განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.08.2018
საქმის ნომერი
010210018001300431
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
30.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001300431

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-474-2018 14 აგვისტო, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ნ-------- ლ--------------ე

წარმომადგენელი - თ---------------ე, დ------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ----- ო-------ა

წარმომადგენელი - ა---------------ე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ----- ო-------ას სარჩელი დაკმაყოფილდა. აღკვეთილი იქნა ნ-------- ლ--------------ის და გ--–- ლ--------------ის მიერ, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით ისინი გამოსახლებულ იქნენ ქ. ქობულეთში ა----–-----–ის გ-------ი ქ. №2--–ში (საკადასტრო კოდი 2-----------) მდებარე უძრავი ქონებიდან. გამოთავისუფლებული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მ----- ო-------ას. გადაწყვეტილება მიქცეული იქნა დაუყონებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ქ. ქობულეთში ა----–-----–ის გ-------ი ქ. №2--–ში მდებარე (საკადასტრო კოდი 2-----------) უძრავი ქონება მ----- ო-------ას საკუთრებადაა რეგისტრირებული. 2.2. მოსარჩელის კუთვნილ ქონებას ფლობენ ნ-------- და გ--–- ლ--------------ეები. 2.3. მოსარჩელე, კუთვნილ ქონებაში როგორც გ--–- ლ--------------ისა და ნ-------- ლ--------------ის, ისე სხვა ნებისმიერი პირის ცხოვრების წინააღმდეგია. 2.4. ნ-------- ლ--------------ემ წარმატებით ვერ შეასრულა თავისი საპროცესო მოვალეობა და ვერ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც ის თანამესაკუთრედ იქნებოდა მითითებული. ასევე ვერ წარადგინა გადაწყვეტილება, რომლითაც გაბათილებული იქნებოდა მოსარჩელის უფლების დამდგენი გარიგება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. 2.6. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ქობულეთში ა----–-----–ის გ-------ი ქ. №2--–ში მდებარე (საკადასტრო კოდი 2-----------) უძრავი ქონება საქმის განხილვის მომენტისათვის მ----- ო-------ას საკუთრებადა იყო რეგისტრირებული. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას." 2.8. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. 2.9. სამოქალაქო სამართალწარმოებით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. კერძოდ, თუ სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება: ალიმენტის მიკუთვნებას; პირის დასახიჩრებას ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებას; მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრებას; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნებას; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვებას; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენას ან თუ გადაწყვეტილება გამოტანილია თამასუქისა და ჩეკის თაობაზე. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი). 2.10. სასამართლომ შეამოწმა დაუყონებლივ აღსასრულბლად მიქცევის საფუძველი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობდა გადაწყვეტილების დაუყონებლივ მიქცევის აუცილებლობა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ნ-------- ლ--------------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა უდავო ფაქტობრივი გარემოებად გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1 პუნქტი, ვინაიდან, მხოლოდ რეგისტრაციის არსებობა მ----- ო-------ას სახელზე არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მ----- ო-------ა მესაკუთრეა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად საჯარო რეესტრის ჩანაწერი არის პრეზუმცია და იგი მოქმედებს მანამ, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო. მოცემული დავის პირობებში საჯარო რეესტრში გარიგების საფუძველზეა განხორციელებული ჩანაწერი, რომელიც ნ-------- ლ--------------ის მხრიდან გასაჩივრდა, ხოლო სასამართლომ არ მისცა დავის წარმოების უფლება. აპელანტის მიერ აღიძრა შეგებებული სარჩელი და რომლითაც, მოითხოვდა იმ გარიგების ბათილად ცნობას, რომლითაც მ----- ო-------ა დარეგისტრირდა მესაკუთრედ, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ მისცა ამ უფლების გამოყენების საშუალება. 3.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა უდავო ფაქტობრივ გარემოებას 3.1.2 პუნქტი, თითქოს ქონებას ნეუგზარ და გ--–- ლ--------------ეები ფლობენ. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება გააჩნდა მ----- ო-------ას, ხოლო მსგავსი მტკიცებულება საქმეში არ იქნა წარმოდგენილი. ამის საპირისპიროდ გ--–- ლ--------------ეს არაერთხელ გაეგზავნა ამავე მისამართზე უწყება, თუმცა იგი ვერ ჩაბარდა, ვინაიდან, არ იმყოფებოდა და არ ფლობს ქონებას. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ნ-------- ლ--------------ის გარდა აღნიშნულ ქონებას სხვა პირებიც ფლობენ, ხოლო მათი ვინაობა სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი და ამის საპირისპიროდ ნ-------- ლ--------------ეს დაევალა ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მ----- ო-------ასათვის გადაცემა, რაც წარმოუდგენელია, რადგან ნ-------- ლ--------------ე ვერ შეძლებს ამ პირების გამოსახლებას დამოუკიდებლად. 3.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო გადაწყვეტილების 3.1.3 პუნქტი. ამ გარემოების შესახებ მოსარჩელე მხარე სარჩელში საერთოდ არც კი მიუთითებდა, არც ახსნა-განმარტების ეტაპზე გაუჟღერებია აღნიშნულის შესახებ და არც სხვა ნებისმიერი ეტაპზე. ამის საპირისპიროდ მოსარჩელისათვის ცნობილია, რომ ქონებას სხვა პირებიც ფლობენ, ხოლო სარჩელი მხოლოდ ნ-------- (და გ--–-) ლ--------------ეების წინააღმდეგ აღიძრა, როგორც სადამსჯელო ღონისძიება იმისათვის, რომ ნ-------- ლ--------------ე არ ეგუება მ----- ო-------ას თაღლითობას და ცდილობს სასამართლოს გზით დაიბრუნოს თავისი საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. 3.4. სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო გადაწყვეტილების 3.2.1, 3.2.2, 3.2.3, 3.2.4, 3.2.5, 3.2.6 და 3.2.7 პუნქტები. ამ პუნქტებში სასამართლომ მიუთითა, რომ მ----- ო-------ას მესაკუთრეობის საწინააღმდეგო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ნ-------- ლ--------------ემ, აგრეთვე ვერ დაადასტურა ნ-------- ლ--------------ემ ქონების ფლობის უფლება, მ----- ო-------ას მიერ ბათილი გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტი რაიმე მტკიცებულებით ვერ გაამყარა და შეჯიბრებითობის და მტკიცების ტვირთის გადანაწილების საფუძველზე უპირატესობა მიენიჭა მ----- ო-------ას ამონაწერს საჯარო რეესტრიდან. იმ გარემოების დადასტურება, რომ მ----- ო-------ა ბათილი გარიგების საფუძველზე წარმოადგენს მესაკუთრეს ან/და გაუქმებული შესაბამისი ჩანაწერი საჯარო რეესტრში, შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. სწორედ ამ გარემოების დადასტურების მიზნით ნ-------- ლ--------------ის მიერ აღიძრა შეგებებული სარჩელი, რომელიც უკანონოდ არ იქნა მიღებული წარმოებაში და, შესაბამისად, ჩანასახშივე სასამართლომ არ მისცა მ----- ო-------ას წინააღმდეგ არც შესაბამისი მტკიცებულების მოპოვების (სასამართლო გადაწყვეტილებით ფაქტის დადასტურების) და არც საპროცესო შეჯიბრებითობის უფლების გამოყენების საშუალება. ნ-------- ლორთქფინაძე შესაგებელთან ერთად ვერ წარმოდგენდა ვერანაირ მტკიცებულებას და საჯარო რეესტრის ამონაწერს ვერ დაუპირისპირდებოდა თუ არა სასარჩელო განაცხადით, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დაირღვა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპი, რის გამოც მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სასამართლომ აპელანტს ისე უთხრა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი, რომ მხარემ ეს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გაიგო (არ ჩაბარებია სხდომამდე შესაბამისი განჩინება), ხოლო მაშინ როცა იშუამდგომლა სხდომის გადადების და შემდგომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ (შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ საკითხის დასრულებამდე), სასამართლო უთხრა უკანონო უარი და მოუსპო ყოველგვარი შესაძლებლობა საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში დაგვეცვა საკუთარი ინტერესები. სამართლებრივი საფუძვლები 3.5. მოსარჩელეს საერთოდ არ დაუყენებია მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172 მუხლის შესაბამისად ხელშეშლის აღკვეთაზე და ის მოითხოვდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და არა ხელშეშლის აღკვეთას და აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268 მუხლთან. 3.6. გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებისა, სასამართლომ ისე იმსჯელა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, რომ საერთოდ არ ყოფილა განხილვა დაუყოვნებლივ აღსარულებლად მიქცევის საკითხზე და არც მოსარჩელე მხარეს დაუყენებია აღნიშნულ საკითხზე შუამდგომლობა, შესაბამისად მოპასუხე მხარესაც არ მიეცა საშუალება დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება და პოზიცია აღნიშნულ საკითხზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ ქ. ქობულეთში ა----–-----–ის გ-------ი ქ. №2--–ში მდებარე უძრავი ქონებიდან - საკადასტრო კოდი N2----------- – 1309 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 195,3 კვ.მ. შენობა ეკუთვნის მ----- ო-------ას. 4.2. აპელანტს სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.3.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება. 4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 4.4.1. დადგენილია, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. ეს ნიშნავს, რომ ქონება, სწორედ, მას ეკუთვნის. 4.4.2. აპელანტს ამ ჩანაწერის საწინააღმდეგო მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.4.3. მას სასამართლოსათვის ის ფაქტებიც არ მიუთითებია, რომლებიც სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრებას გამორიცხავდა. 4.4.4. მეტიც, სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც. 4.4.5. ამ საქმის განხილვაში ნ-------- ლ--------------ე ერთ-ერთი მოსარჩელე იყო და მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 4.4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს აპელანტისათვის სავალდებულო ძალა აქვს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, იგი მათ სადავოდ ვერ გახდის. 4.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინებით ნ-------- ლ--------------ის კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა. 4.5.1. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ შეგებებული სარჩელი წარმოებაში მართებულად არ მიიღო და ამ მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს. 4.5.2. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აპელანტმა შეგებებული სარჩელი 2018 წლის 23 თებერვალს აღძრა. სასამართლომ იგი წარმოებაში იმავე დღეს არ მიიღო, რის თაობაზეც აპელანტის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ, ე.ი. 2018 წლის 23 თებერვალსავე ეცნობა. ეს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის სხდომაზე მან თავადაც დაადასტურა (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი - 14:32:44-14:34:20). 4.5.3. ამის შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის თაობაზე აპელანტი იმთავითვე ინფორმირებული იყო. 4.6. პალატას, ასევე, მიაჩნია, რომ სხვა პირთა მიერ სადავო ქონების სავარაუდო ფლობა მხარეთა უფლება-მოვალეობებზე გავლენას ვერ მოახდენს. 4.6.1. ამ პირთა მიმართ გადაწყვეტილება სასამართლოს არ გამოუტანია. აპელანტი კი ვალდებულია ეს გადაწყვეტილება შეასრულოს და სადავო ქონება გაათავისუფლოს. 4.7. ქონების ფლობის ფაქტი აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია. 4.7.1. მეტიც, სააპელაციო საჩივარში იგი თავადაც აღნიშნავს, რომ: „მოსარჩელისათვის ცნობილია, რომ ქონებას სხვა პირებიც ფლობენ, ხოლო სარჩელი მხოლოდ ნ-------- (და გ--–-) ლ--------------ეების წინააღმდეგ აღიძრა“-ო. 4.7.2. პალატის აზრით, აღნიშნული განმარტება აპელანტის მიერ ქონების ფლობის ფაქტს, თავისთავად, ადასტურებს. 4.7.3. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, უძრავი ნივთის ფლობა, მხოლოდ და მხოლოდ, მის პყრობას არ გულისხმობს, ამაში ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელებაც იგულისხმება. 4.7.4. აპელანტი კი თავად აღნიშნავს, რომ იგი მ----- ო-------ას ქმედებებს არ ეგუება და ქონების საკუთრებაში დაბრუნებას ცდილობს. ეს კი ამტკიცებს, რომ მოსარჩელეს ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას, სწორედ, აპელანტი უზღუდავს. 4.7.5. აპელანტის მიერ სადავო ქონების ფლობას ადასტურებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინება და ამ განჩინებაზე აპელანტის საჩივარიც, რომელშიც მომჩივანი ქონების სხვა პირებისათვის გადაცემის შეზღუდვას ეწინააღმდეგებოდა. 4.7.6. ამგვარად, პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად დაადგინა, რომ სადავო ქონებას სწორედ აპელანტი ფლობდა. 4.8. ამის შესაბამისად, სადავო ქონებიდან აპელანტის გამოსახლების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და, ამ ნაწილში, იგი უცვლელი უნდა დარჩეს. 4.9. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სასამართლომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად შეიძლება მიაქციოს, მხოლოდ, მხარეთა თხოვნით. 4.9.1. საქმის განხილვის არც-ერთ ეტაპზე მოსარჩელეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა არც წერილობით და არც ზეპირად მოუთხოვია, სასამართლო კი არ იყო უფლებამოსილი ამგვარი გადაწყვეტილება თავისი ინიციატივით მიეღო. 4.9.2. ამის გამო, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც იგი მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

6. საპროცესო ხარჯები აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. ნ-------- ლ--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც იგი მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

3. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

4. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე