განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2018
საქმის ნომერი
330100118002448873
ინსტანცია
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/894-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორ - გ---------------–--ლის,მსჯავრდებულ - ნ----------ას მონაწილეობით,თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------–--ლის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნ-------------–--------–-------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული: ქ-------–---------------–--------------------------------–------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------–----------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით:

 

ნ----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ----------ამ ჩაიდინა:

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ნ----------ამ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა რ-----------–-–--ას კუთვნილ ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ნ----------ამ რ-----------–-–--ას მოატყუა, რომ მას ჰქონდა ფირმა, რომლის მეშვეობითაც მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა ტენდერებში, ამ ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად, მისთვის თანხის გადაცემის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში დაუბრუნებდა სრულ თანხას მოგებასთან ერთად. ნ----------ამ ბიზნესში ჩართვის მოტყუებით, რ-----------–-–--ას სთხოვა იპოთეკით დაეტვირთა მისი კუთვნილი ბინა, მდებარე თბილისში, ს----–----------------ში, ხოლო იპოთეკის პროცენტებს გადაიხდიდა თავად, რ-----------–-–--ა დათანხმდა ნ----------ას პირობას და 2010 წლის 10 აპრილს იპოთეკით დატვირთა ზემოაღნიშნული ბინა 21 000 აშშ დოლარად, აღებული თანხა კი გადასცა ნ----------ას. რამოდენიმე თვეში ნ----------ამ კვლავ სთხოვა რ-----------–-–--ას ბინის ხელმეორედ დატვირთვა, რათა აღებული თანხა ვითომდა მის ბიზნესში კვლავ იყო საჭირო. რ-----------–-–--ამ 2010 წლის 16 ოქტომბერს კვლავ დატვირთა ზემოაღნიშნული ბინა 61 380 ლარად, თანხა კი გადასცა ნ----------ას. აღნიშნულის შემდეგ ნ----------ამ გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი რ-----------–-–--ასთან. ნ----------ას მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად რ-----------–-–--ას მიადგა 61 380 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------–--ლმა და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, კერძოდ, ნ----------ას მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

 

ბრალდების მხარის განმარტებით, ნ----------ას მიმართ გამოყენებული სასჯელი არის დაუსაბუთებელი, არასამართლიანი და ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მსჯავრდებულის განმარტებას და არ გაითვლისწინა თავად დაზარალებულის პოზიცია, რომლის თანახმადაც ნ----------ას მხირდან საერთოდ არ მომხდარა მისთვის ზიანის ანაზღაურება. ამდენად, პროკურორის განმარტებით, როდესაც დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად სახეზეა დაზარალებულისათვის მიყენებული 61,380 ლარის მატერიალური ზიანი, მისთვის სასჯელის სახით 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის გამოყენება არ არის პროპორციული, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და თავის მხრივ მსჯავრდებულისათვის იქნება წამახალისებელი, რომ კვლავ განაგრძოს დანაშუალებრივი საქმიანობა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა გ---------------–--ლმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა ნ----------ამ იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე, ამასთან განმარტა, რომ იგი თავს ცნობს დამნაშავედ და თუკი მომავალში ექნება შესაძლებლობა, აუცილებლად აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ-----------–-–--ამ განმარტა, რომ თუკი სასამართლო გაიზიარებს პროკურორის არგუმენტებს და დააკმაყოფილებს მის მოთხოვნას სასჯელის დამძიმების კუთხით, იგი კატეგორიულად წინააღმდეგია მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნეს 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------–--ლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. ნ----------ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციულად ცნობილი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებით, კერძოდ: დაზარალებულ რ-----------–-–--ას გამოკითხვის ოქმით; მოწმეების: თ------------–-–---–---------------------------–------–---–---–------–--------------–-------------–---–------------–----------------------------ის გამოკითხვის ოქმებით; ხელშეკრულებებით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ----------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას ნ----------ას მიმართ გამოყენებული სასჯელის სახის გამკაცრებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირად და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ნაწილობრივ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ნ----------ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარების და მონანიების საკითხი, ასევე ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, გამოთქვამს მზადყოფნას სრულად აანაზღაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, ჰყავს მასზე მატერიალურად დამოკიდებული სამი შვილი და ავადმყოფი მეუღლე, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიემებლი რაიმე გარემოება მის მიმართ არ არის გამოვლენილი.

 

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე კი, მსჯავრდებულ ნ----------ას მიერ ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და დამდგარი შედეგის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, პალატა მიიჩნევს, რომ მის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი; დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს; ასევე, არ იქნება მისთვის სათანადოდ დამაფიქრებელი, რათა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული შედეგი.

 

ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე - ჯარიმა უნდა შეიცვალოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ხსენებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მას უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში მინიმალური სასეჯლის ზომა 06 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით. აღნიშნული სასჯელი იქნება კანონიერი, სამართლიანი და ადეკვატური. ასევე, გახდება გარანტი იმისა, რომ სრულად იქნეს მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები, როგორიცაა დამნაშავის რესოციალიზაცია, სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ნ----------ას მიერ დანაშაული ჩადენილია 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, კერძოდ, 2010 წელს, შესაბამისად მის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნული კანონის მოთხოვნები. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა რ-----------–-–--ამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ განაცხადა თანხმობა ნ----------ას მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილი შეღავათის გავრცელებაზე, რის გამოც, იგი ვერ გათავისუფლება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------–--ლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენში;

 

ნ----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნ----------ას ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნ----------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 სექტემბრიდან.

 

ნ----------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე