განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.08.2018
საქმის ნომერი
080310018002593470
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა საქმეები
თარიღი
30.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002593470 (3/ბ-381-18წ)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 აგვისტო 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ი-----–-----ე

წარმომადგენელი ადვოკატი მ--------–----ე

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – 1) შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო - წარმომადგენელი: ი-–------–-------ე; 2) თ---------------ე

 

დავის საგანი - შემაკავებელი ორდერის გაუქმება

 

გასაჩივრებული სასამართლო აქტი - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

1. საჩივრის ავტორი მოთხოვნა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ი-–------–-------ის მიერ 2018 წლის 1---------ოს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

2. საქმის გარემოებებსა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2018 წლის 16 აგვისტოს ი-----–-----ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და თ---------------ის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა 2018 წლის 1---------ოს №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება.

 

2018 წლის 1---------ოს №0----- შემაკავებელი ორდერის გამოცემულია ი-----–-----ის მიმართ მისი შვილის, თ---------------ის მიერ გაცხადებული შეტყობინების საფუძველზე. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაა 30 დღე. ორდერში აღნიშნულია, რომ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას. ორდერით განსაზღვრულია მსხვერპლის დაცვის ღონისძიება - მოძალადისათვის გარკვეული ქმედების აკრძალვა - მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოვების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, სატელეფონო კავშირის აკრძალვა.

 

ორდერში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 1---------ოს 12:00-13:00 სთ შუალედში თ---------------ეს დაუკავშირდა დედა, ი-----–-----ე ტელეფონის მეშვეობით და დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის გამო თ---------------ე თავს გრძნობს დამცირებულად და ძალადობის მსხვერპლად, ითხოვს, რომ მოძალადე არ დაუკავშირდეს მას ტელეფონით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი-----–-----ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ი-–------–-------ის მიერ 2018 წლის 1---------ოს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ, - არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა 2018 წლის 1---------ოს გამოსცა №0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მსხვერპლი თ---------------ე მოძალადე ი-----–-----ის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას. ი-----–-----ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მასვე აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო ურთიერთობა. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით. ასევე დაადგინა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა თ---------------ის განცხადება/შეტყობინება, რომლის თანახმად იგი დედის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას.

სასამართლომ განმარტა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩაივთვალოთ ძალადობის ,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს. ეს კი პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის ამ ფორმას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს და აზიანებს მთლიანად პიროვნებას. ფსიქოლოგიური ძალადობის დროს არ არსებობს არანაირი ფიზიკური კვალი და ძალადობის კერა ხშირად ოჯახია. ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და ისინი შეიძლება გამომდინარეობდეს მძიმე სოციალური თუ ეკონომიური მდგომარეობიდან, ემყარებოდეს რელიგიური თუ კულტურულ ტრადიციებს და ურთიერთობის დადგენილი ფორმით სტერეოტიპულად ჩამოყალიბებულ წესებს. ოჯახში ძალადობის მიზეზს ასევე, შეიძლება წარმოადგენდეს ოჯახის ერთი წევრის მხრიდან მეორის მიმართ ძალაუფლების დემონსტრირების ან კონტროლის განხორციელებას. ანუ, როცა ოჯახის ერთი წევრი ცდილობს დაამყაროს კონტროლი მსხვერპლის ქმედებაზე (არსებობაზე), მის ქცევასა და ცხოვრების წესზე და ამისთვის სხვადასხვა ხერხებს მიმართავს. რიგ შემთხვევაში ძალადობის მიზეზად შეიძლება დასახელდეს ისეთი სხვა ფაქტორები, როგორიცაა სოციალური ურთიერთობები, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ფსიქიკური და მენტალური პრობლემები. სასამართლო მიუთითებს, რომ ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გულისხმობს მსხვერპლთან მუდმივად, მიზანმიმართულად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: კრიტიკა, აგრესიული და შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ან ასეთი მიმართვა, დაშინება, ,,მსვერპლის“ აუცილებელი მოთხოვნილებების უგულებელყოფა, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი მსხვერპლის პიროვნების მიმართ, საზოგადოებისგან იზოლირება, დაცინვა, სიტყვიერი შეურაცხოფა, – ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია.

სასამართლომ განმარტა, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა. ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ხოლო ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. დადგენილია, რომ ი-----–-----ე და თ---------------ე არიან დედა-შვილი და მათ შორის ადგილი აქვს დაძაბულ ურთიერთობას (კონფლიქტს). სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ, დაინტერესებული პირის (მსხვერპლის) მიმართ ადგილი არ ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს, შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა ი-----–-----ის სარჩელი, უცვლელი დატოვა საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის მიერ 2018 წლის 1---------ოს გამოცემული შემაკავებელი ორდერი №0-----.

 

3. საჩივრის საფუძვლები

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა ი-----–-----ის წარმომადგენელმა ადვოკატმა მ--------–----ემ, რაც საქმის მასალებთან ერთად განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და "ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის ნორმებზე მითითებას. სასამართლოს მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება გულისხმობს ერთის მხრივ, სასამართლოს მიერ იმ კონკრეტულ ნორმაზე მითითებას, რომელზეც დააფუძნა თავისი გადაწყვეტილება და მეორეს მხრივ, დასაბუთებას, - თუ რატომ გამოიყენა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის გადაწყვეტისას მითითებული კანონი. მხოლოდ კანონის მითითება საკმარისი არ არის გადაწყვეტილების სისრულისთვის, მასში მითითებული უნდა იქნეს ის ფაქტებიც, რომელიც დაადგინა სასამართლომ საქმის განხილვისას და რომელიც გამოიყენა მოსარჩელის მოთხოვნის უარსაყოფად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებას დაეყრდნო სასამართლო იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 1---------ოს ნამდვილად დაუკავშირდა ი-----–-----ე თავის შვილს - თ---------------ეს და მოახდინა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, - დაემუქრა სიცოცხლის ხელყოფით, მაშინ როდესაც ე.წ მსხვერპლი სისტემატიურად მიმართავს დედას შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი რიტორიკით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ შედგა სატელეფონო საუბარი, არ ადასტურებს ძალადობრივ ქმედებას.

 

ე.წ. მსხვერპლის ახსნა-განმარტება, რომ დედამ დაურეკა 12:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე შუალედში და ესაუბრა გახდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს დააკისრა იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ დამუქრებია თავის შვილს სიცოცხლის ხელყოფით, რისი დამტკიცებაც შეუძლებელია. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველჰყოს დამაჯერებელი ფაქტების წარმოდგენა იმის დასადგენად რომ ნამდვილად განხორციელდა ზარი დედის მხრიდან და ნამდვილად ჰქონდა ორდერში მითითებულ ფაქტებს ადგილი, რაც, საქმის მასალებით არ მტკიცდება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად ზოგადი ხასიათისაა, მასში მოყვანილი არ არის კონკრეტული ფაქტები. სასამართლოს მიერ გამოყენებულია სამართლებრივი ნორმები იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ფსიქოლოგიური ძალადობა, თუმცა განხორციელდა თუ არა ძალადობა ამ ფორმით, - სასამართლოს ეს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით არ დაუსაბუთებია. გარდა ამისა, სასამართლომ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს დააკისრა და განმარტა - "მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველ შემთხვევაში ე.წ. მსხვერპლის მიმართ ადგილი არ ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს". სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები უნდა გამომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით - სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. რაც შეეხება 102-ე მუხლს, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტანტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია ამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლის შესრულებაც განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არამარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს. ზემოთაღნიშნული მტკიცების ტვირთის საგამონაკლისო შემთხვევას წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მაშინ როდესაც მოწმდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ორგანოზე, რაც არ გულისხმობს მხარეთა გათავისუფლებას მათ მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისგან.

 

ამ გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია მოსარჩელემ ადასტუროს, რომ სატალეფონო ზარის დროს არ დამუქრებია შვილს სიცოცხლის ხელყოფით და არ მიუყენებია მისთვის შეურაცხყოფა. ფაქტობრივად, ამგვარი მტკიცებულების მოპოვება ვერ მოხერხდებოდა. გარდა ამისა, როგორც სასამართლო პროცესზე გაჟღერდა, ი-----–-----ე თავად არ უკავშირდება შვილს, თ---------------ეს მათ შორის არსებული უთანხმოების გამო. როგორც სარჩელშია მითითებული, თ---------------ის შვილი იზრდება მამასთან, ხოლო ბებია - ი-----–-----ე მხარს უჭერს მცირეწლოვანი ბავშვის უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში გაზრდას. აქედან გამომდინარე, თ---------------ე სისტემატიურად ცდილობს დედის სხვადასხვა კონტექსტში დამცირებას, რაც დედის ემოციურ ტანჯვას იწვევს. თ---------------ე ი-----–-----ის ერთადერთი ქალიშვილია, ის მძიმედ განიცდის არსებულ ვითარებას და შეუძლებლად მიაჩნია მისი შვილისთვის რაიმეს დაშავება. სწორედ ამიტომ, არ შეიძლება ადამიანი მოძალადედ იქნეს მიჩნეული, სანამ პირდაპირ და უშუალოდ არ დადასტურდება მისი ძალადობრივი ქმედება. მართალია, უფლებამოსილ ორგანოს ევალება დაუყოვნებლივი რეაგირება ძალადობის ფაქტზე, მაგრამ აუცილებელია უფლებამოსილმა ორგანომ მოძალადის სტატუსის განსაზღვრამდე, გაამყაროს ვარაუდი კონკრეტული ფაქტებით. ამავდროულად, არ შეიძლება შემაკავებელი ორდერის არსებობას და მართლზომიერად მიჩნევას საფუძვლად დაედოს მხოლოდ სავარაუდო მსხვერპლის ახსნა-განმარტება, ვინაიდან აღნიშნულს შეიძლება დაუპირისპირდეს სავარაუდო მოძალადის მიერვე მიცემული ახსნა-განმარტება, რომელიც თავისთავად უარყოფს ძალადობის ფაქტს.

 

საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 1---------ოს მიღებული N0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება და ი-----–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - გაუქმდეს საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის მიერ 2018 წლის 1---------ოს გამოცემული შემაკავებელი ორდერი №0-----.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო თ---------------ის განმარტება, რომ მას 2018 წლის 1---------ოს 12:00-13:00 სთ შუალედში ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა დედა, ი-----–-----ე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც ის (თ---------------ე) თავს გრძნობს დამცირებულად და ძალადობის მსხვერპლად.

 

აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.

 

ი-----–-----ე არ უარყოფს 2018 წლის 1---------ოს შვილთან თ---------------ესთან სატელეფონო კომუნიკაციის ფაქტს, თუმცა განმარტავს, რომ კომუნიკაცია შედგა თ---------------ის ინიციატივით და ამ სწორედ უკანასკნელმა დაურეკა დედას.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, ორდერის შემდგენმა დამატებით განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საჭიროება არსებობდა რადგან თ---------------ეს არ ეძლევა მცირეწლოვან შვილთან, ბ-------------------–----თან ურთიერთობის უფლება, რაშიც მას ხელს უშლის დედა, ი-----–-----ე, რომელსაც არ მოსწონს თ---------------ის ცხოვრების წესი და მხარს უჭერს მის (თ---------------ის) ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც შვილი, ბ-------- ტ--------–--ე ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერის გამომცემის აზრით, ი-----–-----ე მანიპულირებს ბავშვის ფაქტორით და ცდილობს ზეწოლა მოახდინოს თავის შვილზე, თ---------------ეზე, აიძულოს ის შეცვალოს თავის ცხოვრების წესი.

მხარეები მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ თ---------------ის მცირეწლოვანი შვილი, ბ-------- ტ--------–--ე ცხოვრობს თავის მამასთან. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის განმარტებით, თ---------------ე არ არის წინააღმდეგი, რომ ბავშვი აღსაზრდელად იმყოფებოდეს მამასთან, თუმცა სურს რომ მოინახულოს შვილი, რაშიც ხელს უშლის დედა, ი-----–-----ე, თუმცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა განმარტა ისიც, რომ აღნიშნული ფაქტები პოლიციისთვის თ---------------ეს არ უცნობებია შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე და რომ ორდერის გამოცემის საფუძველი, მხოლოდ ის შეტყობინება გახდა, რაზეც მითითებულია ორდერში.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ ი-----–-----ე ხელს უშლის ან რაიმე დაბრკოლებას უქმნის თ---------------ეს მცირეწლოვანი შვილის მონახულებაში. საქმეში არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომ საერთოდ თ---------------ეს ხელი ეშლება შვილთან ურთიერთობაში და რომ საკუთარი უფლების დასაცავად მან მიმართა შესაბამის უწყებას. მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომ მას არ ეძლევა შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა, - ი-----–-----ის მხრიდან ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად არ გამოდგება, მითუფრო, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება თ---------------ის შვილის, ი-----–-----ესთან (ბავშვის ბებიასთნა) ყოფნის ფაქტი. რაც შეეხება ი-----–-----ის მოსაზრებას, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე უმჯობესია მისი შვილიშვილი საცხოვრებლად იმყოფებოდეს მამასთან, - ძალადობრივ ქმდებად ვერ შეფასდება. ბავშვის საუკეთესო ინტერესს, - თუ რომელ მშობელთან უნდა ცხოვრობდეს ის, თუ მშობლები ამაზე ვერ თანხმდებიან, რომელ მათგანს და რა ხანგრძლივობით უნდა მიეცეს მასთან ურთიერთობის უფლება, - წყვეტს სასამართლო შესაბამისი სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში და ეს გავლენას ვერ მოახდენს მოცემული დავის გადაწყვეტაზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114. 1 მუხლით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

“ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, ამ კანონის მიზანია ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით (მუხლი 3). 9.1 მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. 9.4 მუხლით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით. 10.1 მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.

 

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 12.5 მუხლით, მხარეები უზრუნველჰყოფენ, რომ კულტურა, ადათწესები, რელიგია, ტრადიციები და ეგრეთ წოდებული „ღირსების საკითხი“ არ ჩითვალოს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის გასამართლებელ მიზეზად. 18.1 მუხლით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას ყველა მსხვერპლის ძალადობის შემდგომი აქტებისაგან დასაცავად. 50-ე მუხლით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხისმგებელი სამართალდამცავი უწყებები სწრაფად და სათანადოდ რეაგირებდნენ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობაზე მსხვერპლისთვის ადეკვატური და დაუყოვნებლივი დაცვის შეთავაზების გზით. მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხისმგებელი სამართალდამცავი უწყებები სწრაფად და სათანადოდ ახორციელებდნენ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის პრევენციასა და მისგან დაცვას, მათ შორის, პროფილაქტიკური ოპერატიული ზომების გამოყენებას და მტკიცებულების შეგროვებას. 52-ე მუხლით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს მიენიჭოთ უფლებამოსილება, უშუალო საფრთხის შემთხვევაში, გასცენ ორდერი იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ჩამდენმა პირმა დატოვოს მსხვერპლის ან რისკის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილი საკმარისი დროით და აუკრძალონ დამნაშავეს მსხვერპლის ან რისკის ქვეშ მყოფი პიროვნების საცხოვრებელ ადგილში შესვლა ან მათთან კონტაქტი. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული ზომები პრიორიტეტის სახით, მიზნად ისახავს მსხვერპლის ან რისკის ქვეშ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 53.1 მუხლის შესაბამისად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი შემაკავებელი ან დამცავი ორდერები გაიცემოდეს ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის მსხვერპლთა მიმართებით.

 

ამრიგად, ზემოთ მოყვანილი ნორმები მიუთითებენ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაზე მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი.

 

განსახილველ შემთხვევაში, თ---------------ის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ ი-----–-----ის მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1 მუხლით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. 7.2 მუხლით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. 53.4 მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

 

თ---------------ემ საპატრულო პოლიციას მიმართა იმის გამო, რომ, როგორც თვითონ განმარტავს, მას ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა დედა, ი-----–-----ე, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული განცხადების საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი შემაკავებელი ორდერის გამომცემ ორგანოს არ წარმოუდგენია.

 

მართალია, სამართალდამცავ უწყებებს მინიჭებული აქვთ ზემოთ მოხსენიებული კანონისა და კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობისაგან დაცვის სწრაფად და ეფექტურად განხორციელების ვალდებულება, თუმცა ამავე დროს მათ მიერ მსხვერპლისათვის შეთავაზებული დაცვის ღონისძიება უნდა იყოს ადეკვატური, რაც გულისხმობს პროფილაქტიკური ოპერატიული ზომების გამოყენებას და მტკიცებულების შეგროვებას. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა კანონმდებლის ნამდვილი ნების შესაბამისია და ნორმის სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოვიდოდა კანონიერებისა და კანონის წინაშე პირთა თანასწორობის, ასევე შეჯიბრებითობის პროცესუალურ პრინციპთან, ადმინისტრაციული აქტით გათვალისწინებული ზომები გამოიწვევდა პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის მასალების გამოკვლევისა და მხარეთა ზეპირი მოსმენის შედეგად სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტი მხარის პრეტენზიას, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების, შემაკავებელი ორდერის №0----- (1-----2018წ) გამოცემა მოხდა ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

 

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლით, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით (ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით) გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2114 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი-----–-----ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება;

 

3. ი-----–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, - გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ი-–------–-------ის მიერ 2018 წლის 1---------ოს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერი;

 

4. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან;

 

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე