განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002163395 (3/ბ-392-18 წ)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა-------–------ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 08 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მსჯავრდებულმა ა-------–------ემ N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ა-------–------ეს სასარჩელო განცხადებაში არსებული ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარმოსადგენად, ქონებრივი მდგომარეობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების ან სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, - მიეცა 07 (შვიდი) დღე, განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მოსარჩელე და ჩაბარდა - 2017 წლის 29 ნოემბერს.
2017 წლის 04 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევიდა ა-------–------ის განცხადება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 დეკემბრის განჩინებით ა-------–------ეს ხუთი დღით გაუგრძელდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადა.
08.12.2017წ. განჩინების ასლი ა-------–------ეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და პირადად ჩაბარდა 2017 წლის 19 დეკემბერს, თუმცა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში მხარეს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც განცხადებით მიუმართავს სასამართლოსთვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით ა-------–------ის სარჩელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 დაწესებულების მიმართ არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
ზემოაღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულების დირექტორს ა-------–------ეზე გადასაცემად (ს.ფ. 60). ა-------–------ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინების ასლი ჩაიბარა 2018 წლის 13 მარტს (ს.ფ. 62).
2018 წლის 17 ივლისს (იხ. N3 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების შტამბი - 1----.2018) ა-------–------ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც აღწერდა მის სარჩელთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოდან ა-------–------ის განცხადება გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს (განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოში შევიდა 23.07.2018წ.), რომელმაც განცხადება, როგორც კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე, - განსახილევლად გადმოუგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინების ასლი ა-------–------ისთვის გადასაცემად გაეგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N3 დაწესებულებას და პატიმარ ა-------–------ეს ჩაჰბარდა 2018 წლის 13 მარტს, ამდენად სასამართლო განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადა კერძო საჩივრის ავტორს (მოსარჩელეს) ამოეწურა - 2018 წლის 25 მარტს, 24:00 საათზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ვინაიდან 2018 წლის 25 მარტი იყო დასვენების დღე, კერძო საჩივრის ავტორს განჩინების გასაჩივრების ვადა ამოეწურა მომდევნო სამუშაო დღეს - 2018 წლის 26 მარტს 24:00 საათზე.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა-------–------ის განცხადება N3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა 1----.2018 წ. (მომართვის კოდი MOC 3------------) ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი შევიდა 2018 წლის 23 ივლისს (ს.ფ. 65-67).
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი, იმავე მუხლის მეორე ნაწილით თუ მხარეს არ ეცნობა გასაჩივრების უფლების შესახებ ან ეცნობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გასაჩივრება შეიძლება სასამართლოს აქტის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა მხარეს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (განჩინებით) ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება (გზავნილი) ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
კერძო საჩივრის შეტანა არის ისეთი საპროცესო მოქმედება, რომლის შესრულების ვადა კანონითაა განსაზღვრული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. იმავე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სსკ 63-ე მუხლით საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ა-------–------ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინების ასლი გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2018 წლის 13 მარტს (ს.ფ.62), რაც მას კანონით დადგენილ 12 დღის ვადაში არ გაუსაჩივრებია (განცხადება შეტანილია 2018 წლის 17 ივლისს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა-------–------ის განცხადება/კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე