განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2018
საქმის ნომერი
180210015001062440
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
განცხადება საარბიტრაჟ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, სხვა სახის დავები
თარიღი
20.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5823-15 20 მარტი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ხათუნა არევაძე

 

მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი

 

აპელანტი - ს----------–----–-----------------------------

 

წარმომადგენელი - გ---–----------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ი-–-----------ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს----------–----–-----------------------------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

ი-–-----------ს ს----------–----–-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 13 500 ლარის გადახდა.

 

ს----------–----–-----------------------------ს სასარჩელო მოთხოვნა ი-–-----------ისთვის 1350 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2013 წლის 06 სექტემბერს მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა. მცხეთა-მთიანეთის ს--------------------------------–--------–--------------------–--ს უფროსი, სამსახურებრივი ავტომანქანით ,,შკ---------------”, სახ. ნომრით Q------, მოძრაობდა მცხეთის რაიონის ს------–----------ში, რა დროსაც შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ,,ოპელი” სახ. ნომრით Q------, რომელსაც მართავდა ი-–-----------ი.

 

2.2. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ს----------–----–-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ,,შკ---------------ს” მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება.

 

მცხეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეწყდა 2013 წლის 24 სექტემბერს ქმედების არარსებობის გამო. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით 2013 წლის 01 ოქტომბერს შედგა საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №--------- ი-–-----------ის მიმართ, რომლითაც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ოქმის მიხედვით, 2013 წლის 06 სექტემბერს მცხეთის რაიონის სოფ. ქ--------–ი გამავალ სავალ გზაზე მართვის უფლების არმქონე მძღოლმა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა და შეეჯახა საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომანქანას. გადამოწმებისას მძღოლი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.

ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ს----------–----–-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანის დაზიანების ფაქტი.

 

2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ხარჯი შეადგენდა 13 500 ლარს, რაც დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნით.

 

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, ამტკიცოს ზიანის ის ოდენობა, რაც სარჩელშია მითითებული, მოპასუხე კი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ ზიანის ოდენობა შეადგენს იმ თანხის ნახევარს, რასაც მოსარჩელე მიუთითებს.

 

სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე ი-–-----------ს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება ზიანის ოდენობის გაანგარიშების თაობაზე; შესაბამისად, საქმეში ექსპერტიზის დასკვნის არსებობის პირობებში, სასამართლო ვერ დაეყრდნობა მოპასუხის ზეპირ განმარტებას, რომელიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ ადასტურებდა ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხის იმ ოდენობას, რასაც მოსარჩელე მიუთითებდა; კერძოდ, დასკვნით ნაწილში ექსპერტი ადგენს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ა/მანქანა ,,შკ---------------” სახ. ნომრით Q------ დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 14 850 ლარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული რიცხვი არ ასახავს მატერიალური ზიანის ზუსტ ოდენობას და ზიანის ოდენობა უნდა დადგინდეს დასკვნის კვლევით ნაწილში მოცემული გაანგარიშების მიხედვით. კერძოდ, მასში მითითებულია, რომ საბაზრო ფასების მიხედვით, დაზიანებული და გამოსაცვლელი ავტონაწილების ღირებულება, ასევე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ღირებულება საერთო ჯამში შეადგენს 13 500 ლარს. დასკვნის მიხედვით, ამ რიცხვს დამატებული აქვს გაუთვალისწინებელი სამუშაოს ხარჯები - 10% და შედეგად მიღებულია 14 850 ლარი. სასამართლოს შეფასებით, გაუთვალისწინებელი ხარჯი ვერ იქნება მიჩნეული რეალური ზიანის ოდენობის გაანგარიშების მაჩვენებლად.

 

ამდენად, ზიანის ოდენობად სასამართლომ განსაზღვრა დაზიანებული და გამოსაცვლელი ავტონაწილების ღირებულების და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჯამური ღირებულება -13 500 ლარის ოდენობით.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4 სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ი-–-----------ს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ ავტოსატრანსპორტო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე:

 

_ მთავარ სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო მოპასუხემ - 7425 ლარის მისთვის დაკისრების ნაწილში.

 

_ სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

_ ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ ელემენტებს, რომლებიც ქმნის დელიქტური ვალდებულების წარმოშობის წინაპირობას. კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი აღნიშნულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარდგენილია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ი-–-----------ს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის; აღნიშნული ნორმა კი პასუხისმგებლობას აწესებს სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება და მას ახლავს ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში ქმედება ამ ნორმით დაკვალიფიცირდა დამდგარი შედეგის - სატრანსპორტო საშუალების დაზიანების გამო, რაც შედეგად მოჰყვა სწორედ დაჯარიმებული პირის ბრალეულ ქმედებას - საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს განხორციელებულმა ცვლილებებმა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიღებული აქტის სამართლებრივი დატვირთვა დელიქტურ ვალდებულებებში. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი აწესრიგებს დანაშაულით ან ადმინისტრაციული გადაცდომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სამოქალაქო სამართალწარმოების წესს, რომლის ფარგლებშიც, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უპირობოდ ადასტურებს დელიქტის ჩადენას, მსჯავრდებულის/სახდელდადებული პირის ბრალეულობას, ზიანის დადგომას, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიღებული აქტის არსებობა თავისთავად ადასტურებს ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ხასიათს, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

 

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, რადგანაც ი-–-----------ის მიმართ არსებობს ოქმი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითვე ადასტურებს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალიწინებულ ერთ-ერთ კომპონენტს - ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ხასიათს და მოსარჩელე არ არის ვალდებული, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს მოპასუხის ბრალეულობა.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი-–-----------ი წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებაში ბრალეულ პირს.

 

2.5. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ელემენტი დადასტურებულად ითვლება, თუკი იგი განაჩენში ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გამოცემულ აქტში მითითებული და გაანგარიშებულია (როგორც წესი, როცა ზიანის ოდენობა დანაშაულის/გადაცდომის მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს), სხვა შემთხვევაში კი ზიანის ოდენობა სამოქალაქო დავის ფარგლებში მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს. ამგვარი განმარტება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის შინაარსიდან, რომელმაც ცალკე გამოჰყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მნიშვნელობა დელიქტური ვალდებულების წარმოშობის მიზნით დასადგენი ერთ-ერთი გარემოების - ზიანის მოცულობის მტკიცების ნაწილში; კერძოდ, ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი-–-----------ს უნდა დაეკისროს საქმეში დადგენილი რეალურად დამდგარი ზიანის ოდენობა. დანარჩენ ნაწილში კი მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის შესაბამისად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ამგვარად, დელიქტიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მიმართ ვრცელდება სახელშეკრულებო სამართლის ნორმები.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის ვალდებულება უნდა განისაზღვროს დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის რეალურად აუცილებელი ხარჯების ოდენობის ფარგლებში.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და არამართებულად მიიჩნია, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯები მოპასუხეს გადასახდელად არ უნდა დაკისრებოდა იმ საფუძვლით, რომ ზიანი უნდა განისაზღვროს დაზიანებული და გამოსაცვლელი ავტონაწილების ღირებულებისა და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჯამური ღირებულებით.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო აღნიშნული შეფასება მოკლებულია დასაბუთებას, მით უფრო იმ პირობებში, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, ი-–-----------ს ზიანის სხვა ალტერნატიული ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, ხოლო საექსპერო-კრიმინალისტიკური სამსახურის დასკვნა ზუსტად მოიცავს ზიანის დეტალურ გაანგარიშებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადდაწყვეტილების მიღებით სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ს----------–-----------–-----------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ს----------–-----------–-----------------ს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 2013 წლის 06 სექტემბერს მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა. მცხეთა-მთიანეთის ს--------------------------------–--------–--------------------–--ს უფროსი სამსახურებრივი ავტომანქანით ,,შკ---------------”, სახ. ნომრით Q------, მოძრაობდა მცხეთის რაიონის სოფ. ქ--------–ი; ამ დროს მას შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ,,ოპელი” სახ. ნომრით Q------, რომელსაც მართავდა ი-–-----------ი.

 

- ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ს----------–----–-----------------------------ს ბალანსზე რიცხული ,,შკ---------------ს” მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება.

 

- მცხეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეწყდა 2013 წლის 24 სექტემბერს ქმედების არარსებობის გამო. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით 2013 წლის 01 ოქტომბერს შედგა საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №--------- ი-–-----------ის მიმართ, რომლითაც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ოქმის მიხედვით, 2013 წლის 06 სექტემბერს მცხეთის რაიონის სოფ. ქ--------–ი გამავალ სავალ გზაზე მართვის უფლების არმქონე მძღოლმა ვერ უზრუნველჰყო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა და შეეჯახა საპირისპირო ზოლში მოძრავ ა/მანქანას. გადამოწმებისას მძღოლი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

 

- სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ხარჯი შეადგენდა 13 500 ლარს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ერთი მხარის მიერ მითითებული იმ გარემოების უარყოფა, რომელიც მეორე მხარეს არასწორად მიაჩნია, უნდა მოხდეს ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილუი მტკიცებულება, რაც ზიანის ოდენობას შეამცირებდა ან სრულად გამორიცხავდა მას. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ვალდებულია, ამტკიცოს ზიანის ის ოდენობა, რაც სარჩელშია მითითებული.

 

პალატის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ ადასტურებს ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხის იმ ოდენობას, რასაც მოსარჩელე მიუთითებდა სარჩელში; კერძოდ, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის დასკვნით ნაწილში ექსპერტი ადგენს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანა ,,შკ---------------ს” სახ. ნომრით Q------ დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 14 850 ლარს, საიდანაც 13500 ლარი არის ავტომანქანის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება, ხოლო 1350 ლარი - ის გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც აღდგენითი სამუშაოების წარმოებისას შესაძლოა წარმოშობილიყო.

 

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს მცხეთის რაიონული სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ 14 850 ლარი არ ასახავს მატერიალური ზიანის რეალურ ოდენობას და ეს უკანასკნელი უნდა დადგინდეს ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მოცემული კონკრეტული გაანგარიშების მიხედვით, სადაც მითითებულია, რომ საბაზრო ფასების მიხედვით, დაზიანებული და გამოსაცვლელი ავტონაწილების ღირებულება, ასევე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ღირებულება საერთო ჯამში შეადგენს 13 500 ლარს; პალატის შეფასებით, დასახელებული თანხა წარმოადგენს იმ რეალურ ზიანს, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიადგა ავტომანქანა ,,შკ---------------ს”, სახ. ნომრით Q------. ამდენად, დასაბუთებულია პირველი ინსტანცის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯი ვერ იქნება მიჩნეული რეალური ზიანის ოდენობის გაანგარიშების ზუსტ მაჩვენებლად.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ექსპერტიზის დასკვნას და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ზიანის ოდენობად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა დაზიანებული და გამოსაცვლელი ავტონაწილების ღირებულების და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჯამური ღირებულება -13 500 ლარის ოდენობით.

 

როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება შეჯიბრობითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფალი ნების საფუძველზე თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები წარადგინონ სასამართლოში, რას დააფუძნონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია მხოლოდ შეაფასოს მხარეთა წარმოდგენილი მტკიცებულები.

 

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კანონმდებლობაში მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეებს შორის, შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ექსპერტიზის დასკვნას და ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს სხვა რაიმე მითითებას გადაწყვეტილების უსწორობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ სააპელაციო საჩივარში ასახული პრეტენზიის თაობაზე წინამდებარე განჩინებაში ასახული დასაბუთებით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს და შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–-----------–-----------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1. მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----------–-----------–-----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /

 

მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/

 

/გოგიტა თოთოსაშვილი/