განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
010141318700066700
ინსტანცია
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0-----------------

საქმე №1/აგ-541-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობ

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ---------------–-–---–ის შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენით: დამტკიცდა პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ გ---------------–-–---–ს შორის 2017 წლის 17 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

გ---------------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

 

ასევე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბრალდებულ გ---------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 (ოთხი) წელი;

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 (ათი) წლის ვადით.

 

2018 წლის 20 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ---------------–-–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და „ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (151გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - ,,კანაფის“ (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენით გ---------------–-–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირებისთვის, დიდი ოდენობით (138,5 გრ) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; ასევე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა უფლებები.

 

რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით დაადგინა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ.გადაწყვეტილება) მსჯავრდებული გ---------------–-–---–ი უნდა გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან;

 

ამასთან, განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისა და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ---------------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე:

 

მსჯავრდებული გ---------------–-–---–ი გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელისაგან - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

ცვლილება შევიდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენში და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე.

 

გ---------------–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახით, მოსახდელად განესაზღვროს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გ---------------–-–---–ს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

 

სხვა ნაწილში (მათ შორის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში) ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ.მაჭავარიანი

 

ლ.თევზაძე