განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2018
საქმის ნომერი
010141318700064663
ინსტანცია
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700064663 - 1აგ/479-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 სექტემბერი2018წ ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ მ------ მ–------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით:

 

მ------ მ–------ეს (პ/ნ 6----------) მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ცნობით მიხედვით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.10.2015 წლის N--------- განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად მ------ მ–------ეს დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2015 წლის 03 ნოემბერს.

 

2018 წლის 02 აგვისტოს მსჯავრდებულმა მ------ მ–------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ მ------ მ–------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული მ------ მ–------ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რომელიც გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ'' საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები;

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიიჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, მსჯავრდებულ მ------ მ–------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ოქტომბრის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ მ------ მ–------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

3. მ------ მ–------ე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან;

 

4. მ------ მ–------ეს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

5. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 05 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

მ. ისაევი