განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700065732
საქმე №1აგ/500-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 სექტემბერი, 2018წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
რევაზ ნადარაია
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ა-–------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, ა-–------------–---–ს (დაბადებული: 1----–-–-----------------ს, პ/ნ 5----------) მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2018 წლის 22 აგვისტოს მსჯავრდებულმა ა-–------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ა-–------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ა-–------------–---–ი გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის - წონით 12.65 გრამი უკანონო დათესვა-მოყვანისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა (იხ. გადაწყვეტილება), პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მსჯავრდებულ ა-–------------–---–ს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა შეეცვალოს ჯარიმით 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად უნდა ჩაეთვალოს პირობითად 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ა-–------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და ცვლილება უნდა შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა-–------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ა-–------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად 4(ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, შეეცვალოს ჯარიმით 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /გ. ჯეირანაშვილი/
/რ. ნადარაია/