განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2018
საქმის ნომერი
140100118002477252
ინსტანცია
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002477252

საქმე #1ბ/1043-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორ ზ-------–-------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), მ-------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: გ------------------------–-----------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------------–---–მა ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

მ-------------–---–მა 2012 წლის 11 ოქტომბრიდან 2012 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, კერძოდ - შესყიდვის აქტები, რომელთა თანახმად, ი/მ ,,მ-------------–---–მა” სხვადასხვა ფიზიკური პირისაგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა, რაც რეალურად არ განხორციელებულა. კერძოდ, მან დაამზადა: 2012 წლის 11 ოქტომბრის N1 შესყიდვის აქტი, თითქოს, თ-------------–---–ისგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა - 7.5 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 2250 ლარი; 2012 წლის 11 ოქტომბრის N2 შესყიდვის აქტი, თითქოს, მ--–------------–---–ისგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა - 15 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 4 200 ლარი; 2012 წლის 9 ნოემბრის N4 შესყიდვის აქტი, თითქოს, ა--------------–---–ისგან შეიძინა დახერხილი სოჭის მასალა - 11 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 3 520 ლარი; 2012 წლის 15 ნოემბრის N5 შესყიდვის აქტი, თითქოს, ნ---------–---–---–ისგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა - 11.4 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 3 420 ლარი; 2012 წლის 16 ნოემბრის N6 შესყიდვის აქტი, თითქოს, ნ-----–----------–-–---–ისგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა - 5.76 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 1785.6 ლარი; 2012 წლის 19 დეკემბრის N7 შესყიდვის აქტი, თითქოს, გ-----------------ისგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა - 10.6 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 3 180 ლარი; 2012 წლის 22 დეკემბრის N8 შესყიდვის აქტი, თითქოს, ნ-----–----------–-–---–ისგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა - 5.4 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 1 620 ლარი;

 

მ-------------–---–მა, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, აღნიშნული ყალბი შესყიდვის აქტები გამოიყენა 2012 წლის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დოკუმენტებში 2013 წლის 30 მარტს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის გზით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით:

 

მ-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ზ-------–--------–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას მ-------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით. კერძოდ, აპელანტის მოთხოვნაა მსჯავრდებულ მ-------------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ (საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში) დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ ზ-------–--------–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ მ-------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების - ზ------------------–---–ის, ოთარ კორინთელის, ამირან ქაწაშვილის, ხათუნა ქერდიყოშვილის, ნ-----–----------–-–---–ის, ე-–-----------–-–---–ის, პ-------–--–---–-–---–ის, თ-----------------ის, მ--–------------–---–ის, ე-–-------------–---–ის, ნ----------------ის, ნ---------–---–---–ის, ა--------------–---–ის, ვლადიმერ ქოლიანის, თ-------------–---–ის, ლ--–---------–---–ის, მ------------ის, კ----–----------–---–ის ჩვენებების, ჩხრეკის, ამოღების, დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების, საბუღალტრო დოკუმენტების, საგადასახადო შემოწმებისა და ინვენტარიზაციის მასალების, სასაქონლო და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნების, თავად მ-------------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ-------------–---–მა ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მ-------------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, უსამართლო და შეუსაბამო მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან, იგი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებით, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ მ-------------–---–მა ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით გააყალბა შვიდი ერთეული შესყიდვის აქტი, იგი განზრახ ახორციელებდა შესყიდვის აქტების გაყალბებას, გადასახადებისაგან თავის არდების მიზნით. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ მ-------------–---–ი ამჟამადაც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ მ-------------–---–ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით ჩადენილია შვიდი ერთეული შესყიდვის აქტის განზრახ გაყალბება, გადასახადებისაგან თავის არდების მიზნით – ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მ-------------–---–ის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ–ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, ურომლისოდაც საქართველოს სსკ–ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულისათვის სასჯელის გამკაცრების მოტივად ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ-------------–---–ი ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიდრეკილია მსგავსი სახის დანაშაულის ჩადენისაკენ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს. ამასთანვე, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მ-------------–---–ი ამჟამადაც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მისთვის დანიშნული სასჯელი არის უსამართლო. აბსტრაქტული მსჯელობა ისეთ გარემოებაზე, რომლის დამადასტურებელი ან უარმყოფელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ-------------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. აგრეთვე, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მ-------------–---–მა, გარდა იმისა, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ყოველივე აღნიშნული კი მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ სხვა გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემობას, რომ მსჯავრდებულს ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილები, არის ონკოლოგიური ავადმყოფი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ-------------–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ მ-------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ზ-------–-------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ მ-------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

მ-------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მ-------------–---–ისაგან ამოღებული საბუღალტრო დოკუმენტაცია - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ყალბი შესყიდვების აქტები - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე