განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3526-16 01 მაისი, 2018 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - მ------ კ-------ძე
წარმომადგენელი - დ----- გი------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე- შპს ,,რ---“
წარმომადგენელი - ც---- მ----------, ზ---- გ-----–-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,რ---ს” სარჩელი დაკმაყოფილდა;
მ------ კ-------ძეს შპს ,,რ---ს” სასარგებლოდ დაეკისრა 16 808 (თექვსმეტი ათას რვაას რვა) ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2012 წელს, სხვადასხვა დროს, შპს ,,რ---სა” და მ------ კ-------ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე გასცემდა, ხოლო მოპასუხე იღებდა გ----------–-------ს.
აღნიშნულ გარემოებას სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქმის მასალებში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, ასევე შესაგებლის საფუძველზე.
2.2. დადგენილია, რომ მოპასუხეს ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა საქონლის მიღებიდან სამი თვის ვადაში.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ კ-------ძეს შპს ,,რ---სთვის" არ აუნაზღაურებია შეძენილი თ----ის საფასური 16 808 ლარი.
(სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია, მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების შესახებ დავისას, მოვალეს აკისრია მტკიცების ტვირთი და ვალის გადახდის დადასტურება სათანადო საბუთით უნდა მოხდეს, იგი უფლებამოსილია კრედიტორისაგან მოითხოვოს შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. მსგავსად წესრიგდება ვალის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტის - სავალო საბუთის კრედიტორისაგან გამოთხოვის საკითხიც. ვალდებულება შესრულებულად და შესაბამისად შეწყვეტილად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ სავალო საბუთი მოვალის მფლობელობაშია.
სსს კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მ------ კ-------ძემ სასამართლოს ვერ წარუდგინა კანონით განსაზღვრული ვალდებულების (თანხის გადახდის) დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც მოპასუხის ახსნა-განმარტება ვალდებულების შესრულების თაობაზე, სასამართლომ არ გაიზიარა;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
აღნიშნული ნორმის ანალიზით, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით დაიდო, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება (სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები)’’.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ შპს ,,რ---მ” მ------ კ-------ძეს გადასცა 16 808 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის საფასური მ------ კ-------ძემ არ აანაზღაურა.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და მ------ კ-------ძეს შპს "რ---ს" სასარგებლოდ დააკისრა 16 808 ლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მას შპს ,,რ---სთვის“ არ აუნაზღაურებია გადაცემული პროდუქციის საფასური. მ------ კ-------ძე განმარტავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ შპს ,,რ---სთვის“ განკუთვნილი სადავო თანხა მან გადასცა დისტრიბუტორს მ-------–------ს, რომელიც უფლებამოსილი იყო აღნიშნული თანხის მიღებაზე და ამ თანხის შპს ,,რ---სთვის“ გადაცემაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების მიმართ მ------ კ-------ძის არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
პალატა ყურადღება მიაქცევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ 2012 წელს სხვადასხვა დროს შპს ,,რ----” და მ------ კ-------ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე გასცემდა, ხოლო მოპასუხე იღებდა გ----------–-------ს.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, რომლის მიხედვით, მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების სამართალურთერთობის მხარეებს წარმოადგენდნენ მ------ კ-------ძე და შპს ,,რ---“, ხოლო აპელანტის მიერ დასახელებული პირი - მ-------–------, აღნიშნული ხელშეკრულების კონტრაჰენტი და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი არ ყოფილა; ამდენად, უდავოა, რომ თანხის ანაზღაურების სამოქალაქო პასუხისმგებლობა ხელშეკრულების მხარეს - მ----- კ-------ძეს ეკისრება.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ------ კ-------ძეს, მხარეებს შორის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელისაგან მიღებული პროდუქციის ღირებულების შესაბამისი თანხა გამყიდველისათვის არ გადაუცია; საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება - გადაცემული პროდუქციის საფასური, გადასცა უფლებამოსილ პირს; აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2. პუნქტის მიხედვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება არასწორია, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება მ-------–------ს მონაწილეობა შპს ,,რ---ს“ და მ------ კ-------ძეს შორის არსებულ სამართალურთიერთობაში (ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარის მიერ დასახელებული პირისათვის თანხის გადაცემის თაობაზე მტკიცებულება, წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო აპელანტის შუამდგომლობა, სააპელაციო სასამართლში წარმოდგენილი 2016 წლის 12 ივლისის ხელწერილის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე, სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 მაისის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს და შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ კუაპატძის სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
=
თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/
/გოგიტა თოთოსაშვილი/