განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.06.2018
საქმის ნომერი
050310017002083030
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №050310017002083030

საქმე №3/ბ-174-2018წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 ივნისი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი – შო-----------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე - ო------------ე

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2017 წლის 08 სექტემბერს ო------------ემ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს ?8- განკარგულების ბათილად ცნობა. ასევე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და აღიარებული იქნას ო-------------ის საკუთრების უფლება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ--------–- მდებარე 4416 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე.

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწვეტილებით ო------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს ?8- განკარგულება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ--------–- მდებარე 4416 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ო------------ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; დაევალა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება ო------------ის განცხადებასთან დაკავშირებით; მოპასუხე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, დაეკისრა ო------------ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით;

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ო-------------ემ 2017 წლის 16 იანვარს ?------------ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტების ფარგლებში - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნ--------–- მდებარე 4416 კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა- ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის ტექნიკური პასპორტი, მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომ ო------------ე დაახლოებით 1990 წლიდან ნამდვილად ფლობს და სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართით 4416.00 კვ.მ. მდებარე ლანჩხუთი, სოფელი ნ---------;

 

2.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 თებერვლის ?-------------07 გადაწყვეტილებით ო------------ეს ეცნობა, რომ უნდა წარმოადგინოს სხვა უფლების დამდგენი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტაცია გადაგზავნილ იქნება თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დაინტერესებული პირის - ო------------ის მიერ უკვე რეგისტრირებულია შემდეგი მონაცემები: 2------3.090 – 5305.00 კვ.მ. და 2------4.147 – 4695.00 კვ.მ ჯამში - 10 000კვ.მ. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოთხოვნილი და უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობების ჯამი წარმოადგენს 14 417 კვ.მ. რაც არ შეესაბამება უფლების დამდგენი დოკუმენტით არსებულ ფართს 10 000 კვ.მ;

 

2.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 თებერვლის ?----- მიმართვის თანახმად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაეგზავნა დაინტერესებული პირის - ო------------ის მიერ წარდგენილი განცხადება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია;

 

2.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 09 თებერვლის ?5------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ეცნობა, რომ ?------------ განცხადებაზე (ო------------ის 2017 წლის 16 იანვრის განცხადება) წარდგენილი აზომვით ნახაზის ელექტრონული ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის, საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემები არ იძლევა განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლება რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას. რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნ---------ს კოლმეურნეობის 1984 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობს;

 

2.1.5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 21 ივლისის ?2-- წერილში, რომელიც გაეგზავნა ო------------ეს. მითითებულია, რომ კომისია იხილავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 14 თებერვლის ?----- შუამდგომლობას ო------------ის მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ--------–- მდებარე უძრავი ქონების (4416 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენისა და მასზე საკუთრების აღიარების შესახებ. აღნიშნული წერილით ო-------------ეს ეცნობა, რომ დამატებით უნდა წარადგინოს უძრავი ქონების თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტები: გადახდის ქვითრები, აბონენტად აყვანის დოკუმენტი, ასევე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა 2007 წლამდე ოჯახის შემადგენლობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ;

 

2.1.6. ო------------ის მიერ კომისიაში წარდგენილი იქნა შემდეგი დოკუმენტები: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ცნობა 2000-2007 წლებში ო------------ის ოჯახის შემადგენლობის შესახებ. გადახდის ქვითრები, აბონენტის ბარათი, ოჯახის წევრების ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები;

 

2.1.7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 აგვისტოს ?8- განკარგულების თანახმად, უარი ეთქვა ო------------ეს საკუთრების უფლების აღიარებაზე, რადგან მისი მოთხოვნა აკმაყოფილებდა კანონით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ--------–- მდებარე 4416 კვ.მ. უფლება ასაღიარებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზირებული რეგისტრაციის სამსახურის 2017 წლის 09 თებერვლის ?5------- სამსახურებრივი ბარათით, წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს;

 

2.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის ?4----- წერილში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ ინფორმაციის მომზადებას უზრუნველყოფს სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ ყოფილი კოლმეურნეობებისა და ს/მეურნეობების მიწათსარგებლობის გემების მიხედვით, რომლებიც შედგენილია 1992-1994 წლამდე პერიოდში არსებული მდგომარეობით, რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს სააგენტო მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო კატეგორიების შესახებ დოკუმენტებს არ ფლობს, გარდა რეგისტრირებული მონაცემებისა;

 

2.1.9. 2018 წლის 22 იანვარს ო------------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთს მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნ--------–- 468- კვ.მ. მიენიჭოს სასოფლო- სამეურნეო კატეგორია.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, 2017 წლის 18 აგვისტოს განკარგულება, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებული არის, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული წარმოება არის – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

 

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღების დროს, არ მოისმინა დაინტერესებული პირის მოსაზრებები, ასევე არ მოიწვია და დაკითხა ის პირები ვისაც შესაძლოა ჰქონოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებული აქვს არასრულყოფილად, არ გამოიკვლია ადმინისტრაციულ ორგანოში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაცია, შეფასება არ მისცა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს, არ გავიდა ადგილზე დასათვალიერებლად, არ დაადგინა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა, არ გამოკითხა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები და სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია განმარტებულია, როგორც საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის №4 ბრძანების მე-181 მუხლის თანახმად მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს სააგენტო. სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არასასოფლო– სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა შეიძლება განხორციელდეს: ა) საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში; ბ) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების დასაბუთებული აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით შეცვლის რეგისტრაციისათვის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნეს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადება საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შესახებ, შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში , იმ უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან დასაბუთებული განცხადება, რომლის საკუთრებაშიც არის მოცემული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას თუ რა გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე დააფუძნა მოპასუხემ თავისი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა ვერც სასამართლო სხდომაზე მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლიანობაზე. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციას მიწის საძოვრის კატეგორიად კუთვნილების თაობაზე,სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლის მტკიცება, რომ თითქოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე მიიღეს 2017 წლის 18 აგვისტოს განკარგულება ო------------ის ნაწილში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუმარტია მოსარჩელისთვის მის უფლებაზე, თუ მართლაც საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს წარმოადგენს მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, მიემართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საძოვრის კატეგორიის შეცვლის მოთხოვნით, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვარის ?--------------------1 მუხლის შესაბამისად, უფრო მეტიც ამავე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს თავად შეეძლო მიემართა მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილით, განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე-34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და უარი უთხრა ო-------------ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რითაც შეილახა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით, ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.

 

დასახელებული ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე,სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა ო------------ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, იგი არ გამომდინარეობს საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ობიექტური ანალიზიდან. ასევე, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა გამოყენებული კანონის შინაარსი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და საბოლოოდ მივიდა სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორ და არაობიექტურ გადაწყვეტილებამდე.

 

აპელანტის აღნიშვნით, მათ პოზიციას ამყარებს შემდეგი გარემოებები: მაშინდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ო------------ის განცხადება, თანდართულ მასალებთან ერთად გადმოიგზავნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რაც ხორციელდება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში და იმ შემთხვევაში, როცა სააგენტო ვერ დაადგენს დაინტერესებული პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტები ვერ აკმაყოფილებს მიწის მართლზომიერი ფლობის პირობებს. სწორედ აღნიშნული მოტივით, იმის დასადგენად, აკმაყოფილებდა თუ არა ო------------ის განცხადება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს. დოკუმენტაციის კომისიაში შემოსვლის შემდეგ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება (შესაბამისი ოქმი საქმეს თან ერთვის), გარდა ამისა, შესწავლილ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტები კერძოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 ივნისის N------ წერილი, რომლის შინაარსითაც ირკვეოდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელი ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ძ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის მიერ სრულიად მართებულად იქნა გამოყენებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი, სადაც ნათლადაა განმარტებული, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება ის მიწის ნაკვეთიც, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას.

აპელანტის აღნიშვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გამოითხოვა ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი კატეგორიის შესახებ, სადაც იგივე შინაარსი იქნა დადასტურებული. ზემოთაღნიშნული აქტების მითითებული ნორმები კი გამორიცხავდა კომისიის მიერ ო------------ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სასამართლოს არ უმსჯელია თუ რა გარემოებები აბათილებდა მითითებული ნორმების გამოყენების მართებულობას, ამის საპირისპიროდ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მე-3 ნაწილისა და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების მე-18 პრიმა მუხლის შინაარსი. კერძოდ მითითებული ნორმების თანახმად, მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილებაზე უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო. მხარეს სადაოდ არ გაუხდია სააგენტოს მიერ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მინიჭებული კატეგორია, გარდა სააგენტოში მიწის ნაკვეთის კატეგორიის თაობაზე დაცული ინფორმაციისა, არ არსებობს სხვა დოკუმენტი ან გარემოება, რომელიც დაამტკიცებდა საპირისპიროს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ ნაკვეთს არ აქვს საძოვრის კატეგორია, ასეთი მტკიცებულების მოპოვების შანსი კი არც კომისიას და არც პაქსაძეს არ გააჩნია, სასამართლომ გააკეთა მცდარი დასკვნა, რომ მხარეთა მოსმენით კომისიამ შესაძლოა მიიღოს სხვაგვარი გადაწყვეტილება, მითუმეტეს რომ კომისიის სხდომაზე განმარტება გაკეთებული აქვს ო------------ეს. ამდენად, კომისიის სხდომის ოქმის შინაარსი და მიღებული განკარგულებაც სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედ კანონმდებლობასთან, ისე კომისიის გადაწყვეტილებასთან.

 

აპელანტმა განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ სამართლებრივ ნორმები შეეხება მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებს, რაც შემხებლობაში არ არის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებასთან, ვინაიდან „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ვერ უთითებდა ვერც ერთ სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა სარჩელის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. რაც შეეხება მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილებას, თუ ასეთი განხორციელდება, ეს იქნება კანონით გათვალისწინებული ის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც დაინტერესებულ მხარეს უფლება ექნება ამ გარემოებაზე დაყრდნობით ხელახლა მიმართოს კომისიას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

პალატა აღნიშნავს, რომ ო------------ის სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე