განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.10.2018
საქმის ნომერი
140210017002019407
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210017002019407

N2ბ/3212-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ქირია

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ვ------------–---–ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ლ----------- კ--------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ვ----------------------ა’’ (მოსარჩელე)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის უარყოფის შესახებ

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „ვ----------------------ას“ სარჩელი ვ------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდა. ვ------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე გორის რაიონის სოფელ ზ-----ში (ს/კ: №6-----------) და აღნიშნული უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე სს „ვ----------------------ას“.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. უძრავი ქონება, მდებარე გორის რაიონის სოფელ ზ-----ში, საკადასტრო კოდით №6-----------, მოპასუხე ვ------------–---–ის მფლობელობაშია;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. გორის რაიონის სოფელ ზ-----ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №6----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს „ვ----------------------ას“ სახელზე;

 

2.3. სადავო ბინას მოპასუხე ფლობს უკანონოდ;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილძე, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხე კი არის ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში, სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. მფლობელობის მართლზომიერების ე.ი. სამართლებრივი საფუძვლების მითითებისა და დადასტურების ტვირთი მოპასუხეს (ნივთის მფლობელს) ეკისრება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გორის რაიონის სოფელ ზ-----ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №6----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო სს „ვ----------------------ას“ სახელზე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდებოდა საჯარო რეესტრიდან, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ კი სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებდა უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლებოდა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდებოდა მათი უზუსტობა.

 

ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო ბინის მესაკუთრეს.

 

სასამართლომ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება იყო მოპასუხის მფლობელობაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება, ვერ მიუთითა გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლოს განმარტებით, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის გადანაწილების შედეგად მოპასუხეს ეკისრებოდა, წარედგინა სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა, რომ იგი იყო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელი და მის მიერ ქონების ფლობას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული სახის მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ ჰქონდა წარდგენილი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, აგრეთვე, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ, თავადვე დაადასტურა, რომ სადავო ქონება აუქციონის გზით შეიძინა სს „ვ----------------------ამ“.

 

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე (მესაკუთრე) არ იმყოფებოდა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და უფლებამოსილი იყო გამოეთხოვა მისი კუთვნილი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო სს „ვ----------------------ას“ კუთვნილი უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ვ------------–---–ის უძრავი ქონება უკანონოდ იყო გატანილი აუქციონზე. ამ კუთხით, მხედველობაში იყო მისაღები ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ------------–---–ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი სს ,,ვ----------------------ასათვის’’ გადახდილი ჰქონდა;

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოსათვის მიცემული განმარტება იმის თაობაზე, რომ ვ------------–---–ის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ სურვილი ჰქონდა მიეღწია შეთანხმებას სს ,,ვ----------------------ასთან’’ საცხოვრებელი სახლის გამოყიდვასთან დაკავშირებით, არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარემ თანხმობა განაცხადა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სარცელის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, აპელანტის მითითებით სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი და უნდა გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;

 

3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლო ვალდებული იყო ვ------------–---–თან ერთად საქმეში ჩაება მასთან მცოხვრები ოჯახის წევრები. ამ მოქმედების განუხორციელებლობით, შეილახა მათი (ოჯახის წევრების) კანონიერი უფლებები და ინტერესები, რამდენადაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ ვ------------–---–ის მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ქონება ს.კ: 6-----------, რაც მასთან ერთად მცხოვრებ პირებს არ ეხება, თუმცა აღსრულების პროცესში შეიქმნება გაურკვევლობა;

 

3.4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო მოექცა წინააღმდეგობაში, როცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელე სს ,,ვ-----------ი"-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებრივ აღსრულებასთან დაკავშირებით. აპელანტის მოსაზრებით, ამ ქმედებით სასამართლომ მიიჩნია, რომ საფუძვლიანი იყო მოპასუხე ვ------------–---–ის მიერ დაყენებული პოზიციები;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1. 12.06.2015 წელს მომზადებული ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე გორის რაიონი, სოფელ ზ-----ში, საკადასტრო კოდით N6-----------, წარმოადგენს სს ,,ვ----------------------ას’’ საკუთრებას. უფლების წარმოშობის საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება NA----------------, დამოწმების თარიღი: 03/06/2015. ხოლო, უფლების რეგისტრაციის თარიღია - 12/06/2015 წ. (იხ. ტომი 1; ს.ფ. 13; საჯარო რეესტრის ამონაწერი);

 

4.2. დადგენილია და სადავო არ არის, რომ სს ,,ვ----------------------ას’’ საკუთრებაში არსებულ, გორის რაიონი, სოფელ ზ-----ში, მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით N6-----------, ფლობს ვ------------–---–ი;

 

4.3. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, სს ,,ვ----------------------ას’’ მოთხოვნას წარმოადგენს, მის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების ვ------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ვ----------------------ა’’ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით არ დაუდასტურებია (სადავოდ არ გაუხდია სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი - აუქციონის შედეგები, სარჩელის ან/და შეგებებული სარჩელის შეტანის გზით). ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია, თუმცა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

 

სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან, გამოიკვეთა სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ნივთის მისთვის გადაცემა მოეთხოვა. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო შემოიფარგლება იმ გარემოების გამორკვევით, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე. შესაბამისად, ამგვარი წარმოების ფარგლებში მესაკუთრის მიერ საკუთრების მოპოვების კანონიერების შემოწმება (მოპასუხის მხრიდან შეგებებული სარჩელის შეტანის გარეშე) სასამართლოს კომპეტენციას სცდება.

 

4.4. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებას მასზედ, რომ სასამართლო ვალდებული იყო წინამდებარე საქმეში ვ------------–---–თან ერთად მოპასუხეებად ჩაება მასთან მცოხვრები ოჯახის წევრები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის 3.1. მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მოსარჩელეს თავისი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი უფლების დასაცავად შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მაგრამ იგი იმავდროულად ვალდებულია დაიცვას ამავე კოდექსით გათვალისწინებული პირობები, რაც აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს სარჩელის განსახილველად მიღებისა თუ საქმის არსებითი განხილვისათვის. მოსარჩელე ვალდებულია საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად უზრუნველყოს სარჩელის სასამართლოში წარდგენა. აღნიშნული მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს მოსარჩელე მხარის ვალდებულებას, სარჩელში მოპასუხე მხარის მითითების თაობაზე.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხე არის პირი, რომელმაც დაარღვია ან სადავო გახადა მოსარჩელის უფლება. ამასთან, მართალია, მოპასუხის მითითება მოსარჩელის დისპოზიციური უფლებაა და მოპასუხის ჩაბმა პროცესში ხდება მოსარჩელის ინიციატივით, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის (თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე) შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, გამოარკვიოს, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო წარმოებაში მოპასუხის საპროცესო-სამართლებრივი სტატუსი უზრუნველყოფს მხარის შესაძლებლობას, დაიცვას თავისი უფლებები. მოპასუხის საპროცესო-სამართლებრივი სტატუსი გამომდინარეობს სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან. ამდენად, მოპასუხე არის პირი, რომელსაც გააჩნია საქმის შედეგით მატერიალურ-სამართლებრივი და აქედან გამომდინარე, საპროცესო-სამართლებრივი დაინტერესება. მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, თანასწორ შესაძლებლობას ანიჭებს პროცესის ორივე მხარეს, თავიანთი უფლებების სასამართლო წესით დასაცავად. მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპი პროცესში იმითაა უზრუნველყოფილი, რომ მოპასუხეს კანონი აძლევს უფლებას დაიცვას თავი სარჩელისაგან. შესაბამისად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მხარის უფლება, გამოვიდეს მოპასუხედ საქმის განხილვაში, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა უშუალოდ მის მატერიალურ-სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს შეეხება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ,,ვ----------------------ამ’’ სარჩელში მოპასუხე მხარედ მიუთითა ვ------------–---–ი. მოსარჩელე მხარემ მიიჩნია, რომ ვ------------–---–ის მიერ ხდებოდა მისი საკუთრების უფლების დარღვევა და სწორედ მის მიმართ გააჩნდა მოთხოვნა. ამასთან, საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია მოპასუხედ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს.

 

პალატა ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ვ------------–---–ის მიერ წარდგენილი შესაგებელი, არ შეიცავს აპელირებას თანამოპასუხეებად მისი ოჯახის წევრების ჩაბმის თაობაზე. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დაყენება კი, ეწინააღმდეგება საქართველოს სსკ-ის 380.2. (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა), 215-ე და 219-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში აღნიშნული ფაქტი და გარემოება არ შეიძლება გასცდეს შესაგებელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

4.5. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

4.6. ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები, რაიონულმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სს ,,ვ----------------------ას’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვ------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამთხოვილი უნდა ყოფილიყო გორის რაიონის სოფელ ზ-----ში (ს/კ: №6-----------) მდებარე უძრავი ქონება და თავისუფალ მდგომარეობაში გადასცემოდა სს ,,ვ----------------------ას’’.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 160.00 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გელა ქირია