განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001769177
N2ბ/7274-2017
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - შ------------------------------- (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა---------–----------
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,ა---–------–---’’, ფ--------------- (მოპასუხეები)
წარმომადგენელი - ბ----------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ა---–------–---სა“ და ფ---------------ს სარჩელი მოპასუხე შპს „ა---------------- ჯ----ს“ მიმართ - ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა სრულად. შპს „ა---------------- ჯ----ს“ მოსარჩელე ფ---------------ს სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის 6022 (ექვსი ათას ოცდაორი) ლარის ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება, უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. შპს ,,ა---–-----–--სა“ და შპს ა---------------- ,,ჯ----ს“ შორის 2016 წლის 02 სექტემბერს დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, შპს „ა---------------- ჯ----ს“ მ--------–-დან თ---–--–- უნდა გადაეზიდა ფ---------------ს საკუთრებაში არსებული ავტომობილი, მარკა, მოდელი: M------------ G-----; გამოშვების წელი - 2---, სახ. ნომრით F------. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ შპს ,,ა---–-------–--მა“ შპს ა---------------- ,,ჯ----ს“ გადაუხადა 400 ლარი (იხ. ს/ფ 14, 15 -17, ტ.1);
2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 10 ნოემბრის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დაზიანებული ავტომობილის M------------ G------, სახ.ნომრით F------, აღდგენითი სამუშაოების ღირებულება არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ განისაზღვრა 6022 ლარით (ს/ფ 18-24, ტ.1);
2.3. შპს „ა------------------“ საკუთრებაშია ა/მანქანები, რომელთა სახელმწიფო ნომერებია F------, N------, Q------, F------, ხოლო შპს „ა----------------- ჯ----ს“ საკუთრებაში კი - F------, G------, A--------, A--------, A--------, A--------, R--------, G------, F------, M--------, D--------, Q------, C--------, J--------, J--------, J--------, K------, V------- A--------, Z------ (ს/ფ 50-73, ტ.1);
2.4. საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2017 წლის 22 თებერვლის N------ წერილის თანახმად, 2016 წლის 03 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე ხ---------–-- რ------- ს------–--------–-, თ---–------------–----–---- საავტომობილო გზის 1---- კმ-ზე, თბილისის მიმართულებით მოძრაობისას, მძღოლმა გ-----------------მ ვერ უზრუნველყო „მ-------------–ი“-ს მოდელის, სახ.ნომრით M------ ავტომობილის უსაფრთხო მართვა და მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მიღებული დაზიანებების გამო გ----------------- შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ა/მანქანა „მ-------------–“-ი სახ. ნომრით M------, წარმოადგენდა მ----------–--–------- საკუთრებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება შეწყდა 2016 წლის 22 ნოემბერს (ს/ფ 77, ტ.1);
2.5. შპს „ა---------------- ჯ----ს“ მიერ შპს „ა---–-----–--ზე“ 2016 წლის 06 სექტემბერს გადაირიცხა ამ უკანასკნელის მიერ ა/მანქანის გადაზიდვისთვის გადახდილი თანხა 400 ლარის ოდენობით(იხ. ს/ფ78, ტ.1);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე, 677-ე, 686-ე, 693-ე მუხლებზე და განმარტა, რომ შპს ,,ა---–-----–--სა“ და შპს „ა---------------- ჯ----ს“ შორის არსებული შეთანხმების თანახმად, შპს „ა---------------- ჯ----ს“ მ--------–-დან თ---–--–- უნდა გადაეზიდა მოსარჩელე ფ---------------ს კუთვნილი ავტომანქანა. დადგენილი იყო ასევე, რომ მოსარჩელე ფ---------------ს კუთვნილი ავტომობილი დაზიანდა 2016 წლის 03 სექტემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის თანახმად, ზიანი განისაზღვრა 6022 ლარის ოდენობით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2016 წლის 02 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო გადაზიდვის ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილ ინვოისს (ს/ფ 14) ხელს აწერს მხოლოდ მოპასუხე მხარე, თუმცა ფაქტია, რომ ინვოისის ელექტრონული ფორმით გადაგზავნის შემდეგ, რაც სადავო არ არის, იმავე დღეს შპს „ა---–--------–--ის“ მიერ განხორციელდა მომსახურების თანხის ჩარიცხვა მოპასუხის ანგარიშზე, ამასთან, ინვოსის ერთი პირი თავად მოსარჩელე მხარის მიერ იქნა წარმოდგენილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ა---–------–--მა“ თავისი მოქმედებით დაადასტურა მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა. ის გარემოება, რომ ინვოისის გამოწერა წინ უსწრებდა თანხის ჩარიცხვას, დასტურდება საგადასახადო დავალება N---- (ს.ფ.15), სადაც გრაფაში „გადახდის დანიშნულება“ მითითებული იყო „თანახმად ინვოისისა N01, 02.09.2016 ევაკუატორით მანქანის გადაზიდვა“.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ მითითებული დროიდან მხარეები უკვე იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სადავო გარემოებას წარმოადგენდა, თუ რა დრო გრძელდებოდა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა.
მოპასუხის ახსნა-განმარტების თანახმად, მოსარჩელის მიერ თანხის გადარიცხვის შემდეგ იმავე დღის საღამოს დამკვეთისგან მიიღო შეტყობინება, რომ აღარ სურდა ა/მანქანის გადმოყვანა, ვინაიდან გადაზიდვას თავისივე ძალებით განახორციელებდა, რის შემდეგაც მოპასუხეს აღარ გაუგზავნია ა/მანქანა მ--------–ში და შესაბამისად, არც ა/მანქანის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულა მხარეთა შორის.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე იყო, რომელსაც სასამართლოსთვის, გარდა თავისივე ახსნა - განმარტებისა, რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხოლოდ მხარის ახსნა - განმარტება კი, როდესაც მას უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე, მითითებული სადავო გარემოების დასადასტურებლად საკმარისი არ არის. მითუფრო მაშინ, როდესაც, საქმეზე წარმოდგენილია 2016 წლის 06 სექტემბრის საგადასახადო დავალება N---- (ს/ფ 78), რომლითაც მოპასუხემ შპს „ა---–-----–--ს“ მხოლოდ 2016 წლის 06 სექტემბრს დაუბრუნა 400 ლარი და არა მეორე დღეს, როგორც ამას მოპასუხე მხარე ამტკიცებს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 02 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება გაგრძელდა 2016 წლის 06 სექტემბრამდე.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 03 სექტემბერს, ღამის საათებში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც მოპასუხის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა არ ახორციელებდა ფ---------------ს საკუთრებაში არსებულ ა/მანქანის გადაზიდვას, სასამართლომ მიიჩნია შემდეგი:
საქმეზე წარმოდგენილი სარეგისტრაციო მოწმობების ასლებით, მოწინააღმდეგე მხარე ადასტურებდა, რომ თავის საქმიანობას ის ახორციელებდა მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული ა/მანქანებით, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ სარეგისტრაციო მოწმობების ასლები აღნიშნულ სადავო გარემოებას არ ადასტურებდა. სასამართლომ მოსაზრებით, მხარეს უნდა წარმოედგინა შესაბამისი უწყებიდან ისეთი სახის მტკიცებულება, სადაც ამომწურავად იქნებოდა მითითებული თუ კონკრეტულად რომელი ა/მანქანებით ახორციელებდა საქმიანობას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის არასრულყოფილ შინაარსზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ შპს „ა---------------- ჯ----ს“ საკუთრებაში არსებული ა/მანქანებთან ერთად მოწოდებული იყო ინფორმაცია შპს „ა---------------ის“ საკუთრებაში არსებული ა/მანქანების თაობაზე, კერძოდ, ა/მანქანები სახელმწიფო ნომრით - F------, N------, Q------, F------ სარეგისტრაცი მოწმობის მიხედვით იყო არა მოპასუხის, არამედ სხვა პირის - შპს „ა---------------ის“ საკუთრებაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იგი არ იმყოფებოდა შპს „ა---–-----–--თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ გ----------------- მართავდა იმ ა/მანქანას, რომელიც ახორციელებდა გადაზიდვას ფ---------------ს საკუთრებაში არსებულ ა/მანქანას, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, თუ როგორ და რის საფუძველზე აღმოჩნდა მოპასუხის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი ტვირთი გ-----------------ს ა/მანქანაზე, გადატანილი იყო თავად მოპასუხე მხარეზე, როგორც გადამზიდველზე, რომელმაც აღნიშნული გარემოება ვერ დაადასტურა.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი, სადავოდ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება და სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
რაც შეეხება მოსარჩელეებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხევაში ვინაიდან მოპასუხის ქმედების შედეგად დაზიანდა ფ---------------ს საკუთრებაში არსებული ა/მანქანა, ამ უკანასკნელს უფლება ჰქონდა აღეძრა სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მართალია 2016 წლის 02 სექტემბრის ხელშეკრულება დადებული იყო შპს „ა---–------–--სა“ და შპს „ა---------------- ჯ----ს“ შორის, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება სწორედ მესამე პირის - ფ----------------- სასარგებლოდ იყო დადებული, ისევე როგორც სასამართლოს თუ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ორივე მათგანი იყო უფლებამოსილი პირი წარმოედგინა სასამართლოს წინაშე სარჩელი, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე შპს „ა---------------- ჯ----ს“, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი მოცემულ საქმეზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, 2016 წლის 02 სექტემბერს, მხარეთა შორის გადაზიდვის ხელშეკრულების დადების ფაქტი.
აპელანტის განმარტაბით, პირველი ინსტანციის სასამართლოში, იგი აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ ინვოისს ხელს აწერდა მხოლოდ მოპასუხე მხარე, მასზე, არ იყო დაფიქსირებული მოსარჩელე მხარის ხელმოწერა, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა არ ახორციელებდა ფ---------------ს საკუთრებაში არსებული ა/მანქანის გადაზიდვას.
აპელანტმა აღნიშნა, რომ შპს ,,ა---–------–---ს” წარმომადგენელი დაუკავშირდა მოპასუხე კომპანიას და სთხოვა მოეხდინა ავტომანქანის ტრანსპორტირება მ--------–-დან თ---–--–-. აღნიშნული დავალების შესასრულებლად შემკვეთმა გადაიხადა შეთანხმებული თანხა, თუმცა ის არ დაელოდა შემსრულებლის ჩასვლას ადგილზე. მის მიერ მოძიებული იქნა სხვა გადმომზიდავი, რომელსაც მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც გარდაიცვალა ავტომანქანის მძღოლი და დაზიანდა ფ---------------ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანა.
საქმის მასალებით ავტომანქანა წარმადგენდა მ----------–--–------- საკუთრებას, რომელსაც მართავდა მძღოლი გ-----------------. საქმეში წარმოდგენილია გადამზიდველი კომპანიის ყველა ის მანქანა, რომლითაც მოპასუხე მხარის მიერ ხორციელდებოდა მსუბუქი ავტომანქანების გადაზიდვა. აპელანტის მითითებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (მოცემული განჩნების 2.1-2.5 პუნქტები), მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.2. მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება.
აპელანტი სადაოდ ხდის: ა) მხარეთა შორის გადაზიდვის ხელშეკრულების არსებობას, იმ საფუძვლით, რომ გადაზიდვისათვის მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის შემდეგ, გადაზიდვის დაწყებამდე, მოსარჩელემ უარი თქვა ხელშეკრულებაზე, იმ მოტივით, რომ თვითონ უზრუნველყოფდა ა/მანქანის გადმოზიდავას, რის გამოც მოპასუხეს აღარ გაგზავნია ევაკუატორი მ--------–ში და შესაბამისად, არც ა/მანქანის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა მხარეთა შორის; ბ) იმ გარემოებას, რომ ფ---------------ს საკუთრებაში არსებული ა/მანქანის გადაზიდვას ახორციელებდა შპს ,,ა---------------- ჯ----“-ს საკუთრებაში არსებული ა/მანქანა.
4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 672-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულება ფორმდება ზედნადების (ან სხვა დოკუმენტის) სახით. ზედნადების არარსებობის, მისი ხარვეზის ან დაკარგვის მიუხედავად, გადაზიდვის ხელშეკრულების შინაარსი და ნამდვილობა განისაზღვრება ამ თავის ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 677-ე მუხლის თანახმად, 1. საპირისპიროს დამტკიცებამდე ზედნადები (კონოსამენტი ან გადაზიდვებში მიღებული სხვა ფორმები) არის მტკიცებულება იმისა, რომ დადებულია გადაზიდვის ხელშეკრულება, განსაზღვრულია მისი შინაარსი და ტვირთი გადამზიდველს მიღებული აქვს. 2. თუ ზედნადებში არ არის აღნიშნული გადაზიდვის პირობები, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებისას ტვირთი და მისი შეფუთვა გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო და რომ ტვირთის ცალობრივი რაოდენობა, მისი აღნიშვნები და ნომრები ემთხვევა ზედნადებში ჩაწერილ მონაცემებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 673.1. მუხლის თანახმად, ზედნადები დგება სამ ცალად, რომელთაც ხელს აწერენ გამგზავნი და გადამზიდველი. პირველი პირი რჩება გამგზავნს, მეორე თან ერთვის ტვირთს, მესამეს კი იტოვებს გადამზიდველი.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,ა---–------–--სა“ და შპს „ა---------------- ჯ----ს“ შორის 2016 წლის 02 სექტემბერს დაიდო შეთანხმება გადაზიდვის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, შპს „ა---------------- ჯ----ს“ მ--------–-დან თ---–--–- უნდა გადაეზიდა ფ---------------ს კუთვნილი ავტომანქანა. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელე ფ---------------ს კუთვნილი ავტომობილი დაზიანდა 2016 წლის 03 სექტემბერს მ--------–-დან თ---–--–- გადაზიდვისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.
4.4. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარბს შპს „ა---------------- ჯ----ს“ აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 02 სექტემბერს, დამკვეთის მიერ მასზე უარის თქმის გამო, რის თაობაზე გადამზიდავმა შეტყობინება მიიღო სატელეფონო კავშირით.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო სსკ-ის 103.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის შეთანხმების (გადაზიდვის ხელშეკრულების) არსებობის პირობებში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ შემდგომ (02.09.2016წ), დამკვეთის ინიციატივით სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა, ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ამ გარემოებაზე აპელირებს, ანუ გადამზიდავ კომპანიას, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ დაადასტურა სადავო გარემოების არსებობა. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით ამ გარემოების დადასტურება საკმარისი არ არის, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე. სხვა მტკიცებულება კი, აპელანტს არ წარმოუდგენია. ამასთან, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აპელანტმა დამკვეთს თანხა დაუბრუნა 2016 წლის 06 სექტემბრის N---- საგადასახადო დავალებით, ანუ მე-4 დღეს და არა მეორე დღეს, როგორც ამას აპელანტი ამტკიცებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებზე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დამკვეთის ინიციატივით იმავე დღეს არ გაუქმებულა და რომ გრძელდებოდა ტვირთის თ---–--–- ჩამოტანამდე.
აპელანტის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების გაუქმება მოხდა დამკვეთის სატელეფონო ზარის მეშვეობით, პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში აპელანტს შეეძლო წარმოედგინა ამ შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, რაც საკმარისი მტკიცებულება იქნებოდა სადავ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. თუმცა, აპელანტს ასეთი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, რაც მისთვის არახელსაყრელი შედეგის მომტანია.
ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დამკვეთის (მოსარჩელეს) მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებაზე, კერძოდ სამ აუდიო ჩანაწერზე (1 CD დისკზე), რომელიც საქმეზე დართული იქნა სააპელაციო პალატის მიერ. აუდიო ჩანაწერში ასახულია მხარეთა შორის სატელეფონო საუბრები ავტომანქანის მ--------–-დან თ---–--–- გადმოზიდვასთან დაკავშირებით. საუბრის შინაარსიდან ცალსახად დგინდება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და სატელეფონო კავშირის მეშვეობით მხარეები აზუსტებდნენ ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით ცალკეულ დეტალებს. საბოლოოდ კი, სწორედ გადამზიდავისგან შეიტყო დამკვეთმა ა/მანქანის გადაზიდვისას მომხდარი ავტსაგზაო შემთხვევის შესახებ რა დროსაც გარდაიცვალა მძღოლი (იხ. ს/ფ 87; 91).
პალატამ, მხარეთა მონაწილეობით ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია მითითებული აუდიო ჩანაწერი და მიიჩნევს, რომ მის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძელი არ არსებობს. ჩანაწერის ნამდვილობის მხრივ პრეტენზიები არც აპელანს გამოუთქვამს. პრეტენზიები გამოითქვა მხოლოდ იმ მხრივ, თუ რამდენად შეიძლება გაიგივდეს კომპანიის პოზიციასთან ერთ-ერთი მისი თანამშრომლის (ოპერატორის) განმარტება. პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც აპელანტი შეკვეთებს იღებს და ასრულებს ოპერატორის მიერ მიღებული სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით და დამკვეთისთვის კომპანიის საკონტაქტო პირს სწორედ ის წარმოადგენს, უსაფუძვლო და ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა, რომ მისი გაიგევება კომპანიასთან დაუშვებელია. ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ შემკვეთს წინასწარ ჰქონდა გადახდილი მომსახურების ღირებულება, ხოლო თანხის უკან დაბრუნება მოხდა მხოლოდ გადაზიდვისას ავტომანქანის დაზიანებიდან მე-3 დღეს და არა გადაზიდვის დაწყებამდე.
4.5. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტს, იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ფ---------------ს საკუთრებაში არსებული ა/მანქანის გადაზიდვა ხორციელდებოდა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული და არა აპელანტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით, ზიანის ანაზღაურებაზე არ შეიძლება პასუხისმგებლობა აპელანტს დაეკისროს.
პალატა კვლავ მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლზე, და მიიჩნევს, რომ აპელანტის (მოპასუხის) მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო მოწმობებით (ასლები) დგინდება მხოლოდ მისი საკუთრების უფლება კონკრეტულ ავტომანქანებზე. ამასთან, წარმოდგენილი არ არის შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ისეთი სახის მტკიცებულება, სადაც ამომწურავად იქნებოდა მითითებული, კონკრეტულად თუ რომელი ა/მანქანებით ახორციელებს საქმიანობას აპელანტი. აქედან გამომდინარე, ახორციელებდა თუ არა გადაზიდვას აპელანტი მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით თუ სხვა კონტრაქტორი პირის კუთვნილი ავტომანქანით, პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნებლობის მქონე არ არის. მოცემულ შემთხვევაში განმსაზღვრელია ის, რომ გადაზიდვის ხელშეკრულება დაიდო აპელანტთან, რომელიც ძალაში იყო გადაზიდვის დასრულებამდე და გადაზიდვის დაწყებამდე გაუქმებული არ ყოფილა.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების მიზნით გადამზიდველს არ შეუძლია მიუთითოს არც გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლზე და არც ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 693-ე მუხლის თანახმად, დაზიანებისას გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ის საზღაური, რომლითაც შემცირდა ტვირთის ღირებულება და რომელიც გამოითვლება 692-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში დადგენილი ტვირთის ღირებულების მიხედვით.
დადგენილია, რომ დაზიანებული ავტომობილის M------------ G------, სარ NF------, აღდგენითი სამუშაოების ღირებულება არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით საორიენტაციოდ განისაზღვრა 6022 ლარით.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ შპს „ა---------------- ჯ----“ წარმოადგენდა მოსარჩელე ფ---------------ს წინაშე, ზიანის ანაზღაურებაზე (6022.00 ლარის ოდენობით), ვალდებულ პირს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ--------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გელა ქირია