განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002258411
საქმე №1/ბ-743-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ო---------------–---–ის,მსჯავრდებულ: ი-----–---------–---–ის,ადვოკატ: გ------------------------ის
მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ბარბარა ჩხეიძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–----–----------------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1-----–-–----------------–ს, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო-სპეციალური განათლების მქონის, ნასამართლობის არ მქონის, მცხოვრების: ქ-------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 9 აგვისტოს და 2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდები).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენით ი-----–---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 9 აგვისტოს და 2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 09 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი-----–---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
ი-----–---------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი (2016 წლის 9 აგვისტოს და 2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდები); მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 09 აგვისტოს, შუადღის საათებში, კასპის რაიონის სოფელ ცხავერში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–---------–---–მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მეუღლეს - ლ--–----------–--ეს მუშტი ერთხელ დაარტყა მარჯვენა ხელის მტევანზე, რის შედეგადაც ლ--–----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 18 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ-----------------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–---------–---–მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მეუღლეს - ლ--–----------–--ეს ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ლ--–----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2017 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, ქ-----–------------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–---------–---–მა, არასრულწლოვანი შვილების: ს--------------------------------------–---–--ის თანდასწრებით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მეუღლეს -ლ--–----------–--ეს ხელი ერთხელ დაარტყა შუბლის არეში, რის შედეგადაც ლ--–----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ბ---------------მ, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი აშკარად ლმობიერია. ი-----–---------–---–მა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. იგი არის ალკოჰოლური სასმელების ხშირი მომხმარებელი, რის გამოც მეუღლის მიმართ ხდება აგრესიული და სისტემატურად აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც აგრეთვე საფრთხეს უქმნის მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ი-----–---------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ი-----–---------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა დაკითხვის და გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, ამოღებული სამედიცინო დოკუმენტაციით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი სეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ი-----–---------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებათა გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ ი-----–---------–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ინანიებს ჩადენილს, ამიტომ მისთვის, პირობითი მსჯავრის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტეს ი-----–---------–---–ი ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სასჯელს იხდიდა საპატიმრო დაწესებულებაში.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ბარბარა ჩხეიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი-----–---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 9 აგვისტოს და 2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 09 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი-----–---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ი-----–---------–---–ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ი-----–---------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ი-----–---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 18 ნოემბრიდან 2018 წლის 19 მარტის ჩათვლით.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მინისა და საფერფლის ნამსხვრევები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
ფარდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი