განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.09.2018
საქმის ნომერი
330210016001520154
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
10.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001520154

N2ბ/7419-2017

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2018 წელი ქალაქ თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - გოგიტა თოთოსაშვილი, ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’

წარმომადგენელი - ა-------------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ----------–---–ი

წარმომადგენელი - ლ--–-----------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ----------–---–ის სარჩელი სს ,,ს--------------------------------------–-----ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს ,,ს--------------------------------------–-----ს“ მ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 240 (სამი ათას ორას ორმოცი) ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მ----------–---–ი სადაზღვევო შენატანს - პრემიას იხდიდა 2016 წლის ივნისის თვის ჩათვლით.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. მ----------–---–სა და სს ,,ს--------------------------------------–-----ს“ შორის დაიდო იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე 2016 წლის 18 მარტს გაიცა NU--------- სადაზღვევო პოლისი. აღნიშნული პოლისით განისაზღვრა ანაზღაურების ლიმიტი 3600 ლარის, ხოლო ყოველთვიური ლიმიტი 600 ლარის ოდენობით.

 

ამავე პოლისის თანახმად, დაზღვეულ პირს უნდა გადაეხადა სადაზღვევო პრემია 144 ლარი, ყოველთვიურად, 2016 წლის 16 მარტიდან 2017 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. მხარეთა შეთანხმების ფარგლებში განისაზღვრა ფრანშიზა 60 ლარი, ხოლო სადაზღვევო პერიოდი 2016 წლის 16 მარტიდან 2017 წლის 15 მარტის ჩათვლით.

 

2.3. შპს „ფ----–--------------ს“ ადმინისტრაციის მიერ მ----------–---–ი გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილებული იქნა 2016 წლის 23 მაისს.

 

2.4. შპს ,,ფ----–--------------ას“ 2016 წლის 24 ივნისის N6-- ბრძანების თანახმად, მოსარჩელე მ----------–---–ი 2016 წლის 27 ივნისიდან გათავისუფლდა შპს ,,ფ----–--------------ს“ ოფის მენეჯერის თანამდებობიდან.

 

2.5. მოპასუხე სს ,,ს--------------------------------------–-----მა“ მოსარჩელე მ----------–---–ს უარი უთხრა სადაზღვევო ანაზღაურებაზე, იმ საფუძვლით, რომ იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პოლისი NU--------- ძალაში შევიდა 2016 წლის 16 მარტს, ხოლო შეტყობინება გათავისუფლების შესახებ გაიცა 2016 წლის 23 მაისს, სადაზღვევო პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის ამოწურვამდე.

 

2.6. დადგენილი გარემოებაა, რომ მაია მატიაშვილი 2016 წლის ივნისიდან დღემდე დასაქმებული არ არის.

 

2.7. მოსარჩელე მაია მატიაშვილის კუთვნილი ყოველთვიური ანაზღაურება შპს ,,ფ----–--------------ას“ ო------------------- თანამდებობაზე მის გათავისუფლებამდე ყოველთვიურად შეადგენდა 600 ლარს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მზღვეველი მოვალეა ჩააბაროს დამზღვევს ხელმოწერილი საბუთი დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ (სადაზღვევო მოწმობა - პოლისი).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მ----------–---–ი წარმოადგენდა სს ,,ს----------------------- ,,ჯ------------–-----ში“ დაზღვეულ პირს და მის სახელზე გაცემული იყო სადაზღვევო პოლისი. მ----------–---–ის იძულებითი უმუშევრობა დაზღვეული იყო 3600 ლარად.

 

2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მ----------–---–მა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შემდეგ მიმართა ს-----------------------ს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით, რაზეც 2016 წლის 08 სექტემბერს მიიღო წერილობითი უარი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, იძულებითი უმუშევრობაა დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ ამ პირობების მე-7 მუხლში მითითებული მიზეზებით. 4.6. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურებაა თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელსაც გადაუხდის მზღვეველი მოსარგებლეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, რაც განსაზღვრულია ყოველთვიური ლიმიტის ექვსმაგი ოდენობით. 4.7. პუნქტის მიხედვით, ყოველთვიური ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა შეიძლება შეადგენდეს დაზღვეულის ხელფასის სახით მიღებულ ყოველთვიურ შემოსავალს. ხელშეკრულების 4.11 პუნქტის თანახმად, ფრანშიზა არის ზარალის თანხის ნაწილი, რომელსაც მზღვეველი არ აანაზღაურებს. ფრანშიზა ამ პოლისისთვის შეადგენს ყოველთვიური ლიმიტის 10%-ს და აკლდება სადაზღვევო ანაზღაურებას თითოეულ და ყველა შემთხვევაში.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, იძულებითი უმუშევრობის მიზეზებად ითვლება მხოლოდ დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მიზეზიცაა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. დაზღვევის ხელშეკრულების 9.14 მუხლის მიხედვით, იძულებით უმუშევრობის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ: უმუშევრობა დამდგარია ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლში წარმოდგენილი დაფარული რისკით ან რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლამდე, მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ სწორედ მითითებული პუნქტი გახდა ის საფუძველი, რა დროსაც მიიჩნია, რომ მ----------–---–ის სამსახურიდან დათხოვნა შეესაბამებოდა ხელშეკრულების 7.1. პუნქტს და მოთხოვნა ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, თუმცა ვინაიდან სამსახურიდან დათხოვნამდე მოსარჩელეს მოცდის პერიოდში, ანუ სამ თვიან ვადაში მოუვიდა გაფრთხილება აღნიშნულთან დაკავშირებით, სწორედ ამის გამო არ გაიცა მასზე სადაზღვევო თანხა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 16 მარტს და მოსარჩელემ პრემიაც ამავე თარიღით შეიტანა. მ----------–---–ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2016 წლის 27 ივნისს, მას 2016 წლის 23 მაისს მოუვიდა წერილობითი გაფრთხილება სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცდის პერიოდი დაიწყო სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლიდან და გაგრძელდა 3 თვე - 2016 წლის 16 ივნისამდე.

 

სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის უნდა არსებობდეს ნდობა და ხელშეკერულება უნდა სრულდებოდეს კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენებით, რაც ნიშნავს, რომ აღიშნული პირინციპების საწინააღმდეგო შეთანხმება არ უნდა მოხდეს, რამაც შესაძლოა ზიანი მოუტანოს მეორე მხარეს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში სამთვიანი პერიოდის დაწესებით, რა დროსაც დაწყებული თუ დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგებოდა და ასეთი ხელოვნური ვადების დაწესებით ახდენდა მზღვეველი ვალდებულების შესრულების თავიდან აცილებას. ამდენად, სადაზღვევო შემთხვევის წარმოშობისათვის მზღვეველის მიერ გარკვეული დროის მონაკვეთის დაწესებით, ხდებოდა სადაზღვევო თანხის გაცემის ხელოვნურად გამორიცხვა.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შრომის კოდექსის დანაწესიდან გამომდინარე დამსაქმებელი ვალდებული იყო დასაქმებული თვეებით ადრე გაეფრთხილებინა სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, შესაბამისად, იძულებითი უმუშევრობის დაზღვევა ხშირ შემთხვევაში შესაძლოა არც კი ანაზღაურებულიყო სადაზღვევო კომპანიის მიერ, რითაც კომპანია თანხის გაცემაზე ხელოვნურად აწესებდა შეზღუდვებს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ კანონის დაცვა და დასაქმებულის უფლებების დაცვა იმ კუთხით, რომ წინასწარ მოეხდინა გათავისუფლების თაობაზე შეტყობინება, გამორიცხავდა სადაზღვევო კომპანიის მიერ იძულებითი უმუშევრობის ანაზღაურებას, რაც ეწინააღმდეგებოდა კეთილსინდისიერების პრინციპებს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სადაზღვევო თანხის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილებულიყო. ხოლო რაც შეეხება ასანაზღაურებელ თანხას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით სხვა პირობებთან ერთად ასევე განისაზღვრა ფრაშიზაც, რაც შეადგენდა „ყოველთვიური ლიმიტის 10%“-ს, შესაბამისად, აღნიშნული თანხა უნდა გამოკლებოდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ სადაზღვევო ანაზღაურებას. საბოლოოდ კი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სადაზღვევო ანაზღაურება 3240 ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1. მუხლი, ამასთან, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1. მუხლი. აპელანტმა აღნიშნა, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში დაზღვევის პირობები, შეთანხმებული იყო ხელშემკვრელ მხარეთა მიერ.

 

აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული 2016 წლის 16 მარტის დაზღვევის ხელშეკრულებისა და შესაბამისი დაზღვევის პირობების შესაბამისად, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრული იყო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარებისა და გამონაკლისების საკითხები. სხვა გამონაკლისებთან ერთად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემთხვევა, რომელიც არ დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას, კერძოდ, იძულებითი უმუშევრობა დამდგარი დაზღვევის ხელშეკრულებით დაფარული რისკით, რომელიც არამხოლოდ დადგა, არამედ დაიწყო პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის (სამი თვე) გასვლამდე (მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ).

 

აპელანტმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მ----------–---–ს 2016 წლის 27 მაისს (2016 წლის 23 მაისის გაფრთხილება), ანუ მოცდის პერიოდის განმავლობაში ეცნობა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რაც შემდგომში კიდევაც განხორციელდა 2016 წლის 24 ივნისის ბრძანებით ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების საფუძვლებით, და შესაბამისად, რისკი დაიწყო პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის განმავლობაში, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებათა საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაადგინა რა კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევის ფაქტი, დააკმაყოფილა სარჩელი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (მოცემული განჩინების 2.1 – 2.7 პუნქტები), რასაც არც აპელანტი ხდის სადავოდ, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.2. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების საგამონაკლისო გარემოების (9.14) გამოყენების მართებულობა.

 

ს----------------------- აპელირებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დაუსაბუთებლობაზე. კერძოდ, აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1. მუხლი და არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 319.1. მუხლი, რასაც სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია)). აღნიშნული ნორმა აღმჭრველი ხასიათისაა, რომლის დანაწესი დამზღვევს აძლევს ზიანის ანაზღაურების მიღების/მოთხოვნის უფლებას, ხოლო მზღვეველს სადაზღვევო პრემიიის მიღების/მოთხოვნის უფლებას. იმავდროულად, მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში.

 

პრაქტიკაში პრობლემატურია საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საგამონაკლისო გარემოებებებთან, რაც გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. როგორც წესი, მზღვეველები მოთხოვნის გამომრიცხავ საგამონაკლისო დებულებებს დამზღვევს სათანადოდ არ განუმარტავენ, რაც შემდგომში ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი ხდება.

 

დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი და სპეციალური წესები. კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია ორი ურთიერთმფარავი ნების - ოფერტისა და აქცეპტის, გამოვლენა; დაზღვევის ხელშეკრულების შინაარსის შესატყვისობა საჯარო წესრიგთან და სხვა. ამასთანავე, დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს ე.წ. სპეციალური წესები, რომლებიც სადაზღვევო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა და განვითარდა იურიდიული დოქტრინების სახით. კერძოდ, დამზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას მნიშვნელოვანია დამზღვევის სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინება. ამ თვალსაზრისით, სადაზღვევო პრაქტიკა ერთმანეთისგან მიჯნავს კომერციულ დაზღვევას (Commercial insurance) და მომხმარებელთან დადებული კონტრაქტს (Adhesion Contract). განსხვავებული სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, ისინი სხავადასხვა ტიპის სამართლებრივი მოწესრიგების საგნებს წარმოადგენენ. არაგონივრულია ერთგვაროვანი მიდგომა იყოს ორ განსხვავებულ შემთხვევაში, როდესაც: ერთი მხრივ, დამზღვევს წარმოადგენს მეწარმე და, მეორე მხრივ, „გამოუცდელი“ მომხმარებელი. პირველ შემთხვევაში მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით მიიღწევა ხელშეკრულების პირობების დეტალური განსაზღვრა. არამეწარმე დამზღვევისთვის კი უმთავრესად გამოიყენება სტანდარტული ხელშეკრულებები, რომელთა შინაარსის ზუსტი აღქმაც მომხმარებლისთვის ხშირად პრობლემურია. ამიტომაც, გაუმართლებელია არამეწარმე დამზღვევის მიჩნევა ინფორმირებულ და საკუთარი ინტერესის დაცვის უნარის მქონე კონტრაჰენტად.

 

ამდენად, მეწარმე დამზღვევთან დადებული დაზღვევის ხელშკრულების საფუძველზე წარმოშობილი დავის განხილვისას გამოირიცხება მომხმარებელთა დაცვის მიზნით დადგენილი წესების გამოყენებადა, პირიქით, მომხმარებელზე ვერ გავრცელდება მეწარმე კონტრაჰენტის მიმართ დადგენილი წესები, რადგან ს------------------------ წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს და სადაზღვევო საქმიანობა მისი საქმიანობის ერთადერთი სფეროა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას მოქმედებს სპეციალური პრინციპი - contra proferentem, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების ბუნდოვანი და ორაზროვანი დებულებები განიმარტება მისი შემდგენის საწინააღმდეგოდ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიმძიმე აწევს მზღვეველს, რადგან სწორედ ის ადგენენ ე.წ. „სტანდარტული ხელშეკრულების” პირობებს და, შესაბამისად, ვალდებულია განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდონ ამ პირობების გარკვევით ჩამოყალიბებას. კერძოდ, დაზღვევის გამონაკლისი პირობების თვალსაჩინობისათვის, შესაძლებელია მათი განსხვავებული შრიფტით ან უფრო მუქი ნაბეჭდით გამოკვეთა.

 

მოცემულ შემთხვევაში დამზღვევი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს არ განუმარტავს და არ მიუწოდებია არანაირი ინფორმაცია სადაზღვევო გამონაკლისებთან და კერძოდ ხელშეკრულების 9.14 მუხლთან დაკავშირებით. ეს დებულება არც ხელშეკრულებაში რაიმე სახით განსხვავებულად გამოკვეთილი არ ყოფილა.

 

დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კეთილსინდისიერების პრინციპი. დაზღვევის ხელშეკრულებას ტრადიციულად მიაკუთვნებდნენ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებულ ხელშეკრულებათა რიცხვს. კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელობა დაზღვევის ხელშეკრულებაში ხშირად დამზღვევის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებამდე დაიყვანება, რაც გარკვეული წინაპირობების არსებობამ განაპირობა. სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების საწყის ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა დამზღვევის მხრიდან უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას მიენიჭა, რამდენადაც ეს აუცილებელია თავად სადაზღვევო საქმიანობის განვითარებისათვის. თუმცაღა, კეთილსინდისიერების პრინციპი ბევრად უფრო ფართო და ყოვლისმომცველია და მისი მნიშვნელობა და ზღვევის ხელშეკრულებაში მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებით არ ამოიწურება. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარა უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მე-9 მუხლი განსაზღვრავს საგამონაკლისო შემთხვევებს, რა დროსაც იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, ხოლო 9.14 მუხლი განმარტავს, რომ, თუ: უმუშევრობა დამდგარია ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლში წარმოდგენილი დაფარული რისკით ან რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის (3 თვე) გასვლამდე, მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ.

 

დადგენილია, რომ მ----------–---–მა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შემდეგ მიმართა ს-----------------------ს სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც 2016 წლის 08 სექტემბერს მიიღო წერილობითი უარი. ს-----------------------მ მოთხოვის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ 7.1. მუხლით გამოწვეული იძულებითი უმუშევრობა დადგა მოცდის პერიოდის შემდეგ, იგი დაიწყო მოცდის პერიოდის გასვლამდე (9.14 მუხლი), რა შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემოდა.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ხელშეკრულების 9.14 პუნქტი ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და ამ მიმართებით, მართებულად გამახვილდა ყურადღება შრომის კოდექსის დანაწესზე (შკ-ის 38.1 მუხლი), რომლის თანახმადაც დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული არანაკლებ 30 დღით ადრე გააფრთხილოს მუშაკი სამსახურიდან მისი დათხოვნის თაობაზე, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოცდის პერიოდის 3 თვეს დამატებული მინიმუმ ერთი თვე, ანუ სულ ცოტა 4 თვე დამზღვევი ვერ მიიღებს იძულებითი უმუშევრობის ანაზღურებას. იმის გათვალისწინებით, რომ დაზღვევის პერიოდი შეადგენს 12 თვეს და აქედან მინიმუმ 4 თვე დამზღვევი ვერ მიიღებს უმუშევრობის დაზღვევის ანაზღაურებას, აღნიშნული წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან სწორედ კეთილსინდისიერების სტანდარტის დარღვევას, რადგან აღნიშნული პირობა შეუსაბამოდ ზღუდავს უმუშევრად დარჩენილი პირის უფლებას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, მაშინ როდესაც, დაზღვევის მთავარ მიზანს წარმოადგენს პირის იძულებითი უმუშევრობისაგან დაცვა.

 

შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ კანონისა და დასაქმებულის უფლებების დაცვა იმ კუთხით, რომ წინასწარ და დროულად მოახდინა გათავისუფლების თაობაზე შეტყობინება, სულ ცოტა ოთხი თვის მანძილზე გამორიცხავდა სადაზღვევო კომპანიის მიერ იძულებითი უმუშევრობის ანაზღაურებას. ამდენად, შემთავაზებლის მიერ სადავო ნორმის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოყენება ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპებს და ვერ გახდება მოპასუხის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

4.3. სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

 

იმისათვის, რომ სტანდარტულმა პირობამ მოაწესრიგოს მხარეთა შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობები, აუცილებელია, პირობების შემთავაზებელმა მეორე მხარისათვის უზრუნველყოს ამ პირობების გაცნობის შესაძლებლობა. სტანდარტული პირობების ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად გადაქცევისათვის აუცილებელი მოთხოვნები ჩამოყალიბებულია სსკ-ის 343-ე მუხლში, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა: (ა) შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და (ბ) ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები. მოცემულ შემთხვევაში კი, არ დასტურდება დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე საგამონაკლისო შემთხვევების სათანადოდ განმარტება და გაცნობა.

 

ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შემთავაზებელი (მზღვეველი) სთავაზობს მეორე მხარეს (დაზღვეულს). სამოქალაქო კოდექსით მაქსიმალურად დაცულია მეორე მხარის – ფიზიკური პირის, როგორც მომხმარებლის უფლებები ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შეთავაზებისას (342-348-ე მუხლები). შემთავაზებელი ვალდებულია, რომ ეს უფლება გამოიყენოს კეთილსინდისიერად. მეორე მხარემ ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რა სტანდარტულ პირობას თანხმდება კონკრეტული ხელშეკრულების დადებისას. სწორედ ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლი იცავს ხელშეკრულების მხარეს, და ადგენს, რომ თუკი სტანდარტული პირობა ბუნდოვანია, იგი უნდა განიმარტოს მეორე მხარის სასარგებლოდ. სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლი კი, ითვალისწინებს ნდობის და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო სტანდარტული პირობის ბათილობას. შემთავაზებლის მიერ ამ ნორმის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოყენება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების პრინციპს (სამოქალაქო კოდექსის მე-8, 346-ე მუხლები).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ იქნა გადახდილი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი