განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001856795
საქმე №1ბ/700-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ვ----–-----------ს
ადვოკატის: გ---–-----------ს
მსჯავრდებულის: გ-----------------–-–---–ის
მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ გ-----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ-----------------–-–---–ის მიმართ. გ-----------------–-–---–ი დაბადებულია 1986 წლის 11 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–----------------------------–------------------------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------------–-–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
გ-----------------–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ-----------------–-–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - 1951 წლის ნიმუშის 9მმ (9X18) კალიბრის, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ჩარჩოზე წარწერით ,877“, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საცხოვრებელ ბინაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ა----------------------–------------------------------------------–-, მისსავე საძინებელ ოთახში, საიდანაც იქნა ამოღებული 2017 წლის 02 თებერვალს ჩატარებული ჩხრეკის დროს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენით:
გ-----------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ-----------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 2 თებერვლიდან 2017 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.
გ-----------------–-–---–ი მსჯავრდებულის სახით დაკავებული იქნა 2018 წლის 11 მაისს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-----------------–-–---–მა და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შეცვალეს მოთხოვნა და ითხოვეს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ-----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენი გ-----------------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება, განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-----------------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
მსჯავრდებულ გ-----------------–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული საქმეზე შეკრებილი ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: გ-----------------–-–---–ისა და მოწმეების: გ----------–---–----------------------–------------------–---------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, გ-----------------–-–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის #1----- დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ-----------------–-–---–ის ბინის ჩხრეკისას მისი საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ცეცხლასროლი იარაღი. ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმით კი გ-----------------–-–---–ი ადასტურებს, რომ ამოღებული იარაღი მას ეკუთვნის. ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იარაღზე აღმოჩენილი იქნა გ-----------------–-–---–ის გენეტიკური პროფილი. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გ-----------------–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მისი საძინებელი ოთახიდან ამოღებული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღს.
,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ხოლო ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,ცეცხლსასროლი იარაღი‘‘ იგულისხმება იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება. მითითებული კანონის მე-19 მუხლი ასევე განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება. იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა გ-----------------–-–---–ს არ გააჩნდა. შესაბამისად, მას ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი ჰქონდა და საცხოვრებელ ბინაში ინახავდა მართლსაწინააღმდეგოდ. აღნიშნულის დამადასტურებელი ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პირადად მსჯავრდებულს სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენით გ-----------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
რაც შეეხება გ-----------------–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ეთანხმება შერჩეული სასჯელის სახეს და ზომას და მიაჩნია, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იგი დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას. განზრახი დანაშაულებისთვის ნასამართლევმა გ-----------------–-–---–მა კვლავ განზრახი დანაშაული ჩაიდინა და სახეზეა რეციდივი. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ-----------------–-–---–ისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-----------------–-–---–ის მიმართ დანიშნული იქნა კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი. როგორც აღინიშნა, სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. გ-----------------–-–---–ის ქმედებისთვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მულიხის მე-2 ნაწილის სანქციაში ქვედა ზღვარი მითითებული არ არის, რაც იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად იმას ნიშნავს, რომ მინიმალური სასჯელია ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. პირველი ინსტანციის სასამართლომ გ-----------------–-–---–ს სასჯელის სახით დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნასთან. შესაბამისად, მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის მოთხოვნა დანიშნული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ-----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენი გ-----------------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ-----------------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენი გ-----------------–-–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
გ-----------------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
გ-----------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 11 მაისიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 2 თებერვლიდან 2017 წლის 5 თებერვლის ჩათვლით - 4 (ოთხი) დღე.
მედველობაში იქნას მიღებული, რომ გ-----------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
,,მაკაროვის‘‘ სისტემის პისტოლეტი გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს, ხოლო ნერწყვის ნიმუში განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე