განაჩენი

სისხლის სამართლის 03.09.2018
საქმის ნომერი
010141318700065505
ინსტანცია
თარიღი
03.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700065505

საქმე №1აგ/496-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 სექტემბერი, 2018წ. ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია თეთრაული

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

რევაზ ნადარაია

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ბ----------–--ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით, ბ----------–--ეს (დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ 3----------) მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ვადით.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 6(ექვსი) თვის ვადით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის მიერ „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის“ შესრულების აღრიცხვის ჟურნალის (დანართი) მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით ბ----------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 საათის ოდენობით დაასრულა 2017 წლის 19 დეკემბერს.

 

2018 წლის 17 აგვისტოს მსჯავრდებულმა ბ----------–--ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ იგი მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ბ----------–--ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ბ----------–--ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთვა უფლებები.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის და 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილებები), მსჯავრდებული ბ----------–--ე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთმეული უფლებები.

 

ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ----------–--ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის და 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებები და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის და 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ბ----------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ბ----------–--ე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

 

ბ----------–--ეს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/

 

მოსამართლეები: /გ. ჯეირანაშვილი/

 

/რ. ნადარაია/