განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001195140
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/3479-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი
აპელანტი - შ-- ,,ს---------------’’
წარმომადგენელი - თ-------- ს----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შ-- ,,ჯ-----------------’’
წარმომადგენელი - გ--------------–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით შ-- „ს---------------“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შ-- „ჯ----------------ს’’ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად: შ-- „ს--------------ს“ შ-- „ჯ-----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 932.4 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 07 ივლისს შ-- „ს--------------მა“ შ-- „ჯ----------------ს“ მიაწოდა 3 900 ლარის ღირებულების 60 ცალი საკანერი.
სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 51-52);
- მხარეთა ახსნა -განმარტება.
2.2. 2015 წლის 07 ივლისს შ-- „ჯ----------------მა“ გადაიხადა 3 900 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა -განმარტება.
2.3. შ-- „ჯ-----------------“ -ს მიერ მიწოდებული სკანერები შ-- „ს--------------მა“ დაიბრუნა უკან და მოახდინა ახალი სკანერების მიწოდება მხარისათვის.
სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 15);
- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 16);
- მხარეთა და მოწმეთა ახსნა -განმარტება.
2.4. შ-- „ს---------------“ -ს მიერ მიწოდებული ახალი სკანერების საბაზრო ღირებულებამ შეადგნა 15 600 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 15);
- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა -განმარტება
2.5. 2015 წლის 22 ივლისს შ-- „ჯ----------------მა“ შ-- „ს--------------ს“ მიაწოდა კომპიუტერი და მონიტორი, ჯამში 932.4 ლარად. აღნიშნული ღირებულება მხარეს არ გადაუხდია.
სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 97);
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 98);
- მხარეთა ახსნა -განმარტება
2.6. 2017 წლის 05 იანვარს, შ-- „ე------------------“ -ს სახელწოდება შეიცვალა შ--
„ჯ-----------------“ -თ.
სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- პარტნიორის გადაწყვეტილება (ს.ფ. 99);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 100-103);
- მხარეთა ახსნა -განმარტებაჩვენება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.7. სკანერების ორივე მიწოდება განხორციელდა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, ვინაიდან პირველად მიწოდებული საქონელი იყო ნაკლიანი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ახალი პარტიის მიწოდება მოხდა მხარეთა შორის არსებული ახალი ხელშეკრულების საფუძველზე. მას წარმოდგენილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, სადაც მითითებულია სკანერების ფასი - 15 600 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტუ- რებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთ- ხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტა- ტაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოპასუხემ განმარტა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი შეთანხმება ან ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრული იქნება სკანერების ახალი ფასი ან გადახდასთან დაკავშირებული ახალი პირობები, რაზეც მოპასუხემ განაცხადა თანხმობა. მხარის განცხადებით, იგი დაეთანხმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასს - 3 900 ლარს და აღნიშნული საფასური მან გადაიხადა. მოსარჩელემ კი ახალი სკანერების მიწოდების ვალდებულება იკისრა სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, რადგან მათ შორის არ მომხდარა სხვა ფასზე შეთანხმება. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ დოკუმენტი როგორც მტკიცებულება არ წარმოუდგენია არც მას და არც მოპასუხეს.
სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ახალი სკანერების მოწოდების შესახებ მხარეთა შორის ახალი თანხის განსაზღვრას. მხარეები სადავოს არ ხდიან თავდაპირველ გარემოებას. მოპასუხე არ ხდის სადავოს არც ახალი სკანერების საბაზრო ღირებულებას. იგი განმარტავს, რომ სკანერების ღირებულებამ შესაძლოა შეადგინოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ფასი, მაგრამ ახალ ფასზე მათ შორის შეთანხმება არ ყოფილა. შ-- „ს---------------“-ს მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა და ზედნადები კი არ შეიძლება ჩაითვალოს მხარეთა შორის შეთანხმებად.
ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სკანერები იყო ნივთობრივად ნაკლიანი. აღნიშნულს ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული შ--–------–------–---–- და რ----–------------, რომელებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სკანერების მიწოდების პროცესში შპს „ჯ----------------- “-ს მხრიდან. აგრეთვე, შპს „ს--------------- “-ს მიერ წარმოდგენილი მოწმე - გ------------------, განმარტავს, რომ სკანერები იყო შეფუთვის გარეშე და ჩალაგებული იყო ერთად ერთ ყუთში. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ისიც, რომ მოსარჩელემ დაიბრუნა მოპასუხის მიერ დაწუნებული პროდუქტი და მიაწოდა ახალი სკანერები. მოსარჩელის განმარტებით, პირველ ეტაპზე მიწოდებული სკანერები არ იყო მეორადი, ისინი იყო შეფუთვის გარეშე, ხოლო მეორე ეტაპზე მიწოდებულები ხარისხობრივად არ განსხვავდებოდა პირველ ჯერზე მიწოდებული საქონლისაგან, გარდა შეფუთვისა, შესაბამისად ფასთა სხვაობაც შეფუთვამ მისცა და არა ხარისხმა.
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ ახალი სკანერების მიწოდება მოხდა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში.
სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 87-94)
- მხარეთა ახსნა -განმარტებები
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.8. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდე- ბულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმე- დების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდე- ბული, სწორედ, ეს პირები არიან. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება.
სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ ამაზე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება სკანერების მიწოდებასთან დაკავშირებით.
2.9. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამასთან, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშობა ქონების გაცვლის, გადაცემის ვალდებულება ფულის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, შესაბამისად, მიანიჭოს მას მესაკუთრის პოზიცია, გადასცეს საქონელი მფლობელობაში და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიცია ადგენს მყიდველის მთავარ ვალდებულებებს - შეთანხმებული საფასურის გადახდის თაობაზე, რომელიც მხარეთა თავისუფალი შეთანხმებით განსაზღვრას ექვემდებარება და ასევე, მყიდველის ვალდებულებას მიიღოს ნასყიდობის საგანი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა 60 სკანერი, 3900 ლარის ღირებულების. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები, მოსარჩელემ გადასცა სკანერები, მოპასუხემ კი გადაიხადა ინვოისით გამოწერილი თანხა.
სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 490-ე მუხლით, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ შპს „ს--------------მა “ მოპასუხეს გადასცა მეორადი სკანერები. შპს „ჯ----------------- “-ს მოთხოვნის მერე, მოსარჩელემ დაიბრუნა სკანერები და უზრუნველყო, ახალი სკანერების მიწოდება.
სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. ასევე, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არ გასულა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, არ დაუბრუნებია ჩარიცხული თანხა მხარისთვის.
2.10. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულების შესასრულებლად გადაცემული ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, ვითომ-კრედიტორისაგან, თუ: ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სკანერების ორივე პარტია მიწოდებულია ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, რადგან არ არსებობს სხვა რაიმე სახის დოკუმენტი რაც დაადასტურებდა მხარეთა მიერ მიწოდების ახალ ფასზე შეთანხმებას. მოსარჩელემ მიიღო მიბრუნებული სკანერების პარტია და მოპასუხეს მიაწოდა ახალი პარტია, მაგრამ განუსაზღვრა ფასი 15 600 ლარი. შ-- „ჯ-----------------“-ს მხრიდან არ მომხდარა ახალ ფასზე დათანხმება. შესაბამისად, მოპასუხეს ჰქონდა ვარაუდი, რომ მიწოდება ხდებოდა სწორედ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში.
2.11. რაც შეეხება შეგებებული სარჩელით გათვალისწინებულ მოთხოვნას, შ--
„ს--------------მა“ სარჩელი სრულად სცნო მთავარ სხდომაზე.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთი- ერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთი- ერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება.
სასამართლომ განმარტა, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ ამაზე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდი- სიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამასთან, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრუ- ლებაა. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშობა ქონების გაცვლის, გადაცემის ვალდებულება ფულის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, შესაბამისად, მიანიჭოს მას მესაკუთრის პოზიცია, გადასცეს საქონელი მფლობელობაში და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიცია ადგენს მყიდველის მთავარ ვალდებულებებს - შეთანხმებული საფასურის გადახდის თაობაზე, რომელიც მხარეთა თავისუფალი შეთანხმებით განსაზღვრას ექვემდებარება და ასევე, მყიდველის ვალდებულებას მიიღოს ნასყიდობის საგანი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის 2015 წლის 22 ივლისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით) მოპასუხეს (შეგებებული სარჩელით) მიაწოდა კომპიუტერი და მონიტორი, საერთო ღირებულებით 932.4 ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ გადასცა ნასყიდობის საგანი, ხოლო მოპასუხემ არ გადაიხადა თანხა.
შ-- „ს--------------მა“ შ-- „ჯ-----------------“-ს სარჩელი სცნო სრულად, მთავარ სხდომაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1. აპელანტის განმარტებით შ-- ,,ჯ-----------------ს’’ მიერ ახალი ფასით საქონლის მიღება დადასტურებულია როგორც ანგარიშფაქტურით, ასევე სასაქონლო ზედნადებით. აპელანტის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის სახეზე იყო სახელშეკრულებო ურთიერთობა და შეცვლილი ფასით პროდუქციის მიწოდება დასახელებული გარემოებების და მეორე მხარის დუმილის გათვალისწინებით სასამართლოს ახალი პირობებით ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად უნდა მიეჩნია. აპელანტის განმარტებით თუ შ-- ,,ჯ-----------------სთვის არ იყო მისაღები მიწოდებული საქონლის ახალი ფასი ან/და ხარისხი მას უნდა განეხორციელებინა მისი უარყოფა, ისე როგორც ეს მანამდე საქონლის უკან დაბრუნების გზით განახორციელა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოწმებს რა გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შ-- ,,ს------------მა’’ მოპასუხეს გადასცა ნაკლის მქონე სკანერები. შპს „ჯ-----------------“-ს მოთხოვნის შემდეგ, მოსარჩელემ დაიბრუნა სკანერები და უზრუნველყო, ახალი სკანერების მიწოდება მყიდველისათვის. სკანერების მიწოდება განხორციელდა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში და მიწოდებული საქონლის ღირებულება - 3 900 ლარი, მყიდველის მიერ გადახდილია სრულად.
უდავოა, 2015 წლის 07 ივლისს შ-- „ს--------------მა“ შ-- „ჯ----------------ს“ მათ შორის ზეპირი ფორმით გაფორმებული გარიგების ფარგლებში 3900 ლარის ღირებულების 60 ცალი სკანერი მიაწოდა, რის სანაცვლოდაც შ-- ,,ჯ----------------ს’’ შ-- ,,ს---------------სთვის’’ 3 900 ლარი უნდა გადაეხადა.
უდავოა ასევე, რომ 2015 წლის 07 ივლისს შ-- „ჯ----------------მა“ შ-- ,,ს--------------ს’’ მიწოდებული 60 სკანერის ღირებულების სანაცვლოდ 3 900 ლარი გადაუხადა.
სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ-- ,,ს---------------ს’’ მიერ 07.07.2015 წელს შ-- ,,ჯ-----------------სთვის’’ მიწოდებული 60 ცალი სკანერი ნივთობრივი ნაკლის მქონე აღმოჩნდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ უდავო გარემოებაზე, რომ შ-- ,,ს---------------ს’’ მიერ 07.07.2015 წელს შ-- ,,ჯ-----------------სთვის’’ მიწოდებული 60 ცალი სკანერი გამყიდველს - შ-- ,,ს--------------ს’’ მიწოდებიდან რამდენიმე დღეში უკან დაუბრუნდა, სკანერების ღირებულების სახით გადახდილი თანხა კი მყიდველს უკან არ დაბრუნებია. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს შ-- ,,ს---------------ს’’ წარმომადგენლის პოზიციას მასზედ, რომ შ-- ,,ჯ-----------------ს’’ მიერ მისთვის 07.07.2015 წელს მიწოდებული სკანერების გამყიდველისთვის დაბრუნება და ამ უკანასკნელის მხრიდან მათი უკან მიღება განპირობებული იყო ნასყიდობის საგნის შეუფუთაობით. აღნიშნულთან მიმართებით პალატა ხაზს უსვამს იმ უდავო გარემოებას, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგების საგანს სწორედ 60 ცალი შეუფუთავი სკანერის მიწოდება წარმოადგენდა, შესაბამისად, აპელანტის მითითება მასზედ, რომ მყიდველის მიერ 07.07.2015 წელს მიწოდებული 60 ცალი სკანერის დაბრუნება და გამყიდველის მხრიდან მათი უკან მიღება განპირობებული იყო სკანერების შეუფუთავად მიწოდებით ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
4.1.2. განსახილველ შემთხვევაში შ-- ,,ს---------------ს’’ სარჩელის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველისათვის ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის 11 700 ლარის გადახდის დაკისრება. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა დადგინდეს:
- 07.07.2015 წელს მიწოდებული სკანერების დაბრუნების შემდეგ 60 ცალი სკანერის მიწოდების მიზნით მხარეებს შორის დაიდო თუ არა ახალი ნასყიდობის ხელშეკრულება,- მიაწოდა თუ არა მოსარჩელემ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საქონელი და
- განახორციელა თუ არა მოპასუხემ შესრულება - ნასყიდობის ფასის სრულად ან ნაწილობრივ გადახდა.
პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ შ-- ,,ს---------------ს’’ მიერ შ-- ,,ჯ-----------------სთვის’’ სკანერების მიწოდება განხორციელდა ერთი გარიგების ფარგლებში, რამეთუ პირველად - 07.07.2015 წელს მიწოდებული ნივთები ნაკლის მქონე აღმოჩნდა და მეორედ 60 ცალი სკანერის მიწოდება ნაკლის მქონე ნივთების ჩანაცვლებას ემსახურებოდა.
სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. კანონით ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია - ხელშეკრულების საგანი და ფასი.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი, გარიგებაა, რაც გამოიხატება ერთის მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში - გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორეს მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში - გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
4.1.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მეორე ეტაპზე მიწოდებული 60 ცალი სკანერის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დასტურად წარმოდგენილია 13.07.2015წ. საგადახდო ანგარიშფაქტურა და 13.07.2015წ. #0--------- სასაქონლო ზედნადები, რომელშიც მყიდველის გრაფაში მითითებულია შ-- ,,ე-----------------’’, ხოლო საქონლის ფასი მითითებულია 15 600 ლარი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასაქონლო ზედნადები, გარდა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების (№III-06 დანართი) და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (№III-09 დანართი) მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა.
ამავე ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
მითითებული ინსტრუქცია არ ითვალისწინებს სასაქონლო ზედნადების მყიდველის მიერ ელექტრონული წესით დადასტურებას და არც საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები არ შეიცავს მონაცემებს სასაქონლო ზედნადების მყიდველის მიერ დადასტურების შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო-სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების მსგავსად არც მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურები არ შეიცავს მონაცემებს მყიდველის მიერ მისი დადასტურების შესახებ, შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ დასახელებული დოკუმენტები ადასტურებს 15 600 ლარად 60 ცალი სკანერის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ფაქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გამყიდველის მიერ ცალმხრივად შექმნილი დოკუმენტი - სასაქონლო ზედნადები და საგადახდო ანგარიშფაქტურა მხარეებს შორის 07.07.2015 წელს 60 ცალი სკანერის მიწოდების შემდეგ ახალი ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტს, არ ადასტურებს.
4.1.4. საბოლოოდ, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ შ-- ,,ს--------------მა’’ შ-- ,,ჯ----------------ს’’ მათ შორის ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც 3900 ლარად 60 ცალის სკანერის მიწოდებას ითვალისწინებდა, 07.07.2015 წელს ნაკლის მქონე ნივთები მიაწოდა, რომელიც გამყიდველს რამდენიმე დღეში უკან დაუბრუნდა, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ შ-- ,,ს---------------ს’’ მიერ შ-- ,,ჯ-----------------სთვის’’ 07.07.2015 წელს მიწოდებული სკანერების ნაკლის საფუძვლით დაბრუნების შემდეგ ახალი 60 სკანერის მიწოდება ნაკლიანი ნივთის შეცვლას ემსახურებოდა. შესაბამისად, მხარეთა შორის ახალი შეთანხმებით ნასყიდობის ფასთან - 15 600 ლარი, დაკავშირებით ახალი ხელშეკრულება არ დადებულა და მოსარჩელეს არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი მოპასუხისაგან მოითხოვოს ნასყიდობის ფასის გადახდა 3 900 ლარის ზევით. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მართებულად უთხრა უარი შ-- "ს--------------ს" სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რამდენადაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ-- ,,ს---------------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური