განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010141318700065394
საქმე №1აგ/495-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 სექტემბერი, 2018წ. ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
რევაზ ნადარაია
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, გ-------------–-–---–ს (დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი N5----------) მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (გამომშრალი მარიხუანა - 9,11 გრამი) უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით;
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განაჩენით, გ-------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
გ-------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 27 აგვისტოდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრისა და 2015 წლის 5 იანვრის განაჩენებში შევიდა ცვლილება:
მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრისა და 2015 წლის 5 იანვრის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრისა და 2015 წლის 5 იანვრის განაჩენებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენებში შევიდა ცვლილება:
მსჯავრდებული გ-------------–-–---–ი გათავისუფლდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.
გ-------------–-–---–ს მოსახდელად განესაზღვრა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენი, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
2018 წლის 20 აგვისტოს მსჯავრდებულმა გ-------------–-–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის და 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული გ-------------–-–---–ს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა (რომელიც უკვე მოხდილია) და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთვა უფლებები.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის და 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილებები), მსჯავრდებული გ-------------–-–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განაჩენით) საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
ამასთან, პალატა ვერ იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის თაობაზე.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის და 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებები და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის და 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ-------------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენსა (ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განაჩენი) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გ-------------–-–---–ი გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.
გ-------------–-–---–ს აღუდგეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის განაჩენით (ხაშურის რაიონული საამართლოს 2015 წლის 5 იანვრის განაჩენით) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 5 იანვრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /გ. ჯეირანაშვილი/
/რ. ნადარაია/