განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001347614
საქმე N3ბ/417-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: გელა ბადრიაშვილი
მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი: რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ე-----–------------ე ;
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ-------------ს კრ------–ი“;
წარმომადგენელი - ალ-------------------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება;
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ-------------ს კრ------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილება №11-------- და №1--------- საჩივრებთან დაკავშირებით და მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილია, რომ შპს „ტ-------------ს კრ------–ის“ საქმიანობა არის ალუმინის ვიტრაჟების წარმოება, ქვიშა-ღორღის შეძენა რეალიზაცია და სხვა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2012 წლის 9 იანვრიდან 2014 წლის 10 იანვრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა 2015 წლის 6 აგვისტოს შემოწმების აქტი, რომლითაც გადამხდელზე დასარიცხი თანხა განისაზღვრა ძირითადი - 123863 ლარი და ჯარიმა - 27677 ლარი. აღნიშნულ თანხებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №29897 ბრძანება და 2015 წლის 11 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნა.
შპს „ტ-------------ს კრ------–მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა. სსიპ შემოსავლების სსამსახურმა 2015 წლის 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა საჩივარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის პირველი ოქტომბრის №3---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის პირველი ოქტომბრის №3---- ბრძანება გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე ატვირთულია 2015 წლის 22 ოქტომბერს და გახსნილია იმავე დღეს.
2015 წლის 15 დეკემბერს შპს „ტ-------------ს კრ------–მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და 2015 წლის 6 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტის, 2015 წლის 10 აგვისტოს №29897 ბრძანების, 2015 წლის 11 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნისა და 2015 წლის პირველი ოქტომბრის №3---- ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საწარმომ მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2015 წლის 17 სექტემბერს განიხილა საჩივარი. სხდომის დასრულებისას საბჭოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ დავაზე, სავარაუდოდ, კვლავ დაიბარებდნენ დამატებითი განხილვისათვის. როდესაც გარკვეულ გონივრულ ზღვარს გადასცდა მოლოდინი, დაიწყეს შემოსავლების სამსახურში საკითხის მოძიება. ტელეფონით ეცნობათ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო და იურიდიულ მისამართზე გაგზავნილი, სადაც არ ჩაბარდა მხარეს, და, ალბათ, აიტვირთებოდა პორტალზე. ამის შემგომ მთავარ ბუღალტერს ეთხოვა განსაკუთრებული ყურადღებით ეკონტროლებინა პორტალი. 2015 წლის 30 ნოემბერს ბუღალტერმა გადაამოწმა პორტალზე ყველა შეტყობინება, აღმოაჩინა 2015 წლის 22 ოქტომბერს ატვირთული გადაწყვეტილება (შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №3----), რომელიც წაკითხულად იყო მონიშნული. მთავარმა ბუღალტერმა აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინვე ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა წარმომადგენელს დავით გელაშვილს, სადაც ნაჩვენებია ატვირთვის და გახსნის დრო. რამდენიმე დღეში საწარმომ შემოსავლების სამსახურს წერილობით მიმართა გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, ვიანიდან უფლებამოსილ პირს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. დაადგინდა, რომ პორტალზე გადაწყვეტილება გახსნილია საწარმოს მარნეულის კომპიუტერიდან IP მისამართი 9-----------, ხოლო ოფისის IP მისამართია 9------------ მ--------––- საზოგადოებას აქვს გადამამუშავებელი საწარმო, სადაც არის თანამშრომელი, რომელსაც მხოლოდ ზედნადებების ატვირთვა ევალება. დღის მეორე ნახევარში, სამუშაო დროის შემდეგ, დაახლოებით, 19 საათზე, ასატვირთი იყო სასწრაფო ზედნადები, რათა მომხდარიყო ტვირთის გაშვება შემკვეთებთან, ვინაიდან შეტყობინების გახნის გარეშე ზედნადების ატვირთვა ვერ ხერხდებოდა, სავარაუდოდ, ამ მიზეზით იქნა გახსნილი. ამ დროს კომპანიის დირექტორo იმყოფებოდა ბათუმში და ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება (გაცნობა) - კომპანიის უფლებამოსილი პირის - ადრესატის მიერ და სათანადო დროული რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას აქვს განსაკუთრებული ინტერესი აღნიშნული საგადასახადო დავის მიმართ, რაც დასტურდება იმით, რომ მედიაციის ეტაპიდან მოყოლებული იცავს საკუთარ პოზიციას კანონით გათვალისწინებული წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა მოითხოვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის შესაბამისად, საპატიოდ ჩაითვალოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვება და მიეცეს საშუალება კანონით დადგენილი პროცედურებით დაიცვას საკუთარი ინტერესი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ტ-------------ს კრ------–ის“ 2015 წლის 15 დეკემბრის №11-------- და №1--------- საჩივრები დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
გადაწყვეტილების მიხედვით, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანი თავის არგუმენტაციაში არ მიუთითებს არც ერთ ისეთ ფაქტზე ან გარემოებაზე, რაც შეიძლება გამხდარიყო გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები;
მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის პირველი ოქტომბრის №3---- ბრძანება გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე ატვირთულია 2015 წლის 22 ოქტომბერს და გახსნილია იმავე დღეს. 2015 წლის 15 დეკემბერს შპს „ტ-------------ს კრ------–მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და 2015 წლის 6 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტის, 2015 წლის 10 აგვისტოს №29897 ბრძანების, 2015 წლის 11 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნისა და 2015 წლის პირველი ოქტომბრის №3---- ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ტ-------------ს კრ------–ის“ 2015 წლის 15 დეკემბრის №11-------- და №1--------- საჩივრები დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანი თავის არგუმენტაციაში არ უთითებს არც ერთ ისეთ ფაქტზე ან გარემოებაზე, რაც შეიძლება გამხდარიყო გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი.
გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო ორგანოს მიმოწერის წესს არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო, ხოლო მე-9 ნაწილით განსაზღვრულია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია, რომ უზრუნველყოს პირისთვის მიღებული გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობა, რაც შეიძლება, გამოიხატოს გადამხდელისთვის გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით გაგზავნასა ან ელექტორნული ფორმით წარდგენაში. ამასთან, რომელი ფორმით მოხდება გადასახადის გადამხდელისთვის გადაწყვეტილების გაგზავნა დამოკიდებულია თავად საგადასახადო ორგანოს არჩევანზე. კანონით განსაზღვრულია მხოლოდ ჩაუბარებლობისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებისთვის საჯარო შეტყობინების გამოყენების წესი, ხოლო პირველად გაგზავნისას ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი იყო, წარედგინა საწარმოსთვის ბრძანება ელექტრობული ფორმით, რაც გამოიხატება მისი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებაში. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ საგადასახადო ორგანოს სატელეფონო შეტყობინებით უნდა ეცნობებინა მისთვის მიღებული ბრძანების თაობაზე, ან გაეგზავნა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, რამეთუ მსგავსი ვალდებულება სსიპ შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრძანება გაიგზავნა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. შეტყობინების ადრესატს განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენდა შპს „ტ-------------ს კრ------–ი“. ამასთან, მომხმარებლის ავტორიზებულ გვერდზე შესასვლელად საჭირო პაროლი საგადასახადო ორგანოს მიერ ეცნობება მხოლოდ უფლებამოსილ პირს - გადასახადის გადამხდელს, საწარმოს დირექტორს. ამდენად, საგადასახადო ორგანოს არ ევალება უზრუნველყოს იმ ფაქტის დადგენა, უშუალოდ ვინ წაიკითხა შეტყობინება.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ვინაიდან მომხმარებლის ელექტრონულ პორტალზე გაგზავნილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის პირველი ოქტომბრის №3---- ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ გახსნილია 2015 წლის 22 ოქტომბერს, საჩივრის წარდგენის ვადა ამოიწურა 2015 წლის 11 ნოემბერს, რა დროისთვისაც მოსარჩელეს ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი არ ჰქონია.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს. მითითებული კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხევდით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენის აუცილებელ პირობას წარმოადგენს დაინტერესებული პირის დასაბუთებული არგუმენტი კანონით დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე. ამასთან, ვადის აღდგენა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” პუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირევლი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 ნომებრის განჩინებაზე (საქმე №ბს-945-919(კ-10)), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი გაშვებული ვადის აღდგენის კომპეტენცია განეკუთვნება ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას. აღნიშნული უფლებამოსილება ზედმიწევნით ხელსაყრელია პრაქტიკული თვალსაზრისითაც, ვინაიდან გაშვებული ვადის აღდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა სამართლებრივი კონტროლი განახორციელოს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე, თავიდან იქნას აცილებული სასამართლო დავა, რაც დამატებით სამოხელეო და საბიუჯეტო ტვირთთან არის დაკავშირებული.“ „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა კანონით დადგენილი ვადის გაშვება, უნდა შეაფასოს, რამდენად ობიექტურ ხასიათს ატარებს ის მიზეზები /სუბიექტური ფაქტორი/, რამაც გამოიწვია ვადის გაშვება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენა-შეფასება უმნიშვნელოვანეს პროცედურულ სტადიას წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული გამოცემული აქტით წარმოშობილი სამართლებრივი შედეგის განსაზღვრა. რამდენადაც სწორედ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მოწესრიგებისთვის სამართლის ნორმის შეფარდება.“
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო შებოჭილია კანონიერების პრინციპით და უნდა იმოქმედოს დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე. აღნიშნულის განხორციელება კი შეუძლებელია სამქისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ განუხორციელებია კანონით დადგენილი ვადის გაშვების საპატიოობის გამოკვლევა-შეფასებისას მიღებული გადაწყვეტილების სისწორის, კანონშესაბამისობის დასაბუთება.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-463-451(კ- 13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა, რამდენად იქნა გამოწვეული საჩივრის წარდგენის ვადის გაშვება საპატიო მიზეზით. კერძოდ, უნდა გამოეკვლია და დაესაბუთებინა, რამდენად იყო შესაძლებელი მხარის მიერ მითითებული გარემოებების საპატიოდ მიჩნევა. მათ შორის, შპს „ტ-------------ს კრ------–ი“ აღნიშნავს, რომ შეტყობინებას გაეცნო მისი ერთ-ერთი თანამშრომელი და ბრძანების თაობაზე იმ პირებისთვის, რომელთაც შეეძლოთ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა, ცნობილი გახდა მოგვიანებით. ამასთან, აუცილებელია იმ ფაქტის შეფასება, რომ მოსარჩელე ესწრობოდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვას, 2015 წლის 17 სექტემბერს, ხოლო სხდომის დასრულების შემდეგ აცნობეს, რომ კიდევ ერთხელ დაიბარებდნენ განხილვაზე. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარე ესწრებოდა ადმინისტრაციული საჩივრის გახილვას, მოცემულ სხდომაზე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი არ გამოცხადებულა, არ ყოფილა ინფორმირებული, თუ როდის გამოცხადდებოდა აღნიშნული და გადასახადის გადამხდელს გააჩნდა მოლოდინი განხილვაზე დაბარებისა, რასაც, შესაძლებელია, გამოეწვია მისი შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან არ გააჩნდა ინფორმაცია ადმინისტრაციული დავის განხილვის დასრულების თაობაზე და შესაბამისად, არ გააჩნდა ბრძანების მიღების მოლოდინი, რაც გამოიწვევდა მის მიერ მომხმარებლის პორტალის უფრო დეტალურ კონტროლს. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა საწარმოს ბუღალტერმა მანანა ჩხაპელიამ კი განმარტა, რომ განსხვავებით სხვა შეტყობინებებისაგან, სადაც მითითებულია, რომ გაგზავნილია გადაწყვეტილება ან ბრძანება, მოცემულ შემთხვევაში მითითებული იყო მხოლოდ ყურადღება. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა, შეიძლებოდა თუ არა, აღნიშნული გარემოებები საპატიოდ ყოფილიყო მიჩნეული. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს აღნიშნულის თაობაზე დასაბუთებას.
სასამართლომ ასევე აღნიშნა , რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ცნობილიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილება №11-------- და №1--------- საჩივრებთან დაკავშირებით და მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
შემოსავლების სასამხურის დავების დეპარტამენტის 15.01.2016 წლის N3------ წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 01.10.2015 წლის N3---- ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 22.10.2015 წელს და გადამხდელი მას გაეცნო 22.10.2015 წელს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2015 წლის 11 ნოემბერს. საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში განსახილველად წარდგენილია 2015 წლის 15 დეკემბერს.
აპელანტს მიაჩნია, რომ გადამხდელი ვერ მიუთითებს ვერცერთ ისეთ ფაქტზე ან გარემოებაზე, რაც შეიძლება გამხდარიყო გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი.
ამგვარად, აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან საჩივარი წარდგენილია სადავო აქტის გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამდენად, არ არისებობს სადავო გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ცი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „ტ-------------ს კრ------–ის“ საქმიანობის 2012 წლის 9 იანვრიდან 2014 წლის 10 იანვრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა 2015 წლის 6 აგვისტოს შემოწმების აქტი, რომლითაც გადამხდელზე დასარიცხი თანხა განისაზღვრა ძირითადი - 123863 ლარი და ჯარიმა - 27677 ლარი. აღნიშნულ თანხებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს №29897 ბრძანება და 2015 წლის 11 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნა.
შპს „ტ-------------ს კრ------–მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 11 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის პირველი ოქტომბრის №3---- ბრძანებით შპს „ტ-------------ს კრ------–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2015 წლის 15 დეკემბერს შპს „ტ-------------ს კრ------–მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და 2015 წლის 6 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტის, 2015 წლის 10 აგვისტოს №29897 ბრძანების, 2015 წლის 11 აგვისტოს №0------ საგადასახადო მოთხოვნისა და 2015 წლის პირველი ოქტომბრის №3---- ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის პირველი აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ტ-------------ს კრ------–ის“ 2015 წლის 15 დეკემბრის №11-------- და №1--------- საჩივრები დარჩა განუხილველი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. გადაწყვეტილებაში საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი თავის არგუმენტაციაში ვერ მიუთითებს ვერცერთ ისეთ ფაქტზე ან გარემოებაზე, რაც შეიძლება გახდეს გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 01.10.2015 წლის N3---- ბრძანება, გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე გაგზავნილია 22.10.2015 წელს და გადამხდელი გაეცნო 22.10.2015 წელს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2015 წლის 11 ნოემბერს, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარდგენილა 2015 წლის 15 დეკემბერს - 20-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლი, რომლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრების ვადის გასვლა იწვევს საჩივრის განუხილველად დატოვებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
ზაკ-ის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილისგან განსხვავებით, რომელიც აწესებს გაშვებული ვადის აღდგენის სავალდებულობას ვადის არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით გაშვების პირობებში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმა არ განსაზღვრავს, რა შეიძლება იქნეს მიჩნეულ ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად, თუმცა, შეიცავს ზოგად მითითებას იმის თაობაზე, რომ ვადის დარღვევა განპირობებული უნდა იყოს ისეთი საპატიო მიზეზით, რაც ობიექტურად გამორიცხავს გასაჩივრების შესაძლებლობას. ამდენად, საკითხი იმის თაობაზე, არსებობს თუ არა ვადის აღდგენის საფუძველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ობიექტური შეფასების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვადის გადაცილების მიზეზების შეფასების პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ყველა წარმოდგენილი არგუმენტი, მოტივაცია და ვადის გადაცილების ფაქტობრივი მიზეზები გამოიკვლიოს სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, თუმცა, გაშვებული ვადის აღდგენის საკითხი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას და იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს ამ უფლების გამოყენებაზე, ჩნდება სასამართლოს ვალდებულება შეაფასოს, მოქმედებს თუ არა ადმინისტრაციული ორგანო გამოსაყენებელი ნორმის ფარგლებში, ხომ არ მოხდა არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობა, ობიექტურობის საყოველთაო მასშტაბის დარღვევა, თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფა და ისეთი მიზეზების გაუთვალისწინებლობა, რაც ობიექტურად გამორიცხავდა გასაჩივრების შესაძლებლობას.
აღნიშნული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის არგუმენტაცია, რაზე დაყრდნობითაც გადასახადის გადამხდელის მიერ მოთხოვნილია ვადის აღდგენა. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ პორტალზე შემოსული შეტყობინება გახსნილ იქნა კომპანიის მარნეულის გადამამუშავებელი საწარმოს კომპიუტერიდან, იმ თანამშრომლის მიერ, რომელსაც ევალება მხოლოდ ზედნადებების ატვირთვა. სამუშაო დღის მეორე ნახევარში ასატვირთი იყო სასწრაფო ზედნადები, რათა მომხდარიყო ტვირთის გაშვება შემკვეთებთან, შეტყობინების გახსნის გარეშე კი ზედნადების ატვირთვა ვერ ხერხდებოდა. ამ დროს კომპანიის დირექტორი იმყოფებოდა ორბი ჯგუფის ობიექტზე ქ. ბათუმში, რასაც ადასტურებს ორბი ჯგუფის წარმომადგენელი. შესაბამისად, კომპანიის უფლებამოსილი პირის - ადრესატის მიერ, ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება (გაცნობა)და სათანადო დროული რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას აქვს განსაკუთრებული ინტერესი აღნიშნული საგადასახადო დავის მიმართ.
ზემოაღნიშნული მიზეზის ანალიზი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ ქმნის მტკიცების საფუძველს, რომ ვადის გაშვება მოხდა საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზით, რაც ობიექტურობის კრიტერიუმის გათვალისწინებით, წარმოშობს შესაძლებლობას აღდგეს გასაჩივრების ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. შეტყობინების ადრესატს წარმოადგენდა შპს „ტ-------------ს კრ------–ი“. დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მომხმარებლის ავტორიზებულ გვერდზე შესასვლელად საჭირო პაროლი საგადასახადო ორგანოს მიერ, ეცნობება მხოლოდ უფლებამოსილ პირს - გადასახადის გადამხდელს, საწარმოს დირექტორს. შესაბამისად, საწარმოს თანამშრომლის მიერ, პორტალზე შეტყობინების გახსნის შესახებ, საწარმოს უფლებამოსილი პირებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა წარმოადგენს ორგანიზაციის საწარმო მენეჯმენტისა და საქმიანობის შიდა სტრუქტურულ ხარვეზს და მსგავსი არგუმენტები, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ მიიჩნევა ვადის აღდგენის საფუძვლად.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ვადის გაშვება არ ატარებს ობიექტურ ხასიათს და მისი მიზეზების შეფასების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ მომხდარა ობიექტურობის კრიტერიუმის დარღვევა. აქვე, საგულისხმოა, რომ მოსარჩელე არ უთითებს სხვა რაიმე დამატებით გარემოებაზე, რაც შესაძლოა იქცეს დამატებითი გამოკვლევის მიზნით საქმის იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების საფუძვლად.
პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტა ეფუძნება საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას, ადმინისტრაციულმა ორგანო ასაბუთებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები და ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეფასდება როგორც არამართლზომიერი და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ტ-------------ს კრ------–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
გელა ბადრიაშვილი