განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210117002212288
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2229-18 25 ივლისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - შპს „თ-------ე“
წარმომადგენელი - კა-------------–---–ი,მოწინააღმდეგე მხარე - ზუ--------------ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე შპს „თ-------ემ“ ახალციხის რაიონული სასამართლოში მოპასუხე ზუ--------------ძის მიმართ სარჩელი აღძრა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების გამო, მოპასუხისთვის ზიანის სახით 4 900 ლარის, სასაქონლო ექსპერტიზის საფასურის 294 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ანაზღაურება მოითხოვა;
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ზუ--------------ძეს მოსარჩელე შპს „თ-------ეს“ სასარგებლოდ - 2000 ლარის, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით გადახდილი 80 ლარისა და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გადახდილი 294 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „თ-------ემ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. შპს „თ-------ე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------) რეგისტრირებულია 1----–-–----- ივნისს, იურიდიული მისამართია საქართველო, ა-------------------------------------–--–---–-------- (ტომი I, ს.ფ. 48-49).
6. შპს „თ-------ეს“ საკუთრებაშია ა/მანქანა „ფ-------------------------------------------- (ტომი I, ს.ფ. 46-47).
7. 2017 წლის 04 აგვისტოს მოქალაქე გი------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი შპს „თ-------ეს“ საკუთრებაში არსებული ა/მანქანა „ფ----------------------------–--------------------------, და----------–--------–---–---–--------ზე, ადიგენი -ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, „ტ----------------“ -ის მარკის ავტომანქანა სახ ნომრით M-------- შეეჯახა, რომელსაც მოპასუხე ზუ--------------ძე მართავდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და საქმე შეწყდა დანაშაულის შემადგენლობის არ არსებობის გამო, მასალები კი ზუ--------------ძის მიმართ ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომების მისაღებად საპატრულო -პოლიციაში გადაიგზავნა, აღნიშნულზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგა (ტომი I, ს.ფ. 35, 37, 38-39, 40-45, 46-47).
8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N----------ის თანახმად, 2017 წლის 04 აგვისტოს, ზუ--------------ძე სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი (ტომი I, 35, 37, 38-39, 40-45).
9. 2017 წლის 04 აგვისტოს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N---------, ზუ--------------ძეს არ გაუსაჩივრებია, იგი კანონიერ ძალაშია შესული (მხარეთა ახსნა-განმარტებები).
10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 31.10.2017 წლის N---------- დასკვნის თანახმად 1998 წელს დამზადებულ, სატვირთო ფურგონ „F------------ზე“ სახელმწიფო ნომრით N------, საიდენტიფიკაციო ნომრით W----------------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ 4900 ლარს შეადგენს (ტომი I, 25-33).
11. მოპასუხე ზუ--------------ძის მიერ წარმოდგენილი 07.02.2018 წლის N2---------- ინვოისის მიხედვით, 1998 წლის მოდელის ფო----------------ის ნაწილების (მარცხენა ფრთა, წინა მაშუქები, ძრავის სახურავი, წყლის რადიატორი, წინა ბამპერი, აკუმლატორი, ეკრანი, მოხვევის მაჩვენებელი, მარცხენა კარები, საყვირი, ძრავის წინა პლასტმასის ხუფი, ძრავის შკივი) ღირებულებაა 925 ლარი (ტომი I, 109).
12. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში ავტოავარია ზუ--------------ძის ბრალით მოხდა, რისთვისაც მას შპს „თ-------ეს“ კუთვნილ ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 2000 ლარის ოდენობით მართებულად დაეკისრა.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდწილად განაპირობებს სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ არ ხდის ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს, თუმცა აცხადებს, რომ მხოლოდ მას არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები და იგი საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის აქტს არ ეთანხმება. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ ის სამართალდარღვევის აქტი, რომლის შესაბამისადაც მოწინააღმდეგე მხარე ავტოავარიის დადგომაში სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული, მხარის აპელირება მისი არაკანონიერების შესახებ სამართლებრივი საფუძველს მოკლებულია და გაზიარებული ვერ იქნება. აპელანტი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ზიანის ოდენობას, ამ შემთხვევაში სწორედ მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ზუსტი კალკულაციის წარდგენა და აღნიშნული დაზიანებების გამოწვევაში მოწინააღმდეგე მხარის ქმედებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
13. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში არსებულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 01 ნოემბრის დასკვნაზე, რომელშიც მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად 1998 წელს გამოშვებული ავტომანქანა „F-----------“ იქნა წარდგენილი. აღნიშნული ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ მის ძარასა და ძარის გადაკრულობის წინა ნაწილზე აღინიშნება ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები, რთული და საშუალო დეფორმაციის სახით. კერძოდ, დეფორმირებულია: ძრავის სახურავი, წინა მარცხენა კარი, წინა მარცხენა ფრთა, მარცხენა გვერდის შუა ნაწილი, უკანა მარცხენა ფრთის ქვედა ნაწილი, წინა მარცხენა ლანჟერონი გვერდულით, წინა პანელი და ეკრანი. დარღვეულია ძარასა და მის ფრთასხმულობას შორის არსებული ღიობების ზომები. დაზიანებულია ასევე: წინა ბამპერი, წინა საქარე მინა, წინა მარჯვენა და მარცხენა მაშუქი, წინა მარცხენა და მარჯვენა მოხვევის მაჩვენებელი, წყლის რადიატორი ჩარჩოთი, სიგნალი, ძრავის წინა პლასტმასის ხუფი, ძრავის შკივი და ა.შ. ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობისა და მათი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისთვის, მატერიალური თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის. გარდა ზემოაღნიშნულისა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ძარის თითქმის მთელს პერიმეტრზე აღინიშნება ასევე გამჭოლი კოროზიის კვლები, რაც, შესაბამისად აისახა ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის გამოთვლისას. კვლევის შედეგად ექსპერტმა, შეაფასა ავტომობილის ნარჩენი საბაზრო ღირებულება (2300 ლარი) იგი გამოაკლო ტექნიკურად გამართული ავტომობილის საბაზრო ღირებულებას და მიყენებული ზარალის ოდენობა საორიენტაციოდ 4 900 ლარით განსაზღვრა.
14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი სახეზეა, მოსარჩელის მიერ დაზარალებული ნივთის მდგომარეობის გამოსასწორებლად გაღებული ნებისმიერი ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების წინაპირობას არ ქმნის. ამგვარი კატეგორიის დავებში მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს, რომელიც მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი კი მოპასუხის ქმედებას თუ კონკრეტულად რა ოდენობის ხარჯების გაღება მოყვა მოსარჩელეს ეკისრება.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით გაანგარიშებული ზიანის ოდენობა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა. უპირველესად აღსანიშნავია, რომ დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება 1998 წელს იყო გამოშვებული, გონივრული განსჯის შედეგად უდავოდ დგინდება, რომ ავარიამდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება იდეალურ მდგომარეობაში ვერ იქნებოდა, შესაბამისად, იმისათვის, რათა მოპასუხე მხარისთვის შეუსაბამო და არაგონივრული ხარჯების დაკისრებას ადგილი არ ჰქონოდა კონკრეტულად იმ დაზიანებების აღწერა და შეფასება უნდა მომხდარიყო, რომელიც ავარიის შედეგად დადგა, ასეთ მსჯელობას კი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს. ამასთანავე, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისთვის მატერიალური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. ექსპერტი არ უთითებს იმ ფაქტს, რომ ავარიის შედეგად მიყენებული დაზიანებები იმდენად სერიოზულია, რომ მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, არამედ დასკვნა მატერიალურ მიზანშეწონილობაზე საუბრობს, რაც რეალურად ზიანის ოდენობის დადგენისთვის რელევანტურ დასკვნას არ წარმოადგენს. ასევე, იმ პირობებში, როდესაც ექსპერტიზის დასკვნაში ჩამოთვლილი დაზიანებები ამომწურავად არ არის რეგლამენტირებული (დაზიანებები მთავრდება სიტყვით და ა.შ.) გაუგებარია რა შეფასებებზე დაყრდნობით განისაზღვრა მიყენებული დაზიანებების ოდენობად 2 300 ლარი და აღნიშნული თანხა, რატომ გამოაკლდა ტექნიკურად გამართული ავტომობილის საბაზრო ღირებულებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სადავო ავტომობილის ტექნიკური გამართულობა და მისი ავტოავარიის დროს სავარაუდო ღირებულება ექსპერტის მიერ შეფასებული არ ყოფილა. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნით ზიანის ოდენობაში შევიდა ძარის პერიმეტრზე არსებული გამჭოლი კოროზიის კვლების ღირებულებაც, თუმცა დასკვნით არ დგინდება ასეთი კვლების არსებობა, რამდენად შეიძლებოდა ავტოავარიას გამოეწვია.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, ხოლო 105-ე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმები იმპერატიულად ავალდებულებს სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად სრულყოფილ და ობიექტურ გამოკვლევას და რაიმე გამონაკლისს რომელიმე მტკიცებულებისათვის უპირატესობის მინიჭების თაობაზე კანონი არ ითვალისწინებს. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას.
16. სასამართლო იზიარებს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით 2000 ლარის დაკისრების მართებულობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სარჩელი 2000 ლარის ნაწილში ცნო, რაც სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების წინაპირობას ქმნიდა.
17. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მხარემ სადავო გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საადვოკატო ხარჯის 80 ლარის დაკისრების ნაწილში. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ადვოკატისთვის გადახდილი 300 ლარის ანაზღაურება იყო მოთხოვნილი, ხოლო დავის საგანი 4900 ლარს შეადგენდა, სასამართლომ გამოიყენა კანონის მიერ დაწესებული ზღვარი და მხარეს 80 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა რაც სრულად შეესაბამება კანონს, შესაბამისად აპელანტის მოსაზრება მისი უსაფუძვლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული.
იმისთვის, რათა ექსპერტის დასკვნა იყოს სარწმუნო, აუცილებელია ექსპერტიზის ჩატარებისას გამოყენებული მეთოდები გაკეთებული დასკვნების მიმართ რელევანტური იყოს. განსახილველ შემთხვევაში, ზემოთ განვითარებული მსჯელობის შედეგად სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე დეტალურ, ამომწურავ, ზუსტ და იმპერატიულ დასკვნებს, რის გამოც პირველმა ინსტანციის სასამართლომ იგი მართებულად არ გაიზიარა.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „თ-------ეს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ალანია