმედია თუ არა ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული კომპანიის ლიცენზია და როგორ უნდა შეფასდეს მოპასუხე სამინისტროს ან/და მესამე პირების პოზიცია განსახილველი დავის საგანთან მიმართებით.
ფაქტი, რომ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიას, არ გამორიცხავს წარსულში ამ სახელწოდებით გაცემული ლიცენზიის ძალადაკარგულობას, როცა კანონი აღნიშნულის შესახებ ცალსახად არ საუბრობს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველია.
4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2----–-–--------------რის N------ ლიცენზია შპს ,,ტ-----------–-----------------–--------–------–----------“ მიმართ გაცემულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დაცვის მთავარი სამმართველოს მიერ. ლიცენზიით მოსარგებლეს დაუდგინდა წყალსარგებლობის პირობები. კერძოდ, შპს ,,ტურისტულ-გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა ლ---------მ“ საქმიანობა უნდა განახორციელოს: 1. ლ---------ს წყლის რესურსებით სარგებლობა (წყლის ამოღების გარეშე) საკურორტო-სარეკრეაციო-სპორტული მიზნით; 2. წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში პასუხისმგებელია ,,წყალდაცვითი ზოლის შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებაზე; 3. გარემოსდაცვით და ეკოპოლიტიკის ორგანოებთან ერთად ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ტბაზე, ასევე მის წყალდაცვით ზოლში. 4. ტბის საერთო წყალსარგებლობის ან მისი შეზღუდვის პირობების შემუშავება და შეთანხმება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ტბაზე საერთო წყალსარგებლობა აღიარებული იქნება ნებადართულად და შეუზღუდავად.
ამავე ლიცენზიით შპს ,,ლ---------ს“ დაუდგინდა შემდეგი ვალდებულება: ისარგებლოს წყლის ობიექტებით მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის და ფარგლებში; უზრუნველყოს წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შესანარჩუნებლად და აღსადგენად; არ დაუშვას სხვა წყალმოსარგებლეთა უფლებების დარღვევა და სამეურნეო თუ ბუნებრივი ობიექტებისათვის ზიანის მიყენება; თუ ასეთი შემთხვევა მაინც მოხდა, წყალმოსარგებლე ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი კანონით დადგენილი წესით; წესრიგში იქონიოს ტექნიკა და ტექნიკური მოწყობილობანი, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე, გააუმჯობესოს მათი საექსპლუატაციო ხარისხი; წარუდგინოს სამინისტროს ბუნებრივი რესურსების შესახებ ერთიანი საინფორმაციო სახელმწიფო ფონდების ნებისმიერი ინფორმაცია წყალსარგებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დაუბრკოლებლად დაუშვას სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები თავის აღჭურვილობაზე, ნაგებობებსა და მოწყობილობებზე. მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საკონტროლო ორგანოებს ან მათ წარმომადგენლებს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; განუხრელად დაიცვას საქმიანობის უსაფრთოების წესები; წყალმოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვისა და გამოყენების სხვა მოთხოვნებიც (ტ.1, ს.ფ. 22-23).
2003 წლის 25 მაისს, 2004 წლის 21 ივლისს, 2005 წლის 23 ივნისს, 2005 წლის 24 ივნისს შედგენილია ლ---------ს გათევზიანების შესახებ აქტები, რომელიც ასახავს სს ,,ლ---------ს“ დირექციის მიერ ლ---------ში თევზების გაშვებას. აქტებს ხელს აწერენ სს ,,ლ---------ს“ დირექტორი; შპს ,,ტ-----------–-----------------–--------–------–----------“ გენერალური დირექტორი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; ზოოლოგიის ინსტიტუტის ჰიდროლოგიისა და იქთიოლოგიის განყოფილების გამგე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსი. 2010 წლის 15 ოქტომბერს, ასევე, შედგენილია ლ---------ს გათევზიანების აქტი, რომელიც ადასტურებს შპს ,,ტ-----------–-----------------–--------–------–----------“ დირექციის მიერ ლ---------ში თევზების გაშვებას. აქტს ხელს აწერს შპს ,,ტ-----------–-----------------–--------–------–----------“ დირექტორი; დირექტორის მოადგილე; სპორტული თევზჭერის კონტროლის სამსახურის ჯგუფის უფროსი და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურის უფროსი სპეციალისტი (ტ.1, ს.ფ. 78-82).
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2010 წლის 27 სექტემბრის N---------- წერილით შპს ,,ტ-----------–-----------------–--------–------–----------“ დირექციას ეცნობა, რომ ლ---------ს დათევზიანებაში მონაწილეობას მიიღებდა და შესაბამის დოკუმენტაციას დაადასტურებდა სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურის უფროსი სპეციალისტი აბესალომ წულაძე (ტ.1, ს.ფ. 83).
2007 წლის 02 მაისს შპს ,,ტურისტულ-გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა ლ---------მ“ წერილობით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსს (რომელიც ადრესატს ჩაბარდა მეორე დღეს - 03.05.07-ში) და აცნობა ინფორმაცია ლ---------ს ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ტბის გათევზიანების შემდგომ თევზების მდგომარეობის შესახებ და ტბის გარშემო ტერიტორიაზე მწვანე ნარგაობის მოვლა-პატრონობის განხორციელების შესახებ. ამასთან, სამინისტროს ეცნობა, რომ კომპანიის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახური უზრუნველყოფდა ლიცენზიით (სერია სს N------. 2000წ. 27.09) გათვალისწინებული პირობების შესრულებას წყალდაცვითი ზოლის დებულების შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 318).
ლისის ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის, აღნიშნული მიზნით შპს ,,ტუ---------–-----------------–--------–-------–----------“ მიერ გაწეული სამუშაოებისა და მომავალში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმირების მიზნით კომპანიამ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ასევე, მიმართა წერილობით 1---------–-------------–-------------–------------–-------------–-------------–-------------–. (ტ.1, ს.ფ. 319-323; 325-330).
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2016 წლის 23 მაისის N---- წერილით შპს ,,ტ-----------–-----------------–--------–--- ლ---------ს“ მისივე 2016 წლის 17 თებერვლის პასუხად, N------ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ეცნობა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოსაზრებები. კერძოდ, იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მიუთითა, რომ საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის სახე ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სახის ლიცენზია ,,ლიცენზიებისა და ნებართვეების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იქნებოდა, როგორც ლიცენზიის ერთ-ერთი სახე, მაშინ იგი შეინარჩუნებდა იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში (ტ.1, ს.ფ. 114-115).
4.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს საკურორტო (წლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის №------ ლიცენზიით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება. შესაბამისად, მოცემული სამართალწარმოება დაწყებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის საფუძველზე. დავის წარმოშობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დაცვის მთავარი სამმართველოს მიერ 2----–-–--------------ერს, 24 წლის ვადით, გაცემულ N------ ლიცენზიასთან დაკავშირებით, ლიცენზიის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დააფიქსირა პოზიცია, რომ კანონმდებლობის ცვლილების გამო აპელანტი აღარ იყო უფლებამოსილი ემოქმედა ლიცენზიის ფარგლებში. ამდენად, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს დადგინდეს 2----–-–--------------ერს, 24 წლის ვადით, გაცემული N------ ლიცენზიის მოქმედების საკითხი, რამეთუ ლიცენზიის მოქმედების პირობებში ლიცენზიანტს ეკისრება ვალდებულებები, რომელიც უნდა შესრულდეს, ხოლო ლიცენზიის ძალადაკარგულად მოაზრების პირობებში ლიცენზიით, 24 წლის ვადით, მინიჭებული უფლებები რჩება არარეალიზებული.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მოპოვებული 2000 წლის 27 ნოემბრის N------ ლიცენზია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს შპს ,,ტ-----------–-----------------–--------–------–--------ის“ უფლებებსა და მოვალეობებს. იგი ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს აღმჭურველ აქტს, რამეთუ კომპანიას ანიჭებს საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით სპეციალური სარგებლობის უფლებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აღმჭურველი აქტის ძალმოსილების შეწყვეტის საფუძვლად მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის ბათილად ცნობას (601 მუხლი) ან ძალადაკარგულად გამოცხადებას (61-ე მუხლი). საგულისხმოა, რომ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2000 წლის 27 ნოემბრის N------ ლიცენზია ბათილად ან ძალადაკარგულად არ არის ცნობილი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად მოიაზრებს შემთხვევას, როდესაც ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემულ ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში (61.2.,,ა“ მუხლი). შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ეჭვქვეშ დაყენების საფუძვლების კვლევა უნდა განხორციელდეს სადავო-სამართალურთიერთობის მარეგულირებელ კანონმდებლობის მიხედვით.
დადგენილია, რომ 2000 წლის 27 ნომბრის N------ ლიცენზია შპს ,,ტ-----------–-----------------–-------–------–---------ს“ ანიჭებდა საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით სპეციალური სარგებლობის უფლებას.
პალატა მიუთითებს ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც მიღებულია 1997 წლის 17 ოქტომბერს, და აღნიშნავს, რომ მოცემული საკანონმდებლო აქტი ლიცენზიის გაცემის პერიოდში წარმოადგენდა სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ ძირითად აქტს. იგი დღეის მდგომარეობითაც მოქმედ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს. მითითებული კანონის მიზანია უზრუნველყოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში; ასევე, ფიზიკური ან იურიდიული პირების კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვა წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში (მე-4 მუხლის ,,ა“ და ,,თ“ პუნქტები). კანონი წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროს მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, მათ შორის მიუთითებს წყლის დაცვისა და გამოყენების ერთიან სახელმწიფო კონტროლზე საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში (10.,,ვ“ მუხლი). მოცემული საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულია წყალსარგებლობის სახეობები, მათ შორის გათვალისწინებულია სპეციალური წყალსარგებლობის ფორმა (31.3 მუხლი), ხოლო სპეციალური წყალსარგებლობის კანონით დადგენილ მიზნებს წარმოადგენს - სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნები (53.1.,,ბ“). ამდენად, აღნიშნული საკანონმდებლო აქტი უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს ანიჭებდა უფლება-მოვალეობას წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლის განხორციელებაზე. სწორედ აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში იქნა გაცემული აპელანტზე N------ სპეციალური ლიცენზია საკურორტო და სპორტული მიზნით. ამავე ლიცენზიით ლიცენზიანტს განესაზღვრა უფლებები და მოვალეობები. საგულისხმოა, რომ წყალსარგებლობის პირობებში ლიცენზიანტის ვალდებულებების სახით მითითებულია ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წყალმოსარგებლის ვალდებულებები, ფაქტობრივად ლიცენზიის წყალსარგებლობის პირობებში განხორციელდა კანონის ნორმის ციტირება. პალატა მიიჩნევს, რომ 2000 წლის 27 ნომბერს აპელნატზე N------ ლიცენზიის გაცემა მოხდა ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად, მითითებული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ გარემოებას მხარეები სადავოდ არ ხდიან. შესაბამისად, აქტის გამოცემის კანონიერება არ წარმოადგენს სადავო გარემოებას.
პალატა ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტის გარდამავალ დებულებას. კერძოდ, 93-ე მუხლის ,,ჰ.ე“ პუნქტით დადგინდა საქართველოს მთავრობის ვალდებულება 2014 წლის 1 იანვრამდე მოემზადებინა და საქართველოს პარლამენტისთვის წარედგინა კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომლითაც აღდგებოდა წყალსარგებლობის სფეროში შესაბამისი უფლებააღმჭურველი აქტების აღების ვალდებულება.
ამდენად, სადავო სამართაურთიერთობის მარეგულირებელმა კანონმდებლობამ 2014 წლამდე წყლითსარგებლობის სფერო დაუქვემდებარა ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონს, ხოლო 2014 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო აღნიშნულ სფეროში რეგულაციების ცვლილება. თუმცა არსებული მდგომარეობით ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საკანონმდებლო აქტი მიღებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნული სფერო კვლავ დარჩა ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში.
განსახილველი დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია აპელანტზე გაცემული ლიცენზიის თავსებადობის დადგენა 2005 წლის 24 ივნისს მიღებულ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონთან. სწორედ აღნიშნულ ნორმატიულ აქტზე მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ ლიცენზიანტს N------ ლიცენზიის ფარგლებში მოქმედების უფლებამოსილება აღარ გააჩნია.
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს (1-ლი მუხლი). ლიცენზირებადი საქმიანობის და სანებართვო ქმედების სფეროების ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს განსაზღვრავს ეს კანონი (4.1 მუხლი). დაუშვებელია სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტით ლიცენზიისა და ნებართვის შემოღება ამ კანონით გაუთვალისწინებელ საქმიანობასა და ქმედებაზე. ამავე კანონის მე-6 მუხლში ჩამოთვლილია საქმიანობის ლიცენზიის სახეები, რომელთა შორის არ არის გათვალისწინებული სამკურნალო და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით სპეციალური სარგებლობის ლიცენზია. ამდენად, ლიცენზიებისა და ნებართვების სამართლებრივ სფეროში 2005 წლის ახალი რეგულაციით არ იქნა გათვალისწინებული წყლითსარგებლობის ლიცენზიის გაცემა.
მნიშვნელოვან დაწესს მოიცავს მოცემული ნორმატიული აქტის გარდამავალი დებულება. კერძოდ, 38-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტი ადგენს, რომ თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია ან ნებართვა, ამ კანონით აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია ან ნებართვა; ამ კანონის ამოქმედებამდე იმ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაცემული ლიცენზია ან ნებართვა, რომელიც ამ კანონით რეგულირდება, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში. ასევე, 39-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტი ითვალისწინებს, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე კონკრეტულ საქმიანობაზე გაცემული ლიცენზია, რომელზედაც ამ კანონის თანახმად გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული გარდამავალი დებულებები არეგულირებს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, იმ საქმიანობის სფეროში გაცემული ლიცენზიების სამართლებრივ ბედს, რომელსაც ასევე ითვალისწინებს ეს კანონი. ლიცენზია/ნებართვა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მიღებამდე და ამგვარი ლიცენზიის/ნებართვის გაცემას ითვალისწინებს ახალი კანონიც, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამგვარი დათქმით კანონი მიუთითებს ორ კუმულატიურ პირობაზე, რომლის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე გაცემული იმ ლიცენზიების ძალაში ყოფნა, რომლებიც გატვალისწინებულია ახალი კანონმდებლობითაც. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მსგავსი დათქმა ავტომატურად არ უკარგავს იურიდიულ ძალას იმ ლიცენზიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ახალი კანონით და გამოცემულია ამ კანონის მიღებამდე.
სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვერც პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას და ვერც სააპელაციო საჩივრის განხილვისას მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს იურიდიულად მტკიცე პოზიცია, რომ სადავო ლიცენზია, როგორც უფლება აღმჭურველი აქტი, გაუქმებულია ან ასეთი გაუქმება მოხდა კომპანიის მხრიდან ლიცენზიის პირობების დარღვევით ან კომპანიის მხრიდან ლიცენზიაზე უარის თქმით, რასაც კანონი ითვალისწინებდა კიდეც.
ადმინისტრაციული სამართალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იურიდიული ძალის დაკარგვის წინაპირობად მიიჩნევს მის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას. განსახილველ შემთხვევაში არც ერთი დასახელებული წინაპირობა არ არსებობს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ გარდამავალ დებულებებში ზემოაღნიშნული დათქმის არარსებობის პირობებშიც კი ახალი კანონის მიღებამდე გაცემული ლიცენზიები კვლავაც შეინარჩუნებდნენ იურიდიულ ძალას, თუკი ისინი ბათილად ან ძალადაკარგულად არ იქნებოდა ცნობილი. შესაბამისად, გარდამავალი დებულებები არ ადგნეს ახალ სამართლებრივ რეგულაციას და დამატებით იურიდიულ ძალას არ სძენს 2005 წლამდე გაცემულ ლიცენზიებს. განსხვავებული სამართლებრივი რეგულაციის დადგენას, უკვე გაცემული ლიცენზიების მიმართ, ადგილი ექნებოდა, თუკი კანონი პირდაპირ მიუთითებდა გაცემულ ლიცენზიათა სამართლებრივი ფარგლების ცვლილებაზე. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ხსენებული კანონის გარდამავალი დებულება იურიდიულ ძალას არ აცლის უკვე გაცემულ წყლის ობიექტით სპეციალური სარგებლობის ლიცენზიას. აღნიშნული სახის მითითება კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის. სააპელაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა თუ: გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. შესაბამისად, იმ პირობებშიც კი თუ გაზიარებული იქნებოდა მოპასუხეთა პოზიცია სადავო ლიცენზიის მიმართ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის ჩანაწერის გამოყენების შესახებ, აღნიშნული ავტომატურად არ გამოიწვევდა აღმჭურველი აქტის გაუქმებას, უფლებამოსილი ადმინისტრაციოული ორგანო უფლებამოსილი იქნებოდა ძალადაკარგულად გამოეცხადებინა ლიცენზია, როგორც აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი, მხოლოდ სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებთან მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევის დასაბუთების პირობებში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო პალატა ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას რომ, 2005 წლის ახალი რეგულაციების მიღების შემდგომ, აპელანტზე გაცემული ლიცენზიის იურიდიული ძალმოსილების საკითხი ეჭვქვეშ არ დამდგარა ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2016 წლამდე. უფრო მეტიც, კომპანია სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების თანდასწრებითა და კონტროლით, ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებდა კონკრეტულ საქმიანობას; სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეთა შორის დგებოდა სამუშაოს შესრულების შესახებ აქტები; დასტურდება ლიცენზიის ფარგლებში მხარეთა შორის ხშირი კომუნიკაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარეთ შორის საკურორტო (წლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს №------ ლიცენზიით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის საკითხს;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2000 წლის 27 ნოემბრის N------ ლიცენზია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათილად ან ძალადაკარგულად არ ყოფილა ცნობილი, იგი არც ახალი კანონით იქნა გაუქმებული, შესაბამისად, ლიცენზიით თავდაპირველად დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობა არის უცვლელი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს ჰქმნის.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შპს ,,თ---–------------------–-----------------–--------–------–---------ს“ სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შპს ,,თ---–------------------–-----------------–--------–------–---------ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,თ---–------------------–-----------------–--------–------–---------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,თ---–------------------–-----------------–--------–------–---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. აღიარებულ იქნეს საკურორტო (წლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნით წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის სერია სს №------ ლიცენზიით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა;
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,თ---–------------------–-----------------–--------–------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე გიორგი გოგიაშვილი
მოსამართლე შოთა გეწაძე
ილონა თოდუა