განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2018
საქმის ნომერი
330210117002100679
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002100679

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1923-18 16 ივლისი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე

სხდომის მდივანი – გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი – ლ---------–---–-

 

წარმომადგენელი – მ---------------

 

მოწინააღმდეგე მხარე – მ---------------–---–-

 

წარმომადგენელი – დ-----------–-–---–-

 

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

სასარჩელო მოთხოვნა

 

1. მოპასუხე ლ----------–---–-სათვის, მოსარჩელე მ----------------–ვილის სასარგებლოდ, 4000 ევროს გადახდის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით მ---------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ლ---------–--ლს მოსარჩელე მ---------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 4000 ევროს გადახდა; მოპასუხე ლ---------–---–-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე მუხლების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის საფუძველზე.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ---------–--ლმა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

5. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ 2700 ევროს ნაწილში აღიარა ვალდებულების არსებობა და დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის ახსნა-განმარტება, რომ 1300 ევროს ნაწილში მის მიერ ვალდებულება შესრულებუილია.

 

6. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოპასუხის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტის არის მარტოხელა დედა და მას არანაირი საშუალება არ გააჩნია, რომ ვალი ერთჯერადად სრულად გადაიხადოს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

10. დადგენილია, მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 15 ოქტომბერს მ---------------–ვილს და ლ---------–--ლს შორის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მ----------------–ვილმა ლ----------–---–- სესხის სახით გადასცა 4000 ევრო.

 

11. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ სესხის თანხის გარკვეული ნაწილი - 1300 ევროს ოდენობით მას დაფარული აქვს და მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს - 2700 ევროს.

 

12. პალატა განმარტავს, რომ გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მსესხებელს ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი) კი მსესხებელს აკისრია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-965-926-2014).

 

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

14. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა სადავო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ვალდებულების შესრულების თაობაზე მოპასუხის მტკიცების საფუძვლიანობას გამორიცხავს.

 

15. სააპელაციო პალატას, ასევე, დაუსაბუთებლად მიაჩნია აპელანტის პრეტენზია გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებასთან დაკავშირებით.

 

16. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის გახანგრძლივებისა და გარკვეული ვადით გადადების საპროცესო მექანიზმს ითვალისწინებს სსსკ-ის 263-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

 

17. მითითებული ნორმა სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, გარკვეული დროით გაახანგრძლივოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე მიუთითებს ამგვარი მექანიზმის გამოყენების ობიექტურ საჭიროებაზე და სარწმუნოდ დაასაბუთებს თავის პოზიციას. კანონის ამგვარი დანაწესი განპირობებულია სასამართლოს მხრიდან ორივე მხარის ინტერესთა დაცვისას გონივრული და სამართლიანი ბალანსის არსებობის აუცილებლობით, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, შეძლებისდაგვარად, უნდა მოერგოს მოვალის ობიექტურ ინტერესებსაც, თუ ეს უკანასკნელი დაადასტურებს, რომ აღსრულების დაყოვნება ან განაწილვადება გამოწვეულია საპატიო გარემოებებით, რომელთა კონკრეტული საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ აღმოფხვრა ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს მისი მხრიდან გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას.

 

18. ზემოთ მითითებული ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა ვალდებულების ხასიათი, მისი შეუსრულებლობის ვადა, ოდენობა და მიზეზები, რამაც გამოიწვია ნაკისრი მოვალეობების შეუსრულებლობა. ამავდროულად, სასამართლო აფასებს, რა შედეგის მომტანია საშეღავათო მექანიზმების გამოყენება კრედიტორისათვის.

 

19. განსახილველ შემთხვევაში აღსასრულებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ მოვალეს დააკისრა კრედიტორის სასარგებლოდ ფინანსური ვალდებულების შესრულება 4000 ევროს შესაბამისი ლარის ოდენობით, რაც უნდა განხორციელდეს უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის გზით.

 

20. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ვერ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კანონით დადგენილი საშეღავათო პირობების გამოყენებას. მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები, რაც პალატას დაარწმუნებდა იმაში, რომ აღსრულების განაწილვადებას პერსპექტივა გააჩნია და რომ მოპასუხე უნარიანია (მისი განმარტებით იგი უმუშევარია) გადაიხადოს ყოველთვიურად დაახლოებით 900 ლარი (4000 ევრო /12 თვეზე = 333 ევრო = დაახლოებით 900 ლარი). აღსრულების განაწილვადების უპერსპექტივობის რწმენას სსამართლოს უმტკიცებს ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ 2700 ევროს ნაწილში სარჩელი თავიდანვე აღიარა და მიუხედავად ამისა, არც ერთი თეთრი გადაუხდია მოსარჩელისათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცული უნდა იქნეს მოსარჩელის კანონიერი უფლება - აღსრულების გზით, შემდგომი დაყოვნების გარეშე, მიიღოს ის ქონებრივი სიკეთე, რაც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეკუთვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების განაწილვადების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.

 

საპროცესო ხარჯები

 

22. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ---------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე