განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210017001848097
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-25-2018 18 სექტემბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - გ------------–--ე
წარმომადგენელი - პ------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ლ-----------–--ე
წარმომადგენელი - მ---------–--–-–---–ი
დავის საგანი - ნივთების გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ-----------–--ის სასარჩელო მოთხოვნა. ლ-----------–--ე ცნობილ იქნა ავტომობილზე ”BMV”, გამოშვების წელი 2007, ვიპ კოდი:W----------------, (მფლობელი გ------------–--ე), ½ ნაწილის მესაკუთრედ. მოპასუხე გ------------–--ე დავალდებულდა დაებრუნებინა ლ-----------–--ისათვის პირადი ოქროს ნივთები: ოქროს საყურე ბრილიანტის თვლით - ღირებული - 800 აშშ დოლარად, ოქროს სამაჯური- ღირებული 900 აშშ დოლარად, ოქროს ძეწკვი წმ. გიორგის კულონით - ღირებული - 1500 აშშ დოლარად. მოპასუხე გ------------–--ე დავალდებულდა დაებრუნებინა ლ-----------–--ისათვის საძინებლის გარნიტური, ღირებული 1500 აშშ დოლარად. მოპასუხე გ------------–--ეს დაეკისრა ლ-----------–--ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1095 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 500 ლარის ანაზღაურება. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ლ-----------–--ე და გ------------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2003 წლიდან 2016 წლის 15 იანვრამდე. მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2016 წლის 15 იანვარს განქორწინებით. 2.2. გ------------–--ემ და ლ-----------–--ემ მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეიძინეს ავტომანქანა ”BMV”, გამოშვების წელი 2007, ვიპ კოდი:W----------------, მფლობელი გ------------–--ე. 2.3. ქორწინების პერიოდში ლ-----------–--ეს დედამ აჩუქა საძინებელი გარნიტური, ღირებული 1500 აშშ დოლარად, რომელიც განქორწინების შემდეგ დარჩა მოპასუხე გ------------–--ის მფლობელობაში. 2.4. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცება, რომ ქორწინების განმავლობაში მოსარჩელე ლ-----------–--ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გააჩნდა ოქროს ნივთები, რომელიც მას აჩუქეს - ოქროს საყურე ბრილიანტის თვლით - ღირებული - 800 აშშ დოლარად, ოქროს სამაჯური- ღირებული 900 აშშ დოლარად, ოქროს ძეწკვი წმ გიორგის კულონით - ღირებული - 1500 აშშ დოლარად. ზ/აღნიშნული ოქროს ნივთები მოსარჩელის მიერ განქორწინების შემდეგ წამოღებული მის მიერ არ ყოფილა და ისინი დღემდე იმყოფება მოპასუხე გ------------–--ის მფლობელობაში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო მეურნეობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. 2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული. 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად კი თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ხოლო ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ------------–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ზედაპირულად მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელეს კუთვნილი ოქრო და გარნიტური ჰქონდა მოპასუხესთან დატოვებული და შემდეგში გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა უსაფუძვლო მოთხოვნა, როდესაც მოსარჩელის ტვირთი იყო ემტკიცებინა ნივთების წარმომავლობა ან თუნდაც - მათი არსებობა. საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ნივთები (ოქრო და გარნიტურა) საერთოდ იყო მოსარჩელის მიერ შეძენილი. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2003 წლიდან 2016 წლის 15 იანვრამდე ლ-----------–--ე და გ------------–--ე იყვნენ დაქორწინებულები. 4.2. ლ-----------–--ემ სარჩელი აღძრა აპელანტის წინააღმდეგ და ნივთების დაბრუნება მოითხოვა. 4.3. მოსარჩელეს სადავო ნივთების იდენტიფიკაცია არ მოუხდენია და მათი კუთვნილების დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. 2013 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №ას-1639-1536-2012 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა: „სასამართლო თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში და შეუძლია, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დადგენა, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას“. 4.5. როგორც აღინიშნა, თავისი პოზიციის დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.5.1. მას ის ფაქტებიც კი არ მიუთითებია, რომლითაც სადავო ნივთების იდენტიფიკაცია და მათზე მოსარჩელის უფლების დადასტურება იქნებოდა შესაძლებელი. 4.5.2. ამის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სამკაულებისა და გარნიტურის დაბრუნების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელი იყო. 4.6. პალატის აზრით, სარჩელი დაუსაბუთებელი იქნებოდა სადავო ნივთების იდენტიფიკაციის შემთხვევაშიც, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. 4.6.1. თუ სადავო ნივთებს აპელანტი ფლობს, ივარაუდება ისინი მას ეკუთვნის. ამ დაშვების საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.7. ამის შესაბამისად, სარჩელი სამკაულებისა და გარნიტურის დაბრუნების ნაწილში სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა. 4.8. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებული არ არის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილება, ზემოხსენებულ ნაწილში, უნდა გაუქმდეს. 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. 4.9.1. ავტომობილის თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში მხარეებს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ და, ამის შესაბამისად, ამ ნაწილში იგი კანონიერ ძალაშია შესული. 4.9.2. ამ ნაწილში კი დავის საგნის ღირებულების 4% - (36500/9700X5000)X4%=752,57 ლარს შეადგენს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულ 500 ლარს აღემატება. 4.9.3. ამის შესაბამისად, გ------------–--ისათვის ლ-----------–--ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გ------------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე გ------------–--ე დავალდებულდა დაებრუნებინა ლ-----------–--ისათვის პირადი ოქროს ნივთები: ოქროს საყურე ბრილიანტის თვლით - ღირებული - 800 აშშ დოლარად, ოქროს სამაჯური- ღირებული 900 აშშ დოლარად, ოქროს ძეწკვი წმ. გიორგის კულონით - ღირებული - 1500 აშშ დოლარად. მოპასუხე გ------------–--ე დავალდებულდა დაებრუნებინა ლ-----------–--ისათვის საძინებლის გარნიტური, ღირებული 1500 აშშ დოლარად და მოპასუხე გ------------–--ეს დაეკისრა ლ-----------–--ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1095 ლარის ანაზღაურება და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. ლ-----------–--ის სარჩელი სამკაულებისა და გარნიტურის დაბრუნების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. გ------------–--ისათვის ლ-----------–--ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის, 500 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, გ------------–--ეს ლ-----------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, (36500/9700X5000)X3%=564,43 ლარის ანაზღაურება. 6.2. თავის მხრივ, ლ-----------–--ეს გ------------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 440 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. გ------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც:
2.1. მოპასუხე გ------------–--ე დავალდებულდა დაებრუნებინა ლ-----------–--ისათვის პირადი ოქროს ნივთები: ოქროს საყურე ბრილიანტის თვლით - ღირებული - 800 აშშ დოლარად, ოქროს სამაჯური- ღირებული 900 აშშ დოლარად, ოქროს ძეწკვი წმ. გიორგის კულონით - ღირებული - 1500 აშშ დოლარად;
2.2. მოპასუხე გ------------–--ე დავალდებულდა დაებრუნებინა ლ-----------–--ისათვის საძინებლის გარნიტური, ღირებული 1500 აშშ დოლარად;
2.3. მოპასუხე გ------------–--ეს დაეკისრა ლ-----------–--ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1095 ლარის ანაზღაურება;
3. ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. ლ-----------–--ის სარჩელი სამკაულებისა და გარნიტურის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. გ------------–--ისათვის ლ-----------–--ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის, 500 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
6. გ------------–--ეს ლ-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 564,43 ლარის გადახდა;
7. ლ-----------–--ეს გ------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 440 ლარის გადახდა;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე