განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001277651
საქმე №2ბ/692-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივლისი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები _ ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - სსიპ ა--------–---------------–----------
წარმომადგენელი - ე---------------–--–-
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს------ ც------ი“
წარმომადგენელი - გ------------------–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს------ ც------ის’’ სარჩელი სსიპ აღ------–-----------------–------------ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სსიპ ა--------–-----------------–-----------ს მოსარჩელე შპს ,,ს------ ც------ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 36 792.46 ლარის ანაზღაურება; ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის 26 396.1 ლარის დაკისრების თაობაზე და მოპასუხე სსიპ ა--------–---------------–---------ს მოსარჩელე შპს ,,ს------ ც------ის’’ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2 639.61 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1 მხარეებს შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №169. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია მომსახურების (შემდგომში - შესყიდვის ობიექტი) შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 31-ე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მომსახურების შესყიდვა გულისხმობს სსიპ ა--------–---------------–----------სათვის დაყადაღებული ან/და სააღსრულებლოდ მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანას და შენახვას (C-----------) უშუალოდ დამკვეთის მოთხოვნით ან/და საპატრულო პოლიციის მეშვეობით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, ერთ ავტომობილზე მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების ღირებულება დღე-ღამის განმავლობაში შეადგენს 2 ლარს. საევაკუაციო ბრიგადის გამოძახების ღირებულება განისაზღვრა 11.80 ლარით; შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით ევაკუაციის ღირებულება 1კმ. – 2.36 ლარით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევა წარმოებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მხარეს, მის მიერ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. 10.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, მხოლოდ წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილებაზე უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერიდან და მოქმედებს 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
2.2. 2017 წლის 09 ოქტომბერს სსიპ ა--------–---------------–----------ს მიერ დაფარული იქნა 2014 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების დავალიანება 8 773.54 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც მოსარჩელე მხარემ მოახდინა საკუთარი მოთხოვნის მოდიფიცირება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3 მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2015 წლის 01 იანვრიდან ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელებულია მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ განხორციელებული და მის მიერ მიღებული შესრულებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტება, რომლის მიხედვითაც, იგი ახორციელებდა სსიპ ა--------–---------------–----------ს სასარგებლოდ დაყადაღებული ან/და სააღსრულებლოდ მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანასა და შენახვას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც. სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, თითქოსდა მოსარჩელეს არ ჰქონდა მოცემული ქმედების მოპასუხის სასარგებლოდ განხორციელების ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მოპასუხისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული მოქმედებები და იღებდა აღნიშნულ შესრულებას, ამასთანავე, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებულ მიმოწერაში (ს.ფ. 27, 35, 38, 42, 48, 55, 190, 192, 194, 300, 301, 302, 303, 305, 306) აღნიშნულია, რომ ამ მომსახურების საფასური ა--------–---------------–---------ს არ ჰქონდა გადახდილი, რაც მოწმობს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა ფაქტობრივად სრულდებოდა.
2.3. სასამართლოს შეფასებით, 2015 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს 2012 წლის 06 ივლისის №3 ბრძანებით განსაზღვრული შპს ,,ს------ ც------ის” მომსახურების კომერციული ტარიფები. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ბრძანებით გათვალისწინებული ტარიფები არ მოქმედებდა სადავო ურთიერთობაზე. მართალია 2014 წლის 25 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა სპეციალური ტარიფები, თუმცა ისინი მოქმედებდა მხოლოდ 2014 წლის 31 დეკემბრის, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ჩათვლით. იმის გათვალისწინებით, რომ დამატებით შესაბამისი ფორმით ტარიფებზე შეთანხმება არ ყოფილა, მას შემდეგ, რაც მხარეთა შორის ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ გამოყენებულ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი (სტანდარტული) ტარიფები, რომლებიც სწორედ 2012 წლის 06 ივლისის №3 ბრძანებით იქნა განსაზღვრული. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მოთხოვნა 2015 წლის 01 იანვრიდან განხორციელებული ურთიერთობის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფების გავრცელების შესახებ ეწინააღმდეგებოდა მოპასუხისვე განმარტებას ურთიერთობის დასრულებასთან
დაკავშირებით და იგი არ გაიზიარა.
2.4. დადგენილია, რომ მოპასუხეს, 2015 წლის 31 მაისის მდგომარეობით, მოსარჩელის მიმართ დაუგროვდა 36 792.46 ლარის დავალიანება, სადაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოყენებულია სახელმწიფო ტარიფები, შემდეგ პერიოდზე კი კომერციული ტარიფები; კერძოდ: 2014 წლის დეკემბრის თვის დავალიანება შეადგენს 3 949.18 ლარს; 2015 წლის იანვრის თვის დავალიანება შეადგენს 8 733.2 ლარს; 2015 წლის თებერვლის თვის დავალიანება შეადგენს 5 710 ლარს; 2015 წლის მარტის თვის დავალიანება შეადგენს 7 726.68 ლარს, 2015 წლის აპრილის თვის დავალიანება შეადგენს 7 726.68 ლარს; 2015 წლის აპრილის თვის დავალიანება შეადგენს 4 520 ლარს და 2015 წლის მაისის თვის დავალიანება შეადგენს 6 153.4 ლარს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მასზედ, რომ ვერ დგინდება მომსახურების განხორციელება ა--------–---------------–----------ს დაკვეთით და მისი დაანგარიშების წესი. მოცემულის დასადასტურებლად მოპასუხე მხარის მიერ რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა მაშინ, როდესაც მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს როგორც ანგარიშფაქტურა, ისე შესაბამისი წერილები, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები.
2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ს------ ც------ის’’ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული - 2 639.61 ლარის ოდენობით. სასამართლომ შენიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. თავდაპირველად მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოს, რომელიც 2014 წლის ოქტომბრის თვის დავალიანების მიმართ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 9.63 ლარს, 2015 წლის მაისისათვის - 2 041.56 ლარს; ნოემბრის თვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის - 7.92 ლარს, 2015 წლის 31 მაისისათვის - 1 362.24 ლარს; დეკემბრის თვის ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის - 7.90 ლარს, 2015 წლის მაისისათვის - 1 113.9 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, სულ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 31 მაისისთვის შეადგენს 4 517.7 ლარს (2 041.56+1 362.24+1 113.9). 2015 წლის 31 მაისის შემდეგ, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებისათვის იქნება 25.44 ლარი. მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, დაზუსტდა პირგასამტეხლოს ოდენობაც. 2015 წლის 31 მაისიდან 2017 წლის 08 ოქტომბრის ჩათვლით პირგასამტეხლოს ოდენობამ, მოსარჩელის განმარტებით, შეადგინა 21 878.4 ლარი, რაც უნდა დაემატოს 2015 წლის 31 მაისამდე მოთხოვნილ პირგასამტეხლოს თანხას - 4 517.7 ლარს და საბოლოოდ პირგასამტეხლოს ოდენობა 2017 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით განისაზღვრება 26 396.1 ლარით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და არსებობდა მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების კანონიერებას, რის მიხედვითაც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა საფუძვლიანობას.
სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეუსაბამოდ მაღალია სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და უნდა შემცირდეს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდებულიყო 10-ჯერ და ნაცვლად 26 396.1 ლარისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაკისრებოდა 2 639.61 ლარის ოდენობით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წარმოშობილი იყო მათ შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმებული №169 ხელშეკრულებიდან და მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულებებით, რაც მის მიერ მიღებული იქნა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ 2015 წლის 01 იანვრიდან ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა, კერძოდ, 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 მაისის ჩათვლით მოსარჩელე ახორციელებდა მოპასუხის სასარგებლოდ დაყადაღებული ან/და სააღსრულებლოდ მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანასა და შენახვას, მოპასუხისთვის კი ცნობილი იყო მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული მოქმედებები და იღებდა აღნიშნულ შესრულებას, ამასთანავე, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებულ მიმოწერაში აღნიშნულია, რომ ამ მომსახურების საფასური მოპასუხეს არ ჰქონდა გადახდილი, რაც მოწმობს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა ფაქტობრივად სრულდებოდა. ამასთან, აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დღემდე არ არის ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
შესაბამისად, აღნიშნულისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ნორმების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო დააკმაყოფილა იგი, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 36 792.46 ლარის ანაზღაურება;
2.7. მეორე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროც----ი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012).
სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები, საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,Rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbeitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aufl.,Rn.6; BGH NJW 1963, S.1197).
სასამართლომ განმარტა, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.(იხ: სუსგ საქმე №ას-459-438-2015).
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული არ ზღუდავს სასამართლოს დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი“ და თავად შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობის და დაკისრების მიზანშეწონილობა. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იყო ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება, მხარეთა შორის შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილი წესით, თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ იყო გონივრული და წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა შესაბამისი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასამართლომ ნაწილობრივ საფუძვლიანად ჩათვალა და მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლო სასამართლოს მიერ შემცირებული - 2 639.61 ლარის ოდენობით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1 აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა 3.2.1 ფაქტობრივი გარემოება და გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტება, რომლის მიხედვითაც იგი ახორციელებდა სსიპ ა--------–---------------–----------ს სასარგებლოდ დაყადაღებული ან/და სააღსრულებლოდ მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანასა და შენახვას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ. აპელანტის შეფასებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ 2015 წლის იანვრის შემდგომ ა--------–---------------–----------ს მოთხოვნის საფუძველზე მოხდა ახალი ავტომანქანების გადაყვანა და შპს „ს------ ც----ის“ სადგომზე მათი განთავსება. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მითითებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, აღმასრულებლების მიმართვებს, ისინი ადასტურებს მხოლოდ წარსულში სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა 3.2.2. ფაქტობრივი გარემოება, რომ 2015 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს 2012 წლის 06 ივლისის N3 ბრძანებით განსაზღვრული შპს „ს------ ც------ის“ მომსახურების კომერციული ტარიფები. საქმის მასალების დასტურდება, რომ თავდაპირველ მოსარჩელე შპს „ს------ ც------სა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ა--------–---------------–---------ს შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმებული N169 ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის ღირებულება 2.2. პუნქტის თანახმად, ერთ ავტომობილზე მიმწოდებლის მხრიდან განისაზღვრება 11.80 (თერთმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარით; შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით ევაკუაციის ღირებულება 1კმ.-2,36 (ორი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარით.
აპელანტი აღნიშნავს, რომ 2014 წლის 25 ივლისის N169 ხელშეკრულების 3.1 პუქტის თანახმად, მომსახურების გაწევა წარმოებდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ანუ 2015 წლიდან შპს „ს------ ც------ს“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღარ გააჩნდა არანაირი ვალდებულება მომსახურეობა გაეწია ა--------–---------------–----------სთვის, შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე ა--------–---------------–---------ს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულების შესრულება. 2012 წლის 06 ივლისის N3 ბრძანებით განსაზღვრული ტარიფები არ მოქმედებს სადავო ურთიერთობაზე, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს შპს „ს------ ც------ის“ შიდა მოხმარების დოკუმენტს. აღნიშნული თაობაზე ბიუროს ინფორმაცია არ ჰქონდა და არც უნდა ჰქონოდა, ვინაიდან იმ პერიოდში შპს „ს------ ც------ი“ ბიუროს მომსახურეობას უწევდა მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა 3.2.3 ფაქტობრივი გარემოებაც, ხოლო სასამართლომ მიუთითა, რომ მომსახურების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება ა--------–---------------–----------ს მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, რითაც არასწორად შეაფასა და გაანაწილა მტკიცების ტვირთი, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იქნა გაზიარებული მხოლოდ, ამ უკანასკნელს კი წარუდგენია მტკიცებულებები, თუ რამდენ ავტომანქანაზე იქნა გაწეული ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება, ასევე დაუდგენელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული მომსახურება განხორციელდა ა--------–---------------–----------ს დაკვეთით და რის საფუძველზე დაანგარიშდა აღნიშნული თანხა.
3.2. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად დაადგინა 3.2.4 ფაქტობრივი გარემოებაც, რის შედეგადაც შპს „ს------ ც------ის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია, რამდენადაც, ვინაიდან არ არსებობს ხელშეკრულებით გამომდინარე ვალდებულებების შესრულების საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველიც. აპელანტის მითითებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სსიპ ა--------–---------------–---------ს და შპს „ს------ ც----ს“ შორის აღარ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც გამორიცხავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში იყო მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ანუ ამ ხელშეკრულების პირობები მოქმედებდა მხოლოდ 2014 წლის 25 ივლისიდან 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით, სასამართლომ კი არამართებულად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩლესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 2015 წლის 01 იანვრიდან, ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 მაისის ჩათვლით. რეალურად კი, აპელანტის განმარტებით, ვინაიდან, მისი მხრიდან არ არსებობს შეუსრულებელი ვალდებულება, შესაბამისად, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სსიპ ა--------–---------------–----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ აღსრულების ერნოვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- მხარეებს შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება №169. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია მომსახურების (შემდგომში - შესყიდვის ობიექტი) შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 31-ე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მომსახურების შესყიდვა გულისხმობს სსიპ ა--------–---------------–----------სათვის დაყადაღებული ან/და სააღსრულებლოდ მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანას და შენახვას (C-----------) უშუალოდ დამკვეთის მოთხოვნით ან/და საპატრულო პოლიციის მეშვეობით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის მიხედვით, ერთ ავტომობილზე მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების ღირებულება დღე-ღამის განმავლობაში შეადგენს 2 ლარს. საევაკუაციო ბრიგადის გამოძახების ღირებულება განისაზღვრა 11.80 ლარით; შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით ევაკუაციის ღირებულება 1კმ. – 2.36 ლარით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევა წარმოებს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მხარეს, მის მიერ შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. 10.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, მხოლოდ წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილებაზე უნდა გაფორმდეს შეთანხმება, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერიდან და მოქმედებს 2015 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
- 2017 წლის 09 ოქტომბერს სსიპ ა--------–---------------–----------ს მიერ დაფარული იქნა 2014 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების დავალიანება 8 773.54 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც მოსარჩელე მხარემ მოახდინა საკუთარი მოთხოვნის მოდიფიცირება;
- მხარეებს შორის 2015 წლის 01 იანვრიდან ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელებულია მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ განხორციელებული და მის მიერ მიღებული შესრულებით;
- 2015 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელის მიერ აპელანტის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს 2012 წლის 06 ივლისის №3 ბრძანებით განსაზღვრული შპს ,,ს------ ც------ის” მომსახურების კომერციული ტარიფები;
- მოპასუხეს, 2015 წლის 31 მაისის მდგომარეობით, მოსარჩელის მიმართ დაუგროვდა 36 792.46 ლარის დავალიანება, სადაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოყენებულია სახელმწიფო ტარიფები, შემდეგ პერიოდზე კი კომერციული ტარიფები; კერძოდ: 2014 წლის დეკემბრის თვის დავალიანება შეადგენს 3 949.18 ლარს; 2015 წლის იანვრის თვის დავალიანება შეადგენს 8 733.2 ლარს; 2015 წლის თებერვლის თვის დავალიანება შეადგენს 5 710 ლარს; 2015 წლის მარტის თვის დავალიანება შეადგენს 7 726.68 ლარს, 2015 წლის აპრილის თვის დავალიანება შეადგენს 7 726.68 ლარს; 2015 წლის აპრილის თვის დავალიანება შეადგენს 4 520 ლარს და 2015 წლის მაისის თვის დავალიანება შეადგენს 6 153.4 ლარს.
4.2. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში არსებობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომით-სამართლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არამართებულად გაიზიარა შპს ,,ს------ ც------ის“ მოსაზრება მისი მხრიდან სსიპ ა--------–---------------–----------ს სასარგებლოდ დაყადაღებული ან/და სააღსრულებლოდ მიქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომზე გადაყვანისა და შენახვის მომსახურების გაგრძელებაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ. პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნულთან დაკავშირებით სწორად არ გაიზიარა თავდაპირველი მოპასუხის განმარტება, თითქოსდა შპს ,,ს------ ც------ს“ არ ჰქონდა მოცემული ქმედების აპელანტის სასარგებლოდ განხორციელების ვალდებულება, მეტიც - სასამართლომ იხელმძღვანელა წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ცხადჰყოფს, რომ სსიპ ა--------–---------------–----------სათვის ცნობილი იყო შპს ,,ს------ ც------ის“ მხრიდან განხორციელებული მოქმედებები და იღებდა აღნიშნულ შესრულებას, ამასთანავე, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებულ მიმოწერაში (ტომი 1, ს.ფ. 27, 35, 38, 42, 48, 55, 190, 192, 194, 300, 301, 302, 303, 305, 306) აღნიშნულია, რომ ამ მომსახურების საფასური ა--------–---------------–---------ს არ ჰქონდა გადახდილი, რაც მოწმობს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა ფაქტობრივად არსებობდა. აღნიშნული თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმებული N169 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ითვალისწინებდა არა მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაყვანას, არამედ მათ შენახვასაც, ხოლო სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 19 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს ,,ს------ ც------ის“ ავტოსადგომებზე კვლავ არის განთავსებული სსიპ ა--------–---------------–----------ს ბრძანების საფუძველზე შეყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და მათ შენახვას მოცემული მდგომარეობითაც უზრუნველყოფს მოწინააღმდეგე მხარე. ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 01 იანვრიდან ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელებულია შპს ,,ს------ ც------ის“ მიერ აპელანტის სასარგებლოდ განხორციელებული და მის მიერ მიღებული შესრულებით.
4.3. პალატა განმარტავს, რომ როდესაც საუბარია სამართლიან და ობიექტურ სასამართლოზე, პირველ რიგში მხედველობაში მიიღება მოსამართლის მიერ თავისი გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა, ანუ რამდენად გამომდინარეობს იგი პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ობიექტური, მაშინ ის ინფორმაციაც და ფაქტებიც, რომელიც მოცემულია საქმეში მტკიცებულებების სახით, თავის მხრივ უნდა იყოს უტყუარი. მტკიცებულებათა უტყუარობას სასამართლო ადგენს საქმის განხილვის დროს მათი გამოკვლევის ეტაპზე და ერთმანეთთან შედარების საფუძველზე. მართალია, კანონმდებლობა არ ადგენს თუ რომელი სახის მტკიცებულება უნდა გაიზიაროს სასამართლომ და რომელი არა, მაგრამ სხვადასხვა ტიპის მტკიცებულება მოითხოვს შეფასების შესაბამის მეთოდს.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ 2015 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გაწეული მომსახურების მიმართ გამოყენებულ არ უნდა იქნეს 2012 წლის 06 ივლისის N3 ბრძანებით განსაზღვრული შპს „ს------ ც------ის“ მომსახურების კომერციული ტარიფები. პალატა შენიშნავს, რომ საქმის მასალების დასტურდება, რომ თავდაპირველ მოსარჩელე შპს „ს------ ც------სა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ა--------–---------------–---------ს შორის 2014 წლის 25 ივლისს გაფორმებული N169 ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის ღირებულება 2.2. პუნქტის თანახმად, ერთ ავტომობილზე მიმწოდებლის მხრიდან განისაზღვრება 11.80 (თერთმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარით; შემთხვევის ადგილიდან ევაკუატორით ევაკუაციის ღირებულება 1კმ. - 2,36 ლარით.
გამომდინარე იქიდან, რომ პალატის შეფასებით, მხარეებს შორის 2015 წლის 01 იანვრიდან ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელებულია შპს ,,ს------ ც------ის“ მიერ აპელანტის სასარგებლოდ განხორციელებული და მის მიერ მიღებული შესრულებით, საფუძველს მოკლებულია აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ 2015 წლიდან შპს „ს------ ც------ს“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღარ გააჩნდა არანაირი ვალდებულება მომსახურეობა გაეწია სსიპ ა--------–---------------–----------სთვის და ხელშეკრულების საფუძველზე ა--------–---------------–---------ს არ შეიძლება დაეკისროს ვალდებულების შესრულება.
პალატა აგრეთვე ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ 2012 წლის 06 ივლისის N3 ბრძანებით განსაზღვრული ტარიფები არ მოქმედებს სადავო ურთიერთობაზე, რადგან აპელანტის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს შპს „ს------ ც------ის“ შიდა მოხმარების დოკუმენტს. პალატა მიუთითებს, რომ სადავოდ გამხდარი ტარიფები ვერ განიხილება შპს ,,ს------ ც------ის“ შიდა მოწესრიგების დოკუმენტად, რამდენადაც აღნიშნული წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის მიერ დადგენილ მომსახურების საფასურს, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რაზეც, მისივე განმარტებით, ხდებოდა შეთანხმება ნებისმიერ კონტრაჰენტთან და ამ მხრივ გამონაკლისს არც სსიპ ა--------–---------------–---------- წარმოადგენდა. ამ მხრივ ყურადსაღებია დავალიანების გაანგარიშების დოკუმენტაციაც, რომელიც ერთვის საქმეს და საიდანაც დგინდება, თუ რამდენ ავტომანქანაზე იქნა გაწეული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 31-34). ამავდროულად, მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, სსიპ ა--------–---------------–----------ს მიერ დაფარულ იქნა შპს ,,ს------ ც------ის“ მიმართ არსებული დავალიანების ნაწილი (იხ. 19.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი), რაც აპელანტის მხრიდან ვალდებულების აღიარების ტოლფასი ქმედებაა, შესაბამისად, ივარაუდება, რომ იგი დაეთანხმა სადავოდ გამხდარი ტარიფებით გაანგარიშებული დავალიანების ოდენობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა შეფასებული და დადგენილი გარემოება მასზედ, რომ აპელანტს, 2015 წლის 31 მაისის მდგომარეობით, შპს ,,ს------ ც------ის“ მიმართ დაუგროვდა დავალიანება 36792.46 ლარის ოდენობით.
4.4. პალატა აქვე განმარტავს, რომ, მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, ხოლო პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული მუხლის მიზნებისათვის, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება - შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროც----იდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
პალატა მიუთიტებს, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროც----ი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 0,2 პროც----ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად განხორციელებაზე მიუთითებს. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს დანიშნულება, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს თავის ამგვარ დანიშნულებას და იქცევა მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად, რაც დაუშვებელია. პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ ამ უკანასკნელმა მართებულად შემაცირა შპს ,,ს------ ც------ის“ მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს; აპელანტმა ვერ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარემ დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც არ არსებობს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ა--------–---------------–----------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ა--------–---------------–----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო