განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001401761
საქმე №2ბ/6888-17
განჩინება
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - სსიპ ს----–-–-------------------------–------------
წარმომადგენელი - მ---------------
მოწინააღმდეგე მხარე - ვ-–---------------–-–---–-
წარმომადგენელი - ი--------–---
დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ვ-–---------------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, დ--------------–---- სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–---------------------–--–--------------–- ცნობილ იქნა უმკვიდროდ და ვ-–----------------–-–---–- უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–---------------------–--–--------------–- მდებარე საცხოვრებელი სადგომი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით რეგისტრირებულია დ--------------–---- სახელზე.
2.2. ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–---------------------–--–--------------–- მდებარე ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
2.3. საქართველოს შს სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2016 წლის 8 ივნისის ცნობით დგინდება, რომ 1994 წლის 14 ივნისს ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–---------------------–--–-----------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა ხანძარი.
2.4. დ--------------–--- გარდაიცვალა 1----–-–-----------.
2.5. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით 1----–-–----------- გარდაცვლილი დ--------------–---- დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებული არ არის;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები, ასევე ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლოს უქმნის რწმენას იმისათვის, რომ გაიზიაროს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ სადავო საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლება მოიპოვა მესაკუთრესთან - დ--------------–------ შეთანხმებით. შესაბამისად, ვ-–---------------–-–---–- არის ”საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან, გარიგების საფუძველზე ფლობდა დ--------------–---- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–---------------------–--–--------------–-. ამასთან არც ხანძრის გაჩენამდე (1994 წლის 14 ივნისი) და არც შემდგომ მას არ მიუტოვებია საცხოვრებელ სადგომზე უფლება აღნიშნული მიუთითებს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ აუცილებელი არაა კუმულაციურად განსახილველი კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ყველა მტკიცებულების წარმოდგენა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს შეექმნას რწმენა იმის შესახებ, რომ მოდავე მხარე ნამდვილად ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სადგომში 1996 წლამდე საცხოვრებელ სადგომზე დადებული გარიგების საფუძველზე.
2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ დ--------------–--- გარდაიცვალა 1----–-–-----------. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით დადგენილია, რომ მისი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. ამდენად, ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–---------------------–--–--------------–- დ--------------–---- საკუთრებად აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.
2.9. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–---------------------–--–--------------–- აწ გარდაცვლილი დ--------------–---- საკუთრებად რიცხული საცხოვრებელი სადგომი და აღნიშნული უმკვიდრო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს ვლადიმერ ბერელაშვილს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს (გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი).
კანონით გათვალისწინებული მოსარგებლეობის ფაქტი სასამართლომ დაადგინა მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით და მოწმეთა ჩვენებით. თუმცა, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ დადგენილად ყოფილიყო მიჩნეული ვ-–---------------–-–---–-სა და საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეს შორის საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადების ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა კომუნალური გადახდის ქვითრები, შესაბამისად მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ იგი იყო კომუნალური გადასახადების გადამხდელი. ვინაიდან, მხარე სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრირებული არ ყოფილა და არც კომუნალური გადახდის დამადასტურებელი ქვითრები წარმოუდგენია, არ დასტურდება 1997 წლის 25 ნოემბრამდე საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლების მოპოვების ფაქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათალისწინებით, მოწმეთა ჩვენება და მოსარჩელის ახსნა-განმარტება ვერ ჩაითვლება საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, რადგან საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა, კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოსარგებლეობის სტატუსის დადგენა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე განჩინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს არის თუ არა სახეზე ვ-–---------------–-–---–-ს ქ. თბილისში, ს-----–---–-----------–---------------------–--–--------------–- არსებულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის საფუძველი. აღნიშნული საკითხის კვლევა უნდა განხორციელდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მეცხრე მუხლით დადგენილი ნორმატიული წინაპირობების გათვალისწინებით.
“საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 იანვრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ მოწესრიგებას მოითხოვს (კანონის პირველი მუხლი). სპეციალური მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების სპეციფიკას, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, განსახილველმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები. ამდენად, აღნიშნული კანონით რეგულირებულია იმ პერიოდის საზოგადოებაში ფაქტობრივად არსებული ურთიერთობები, რომელიც იმ დროს მოქმედი საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული არ იყო. გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით არატიპიურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობა შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა), თუმცა ამავდროულად რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან თავისი შინაარსით და სპეციფიკური პირობებით, კერძოდ, მისი არსებობისას: მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეული რაოდენობის თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან, მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდიდა ბინის ქირასაც; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლების გადაცემა მოსარგებლეზე ფაქტობრივად ხდებოდა „სამუდამოდ“, ანუ ეს ურთიერთობა არ ატარებდა დროებით (ხანმოკლე) ხასიათს; ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალური კანონით მოწესრიგებას დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით რეგულირდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავენ, შესაძლებელია ეს ნიშნები კუმულატიურადაც არსებობდეს ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანი არსებობდეს.
სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით (შდრ. ლილუაშვილი თ., ლილუაშვილი გ., ხრუსტალი ვ., ძლიერიშვილი ზ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 1 ნაწილი, თბილისი, 2014, გამომცემლობა „სამართალი“, გვ: 259, 284, 308).
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მსჯელობას მასზე, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან, გარიგების საფუძველზე ფლობდა დ--------------–---- სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–---------------------–--–--------------–- და, ამასთან არც ხანძრის გაჩენამდე (1994 წლის 14 ივნისი) და არც შემდგომ მას არ მიუტოვებია საცხოვრებელ სადგომზე უფლება. აღნიშნული მიუთითებს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ აუცილებელი არაა კუმულაციურად განსახილველი კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ყველა მტკიცებულების წარმოდგენა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს შეექმნას რწმენა იმის შესახებ, რომ მოდავე მხარე ნამდვილად ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სადგომში 1996 წლამდე საცხოვრებელ სადგომზე დადებული გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ დ--------------–--- გარდაიცვალა 1----–-–-----------. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით დადგენილია, რომ მისი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის რეგისტრირებული. ამდენად, ქ. თბილისი, ს-----–---–-----------–---------------------–--–--------------–- დ--------------–---- საკუთრებად აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). დასახელებული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი მართებულად იქნა დაკმაყოფილებული და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ს----–-–-------------------------–------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები ლევან გვარამია
გელა ქირია