განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210017001877357
საქმე №2ბ/6900-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი: შპს ,,მ------ი“
წარმომადგენელი - ლ------ გ-----–-–---–ი, ი-----–- გ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ--–--ი“
წარმომადგენელი - ვ------- მ--------ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,თ--–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე შპს მ------“-ს დაეკისროს მოსარჩელე სს თ--–--ის სასარგებლოდ 30.06.2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 4003.11 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. სს თ--–--ს და შპს მ------ს შორის 30.06.2015 წელს დაიდო №4--------- ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის დაემზადებინა და დაემონტაჟებინა საინფორმაციო ინვენტარი. მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა ასევე ღირებულება შეთანხმებული იყო ხელშეკრულების №1 დანართით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს
სარჩელი ს. ფ. 2-3. შესაგებელი ს. ფ. 50.
30.05.2015 წლის ხელშეკრულება №4--------- ასლი, დანართი №1-ის ასლი ს. ფ. 17-32. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
2.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ შეასრულა 20.10.2015 წლის შეკვეთილი სამუშაოები, მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში, მოპასუხემ უარი განაცხადა 21.10.2015 წლის შეკვეთის შესრულებაზე, რის გამოც 05.11.2015 წელს მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს
ელექტრონული მიმოწერის ასლი ს. ფ. 33.
05.11.2015 წლის წერილის ასლი ს. ფ. 35.
19.11.2015 წლის წერილის ასლი ს.ფ. 36. მხარეები სადაოდ არ ხდიან.
2.3. 30.06.2015 წლის ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადის, ასევე შესრულებულ სამუშაოთა ხარვეზის (მათ შორის საგარანტიო პერიოდში) გამოსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსრულებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოს საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, თუ შემსრულებელი კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადას გადააცილებს 10 (ათი) კალენდარული დღით, ან/და უარს განაცხადებს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულებაზე, დამკვეთი უფლებამოსილია ვადაგადაცილებულ დღეებზე დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან ერთად, ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დააკისროს შემსრულებელს ჯარიმა ხელშეკრულების 10%-ის ოდენობით და შეწყვიტოს ხელშეკრულება, ასევე მოითხოვოს შემსრულებლის მიერ სამუშაოთა შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე ხელშეკრულების 2.1. პუნქტით ხელშეკრულების მაქსიმალური საერთო ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს. ამავე ხელშეკრულების 9.8 წუნქტით ხელშეკრულება ძალში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 31.12.2015 წლის ჩათვლით.
2.4. მოსარჩელის მიერ 20.10.2015 წელს შეკვეთილი სამუშაო ხელშეკრულების დანართი №1-ის შესაბამისად უნდა შეესრულებინა 3 დღის ვადაში 23.10.2015 წლამდე რაც მოპასუხე მხარის მიერ არ შესრულებულა, ხელშეკრულება მოსარჩელის მხრიდან
შეწყდა 05.11.2015 წელს რის გამოც შესასრულებელი სამუშაოს ვადაგადაცილებამ შეადგინა 13 დღე, ხოლო ამ პერიოდში დარიცხულმა პირგასამტეხლომ 3.11 ლარი, ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად, ხოლო ამავე ხელშეკრულების 6.2. პუნქტის დარღვევისათვის ხელშეკრულებაზე უარის თქმისათვის გათვალისწინებულმა ერთჯერადმა პირგასამტეხლომ შესადგინა 4000 ლარი. ჯამში 4003.11 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს
30.05.2015 წლის ხელშეკრულება №4--------- ს. ფ. 17-26. ელექტრონული მიმოწერის ასლი ს. ფ. 33.
02.12.2015 წლის წერილი ს.ფ. 34. პირგასამტეხლოს გაანგარიშება ს. ფ. 37. მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადაოდ არ ხდიან.
2.5. მოპასუხე შპს მ------ი მოთხოვნის მიუხედავად არ იხდის პირგასამტეხლოს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადაოდ არ ხდიან.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. მოპასუხეს შესაგებლით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებითი შედავება არ განუხორციელებია. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადაო არ არის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზე მოპასუხე მხარეს შესაგებელში არ მიუთითებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება.
მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა მხარეთა შორის 30.06.2015 წელს დადებული შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მისი შინაარსიდან გამოდინარე წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას, მხარეები ხელშეკრულებით შეთნხმდენენ მის ყველა არასებით პირობაზე, მენარდემ შპს მ------მა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად) შეესრულებინა სამუშაოები, რომელიც შეთანხმებული იყო დანართი №1-ით.
სასამართლო განმარტავს, რომ უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულება არ შეუსრულებია. მის მიერ მოხდა ვადის გადაცილება 13 დღით, ხოლო შეკვეთის მიღების შემდგომ მან საერთოდ უარი განაცხადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, რის გამოც ხელშეკრულების 6.1 და 6.2. პუნქტების შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო საერთო ჯამში 4003.11 ლარის ოდენობით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე რომლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418.1-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმისათვის. უდაოდ დადგენილია, მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა ასევე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა ყველა პირობა სასარჩელო მოთხოვნის სრული ოდენობით დაკმაყოფილების შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, მოსამართლემ: 1. არასწორად მიიჩნია უდავოთ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები; 2. არასწორად მიიჩნია დადგენილად მოსარჩელის ფაქტობრივი გარემოებები; 3. არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გაცხადებული შუამდგომლობა მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით.
აპელანტის განმარტებით, მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ: ა. მიუთითა სამოქალქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მაგრამ აშკარად უარყო მოპასუხის შესაგებლის პოზიცია. ასევე მიუთითა სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მაგრამ ასევე არასწორად განმარტა იგი. ჩათვალა, რომ შესაგებელი მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი და მოპასუხე თითქოს არც პროცესზე ყოფილა გამოცხადებული, მაშინ, როდესაც მოპასუხის შესაგებელში დაფიქსირებული იყო პოზიცია მოსარჩელის ყველა ფაქტობრივ გარემოებასთან თუ სამართლებრივ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასევე წარდგენილი იქნა მტკიცებულება, რომელიც მოსამართლემ უკანონოდ უარყო და უგულებელყო.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე, 629-ე, 417-ე და 418.1-ე მუხლებზე, მაგრამ ასევე არასწორად განმარტა ისინი. განმარტება გაკეთდა ცალმხრივად, ისე, რომ ზიანი მისდგომოდა შპს „მ------“-ის ინტერესებს. არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: ა. არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომელზედაც აპელანტი უთითებდა, რომ სს „თ--–--ი“ არაკეთილსინდისიერი იყო შპს „მ------“-თან მიმართებაში. იგი თავად არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რაც ფაქტობრივად აზრს უკარგავდა კომპანია „მ------ს“ მასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა წერილობით მოსარჩელეს.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა ასევე სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლი, რომელიც მიუთითებს, რომ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო ყველა პირობა, მიუხედავად მისი ხელშეკრულებაში ჩართვისა, თუ ის საზიანოა მეორე მხარისათვის, არის ბათილი.
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის, რომლის საფუძველზე საქმის გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ზიანი ფაქტობრივად არ არსებობს, ხოლო ხელშეკრულების ვადა ფაქტობრივად იწურებოდა, დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა და არ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლზე. კერძოდ, სასამართლოს განვუმარტეთ, რომ კომპანია „მ------ი“ არის სამეწარმეო სუბიექტი და ორიენტირებულია მოგებაზე. თ--–--ის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, კომპანია განიცდიდა მხოლოდ ზარალს, რის გამო ფაქტობრივად ხელშეკრულების გაგრძელებამ აზრი დაკარგა. ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე შპს „მ------ის“ მხრიდან ეცნობა სს „თ--–--ს“, რაზედაც მათი პასუხი იყო შეუსაბამოდ დიდ პირგასამტეხლოს მოთხოვნით შანტაჟი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.2. უდავოა, 2015 წლის 30 ივნისს სს თ--–--სა და შპს მ------ს შორის დაიდო №4--------- ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის დაემზადებინა და დაემონტაჟებინა საინფორმაციო ინვენტარი. მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა ასევე ღირებულება შეთანხმებული იყო ხელშეკრულების №1 დანართით.
4.3. ასევე უდავოა, რომ 30.06.2015 წლის ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადის, ასევე შესრულებულ სამუშაოთა ხარვეზის (მათ შორის საგარანტიო პერიოდში) გამოსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსრულებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოს საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, თუ შემსრულებელი კონკრეტულ ეტაპზე შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადას გადააცილებს 10 (ათი) კალენდარული დღით, ან/და უარს განაცხადებს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულებაზე, დამკვეთი უფლებამოსილია ვადაგადაცილებულ დღეებზე დაკისრებულ პირგასამტეხლოსთან ერთად, ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დააკისროს შემსრულებელს ჯარიმა ხელშეკრულების 10%-ის ოდენობით და შეწყვიტოს ხელშეკრულება, ასევე მოითხოვოს შემსრულებლის მიერ სამუშაოთა შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამავე ხელშეკრულების 2.1. პუნქტით ხელშეკრულების მაქსიმალური საერთო ღირებულება შეადგენს 40 000 ლარს. ამავე ხელშეკრულების 9.8 წუნქტით ხელშეკრულება ძალში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს 31.12.2015 წლის ჩათვლით.
მოსარჩელის მიერ 20.10.2015 წელს შეკვეთილი სამუშაო ხელშეკრულების დანართი №1-ის შესაბამისად უნდა შეესრულებინა 3 დღის ვადაში 23.10.2015 წლამდე რაც მოპასუხე მხარის მიერ არ შესრულებულა, ხელშეკრულება მოსარჩელის მხრიდან შეწყდა 05.11.2015 წელს რის გამოც შესასრულებელი სამუშაოს ვადაგადაცილებამ შეადგინა 13 დღე, ხოლო ამ პერიოდში დარიცხულმა პირგასამტეხლომ 3.11 ლარი, ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად, ხოლო ამავე ხელშეკრულების 6.2. პუნქტის დარღვევისათვის ხელშეკრულებაზე უარის თქმისათვის გათვალისწინებულმა ერთჯერადმა პირგასამტეხლომ შესადგინა 4000 ლარი. ჯამში 4003.11 ლარი.
4.4. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ შეასრულა 20.10.2015 წლის შეკვეთილი სამუშაოები, მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში, მოპასუხემ უარი განაცხადა 21.10.2015 წლის შეკვეთის შესრულებაზე, რის გამოც 05.11.2015 წელს მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, დარღვევის მოცულობიდან და ხასიათიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს შემცირება პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე და შპს ,,მ------ს“ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 403.11 ლარის ოდენობით.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ შპს ,,მ------ის“ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით ,,თუ სააპელაციო სასამართლო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა არა სრულად არამედ ნაწილობრივ, კერძოდ, 10,06%-ით, რის გამოც პირველ ინსტანციაში სს ,,თ--–--ის“ მიერ გაღებული პროცესის ხარჯის 10.6% უნდა დაეკისოს შპს ,,მ------ს“, რაც შეადგენს 120,09 ლარის 10.06%-ს ანუ 12.08 ლარს.
6.2. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციას, აქ შპს ,,მ------მა“ სახელმწიფო ბაჟის სახით გაიღო 160.20 ლარი. ვინაიდან მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 89.94%-ით, სახელმწიფო ბაჟის 89.94% უნდა დაეკისროს სს ,,თ--–--ს“ შპს ,,მ------ის“ სასარგებლოდ, რაც შეადგენს 144,08 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მ------ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
1.2. სს ..თ--–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.3. შპს ,,მ------ს“ სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 30 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 403.11 ლარის გადახდა.
2. სს ,,თ--–--ს“ შპს ,,მ------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივი ანაზღაურება - 144.08 ლარის ოდენობით.
3. შპს ,,მ------ს“ სს ,,თ--–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივი ანაზღაურება - 12.08 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე