განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2018
საქმის ნომერი
330100117001944043
ინსტანცია
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/299-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

 

ნანა გიგიტაშვილის, მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორ - ი------------ს,ადვოკატ - ლ-------------–---–ის,მსჯავრდებულ - ა------------–--ნის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა------------–--ნის და მისი ადვოკატის კ------------–---ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა------------–--ნის მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განაჩენით:

 

ა------------–--ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა------------–--ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 10 მაისიდან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

ა------------–--ნმა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

ა------------–--ნმა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და სხეულში უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,304 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბ----------------ს“ შემცველი 38 ცალი ტაბლეტი, რაც 2017 წლის 10 მაისს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა შპს ,,ნ--------------––-“ სამანიპულაციო ოთახში მდებარე თბილისი, კ--–-----------------ში, მას შემდეგ რაც ა------------–--ნმა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ნებაყოფლობით გამოდევნა სხეულიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა------------–--ნმა და მისმა ადვოკატმა კ------------–---ძემ. აპელანტები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას კვალიფიკაციის ნაწილში და ა------------–--ნის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

დაცვის მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მსჯავრდებული ა------------–--ნი არ გაურბის პასუხისმგებლობას, მან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ნებაყოფლობით განუცხადა, რომ სხეულში ინახავდა 6 აბ ნარკოტიკულ საშალებას, ხოლო მის მიმართ ბრალად წარდგენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 38 აბი ნარკოტიკული საშუალება „ბ----------------ს“ შეძენა-შენახვვასთან დაკავშირებით საქმეზე წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო და საეჭვო მტკიცებულებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ წარდგენილ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ა------------–--ნის დაკავებისა და მის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა. მსჯავრდებული დაკავებული იქნა არა იმ პირების მიერ, ვინც მითითებულია საქმეზე წარმდგენილ დაკავების ოქმში, არამედ მათ მისვლამდე და საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე სულ სხვა, უხცო თანამშრომლების მიერ, რა დროსაც მას არ განუმარტეს დაკავებულის უფლებები. აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, თუმცა საგამოძიებო მოქმედების ოქმებში არ ფიქსირდებიან. მას შემდეგ, რაც ა------------–--ნმა განუცხადა სამართალდამცავებს, რომ სხეულში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას და ნებაყოფლობით წარუდნეგნდა მათ, პოლიციის თანამშრომელმა თ------------------–---–მა ხელბორკილები დაადო მას და გადაიყვანა საავადმყოფოში, ხოლო როდესაც მოხდა ა------------–--ნისგან ნარკოტიკული საშუალების გამოდევნა, იგი დალუქვის პროცედურებს არ დასწრებია, ლუქზე ხელმოწერა მისი არ არის და ვინ მოაწერა ხელი მის მაგივრად, არ იცის. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კვლავ გერძელდებოდა ა------------–--ნზე ზეწოლა, რომელსაც სთხოვდნენ 38 აბი „ბ----------------ს“ ფლობის აღიარებას. დაკავების და საგამძიებო მოქედების ოქმები ადგილზე არ ყოფილა შედგენილი, მას დანელიანმა განყოფილებაში მოაწერა ხელი, სადაც დაიკითხა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე.

 

დაცვის მხარე ასევე აპელირებს პოლიციის თანამშრომელების - თ------------------–---–ის, ი-----–---------–---–-- და დ----------–---–---ის ჩვენებზე და თვლის, რომ აღნიშნული ჩვენებები ეწინააღმედგება როგორც ერთმანეთს, ასევე სამეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. გარდა ამისა, ადვოკატი ეჭვის ქვეშ აყენებს პატაკის შემდგენი პირის - ე-----------------ის ჩვენებასაც და მიიჩნევს, რომ მისი ჩვენებაც მოკლებულია დამაჯერებლობას. ადვოკატის განმარტებით, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს თუ გავიზიარებთ, მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა ქმედებები, დროის თავლსაზრისით, არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში, ხოლო დაცვის მხარის მიერ დასმულ საკვანძო კითხვებზე პასუხის გაცემას სამართალდამცავებმა თავი აარიდეს და აღნიშნეს, რომ თითქოსდა დიდი დროა გასული და დეტალები არ ახსოვთ.

 

აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და ა------------–--ნის დამნაშავედ ცნობას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-----------------მა განმარტა, რომ 2017 წლის 10 მაისს, დილის საათებში სამსახურში, ტელეფონის საშუალებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ა------------–--ნი იმყოფებოდა ა----–-----–---------------- კილომეტრზე და პირადად ინახავდა უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკული საშუალებას. ინფორმაციაში ასევე მითითებული იყო, რომ იგი გადაადგილდებოდა „ო---–-ს“ მარკის ავტომანქანით, უცხოური ნომრებით. აღნიშნულის თაობაზე წერილობით მოახსენა ხელმძღვანელობას. მისთვის ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილზე გავიდა ჯგუფი, თვითონ დარჩა განყოფილებაში და დაიკითხა გამომძიებლის მიერ. მოწმემ მიუთითა, რომ თანამშრომლების უმეტესობა იმ პერიოდში სამსახურში იყო, ვინაიდან რაღაც ღონისძიება ჰქონდათ და მუშაობდნენ. როგორც წესი, სამსახურში მორიგეობა არ აქვთ, თუმცა ხშირად ხდება, რომ დილით ადრე უკვე სამსახურში იმყოფებახოლმე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–---------–---–-ა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. 2017 წლის 10 მაისს თანამშრომელმა ე-----------------მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თნახმადაც ა------------–--ნი ავტომანქანით უნდა ყოფილიყო თბილისში, დ-----------–-----–---------------- კილომეტრზე, „თ----------–--------------------“ და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. თანამშრომლებთან ერთად გავიდა ხსენებულ მისამართზე, სადაც ,,თა---------–------------------ს“ მიმდებარედ შენიშნეს თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით გაჩერებული ა------------–--ნი. მივიდნენ მასტან, განუმარტეს, რომ მიღებული ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების თაობაზე და ჩაუტარეს როგორც პირადი ჩხრეკა, ასევე ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ავტომანქანის ჩხრეკისას ა------------–--ნმა განუცხადათ, რომ ნარკოტიკულ საშუალება ,,სუბუტექსს“ ინახავდა სხეულში, რომელსაც წარმოდგენდა ნებაყოფლობით და ხელწერილით დაადასტურა მისი თანხმობა, ჩაეტარებინათ კომპიუტერული კვლევა. ა------------–--ნი გადაიყვანეს ,,ნ--------------––-“, სადაც ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია და დადასტურდა, რომ ეს უკანასკნელი სწორ ნაწლავში ინახავდა უცხო სხეულებს აბების სახით. ა------------–--ნმა განაცხადა, რომ არ საჭიროებდა ექიმის დახმარებას და თავად წარუდგენდათ ნარკოტიკულ საშუალებას, რის შემდეგაც სხეულიდან გამოდევნა ორ შეკვრად დაფასოებული, სულ 38 აბი ,,ბ----------------“. აბები ამოღებული იქნა მის (ი-----–---------–---–--) მიერ, ადგილზე დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები და მოხდა ა------------–--ნის დაკავება, რის შემდეგაც იგი გადაყვანილი იქნა საგამოძიებო ორგანოში. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ იგი არის ოპერატიული დანაყოფის წევრი და თუ საჭიროება მოითხოვს, 24 საათის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს სამსახურში. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე გავიდა რამდენიმე ეკიპაჟი, უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას ღებულობდა დ----------–---–------- და თ------------------–---–თან ერთად. თავად სამსაზურიდან გავიდა დათუნა მეშველიანთან ერთად, მინიმოშვილი - ცალკე მანქანით, თუმცა ადგილზე ერთად მივიდნენ. იქვე იმყოფებოდნენ ხელძღვანელი პირები, თუმცა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას ა------------–--ნი მათი მეთვალყურეობის ქვეშ იყო, თუმცა დაკავებული არ ყოფილა. ყველა ოქმი შედგენილი იქნა საგამოძებო მოქმედების ჩატარების ადგილზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----------–---–---მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. 2017 წლის 10 მაისს, სამსახურში მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ა------------–--ნი, რომელიც იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, კუთვნილი „ო---–-ს“ მარკის ავტომანქანით, გერმანული ნომრებით მოძრაობდა ა----–-----–---------------- კილომეტრზე და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. თანამშრომელ ი-----–---------–---–--ან ერთად მივიდა ხსენებულ მისამართზე, სადაც შენიშნეს, რომ გაჩერებული იყო ა------------–--ნი. მივიდნენ, წარუდგინეს თავი და განუმარტეს, რომ მის მიმართ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისათვის დაწყებული იყო გამოძიება. ჩატარდა ა------------–--ნის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა, თუმცა არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ავტომანქანის ჩხრეკისას დანელიანმა განცხადა, რომ გადაყლაპული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“. ამის შემდეგ იგი ნებაყოფლობით გადაიყვანეს ,,ნ--------------––-“, სადაც კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ორგანიზმში ჰქონდა უცხო სხეულები, კერძოდ აბები. ა------------–--ნმა მისი სურვილით, თავად გამოდევნა ორგანიზმიდან ორ ცალად შეკრული ნარკოტიკული ნივთიერებები დაფასოებული 20 და 18 აბად, სულ - 38 აბი ,,სუბუტექსი“. ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება დაილუქა ადგილზე, კანონით დადგენილი წესით. დაკავებამდე ა-----------–--ნს ხელბორკილები არ ედო. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შეტყობინების მიღების დროს იყო სამსახურში, მუშაობდნენ სხვა საქმეზე. შემთხვევის ადგილზე მას პატრულის ეკიპაჟი არ უნახავს. ის და ი-----–---------–--ლი წავიდნენ ერთად, ხოლო ადგილზე მისვლისას მათ მიმინოშვილიც შეუერთდათ. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ ხელმძღვანელი პირებიც.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. 2017 წლის 10 მაისს სამსახურში თანამშრომლის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ა------------–--ნი ,,ო---–-ს“ მარკის ავტომანქანით, უცხოური ნომრებით, იმყოფებოდა დ-----------–-----–---------–---------------–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. თანამშრომლებთან - დ--------–---–-----ან და ი-----–---------–---–--ან ერთად მონაწილეობა მიიღო ა------------–--ნის პირად ჩხრეკაში, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება მისგან არ ყოფილა ამოღებული. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ დაიწყეს მანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ა------------–--ნმა განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“ ჰქონდა გადაყლაპული. იგი თანახმა იყო საავადმყოფოში გამოკვლევისათვის გადაყვანაზე და ამის თაობაზე შენიშვნა გააკეთა ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში. ა------------–--ნს „ნ--------------––-“ ჩაუტარდა ტომოგრაფიული კვლევა და დადგინდა, რომ სწორ ნაწლავში ინახავდა ორ უცხო სხეულს, რომელიც შეიცავდა ტაბლეტებს. ა------------–--ნმა ნებაყოფლობით გამოდევნა აღნიშნული 2 შეკვრა, ერთში იყო 18 აბი, ხოლო მეორეში 20 აბი ნარკოტიკული საშუალება, რაც თავადვე წარუდგინა გამომძიებელს. ა------------–--ნმა ამოღების ოქმს ხელი მოაწერა და რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ გამოუთქვამს. მის თვალწინ იქნა დალუქული ნარკოტიკული ნივთიერებები და მოხდა მისი დაკავება. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ როგორც კი ოპერატიული ინფორმაცია იქნა მიღებული, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე; იგი არ იყო იმ დღეს მორიგე ჯგუფში, ზოგადად არ მოირგეობენ, თუმცა დილით ადრე მივიდა სამსახურში, ვინაიდან როდესაც საქმეა, იძახებენხოლმე; ა------------–--ნი ადგილზე მისვლისას იყო გაჩერებული, თუმცა საპატრულო პოლიციას ჰყავდა გაჩერებული თუ არა, არ ახსოვს; მათი სამსახურიდან ადგილზე გასული იყო ორი ჯგუფი; დაკავებამდე ა-----------–--ნს ხელბორკილები არ ედო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–--------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. იყო ა------------–--ნის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 10 მაისს, 07:55-08:15 საათზე, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი, ,,თა---------–------------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ა------------–--ნის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით M4------ხრეკა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა, თუმცა საგამოძიებო ოქმის შენიშვნის გრაფაში არის ა------------–--ნის ჩანაწერი: ,,ნარკოტიკული საშუალება ,,სუბუტექსის“ აბები მაქვს გადაყლაპული და მეკუთვნის მე, რომელიც მინდოდა პირადი მოხმარებისთვის.‘’

 

შპს ,,ნ--------------–-ს“ რადიოლოგიურ განყოფილებაში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის (1---------) შედეგად ირკვევა, რომ 2017 წლის 10 მაისს 08:51 საათზე ა------------–--ნს ჩაუტარდა მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია, რა დროსაც მიღებულ კომპიუტერულ ტომოგრაფიულ ჭრილებზე სწორ ნაწლავში გამოისახა უცხო სხეულები აბების სახით, ორი შეკვრა. ამავე განყოფილებაში 2017 წლის 10 მაისის 10:08 საათზე ა------------–--ნისთვის ჩატარებული განმეორებითი კვლევის შედეგად კუჭსა და ნაწლავებში უცხო სხეულზე საეჭვო რენტგენოკონტრასტული უბნები აღარ გამოვლენილა.

 

ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 10 მაისს 09:25-09:40 საათზე, თბილისში, შპს ,,ნ--------------–-ს“ შენობაში, ა------------–--ნმა წარმოადგინა მისი უკანა ტანიდან გამოდევნილი ორი შეკვრა, რომელშიც მოთავსებული იყო გადაჭრილი კონვალუტები, სულ 38 ცალი გადაჭრილი კონვალუტა, წარწერით ,,SUBUTEX”, მასში მოთავსებული 38 ცალი აბით.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N9-------------- დასკვნით (1---------) დადგენლია, რომ ა------------–--ნისგან ამოღებული 38 (ოცდათვრამეტი) ცალ კონვალუტის ნაჭერზე წარწერით ,,SUBUTEX 8mg…“ განთავსებული 38 (ოცდათვრამეტი) ცალი ოვალური ფორმის თეთრი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ამოტვიფრული ლოგოთი,,B8“, საერთო წონით - 15,2 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენოტფინს საერთო წონით - 0,304 გრამს. ექსპერტის დასკვნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თ-----------–------------------–-------ამ. მათი განმარტებით ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტის ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

ა------------–--ნმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 10 მაისს გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. მგზავრობისას გაუფუჭდა ავტომანქანა, რის გამოც შეჩერდა გონიო-კვარიათის გზაზე. როდესაც აპირებდა ავტომობილის შეკეთებას, შეხვდა ნაცნობს, რომელთან ერთად ადრე იხდიდა სასჯელს. ნაცნობმა იცოდა, რომ იგი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და მისცა 7 აბი ,,სუბუტექსი“. ერთი აბი მაშინვე მოიხმარა, ხოლო დარჩენილი 6 აბი ჩადო მანქანაში. მისი ნაცნობი მთელი გზა უკან მიყვებოდა მისივე კუთვნილი მანქანით, ხოლო გორთან შენიშნა, რომ ნაცნობი აღარ ჩანდა. ამის შემდეგ 3-3 აბად გადაახვია ნარკოტიკული საშუალებები და გადაყლაპა. თბილისის შემოსასვლელთან გააჩერეს პატრულის თანამშრომლებმა, სთხოვეს მანქანიდან გადასვლა, რასაც იგი დაემორჩილა. მათთან მივიდა „ლე------ს“ მარკის ავტომანქანა (სედანი), გადმოვიდა ვინმე ლ-–- და ორი ბიჭი, აუხსნეს, რომ იყვნენ თანამშრომლები. დაუჭირეს ხელები, საბუთები გამოართვეს პატრულის თანამშრომლებს და პატრული წავიდა. ამის შემდეგ მათ კიდევ შეუერთდა ორი მანქანა, დაახლოებით 9 პირი, რომელთაგან სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მხოლოდ სამი პირი. გაჩხრიკეს იგი, მისი ავტომანქანა და ჩასვეს თავიანთ ავტომობილში. პოლიციელებს აუხსნა, რომ ჰქონდა 6 აბი „სუბუტექსი“, რასაც თავად წარადგენდა. ამის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ნებაყოფლობით გამოდევნა აღნიშნული 6 აბი ნარკოტიკული საშუალება, გარეცხა და თავად წარუდგინა გამომძიებლებს. შემდეგ გამოიყვანეს ოთახიდან და პოლიციელ მიმინოშვილთან ერთად იდგა გარეთ. ამოღებული ნივთიერების გახსნის, დათვალირების და დალუქვის პროცედურებს არ დასწრებია. უკვე მანქანაში შეიტყო, რომ მისგან 38 აბი სუბუტექსი იყო ამოღებული. მის პროტესტზე, რომ 38 აბი არ ჰქონდა, პოლიციის თანამშორმლები დაემუქრნენ, რომ ნარკოტიკს ჩაუდებდნენ მანქანაში და სახლშიც, მასზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის გამოც პოლიციის სამმართველოში ყველა ოქმს მოაწერა ხელი. ნივთმტკიცების ლუქზე ხელი არ მოუწერია. შემთხვევის ადგილზე კი მხოლოდ ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე მოაწერა ხელი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა------------–--ნის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს მის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები იმთავითვე წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ა------------–--ნის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

 

პალატა პირველ ჯერზე ყურადღებას გაამახვილებს მსჯავრდებულ ა------------–--ნის პირად ჩხრეკასა და დაკავებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება, თითქოსდა აღნიშნული პროცედურების განხორციელებისას დაირღვა ბრალდებულის უფლებები. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით დადგენილია, რომ როდესაც თანამშრომლები გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, „თა---------–------------------ს“ მიმდებარედ შენიშნეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით შეჩერებული ა------------–--ნი, სადაც საპატრულო ეკიპაჟი არ შეუნიშნავთ. მათ დანელიანს წარუდგინეს თავი, გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე და ჩაატარეს როგორც ა------------–--ნის პირადი, ასევე მისი ავტომობილის ჩხრეკა. ამ დროს ა------------–--ნი დაკავებული არ ყოფილა. მოწმეებმა ი-----–---------–---–-ა, დ----------–---–---მა და თ------------------–---–მა განმარტეს, რომ ა------------–--ნი დაკავებული იქნა შპს „ნ--------------––-“ მას შემდეგ, რაც მისგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები, ამ დრომდე კი არც შემთხვევის ადგილას და არც საავადმყოფიში, მისთვის ხელბორკილები არ დაუდიათ. როგორც ი-----–---------–---–-ა მიუთითა, იგი მხოლოდ მეთვალყურეობის ქვეშ ყავდა. აღნიშნული ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ დაკავების ოქმთან, რომლის თანახმად, ა------------–--ნის დაკავების ზუსტი დრო არის 2017 წლის 10 მაისის 09:40 საათი, მაშინ როდესაც მისი პირადი ჩხრეკა განხორცილედა ამავე დღეს - 07:35 საათიდან, 07:53 საათამდე; ავტომანქანის ჩხრეკა - 07:55 საათიდან, 08:15 საათამდე, ხოლო მისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება განხორციელდა 09:25 საათიდან, 09:40 საათამდე. გარდა ამისა, დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ ა-----------–--ნს განემარტა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება. თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავების ოქმები ხელმოწერილია ა------------–--ნის მიერ და მათი შინაარსის შეუსაბამობასთან დაკავშირებით არ არის გაკეთებული შენიშვნები.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 121-ე მუხლი ითვალისწინებს პირად ჩხრეკის ორ შემთხვევას - ერთი დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას პირადი ჩხრეკის შედეგად საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანის ან ნივთის ამოღებას, ხოლო მეორე - უკვე დაკავებული პირისთვის, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, პირადი ჩრეკის ჩატარების წესს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა------------–--ნის პირადი ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული პატაკის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, არსებობსა მისი პირადი ჩხრეკისათვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდი. ასეთ შემთხვევაში კი, შეუძლებელია პირს პირადი ჩხრეკა ჩაუტარდეს გადაადგილების პროცესში, თუ არ მოხდა მისი შეჩერება, ან რაიმე გზით მისთვის თავისუფალი მოქმედების შეზღუდვა, რასაც მოიცავს პირადი ჩხრეკის ჩატარების პროცესი და იგი ვერ ჩაითვლება პირის დაკავებად. ა------------–--ნს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, ავტომობილის ჩხრეკა, ხოლო მას შემდეგ, რაც ნებაყოფლობით სხეულიდან გამოდევნა ნარკოტიკული საშუალება და სამართალდამცავებმა ამოიღეს უკანონო ნივთიერება, კანონით დადგენილი წესით მოახდინეს მისი დაკავება.

 

რაც შეეხება ადვოკატის მონაწილეობის გარეშე ა------------–--ნის დაკითხვის პროცესს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზე არ იყო სავალდებულო წესით ადვოკატის დანიშვნის საფუძვლები. ამასთან, მას განემარტა დამცველის ყოლის უფლების თაობაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოვლინდა საფუძველი, რომ ა------------–--ნს უფრო მძიმე მუხლით დასდებოდა ბრალი, საქმეში მონაწილეობის მისაღებად ჩაერთო ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი. შესაბამისად, ამ კუთხით ა------------–--ნის პროცესუალური უფლებების რაიმე ფორმით დარღვევის ფაქტს ადგილი არ ქონია.

 

ასევე, დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ პოლიციის თანამშრომელების - თ------------------–---–ის, ი-----–---------–---–-- და დ----------–---–---ის ჩვენები არის ურთიერთგამომრიცხავი, ეწინააღმედგება ერთმანეთს და სამეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო საქმისათვის მნიშვნელოვან მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მათ აღნიშნეს, რომ არაფერი ახსოვდათ. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია მტკიცებულებებიდან გამომდინარე არგუმენტაციას და ლოგიკურ დასაბუთებას. პოლიციის თანამშრომლების მიერ თანმიმდევრულად და დეტალურად იქნა აღწერილი ა------------–--ნის პირადი ჩხრეკის, ავტომანქანის ჩხრეკის, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბების ამოღების და მისი დაკავების მიმდინარეობა; ჩვენებებში არ იკვეთება არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა; მნიშვნელოვან და საქმესთან შემხებლობაში მყოფ ფაქტობრივ გარემოებებს ისინი წარმოაჩენენ იდენტურად. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული გაჟღერებული ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი ორგანოს კონკრეტული თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ არსებობდა პირადი დაინტერესება.

 

მოწმეებმა - ი-----–---------–---–-ა და დ----------–---–---მა განმარტეს, რომ ხემლძღვანელის მითითების საფუძველზე ისინი ერთი ავტომობილით გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც შენიშნეს გაჩერებული ა------------–--ნი; მივიდნენ მასთან და წარუდგინეს თავი. ამავე დროს მათ შეუერთდათ მესამე თანამშრომელი - თ------------------–---–ი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა საკუთარი ავტომობილით. ამის შემდეგ სამივე მათგანმა დაიწყო ა-----------–--ნის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. აღნიშნული ინფორმაცია თავის მხრივ არ ეწინააღმდეგება მოწმე თ------------------–---–ის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც იგი 2017 წლის 10 მაისის დილას სამსახურში წავიდა თავისი საცხოვრებელი სახლიდან - ფონიჭალიდან. მოწმეს არ მიუთითებია, რომ კონკრეტულად ა-----------–---ის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ დაურეკეს მას და ამის გამო წავიდა სამსახურში. მისი განმარტებით, იმ დღეს იგი არ იყო მორიგე ჯგუფში, ზოგადად არ მოირგეობენ, თუმცა დილით ადრე მივიდა სამსახურში, ვინაიდან როდესაც საქმეა, ნებისმიერ დროს შეუძლიათ გამოიძახონ. გარდა ამისა, მოწმეებმა - ი-----–---------–---–-ა, დ----------–---–---მა და ე-----------------მა დაადასტურეს, რომ ა-----------–--ნის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების დროს ისინი იყვნენ სამსახურში და მუშაობდნენ სხვა საქმეზე, რაც ხშირი შემთხვევაა მათთან. მორიგეობები არ აქვთ, მაგრამ საქმიდან გამომდინარე, ხშირად უწევთ 24 საათის განმავლობასში სამსახურში ყოფნა. ამასთან, რ-----–---–ს, მეშველიანს და მ------–---ლს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელი მათგანი რომელ საათზე გამოვიდა იმ დღეს სახლიდან ანდა პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან. მათ მიუთითეს შემთხვევის ადგილზე მისვლის დრო, რაც წინაარმდეგობაში არ მოდის როგორც ერთმანეთის, ასევე ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პირის ე-----------------ის ჩვენებასთან. ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ ა------------–--ნის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, წერილობით მოახსენა ხელმძღვანელობას, რისთვისაც დაახლოებით ორი წუთი დასჭირდა. მისთვის ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილზე გავიდა ჯგუფი, თუმცა ვინ გავიდნენ და რამდენ ხანში, ზუსტად არ იცის.

 

ამდენად, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა მისცეს გულწრფელი, სანდო და ურთიერთშესაბამისი ჩვენებები. მხოლოდ იმის გამო, რომ გარკვეული უმნიშვნელო დეტალები ვერ გაიხსენეს, ხოლო სხვა გარემოებები ერთნაირად ახსოვდათ, მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ იქნება. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოწმემ შესაძლოა მომხდარი ფაქტის დეტალები სრულად ვერ გაიხსენოს, ან ზოგიერთი რამ აღიდგინოს და წარმოაჩინოს განსხვავებულად, ვიდრე რეალურად მოხდა, თუმცა მისი ჩვენება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე გამოტანილი უნდა იქნეს შესაბამისი დასკვნები.

 

დაცვის მხარის განმარტებით, ა------------–--ნი ჩხრეკის მიმდინარეობისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბევრად მეტი პოლიციის თანამშრომელი, რომლებმაც პირველ ჯერზე დააკავეს მსჯავრდებული, თუმცა აღნიშნული პირები არ არიან დაფიქსირებული საგამოძიებო მოქმედების ოქმებში. პალატამ მსჯავრდებულის დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით უკვე იქონია მსჯელობა, ხოლო შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშორმლების, ხელმძღვანელი პირების ყოფნის ფაქტი თავად ი. რ-----–---–ის, დ. მეშველიანის და თ---------–---–ის მიერაც არ ყოფილა უარყოფილი. საქართევლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ოქმში აღნიშნული უნდა იყოს იმ პირის თანამდებობა და გვარი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება, ასევე საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა სახელები და გვარები. შემთხვევის ადგილზე პირის ყოფნა არ ნიშნავს მის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას. შესაბამისად, ის თანამშორმლები, რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, ვერ იქნებოდნენ დაფიქსირებული შესაბამის ოქმებში. ამასთან, მათი შემთხვევის ადგილზე ყოფნა ეჭვის ქვეშ ვერ დააყენებს აღნიშნული მტკიცებულებების კანონიერებას.

 

პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადია და გამყარებულია ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა არაერთი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით. საგამოძიებო მოქმედების ოქმები შედგენილია სრულყოფილად, ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა ხელმოწერებით, რომლებმაც მათი სისწორე სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს. შპს ,,ნ--------------––-“ ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის მიხედვით, ა------------–--ნისათვის მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის ტომოგრაფიისას, სწორ ნაწლავში გამოისახა უცხო სხეულები აბების სახით ორი შეკვრა. ამოღების ოქმის თანახმად, შპს ,,ნ--------------–-ს“ შენობაში, ა------------–--ნმა წარმოადგინა მისი უკანა ტანიდან გამოდევნილი ორი შეკვრა, რომელშიც მოთავსებული იყო გადაჭრილი კონვალუტები, სულ 38 ცალი გადაჭრილი კონვალუტა, წარწერით ,,SUBUTEX”, მასში მოთავსებული 38 ცალი აბით. ხოლო ქიმიური ექსპერტიზის N9-------------- დასკვნით დადგენლია, რომ ა------------–--ნისგან ამოღებული 38 (ოცდათვრამეტი) ცალ კონვალუტის ნაჭერზე წარწერით ,,SUBUTEX 8mg…“ განთავსებული 38 (ოცდათვრამეტი) ცალი ოვალური ფორმის თეთრი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ამოტვიფრული ლოგოთი,,B8“, საერთო წონით - 15,2 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენოტფინს“, საერთო წონით - 0,304 გრამს. ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია და ექსპერტების მიერ სასამართლო სხდომაზეც იქნა დადასტურებული, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

რაც შეეხება დაცვის ხმარის პოზიციას, რომ ა-----------–--ნს სხეულში ჰქონდა მხოლოდ 6 აბი ნარკოტიკული საშუალება, ხოლო დანარჩენი, რაც მითითებული ამოღების ოქმში, მას არ ეკუთვნოდა,არ უნდა იქნეს გაზიარებული. პალატა აღნიშნავს, რომ ამოღების ოქმში მითითებული ინფორმაცია, ისევე როგორც ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედებისა და დაკავების ოქმები, მსჯავრდბეულს დადასტურებული აქვს პირადი ხელმოწერით. ამ მხრივ საფუძველსმოკლებულია მისი განმარტება, რომ ხელმოწერა გააკეთა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მუქარის და ზეწოლის განხორციელების შედეგად, ვინაიდან არ სურდა მისი ოჯახის წევრებსაც შეხებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულს მის მიმართ განხორცილებეული მუქარის თაობაზე არ მიუმართავს შესაბამისი ორაგნოებისათვის და აღნიშნული განმარტება მხოლოდ სასამართლო სხდომაზე გააკეთა. ამასთან, გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად დაცვის მხარის მიერ არ მომხდარა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა. ხსენებულ დოკუმენტების სისწორეზე ა-----------–--ნს არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია და არც შენიშვნები გაუკეთებია შესაბამის ოქმებზე; ასევე, მის მიერ არ მომხდარა იმის დაფიქსირება, რომ ოქმები შედგენილია არა შემთხვევის ადგილზე, როგორც ამას ადასტურებენ ბრალდების მხარის მოწმეები, არამედ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ბუნებრივია, თუკი რომლიმე მხარე საჭიროდ ჩათვლიდა სხვა მტკიცებულებების სათანადო წესით წარმოდგენას და გამოკვლევას სასამართლო სხდომაზე, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა რომელიმე მტკიცებულების გამოკვლევაზე უარის თქმა სულაც არ აკნინებს იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

ამდენად, მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე ზუსტად იქნა ნაჩვენები, რომ 2017 წლის 10 მაისს, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ა------------–--ნისგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,ბ----------------ს‘‘ შემცველი 38 აბი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბ----------------ს‘‘ საერთო შემცველობა არის 0,304 გრამი. სახელმწიფოს მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესებს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. ნუსხის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება - ,,ბ----------------“, 0,0012 გრამიდან, 0,012 გრამამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით), წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას, 0,012-დან 0,12 გრამამდე დიდ ოდენობას, ხოლო 0.12 გრამიდან განეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ა------------–--ნის ბრალეულობას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა------------–--ნის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.

 

შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა------------–--ნის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის განაჩენი;

 

ა------------–--ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა------------–--ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 10 მაისიდან.

 

ა------------–--ნის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ა------------–--ნს 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ა------------–---ის სხეულიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მანუჩარ კაპანაძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მურმან ისაევი