განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.07.2018
საქმის ნომერი
330210017001886754
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001886754

საქმე №2ბ/1644-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი - ნათია ხოლოაშვილი

 

І აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - აა---------–-------------------------------------------------ო

წარმომადგენელი - მი---------–-–---–ი

 

ІІ აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - სს „ვი---------------------ა“

წარმომადგენელი - თე----------–-----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

І. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

ІІ. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით აა---------–-------------------------------------------------ოს სარჩელი სს „ვი---------------------ს“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ვი---------------------ს“ აა---------–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ ჯარიმის სახით დაეკისრა 5449.32 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2013 წლის 20 მარტს, სსიპ „სო---–----------------------------------------------------სა“ და სს „ვი---------------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სს „ვი----------------------ია“ გასცემდა ფერმერზე შეღავათიან აგროკრედიტს. შეღავათიანი აგროკრედიტი გულისხმობდა ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით ფერმერზე გაცემული შეღავათიან კრედიტს, რომელიც უნდა გაცემულიყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისათვის (მემცენარეობა, მეცხოველეობა) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსებისათვის (სანაშენე და პროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა; სათბურის აშენება, სარწყავი სისტემების მოწყობა).

 

სასამართლო დაეყრდნო ხელშეკრულებას (ტ. І, ს.ფ. 16-33).

 

2.2. ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ბანკთან ან ფერმერთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განახორციელოს ფერმერის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. ამასთან, თუკი მონიტორინგისას დადგინდება, რომ ბანკის მიერ ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევით მოხდა შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა, სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს მსესხებლის მიზნობრივი დაფინანსება, ხოლო ბანკს სააგენტოს სასარგებლოდ ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ მსესხებლისთვის გაცემული დაფინანსების თანხის ორმაგ ოდენობას (11.4 პუნქტი).

 

სასამართლო დაეყრდნო 2013 წლის 20 მარტის ხელშეკრულებას (ტ. І, ს.ფ. 17-28).

 

2.3. 2014 წლის 12 დეკემბერს, სს „ვი---------------------მ“ მა--------–---ზე გასცა შეღავათიანი აგროკრედიტი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მისაღებად საჭირო ძირითადი ან საბრუნავი საშუალებების დაფინანსება მემცენარეობისთვის და მეცხოველეობისთვის, კერძოდ: მიმდინარე სესხის დაფარვა სს „სა---------–-------კში“ - 71000 ლარი და 170 დედა ცხვრის შესყიდვა 29 000 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

- საკრედიტო ხელშეკრულება (ტ. І, ს.ფ. 50-62);

 

2.4. 2014 წლის 12 დეკემბერს გაცემული აგროკრედიტის მიზნობრიობის მონიტორინგი სააგენტომ განახორციელა 2015 წლის 08 აპრილს - შესაბამისად შედგა მონიტორინგის აქტი. საკითხის განხილვის შედეგად 2016 წლის 11 ოქტომბერს სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვისას დადგინდა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტით მოხდა მა--------–---ის სესხის რეფინანსირება, რაც ეწინააღმდეგებოდა პროექტისა და ხელშეკრულების პირობებს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);

- საველე მონიტორინგის ფორმა (ტ. І, ს.ფ. 50);

- 2016 წლის 11 ოქტომბრის მონიტორინგის სხდომის ოქმი (ტ. І, ს.ფ. 68-73).

 

2.5. 2016 წლის 3 ნოემბერს, სს „ვი---------------------ს“ ეცნობა მონიტორინგის შედეგებისა და ჯარიმის (10898.64 ლარი) დარიცხვის თაობაზე, თუმცა გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სასამართლო დაეყრდნო გაფრთხილების წერილს (ტ. І, ს.ფ. 74-75).

 

2.6. აა---------–-------------------------------------------------ოს მიერ მა--------–---ზე გაცემული თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 5449.32 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.7. ა(ა)იპ სო---–-------------------------------------------------ოს მიერ ხორციელდება შეღავათიანი აგროკრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ახდენს პროექტის ბენეფიციართა თანადაფინანსებას, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება ბენეფიციარის მიერ კომერციულ ბანკში შესაბამისი მიზნობრიობით აღებული შეღავათიანი აგროკრედიტის თანხის წლიური საპროცენტო განაკვეთის სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსებაში. პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, 2013 წლის 20 მარტს, მოპასუხესთან გაფორმდა შეთანხმება მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ - ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 20 მარტის ხელშეკრულების შესაბამისად, შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა მხოლოდ განსაზღვრული მიზნობრიობით, ხოლო სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განახორციელოს მსესხებლის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. ამასთან, თუკი მონიტორინგისას დადგინდება, რომ ბანკის მიერ ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევით მოხდა შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა, სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს მსესხებლის მიზნობრივი დაფინანსება, ხოლო ბანკს სააგენტოს სასარგებლოდ ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ მსესხებლისთვის გაცემული დაფინანსების თანხის ორმაგ ოდენობას (11.4 პუნქტი).

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

2014 წლის 12 დეკემბერს, სს „ვი---------------------მ“ მა--------–---ზე გასცა შეღავათიანი აგროკრედიტი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მისაღებად საჭირო ძირითადი ან საბრუნავი საშუალებების დაფინანსება მემცენარეობისთვის და მეცხოველეობისთვის, კერძოდ: მიმდინარე სესხის გადაფარვა სს „სა---------–-------კში“ (ძირითადი საშუალებები) - 71000 ლარი და 170 დედა ცხვრის შესყიდვა 29 000 ლარი.

 

2014 წლის 12 დეკემბერს გაცემული აგროკრედიტის მიზნობრიობის მონიტორინგი სააგენტომ განახორციელა 2015 წლის 08 აპრილს - შესაბამისად შედგა მონიტორინგის აქტი. საკითხის განხილვის შედეგად გაირკვა, რომ სესხის აღების მომენტში მსესხებელ მა--------–---ს, სს „სა---------–-------კში“ გააჩნდა მიმდინარე აგროსესხი ძირითადი საშუალებების მიზნობრიობით, რომლის ნაშთი შეადგენდა 43000 ლარს. სს „ვი----------მა“ სესხის ერთ-ერთ მიზნობრიობად განსაზღვრა სს „სა---------–-------კის“ აგროსესხის რეფინანსირება თანხით - 71 000 ლარი, თუმცა ამ სესხის ნაშთი შეადგენდა 43 000 ლარს, ანუ ზედმეტად გაიცა 28 000 ლარი რეფინანსირებისათვის, რაც იმთავითვე ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა მხარეთა შორის არსებული შეთანხმების დარღვევას და ეწინააღმდეგებოდა პროექტისა და ხელშეკრულების პირობებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ბანკის მიერ აგროკრედიტის ფარგლებში არამიზნობრივად თანხის გაცემა იწვევს მოსარჩელის უფლების დარღვევას, ვინაიდან, სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ფერმერისათვის ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ახორციელებს თანადაფინანსებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, თანადაფინანსებით გადახდილია 5449.32 ლარი, რაც სესხად გაცემული თანხის გათვალისწინებით იმაზე მეტია, რაც იმ შემთხვევაში იქნებოდა მოპასუხეს დადგენილი მიზნობრიობით, რომ გაეცა სესხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა, სს „ვი---------------------ს“ მიერ ვალდებულების დარღვევა.

 

2.9. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ ვინაიდან, ადგილი ჰქონდა ბანკის თანამშრომლის მიერ დაშვებულ ტექნიკურ შეცდომას, სახეზეა, პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველი. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში მსესხებლისთვის განისაზღვრა სესხის მიზნობრიობა და მის დარღვევაზე პასუხისმგებელი პირი კრედიტის გამცემი ვერ გახდება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ხელშეკრულების მხარემ ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი უფლება- მოვალეობები წინდახედულად უნდა განახორციელოს. წინდახედულების მასშტაბს უფრო ფართოს ხდის მეწარმე სუბიექტის ბრუნვაში მონაწილეობა, რომელმაც სამოქალაქო რისკი გულმოდგინედ და გონივრულად უნდა შეაფასოს და იგი ამ გზით მინიმუმადე დაიყვანოს. პირი, რომელმაც დაუშვა შეცდომა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სს „ვი---------------------სთან“ იმყოფებოდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში. შესაბამისად, სწორედ ამ უკანასკნელს უნდა გამოეჩინა სათანადო წინდახედულება კონტრაჰენტის შერჩევისას, რომელსაც, როგორც მუშაკს დაეკისრებოდა იმ უფლება-მოვალეობების განხორციელება, რაც ზეგავლენას მოახდენდა როგორც დამსაქმებლის ინტერესებზე, საქმიან რეპუტაციაზე, ასევე, მის ქონებრივ მდგომარეობაზე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მხარეს დაეკისროს პასუხისმგებლობა მოპასუხის მიერ გამოვლენილი გაუფრთხილებლობის გამო, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო რისკის (თანამშრომლის შერჩევა) არასათანადო გაწევაში გამოიხატა. რისკის არასათანადოდ გაწევის უარყოფითი შედეგები, მოსარჩელის უფლება-მოვალეობებზე უნდა აისახოს. შესაბამისად, სს „ვი-------------------------ა“ როგორც მეწარმე ვერ დაეყრდნობა იმ მითითებას, რაც ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, რომ თანამშრომლის შეცდომის გამო, ხელშეკრულებაში მითითებული იქნა არასწორი თანხა. ამასთან, მოპასუხემ იცოდა თუ რა ოდენობის თანხა იყო საჭირო აგროკრედიტის ფარგლებში გასაცემად და ხელშეკრულებაში მსესხებლისათვის თანხის მიზნობრიობის განსაზღვრით მისი ვალდებულება არ შეიძლება ჯეროვნად შესრულებულად მივიჩნიოთ.

 

2.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სახეზეა, სს „ვი---------------------ს“ მიერ ვალდებულების დარღვევა, რაც დადასტურებულია როგორც მონიტორინგის შედეგებით, ასევე მოპასუხის მიერ განხორციელებული არასათანადო შედავებით, აღნიშნული მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება და მოითხოვოს ჯარიმა.

 

რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, სასამართლომ განმარტა შემდეგი: პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა 2013 წლის 20 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს მოასარჩელეს გამოიყენოს მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სამოქალაქო კოდექსი უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც, თავის მხრივ, დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს მოცულობა იყო შეუსაბამოდ მაღალია და იგი შეამცირა 5449.32 ლარამდე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

І. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილებაში არასწორად განიმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.

 

აპელანტის მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სახეზე იყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი კრედიტის პროექტის“ (შემდეგში „პროექტი“) და მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 20 მარტის ხელშეკრულების პირობის დარღვევა, რისთვისაც ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო - სააგენტოს მიერ შეღავათიან აგროკრედიტზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის ორმაგი ოდენობა.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებული თანხა - 5449.32 ლარი არ არის შემცირებული პირგასამტეხლო, არამედ, ეს ის თანხაა, რაც მოსარჩელემ გადაიხადა სესხზე თანადაფინანსების სახით 07 თვის განმავლობაში, ანუ ის ზიანი, რაც მიადგა სააგენტოს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულების და პროექტის პირობის დარღვევის შედეგად. ამ ზიანის ანაზღაურებას სააგენტოს სთავაზობდა მოპასუხე სარჩელის აღძვრამდე (იხ. სარჩელის დანართი №13), რაც უარყოფიულ იქნა სააგენტოს მიერ. ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა სააგენტოსათვის მიყენებული ზიანის (სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხა) ორმაგი ოდენობა, ანუ ზიანის ოდენობა არის ის „ათვლის წერტილი“, საიდანაც ხდება პირგასამტეხლოს დაანგარიშება. ამდენად, სსამართლოს გადაწყვეტილების შედეგად აღდგა ის პირვანდელი მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა. სწორედ სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის ორმაგი ოდენობა (10898.64 ლარი) არის პირგასამტეხლო და არა ის ზიანი (5449.32 ლარი), რაც მიადგა სააგენტოს მოპასუხის მხრიდან. შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოსაზრება, რომ პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდა მაღალი.

 

ІІ. აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.2.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ თურმე 2014 წლის 12 დეკემბერს სს „ვი---------------------მ“ მა--------–---ზე გასცა შეღავათიანი აგროკრედიტი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მისაღებად საჭირო ძირითადი ან საბრუნავი საშუალებების დაფინანსება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს. ერთადერთი მიზნობრიობა, რომლითაც გაიცა ზემოთ მითითებული კრედიტი იყო ძირითადი საშუალებების დაფინანსება (მსესხებლის მიერ შესაბამისი მიზნობრიობის მქონე კრედიტის გადაფარვა და დედა ცხვრის შეძენა), რაც აისახა კიდეც არაორაზროვნად საკრედიტო ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომელიც არის მიზნობრიობის დამდგენი ერთადერთი სამართლებრივი დოკუმენტი (რომელსაც მოყვება მხარეებისათვის მავალდებულებელი სამართლებრივი შედეგი), რომლითაც მსესხებელს მკაცრად განესაზღვრა სესხის გამოყენების პირობები.

 

3.2.2. სს „ვი---------------------ს“ მიერ მა--------–---ზე გაცემულ იქნა ორი კრედიტი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 100 000 (ასი ათასი) ლარის და პროექტს მიღმა 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. ორივე კრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენდა ძირითადი საშუალებების დაფინანსება. ზემოაღნიშნული დასტურდება როგორც სს „ვი---------------------სა“ და მა--------–---ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით (რომლებიც თავად მოსარჩელეს აქვს დართული სარჩელზე), ასევე ბანკის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებით. კერძოდ, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაცემული 100 000 ლარიანი კრედიტით, ბანკის პროექტის თანახმად, მა--------–---ს უნდა შეეძინა 347 სული დედა ცხვარი (თითოეულის ღირებულება 170 ლარი, შესაბამისად 347 სული დედა ცხვრის ღირებულება შეადგენდა 59000 ლარს), ხოლო დარჩენილი თანხით უნდა მომხდარიყო სა---------–-------კში არსებული, ძირითადი საშუალებების მიზნობრიობის მქონე მა--------–---ის კრედიტის რეფინანსირება (იგულისხმება 45000 ლარიანი №1791857 სესხის ნაშთი). რაც შეეხება ბანკის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მიღმა გაცემულ 30 000 ლარს, აღნიშნული თანხით უნდა დაფარულიყო სა---------–-------კში არსებული მა--------–---ის კუთვნილი 37500 ლარიანი №1409853 სესხის ნაშთი. რაც შეეხება სა---------–-------კში არსებულ მა--------–---ის სხვა სესხებს (5000 ლარიანი №1791868 და 15000 ლარიანი №1791862), მათი გადაფარვა უნდა უნდა განხორციელებულიყო კლიენტის სახსრების გამოყენებით.

 

ადმინისტრატორის მიერ დაშვებული შეცდომა გამოიხატა იმაში, რომ საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების და საკრედიტო ხელშეკრულებების პირობების საწინააღმდეგოდ, დააჯამა სს „ვი---------------------ს“ მიერ დამტკიცებული ორი სხვადასხვა კრედიტით (შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დამტკიცებული 100 000 ლარიანი და პროექტის ფარგლებს მიღმა დამტკიცებული 30 000 ლარიანი კრედიტი) სა---------–-------კში გადასაფარი მა--------–---ის ორი სხვადასხვა სესხის (45000 ლარიანი №1791857 სესხის ნაშთი და 37500 ლარიანი №1409853 სესხის ნაშთი) ნაშთი და მიღებული თანხა 71000 ლარი შეცდომით ასახულ იქნა სააგენტოსა და მა--------–---ს შორის 2014 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში. აღნიშნულმა ლოგიკურად გამოიწვია ის ფაქტი, რომ მითითებულ შეთანხმებაში შესაძენი დედა ცხვრის რაოდენობად მითითებულ იქნა 170 (ას სამოცდაათი) ერთეული ნაცვლად 347 სული დედა ცხვრისა. აღნიშნულის არითმეტიკა შემდეგია -100 000 ლარს გამოკლებული 71 000 ლარი უდრის 29 000 ლარს, რომლის ერთი სული დედა ცხვრის ღირებულებაზე (170 ლარი) გაყოფით მივიღებთ შესაძენი ცხვრების რაოდენობას - ზუსტად 170 ერთეულს.

 

ერთობლიობაში აშკარაა, რომ აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი გამოიწვია ერთი და იგივე მიზნობრიობის მქონე ორი კრედიტის არსებობამ (შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დამტკიცებული 100 000 ლარიანი და პროექტის ფარგლებს მიღმა დამტკიცებული 30 000 ლარიანი კრედიტი), რომელთა გაცემა განხორციელდა სხვადასხვა დროს.

 

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ეს ხარვეზი არ არის არსებითი ხასიათის და შედეგობრივად არ გამოუწვევია არამიზნობრივი კრედიტის გაცემა, რადგან სააგენტოსა და მა--------–---ს შორის 2014 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში (ისევე როგორც საკრედიტო ხელშეკრულებაში) პირდაპირ იქნა მითითებული, რომ პროექტის ფარგლებში გაცემული 100 000 ლარიანი კრედიტი უნდა მოხმარებოდა ძირითად საშუალებებს. შესაბამისად, არასწორი და საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მსჯელობა, რომ ბანკმა არასწორად/ზედმეტი მოცულობით გასცა კრედიტი 100 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან სესხის პროექტის თანახმად ამ თანხიდან 59 000 ლარი უნდა მიემართა 347 სული დედა ცხვრის შესაძენად, ხოლო დარჩენილი თანხით უნდა მომხდარიყო სა---------–-------კში არსებული, ძირითადი საშუალებების მიზნობრიობის მქონე მა--------–---ის კრედიტის რეფინანსირება (იგულისხმება 45000 ლარიანი №1791857 სესხის ნაშთი). ამიტომ, მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ თითქოს სააგენტოსა და მა--------–---ს შორის 2014 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ შეთანხმებაში (რომელშიც ამავდროულად სესხის მიზნობრიობად მითითებულია ძირითადი საშუალებები) გადასაფარი სესხის თანხის და შესაბამისად, შესაძენი დედა ცხვრის რაოდენობის არასწორად მითითება ნიშნავს კრედიტის ზედმეტი ოდენობით (სასამართლო გადაწყვეტილების მე-7 გვერდზე უთითებს, რომ ხელშეკრულებაში არასწორი თანხა იყო მითითებული) და არამიზნობრივ გაცემას მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

ის ფაქტი, რომ მა--------–---ს სა---------–-------კის წინაშე ნამდვილად გააჩნდა სხვა ვალდებულებები და რომ აღნიშნული ვალდებულებები საკუთარი სახსრებით უნდა დაეფარა დასტურდება, როგორც მის მიერ წარმოდგენილი სა---------–-------კის წინაშე არსებული სასესხო დავალიანებების დაფარვის გრაფიკებით და ამონაწერით ანგარიშიდან, ასევე ზემოთ ნახსენები საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებითა და საქმეზე თავად მოსარჩელის მიერ დართული საკრედიტო ხელშეკრულებებით.

 

აპელანტის განმარტებით, მა--------–---ის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით ირკვევა, რომ 2014 წლის 20 ნოემბერს მან სა---------–-------კის ანგარიშზე შეიტანა 43986 ლარი, ხოლო 2014 წლის 24 ნოემბერს 1100 ლარი. სწორედ ამ თანხებიდან მოხდა როგორც მიმდინარე გადასხდელების დაფარვა, ასევე 2014 წლის 27 ნოემბერს №1791868 (5000 ლარიანი კრედიტი) სესხის სრულად და №1409853 (37500 ლარიანი კრედიტი) სესხის ნაწილობრივ (ნახევარის) დაფარვა 14500 ლარის ოდენობით, მაშინ როცა ამ სესხის გადაფარვა მა--------–---ს უნდა მოეხდინა სს „ვი---------------------ს“ მიერ მასზე გაცემული 30 000 ლარიანი კრედიტის მეშვეობით, ხოლო მისი პირადი სახსრები უნდა მიემართა №1791862 (15000 ლარიანი კრედიტი, რომლის ნაშთი დაფარვის მომენტისათვის იყო 9000 ლარამდე) სრულად დასაფარად (მანამდე ამ სესხზე მისი პირადი სახსრებიდან 20.11.2014 წელს უკვე ჩამოჭრილი იყო 5021.92 ლარი). ამდენად, მა--------–---ის მხრიდან ფაქტობრივად ხდებოდა, როგორც პირადად მისი, ასევე სს „ვი---------------------ს“ მიერ გადარიცხული თანხების არამიზნობრივად/არასწორად განაწილება. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე სასამართლომ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება, მოახდინა მისი იგნორირება, რაც საბოლოოდ გახდა ერთ-ერთი მიზეზი არასწორი გადაწყვეტილების გამოტანისა.

 

ზემოთ მითითებული ტექნიკური, არაარსებითი შეცდომის მიუხედავად, რომელიც ბანკის მხრიდან მიზნობრიობის დარღვევის ფაქტის დადასტურების მიზნებისათვის ვერ იქნება მიჩნეული რაიმე მნიშვნელობის მქონედ, ბანკის მიერ ფაქტობრივად განხორციელდა სააგენტოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან ზუსტ შესაბამისობაში მყოფი მოქმედებები. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ბანკმა მკაცრად განუსაზღვრა მსესხებელ მა--------–---ს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაცემული 100 000 ლარიანი კრედიტის მიზნობრიობა მხოლოდ ძირითადი საშუალებებით, რაც აისახა კიდეც ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, ანუ მა--------–---ს ყველა შემთხვევაში მიღებული თანხა უნდა გამოეყენებინა მხოლოდ ძირითადი საშუალებებისათვის და არა რომელიმე სხვა ვალდებულების დასაფარად. სამწუხაროდ, ბანკს არ გააჩნდა (და არც ეხლა გააჩნია) არც შესაძლებლობა და არც უფლებამოსილება, რომ მსესხებლისათვის პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის თანხის გადარიცხვის შემდგომ მოეხდინა რაიმე გავლენა მა--------–---ის მიერ თანხების განკარგვაზე, რომ არაფერი აღარ ვთქვათ რაიმე ხელშეშლაზე. მაქსიმუმი რაც ბანკს შეეძლო, ეს იყო მსესხებლის შეზღუდვა საკრედიტო ხელშეკრულებით, რაც შესრულდა კიდეც ზემოთ მითითებული მიზნობრიობის (ძირითადი საშუალებები) მსესხებლისათვის განსაზღვრით.

 

აპელანტის მოსაზრებით, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბანკს სააგენტოსთან გაფორმებული ხელეკრულებით (რომელიც მოქმედებდა მა--------–---ზე სესხის გაცემის დროს) არ გააჩნდა რაიმე ბერკეტი და მით უფრო ვალდებულება, რომ განეხორციელებინა მა--------–---ის მიერ კრედიტის გამოყენების მიზნობრიობის კონტროლი. ამგვარი რეგულაციები სააგენტოს მიერ შემოღებულ იქნა მოგვიანებით, რომლებიც ქმნიან გარკვეულ დამცავ მექანიზმს მსესხებლების მხრიდან მიზნობრიობის შესრულების კონტროლისათვის (მაგალითად მსესხებლის/ბენეფიციარის მიერ ძირითადი საშუალების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოღება, ამ დოკუმენტის დადასტურება უფლებამოსილი პირის მიერ და სხვა).

 

სხვა მდგომარეობასთან გვექნებოდა საქმე ბანკს რომ არ გაეცა დამატებით 30 000 ლარიანი კრედიტი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებს მიღმა. ამ შემთხვევაში მინიმუმ ლოგიკური საფუძველი ექნებოდა იმის მტკიცებას, რომ ადგილი აქვს გარკვეულ დარღვევებს. ამ შემთხვევაში კი არ იკვეთება მოპასუხე ბანკის მხრიდან რაიმე განზრახვა ან გაუფრთხილებლობა სესხის არამიზნობრივად გაცემა/გამოყენებასთან დაკავშირებით და არც მიზეზობრივი კავშირი ბანკის ქმედებასა და კრედიტის არამიზნობრივად გამოყენებას შორის, რადგან მსესხებელ მადით ალიებზე გაცემულ იქნა, როგორც 100 000 ლარიანი, ასევე 30 000 ლარიანი კრედიტი. სწორედ ამ უკანასკნელის საშუალებით უნდა დაეფარა მა--------–---ს 37500 ლარიანი №1409853 სესხის ნაშთი სა---------–-------კში. მა--------–---მა ფაქტობრივად დაასწრო მოვლენებს და თვითნებურად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სს „ვი---------------------ს“ მიერ 12.12.2014-ში გაცემული კრედიტი მიმართა სა---------–-------კში არსებული იმ კრედიტების გადასაფარად, რომელთა ნაწილი უნდა დაეფარა საკუთარი სახსრებით, ხოლო ნაწილი ბანკის მიერ პროექტის ფარგლებს მიღმა გაცემული 30 000 ლარიანი კრედიტით (ეს უკანასკნელი გაიცა 19.12.2014 წელს). ამ გარემოებას და მისი დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, სასამართლომ ამ შემთხვევაშიც მოახდინა მნიშვნელოვანი გარემოებების, ფაქტებისა და მტკიცებულებების იგნორირება, რითაც ფაქტობრივად მოსპო იმის საშუალება, რომ საქმეზე მიღებული ყოფილიყო სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

3.2.3. აპელანტის მოსაზრებით, მართებულადაც რომ მივიჩნიოთ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, მხარეს მიაჩნია, რომ ბანკს მაინც არ უნდა დაეკისროს თანხა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ოდენობით. აღნიშნული თანხა წარმოადგენს გარკვეულ სანქცია-პირგასამტეხლოს ხელშეკრულების დარღვევისათვის და აპელანტის მოსაზრებით, იგი შეუსაბამოდ მაღალია და არ უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლოს მიერ. სააგენტოს მიერ მა--------–---ისათვის გადახდილი თანადაფინანსების თანხა შეადგენდა 5449.32 ლარს და ამ თანხის ორმაგი ოდენობით მოთხოვნა არ შეესაბამება მოქმედ სასამართლო პრაქტიკას.

 

მართალია, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში გაანახევრა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა, მაგრამ ამ კუთხითაც მხარეს მიაჩნია, რომ მას უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხის პოზიცია. კერძოდ, სააგენტოს ლოგიკით სს „ვი---------------------მ“ მოახდინა მა--------–---ის 9000 ლარიანი საბრუნავი საშუალების მიზნობრიობის მქონე სესხის რეფინასირება და 14500 ლარიანი სტანდარტული აგროსესხის მიზნობრიობის მქონე სესხის რეფინასირება - ჯამში 23500 ლარი. ანუ პროექტის ფარგლებში გაცემული 100 000 ლარიანი კრედიტის დარჩენილი თანხა გამოდის, რომ გაიცა მიზნობრივად. სააგენტომ კი თანადაფინანსების თანხა 5449.32 ლარი გადაიხადა 100 000 ლარზე პროცენტის დარიცხვის გათვალისწინებით. ამ ლოგიკითაც სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ჯარიმის თანხა მინიმუმ ოთხჯერ შემცირებას ექვემდებარება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.1. სსიპ „სო---–----------------------------------------------------ს“ მიერ 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“;

 

4.1.2. 2013 წლის 20 მარტს, სსიპ „სო---–----------------------------------------------------სა“ და სს „ვი---------------------ს“ შორის დაიდო ფერმერთა მიზნობრივი თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, სს „ვი----------------------იას“ ფერმერებზე უნდა გაეცა შეღავათიანი აგროკრედიტი მკაცრად განსაზღვრული მიზნობრიობით: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისათვის (მემცენარეობა, მეცხოველეობა) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსებისათვის (სანაშენე და პროდუქტიული პირუტყვის, ფრინველის და თევზის შეძენა; სათბურის აშენება, სარწყავი სისტემების მოწყობა). სააგენტო უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განეხორციელებინა მსესხებლის მიერ მიღებულის სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი; თუკი მონიტორინგისას დადგინდება, რომ ბანკის მიერ ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევით მოხდა შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა, სააგენტო უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა მსესხებლის მიზნობრივი დაფინანსება, ხოლო ბანკს სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრებოდა ჯარიმა, სააგენტოს მიერ მსესხებლისთვის გაცემული დაფინანსების თანხის არაუმეტეს ორმაგი ოდენობით.

 

4.1.3. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში 2014 წლის 12 დეკემბერს, სს „ვი---------------------მ“ მა--------–---ზე გასცა შეღავათიანი აგროკრედიტი, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მისაღებად საჭირო ძირითადი ან საბრუნავი საშუალებების დაფინანსება მემცენარეობისთვის და მეცხოველეობისთვის, კერძოდ: მიმდინარე აგრო სესხის დაფარვა სს „სა---------–-------კში“ - 71000 ლარი და 170 დედა ცხვრის შესყიდვა 29 000 ლარი.

 

4.1.4. 2015 წლის 08 აპრილს სააგენტოს მიერ განხორციელდა ზემოხსენებული კრედიტის მიზნობრიობის მონიტორინგი, რა დროსაც დადგინდა, რომ პროექტის ფარგლებში სს „ვი----------მა“ მსესხებლის სხვა ბანკში არსებული აგრო სესხის რეფინანსირებისთვის გასცა აღნიშნული სესხის დავალიანებაზე 28000 ლარით მეტი თანხა, რაც სააგენტოს მიერ მიჩნეული იქნა პროექტისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევად.

 

4.1.5. 2016 წლის 3 ნოემბერს, სს „ვი---------------------ს“ ეცნობა მონიტორინგის შედეგებისა და ჯარიმის (10898.64 ლარი) დარიცხვის თაობაზე, თუმცა გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია.

 

4.1.6. აა---------–-------------------------------------------------ოს მიერ მა--------–---ზე გაცემული თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 5449.32 ლარს.

 

4.2. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის შესახებ, რომ სს „ვი---------------------ს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროქტის ფარგლებში გათვალისწინებული მიზნობრიობის დარღვევას, რაც გამოიხატა 28000 ლარის არამიზნობრივი სესხის რეფინანსირებაში.

 

4.3. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ ბანკის მხრიდან დარღვევა გამოწვეული იქნა მისი თანამშრომლის ტექნიკური შეცდომის გამო, გამომდინარე იქიდან, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბანკის თანამშრომლის მოქმედებაში შეცდომის არსებობაც არ ათავისუფლებს ბანკს პასუხისმგებლობისგან.

 

ამ კუთხით სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ხელშეკრულების მხარემ ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი უფლება- მოვალეობები წინდახედულად უნდა განახორციელოს. წინდახედულების მასშტაბს უფრო ფართოს ხდის მეწარმე სუბიექტის ბრუნვაში მონაწილეობა, რომელმაც სამოქალაქო რისკი გულმოდგინედ და გონივრულად უნდა შეაფასოს და იგი ამ გზით მინიმუმადე დაიყვანოს. პირი, რომელმაც დაუშვა შეცდომა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სს „ვი---------------------სთან“ იმყოფებოდა შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში. შესაბამისად, სწორედ ამ უკანასკნელს უნდა გამოეჩინა სათანადო წინდახედულება კონტრაჰენტის შერჩევისას, რომელსაც, როგორც მუშაკს დაეკისრებოდა იმ უფლება-მოვალეობების განხორციელება, რაც ზეგავლენას მოახდენდა როგორც დამსაქმებლის ინტერესებზე, საქმიან რეპუტაციაზე, ასევე, მის ქონებრივ მდგომარეობაზე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მხარეს დაეკისროს პასუხისმგებლობა მოპასუხის მიერ გამოვლენილი გაუფრთხილებლობის გამო, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო რისკის (თანამშრომლის შერჩევა) არასათანადო გაწევაში გამოიხატა. რისკის არასათანადოდ გაწევის უარყოფითი შედეგები, მოსარჩელის უფლება-მოვალეობებზე უნდა აისახოს. შესაბამისად, სს „ვი-------------------------ა“ როგორც მეწარმე ვერ დაეყრდნობა იმ მითითებას, რაც ვერ იქნა სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, რომ თანამშრომლის შეცდომის გამო, ხელშეკრულებაში მითითებული იქნა არასწორი თანხა. ამასთან, მოპასუხემ იცოდა თუ რა ოდენობის თანხა იყო საჭირო აგროკრედიტის ფარგლებში გასაცემად და ხელშეკრულებაში მსესხებლისათვის თანხის მიზნობრიობის განსაზღვრით მისი ვალდებულება არ შეიძლება ჯეროვნად შესრულებულად მივიჩნიოთ.

 

სადავო სამართალურთიერთობის დროისათვის მოქმედი „შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს თანადაფინანსების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში გაცემული სესხის პირობების შეუსაბამოდ რესტრუქტურიზაცია ან რეფინანსირება.

 

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბანკმა განახორციელა არამიზნობრივი სესხის რეფინანსირება, პალატას საფუძვლიანად მიაჩნია, რომ ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხრიდან, ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტა და მოპასუხეზე ჯარიმის დაკისრება.

 

4.4. 2013 წლის 20 მარტის ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, თუკი მონიტორინგისას დადგინდება, რომ ბანკის მიერ ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევით მოხდა შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა, სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს მსესხებლის მიზნობრივი დაფინანსება, ხოლო ბანკს სააგენტოს სასარგებლოდ ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ მსესხებლისთვის გაცემული დაფინანსების თანხის ორმაგ ოდენობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში, მოსარჩელის მიერ მა--------–---ზე გაცემული თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 5449.32 ლარს, რომლის ორმაგი ოდენობის დაკისრებასაც მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის ჯარიმის სახით, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნილი ჯარიმის ოდენობა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და მოპასუხეს ჯარიმის სახით მხოლოდ 5449.32 ლარი დააკისრა.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას და მიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არარსებობდა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების წინამძღვრები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოხმობილ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

მოქმედი სამოქალაქო კოდექსით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატა განმარტავს, რომ შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, მხარეთა მიერ განსაზღვრულ პირგასამტეხლოს გააჩნდა როგორც ზიანის ანაზღაურების, ისე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მასტიმულირებელი ფუნქცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ კი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დააკისრა ამ უკანასკნელის მიერ თანადაფინანსებით გადახდილი თანხა - 5449.32 ლარი, ანუ ის ფაქტობრივი ზიანი, რაც მიადგა სააგენტოს მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულების და პროექტის პირობის დარღვევის შედეგად.

 

იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელი უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო აღემატებოდეს შესაძლო ზიანს და მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა, ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის „საწყის წერტილად“ ფაქტობრივი ზიანის ოდენობა განსაზღვრეს, სააპელაციო პალატას არამართებულად მიაჩნია სასამართლოს მხრიდან მხარეთა სახელშეკრულებო ავტონომიაში ჩარევა და მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განახევრება, მით უფრო კონკრეტული მხარეების საბაზრო ძალაუფლების და სტატუსის გათვალისწინებით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სს „ვი---------------------ას“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; აა---------–-------------------------------------------------ოს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება აა---------–-------------------------------------------------ოს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. ვინაიდან І აპელანტის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, სს „ვი---------------------ას“ აა---------–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 545 ლარის ოდენობით (სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

 

6.2. აა---------–-------------------------------------------------ოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, მთლიანობაში 217.95 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „ვი---------------------ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. აა---------–-------------------------------------------------ოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

 

4. აა---------–-------------------------------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

5. სს „ვი---------------------ას“ აა---------–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 10898.64 ლარის გადახდა.

 

6. სს „ვი---------------------ას“ აა---------–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 545 ლარის ოდენობით.

 

7. აა---------–-------------------------------------------------ოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაუბრუნდეს სააპელაციო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 217.95 ლარის ოდენობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილება გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუა