განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.09.2018
საქმის ნომერი
330210017001857261
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001857261

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/3361-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - გვანცა კომბეგაშვილი

 

აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ბ------- ნ------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ-- „პ------“

წარმომადგენლები: ნ-------- ნ-–------ე, ვ------- კ--–-----

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი შ-- „პ------ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემსყიდველი) და შ-- „პ-----ს“ (მიმწოდებელი) შორის 2015 წლის 6 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, მ-----------------------–------------------------ მდებარე გ----------–------–------ მასალით მოწყობის სამუშაოები. 2015 წლის 10 ივნისის შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 119 999,24 ლარით.

 

ხელშეკრულებით შეთანხმდა სამუშაოების დასრულების ვადა - ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. ხოლო კონკრეტულად ა-----------–---–ის ქუჩაზე შესასრულებელი სამუშაოების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 7 აპრილის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 06.03.2015 წლის N1----------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 24.03.2015 წლის და 31.03.2015 წლის წერილები.

 

2.1.2. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს შემსყიდველი (5.1. პუნქტი); მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას - ა (ა)იპ თბილისის მ----–----–-------–--------------ა (5.2. პუნქტი);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 06.03.2015 წლის N1----------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

 

2.1.3. ხელშეკრულების მე-6 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ობიექტის მიღება- ჩაბარების წესზე, კერძოდ: შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (6.1. პუნქტი); ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე, ტექნიკურ ზედამხედველობაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ ხელშეკრულების 5.2. პუნქტში მითითებული პირები (6.3. პუნქტი); შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი (6.4. პუნქტი); შემსყიდველი ვალდებულია შუალედური ფორმა N2-ის წარმოდგენიდან არაუმეტეს 28 კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგად დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და წუნდების მიზეზის მითითებით (6.6. პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 06.03.2015 წლის N1----------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

 

2.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისას შემდეგ სანქციებს: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1% (8.2. პუნქტი); წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების

0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (8.5. პუნქტი); ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი დაჯარიმდება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით (8.6. პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- 06.03.2015 წლის N1----------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

 

2.1.5. შ-- „პ------ს“ მიერ თბილისში, ა-----------–---–ის ქუჩაზე სამუშაოები ხარვეზით სრულდებოდა, რაზეც ა(ა)იპ თბილისის მ----–----–-------–--------------ის ტექნიკური ზედამხედველის სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით, 2015 წლის 7 აპრილისთვის შეასრულა გარკვეული სახის სამუშაოები (უზრუნველყო მოწყობილი მასალის ამოჭრა, მიწის ვაკისის მოჭრა, განმეორებით მასალით შევსება). სამუშაოების დასრულების შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის არ დადებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს :

- მხარეთა ახსნა -განმარტება;

- ა(ა)იპ თბილისის მ----–----–-------–--------------ის 08.06.2015 წლის წერილი.

 

2.1.5. ხელშეკრულება შემკვეთმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა 2016 წლის 11 ივნისს და სამუშაოების დასრულება სხვა ხელშეკრულების ფარგლებში დაავალა სხვა ორგანიზაციას (შ-- „ჰ------ს“).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა -განმარტება;

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 11.06.2015 წლის წერილი N1--------------;

 

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.06.2015 წლის N0------------ წერილი.

 

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან დაცული არ ყოფილა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობა.

 

ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოს დასრულების დროისთვის (შესაბამისად, 2015 წლის 8 აპრილის მდგომარეობით) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, ხელშეკრულების 5.2. პუნქტში გათვალისწინებული სუბიექტების (ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის ქალაქო სამსახურის თანამშრომლებისა და ა(ა)იპ თბილისის მ----–----–-------–--------------ის) მიერ უნდა მომხდარიყო სამუშაოების ხარისხის შემოწმება. შემოწმებაში მონაწილეობა უნდა მიეღო მიმწოდებელსაც. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შესყიდვის ობიექტის შემოწმებისას გამოვლენილი ნაკლის, დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზზე მითითებით მიმწოდებელს წერილობითი უნდა ეცნობოს, რომელმაც საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს გამოვლენილი დეფექტისა და ნაკლის აღმოფხვრა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სადავოდ არ ხდის, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 2015 წლის 7 აპრილამდე, ა(ა)იპ თბილისის მ----–----–-------–--------------ის მხრიდან მას ზეპირად მიეცა გაფრთხილება სამუშაოს ნაკლის შესახებ და ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით მისი მხრიდან შესრულდა გარკვეული სახის სამუშაოები. ხოლო სამუშაოების დასრულებისას შემსყიდველის მხრიდან სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით რაიმე წერილობითი შეტყობინება არ მიუღია, მათ შორის არც აქტი გაფორმებულა, როგორც ეს მაგალითად იმავე ხელშეკრულების საფუძველზე სხვა ობიექტის შემთხვევაში მოხდა მხარეებს შორის. 2015 წლის 16 ივნისის წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ პირდაპირ, დეფექტის აღმოფხვრის დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე, შეუწყვიტა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების 9.1. პუნქტი შემსყიდველს ზოგადად ანიჭებს უფლებას ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხოლო 9.5. აკონკრეტებს, რომ შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ორჯერ დარღვევის შემთხვევაში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ მისი მხრიდან დაცულია აღნიშნული პირობა, კერძოდ მისი მხრიდან წერილობით, ორჯერ მოხდა მიმწოდებლის გაფრთხილება შესრულებული სამუშაოს დეფექტის გამოსწორების მიზნით. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ შ-- „პ------“ სიტყვიერად იყო გაფრთხილებული აღნიშნულის შესახებ, სასამართლომ მიიჩნია, რომ „სიტყვიერი გაფრთხილება“ ვერ შეცვლის ხელშეკრულებით შეთანხმებულ „წერილობით გაფრთხილების“ ვალდებულებას, რაც მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების არსებითი პირობაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა -განმარტება;

- 07.04.2015 წლის N0------ და 16.04.2015 წლის N0------ აქტები;

- 06.03.2015 წლის N1----------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

- 16.06.2015 წლის წერილი N0------------.

 

2.2.2. სასამართლომ არ გაიზირა მოსარჩელის პოზიცია მასზედ, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულების პირობების არაჯეროვან შესრულებას. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ მიეცა დამატებითი ვადა შემსყიდველის მხრიდან გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით მოეხდინა მათი აღმოფხვრა.

 

2015 წლის 7 აპრილის მდგომარეობით კი შ-- „პ------ს“ მხრიდან სამუშაოების შესრულებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია არ უარყოფს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა -განამრტებალ

- 16.06.2015 წლის წერილი N0------------.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.3.1. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისთვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდა გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ხელშეკრულების პირობების თანახმად, თუკი მოპასუხის მხრიდან ადგილი ექნებოდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას, დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და წუნდების მიზეზებზე მითითებით, შემსყიდველს წერილობით უნდა ეცნობებინა შ-- „პ------სთვის“ და მიმწოდებლის მხრიდანაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა ორჯერ უნდა მომხდარიყო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული წესი მოსარჩელის მიერ დაცული არ არის. შესაბამისად, მოპასუხეს არ ჰქონია შესაძლებლობა, დეფექტის არსებობის შემთხვევაში, განმეორებით, საკუთარი ხარჯით მოეხდინა ნაკლის ან დეფექტის აღმოფხვრა.

 

2.3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და პირდაპირ კავშირშია ძირითად ვალდებულებასთან. სამივე შემთხვევაში ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრება მხარეებმა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას დაუკავშირეს. ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება შ-- „პ------ს“ მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევა, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოწინააღმდეგე მხარეს ქ. თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ა-----------–---–ის ქუჩის ქვიშა - ხრეშოვანი მასალით მოწყობის სამუშაოების 07.04.2015 წლამდე უნდა შეესრულებინა. აპელანტის მითითებით საქმეში წარმოდგენილი ააიპ თბილისის მ----–----–-------–--------------ის 08.06.2015წ. წერილით და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 11.06.2015 წლის წერილით დასტურდება, რომ სამუშაოების წარმოების მიუხედავად შ-- ,,პ------ს’’ მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი შესაბამისი ხარისხის სამუშაოების განხორციელება. მეტიც, შ-- ,,პ------ს’’ მხრიდან უხარისხო სამუშაო მცდელობის მიუხედავადაც ვერ გამოსწორდა.

 

აპელანტის მითითებით საჯარიმო სანქციები გათვალისწინებული იყო მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 პუნქტით. კერძოდ, ხელშეკრულების 8.2 პუნქტი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ყოველი დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებლისთვის ერთჯერადი ჯარიმის სახით ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის დაკისრებას ითვალისწინებდა. ხელშეკრულების 8.5 პუნქტით გათვალისწინებული იყო ჯარიმა სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევისთვის ასევე 0.1 %-ის ოდენობით, 8.6 პუნქტი კი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებლისთვის ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის დაკისრებას ითვალისწინებდა. აპელანტის განმარტებით შ-- ,,პ-----ს’’ საჯარიმო სანქცია დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამივე შემთხვევისთვის.

 

აპელანტის მითითებით ხელშეკრულების მიხედვით შესყიდვის ობიექტის მიღების ან/და საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა. შუალედური ფორმა #2-ის წარდგენიდან არაუმეტეს 28 კალენდარულ დღეში საბოლოო შემოწმებაზე ინფორმაციის მიწოდება კი შემყიდველის ვალდებულება იყო.

 

აპელანტი არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას მასზედ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლებოდა გამართლებულად შემსყიდველის ხელშეკრულებიდან გასვლა, თუკი შემსრულებელი ხელშეკრულების პირობებს ორჯერ დაარღვევდა და აღნიშნულის თაობაზე შემსყიდველი შემსრულებელს წერილობით აცნობებდა. აპელანტის განმარტებით გადაწყვეტილებაში მითითებული შემთხვევა ამოქმედდებოდა იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელი შუალედურ ფორმა #2-ს წარმოადგენდა, კონკრეტულ შემთხვევაში კი შემსრულებლის მხრიდან ასეთი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

აპელანტი საქმეში წარმოდგენილ ააიპ თბილისის მ----–----–-------–--------------ის 08.06.2015 წლის წერილზე მითითებით განმარტავს, რომ სამუშაოები 08.06.2015 წლისთვისაც არ იყო დასრულებული, მაშინ როდესაც სამუშაოების შესრულების ბოლო ვადა 07.04.2015 წელს დასრულდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1 ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 06.03.2015 წელს ერთი მხრივ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მეორე მხრივ შ-- ,,პ-----ს’’ შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ობიექტს ქ. თბილისში, მ-----------------------–------------------------ მდებარე გ----------–------–------ მასალით მოწყობის სამუშაოები წარმოადგენდა. სამუშაოები ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2015 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონკრეტულად ა-----------–---–ის ქუჩაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 07.04.2015 წლის ჩათვლით უნდა შესრულებულიყო.

 

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად სამუშაოების შესრულებაზე კონტროლი შემსყიდველს უნდა ეწარმოებინა. 5.2 პუნქტის მიხედვით მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირება შემსყიდველის მხრიდან ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობა - ა (ა)იპ თბილისის მ----–----–-------–--------------ას უნდა განეხორციელებინა.

 

- ხელშეკრულების მე-6 პუნქტით მხარეებმა შესყიდვის ობიექტის მიღება- ჩაბარების წესი განსაზღვრეს, კერძოდ: შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (6.1. პუნქტი); ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე, ტექნიკურ ზედამხედველობაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირებად ხელშეკრულების 5.2. პუნქტში მითითებული პირები განისაზღვრნენ (6.3. პუნქტი); 6.4. პუნქტის მიხედვით შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრა მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა; 6.6. პუნქტის თანახმად შემსყიდველის ვალდებულებად განისაზღვრა შუალედური ფორმა N2-ის წარდგენიდან არაუმეტეს 28 კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი სახით მიმწოდებლისთვის საბოლოო შემოწმების შედეგად დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და წუნდების მიზეზებზე ინფორმაციის მიწოდება.

 

- ხელშეკრულების მე-8 მუხლით მხარეები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ფორმაზე, ოდენობასა და მისი გადახდის წესზე შეთანხმდნენ. კერძოდ: ხელშეკრულების 8.2. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) ყოველი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის სახით ხელშეკრულების ღირებულების 0,1% -ის ოდენობით თანხის გადახდა დაეკისრებოდა. 8.5. პუნქტის მიხედვით წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (8.5. პუნქტი); ხოლო 8.6. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით დაჯარიმდებოდა.

 

- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მე-9 მუხლით მხარეები ხელშეკრულების შეწყვეტის წესზე შეთანხმდნენ. კერძოდ, 9.1. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეორე მხარის უფლებად განისაზღვრა ხელშეკრულების სრული ან ცალკეული პირობების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტა. 9.5 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით შემსყიდველის უფლებად განისაზღვრა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა ისეთ შემთხვევისთვის, როდესაც მიმწოდებელი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ორჯერ დაარღვევდა.

 

4.1.2 განსახილველ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნას შ-- ,,პ------სთვის’’ 13 919.97 ლარის დაკისრება წარმოადგენს. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შ-- ,,პ------ს’’ მიერ დაირღვა 06.03.2015 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მის მიმართ ამოქმედდა ხელშეკრულების 8.2., 8.5-8.6. პუნქტებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა ფაქტების მტკიცება მასზედ, რომ შემსრულებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა (8.2.); შემსრულებელმა სამუშაოების დასრულების ვადა დაარღვია (8.5) და სახეზე იყო ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერი საფუძველი, რომელიც საბოლოოდ ხელშეკრულების ღირებულების 5 %-ის ოდენობით ჯარიმის დაკისრებას ამართლებდა.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება შემსრულებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების იმგვარი დარღვევა, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვას გაამართლებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“ .

 

მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარემ მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო გარემოების დადასტურების მიზნით სასამართლოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 01.06.2015 წლის წერილზე და ააიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის 08.06.2015 წლის წერილზე მიუთითა.

 

დასახელებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ააიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ლ---------------- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 01.06.2015 წლის წერილის პასუხად, რომლითაც ეს უკანასკნელი შ-- ,,პ------ს’’ მიერ შესრულებული სამუშაოების დასრულების თარიღზე და ხარისხზე ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვდა 08.06.2015 წლის წერილში მიუთითა შემდეგი: ,,ა-----------–---–ის ქუჩის ქვიშა-ხრეშოვანი მასალით მოწყობის სამუშაოების დროს, მიუხედავად ააიპ ,,თბილისის მ----–----–-------–--------------ის’’ ტექნიკური ზედამხედველობის სიტყვიერი გაფრთხილებისა შ-- ,,პ------მ’’ წვიმის მიერ დასველებულ მიწის ვაკისზე შეიტანა ქვიშა-ხრეშოვანი მასალა, რის გამოც ობიექტის დეფლექტომეტრით შემოწმების შედეგად დეფორმაციის მოდულმა არ აჩვენა დამაკმაყოფილებელი შედეგი. აღნიშნული წუნის გამოსწორების მიზნით კონტრაქტორმა საკუთარი ხარჯით უზრუნველყო მოწყობილი მასალის ამოჭრა, მიწის ვაკისის მოჭრა და განმეორებითი მასალით შევსება, კონტრაქტორმა არ უზრუნველყო ტექნოლოგიური პროცესის დროული შესრულება, რის გამოც ხსენებული განმეორდა არაერთხელ რამაც გამოიწვია მიწის ვაკისის გრძივი პროფილის დარღვევა...’’ აღნიშნულზე მითითებით ააიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ლ---------------- განმარტა, რომ არ არსებობდა ა-----------–---–ის ქუჩის ქვიშა-ხრეშოვანი მასალით მოწყობის სამუშაოების დასრულებულად მიჩნევის საფუძველი.

 

სადავო საკითხის გამორკვევის მიზნით სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს შ-- ,,პ------ს’’ 08.04.2015 წლის წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ შ-- ,,პ------ს’’ დირექტორმა 08.04.2015 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი წერილით მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს შ-- ,,პ------ს’’ მიერ ა-----------–---–ის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების შესახებ აცნობა. საგულისხმოა, რომ შ-- ,,პ------’’ არ უარყოფს სამუშაოების დასრულებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ა-----------–---–ის ქუჩაზე დაწუნებული სამუშაოების მისივე ხარჯით გამოსწორების ფაქტს, შ-- ,,პ------’’ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომებზე მიცემულ ახსნა-განმარტებით 08.04.2015 წელს ქალაქ თბილისის მერიისთვის ა-----------–---–ის ქუჩაზე სამუშაოების ვადაში დასრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ხოლო შემსყიდველის მიერ შესრულებულ სამუშაოებთან მიმართებით მისთვის პრეტენზიის განუცხადებლობის პირობებში უსაფუძვლოდ მიიჩნევს მის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების ამოქმედების ფაქტს.

 

ამ მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 06.03.2015წ. ხელშეკრულების მიხედვით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი შემსყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელს შემსყიდველისთვის ხელშეკრულების 6.5 პუნქტით გათვალისწინებული შუალედური ფორმა #2-ის წარდგენის ვალდებულება ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის და ა(ა)იპ თბილისის მ----–----–-------–--------------ის მიერ შესრულების კონტროლის შემდეგ წარმოეშობოდა. შესაბამისად, შემსრულებელი შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმებამდე, მათგან დამოუკიდებლად, ცალმხრივად შუალედური ფორმა #2-ის შემსყიდველისთვის წარდგენას ვერ შეძლებდა. პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება, რაც შემსყიდველის მხრიდან შემსრულებლის მიმართ ამ უკანასკნელის მიერ სამუშაოების ვადაში დასრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ სამუშაოების ხარისხთან ან/და შესრულების ვადასთან მიმართებით პრეტენზიის გაცხადების ფაქტს დაადასტურებდა. ასეთად მიჩნეული ვერ იქნება ა(ა)იპ თბილისის მ----–----–-------–--------------ის 08.06.2015 წერილი, რადგან აღნიშნული წერილი შედგენილია არა უშუალოდ შემსრულებლის, არამედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის სახელზე, მაშინ როდესაც ხელშეკრულების მიხედვით შემსყიდველს როგორც სამუშაოების კონტროლის, ასევე ამ კონტროლის ფარგლებში გამოვლენილი დეფექტის შესახებ ინფორმაციის უშუალოდ შემსრულებლისთვის მიწოდების ვალდებულება გააჩნდა. გათვალისწინებით იმისა, რომ არ დასტურდება შემსრულებლის მიერ სამუშაოების დასრულებისა და შემსყიდველისთვის აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ნაკლიანი შესრულების გამოვლენის დროს შემსრულებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას გულისხმობდა, რაც ამ უკანასკნელს მისივე ხარჯით ნაკლის გამოსწორების ვალდებულებას წარმოუშობდა, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მიუხედავად სამუშაოების ვადაში დასრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა შ-- ,,პ-----მა’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ვადის დარღვევით ან/და უხარისხოდ შეასრულა. გარდა ამისა, გათვალისწინებით იმისა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა წარმოადგენს სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერების შემოწმებას. ამ მიმართებით პალატა ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების იმ არსებით პირობაზე, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა თუ მეორე მხარე ხელშეკრულების პირობებს არ შეასრულებდა ან მას არაჯეროვნად შეასრულებდა. მოცემულ შემთხვევაში პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან შ-- ,,პ------ს’’ მიერ სამუშაოების ვადაში დასრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ამ უკანასკნელის მიმართ მიწოდებული სამუშაოს ხარისხთან ან/და შესრულების ვადის დარღვევასთან მიმართებით პრეტენზია გაცხადებული არ ყოფილა, მაშინ როდესაც ასეთი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში შემსრულებლისთვის ინფორმაციის მიწოდება მის ვალდებულებას წარმოადგენდა, რათა ნაკლიანი შესრულება შემსრულებელს მისივე ხარჯით გამოესწორებინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობის და არაჯეროვნად შესრულების საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა და მითუმეტეს ამ საფუძვლით შემსრულებლისთვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით პირგასამტეხდლოს დარიცხვა არამართლზომიერად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური