განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.07.2018
საქმის ნომერი
330310016001420775
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001420775

საქმე N3ბ/738-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ნინო ქადაგიძე

მოსამართლეები - გელა ბადრიაშვილი

მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი - რუსიდან ანდრიაშვილი

აპელანტი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–--ე;

მოწინააღმდეგე მხარე - ლ-----------–---–ი;

მესამე პირი - შპს ,,ყ--------------------–--ი;

წარმომადგენელი - ან--–------–---–ი;

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;

1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ლ-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 მარტის N1---- გადაწყვეტილების მე–3 და მე–4 პუნქტები და დაევალა მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით;

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ლ-----------–---–ი არის ბუნებრივი გაზის მომხმარებელი, რომელიც შპს ,,ყ--------------------–--ის” მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტად და მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნომერი - 3-----.

 

3.1.2. 2015 წლის 13 დეკემბერს შპს ,,ყ--------------------–--ის” წარმომადგენელმა ქ. თბილისში, წ---------ს ქუჩა, პ------–------------ში №3----- აბონენტთან საკონტროლო შემოვლის დროს დააფიქსირა ბუნებრივი გაზის დატაცების ფაქტი - ბუნებრივი გაზის მოხმარება მრიცხველის გვერდის ავლით, რაზეც კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეადგინა აქტი №ა------ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შესახებ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ა------ და მოახდინა უმრიცხველო განშტოების ჩაჭრა გარედან შედუღებით.

 

3.1.3. შპს ,,ყ--------------------–--ის” 2015 წლის 29 დეკემბრის №1----- დადგენილებით ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

3.1.4. 2016 წლის 13 იანვარს ლ-----------–---–მა განცხადებით (საჩივრით) მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და მასზე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად დარიცხული თანხის გაუქმების მოთხოვნით.

 

3.1.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 მარტის №1---- გადაწყვეტილებით ლ-----------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული №3----- აბონენტზე ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისთვის 4417,81 ლარის დარიცხვა და შპს ,,ყ--------------------–--ს” დაევალა აბონენტზე დარიცხვა განეხორციელებინა წესების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, განუხილველი დარჩა ლ-----------–---–ის მიმართ შედგენილი შპს ,,ყ--------------------–--ის” 2015 წლის 13 დეკემბრის №ა------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საკითხი იმ საფუძვლით, რომ ლ-----------–---–ის მიერ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული არ იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მიღებული დადგენილება.

 

3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

 

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები’’ არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-9 მუხლით რეგლამენტირებულია ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები, რომლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. ამავე პუნქტის ,,ა’’- ,,დ’’ ქვეპუნქტებით დადგენილია უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის წესი.

 

სასამართლომ ასევე მოიხმო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ მომხმარებელს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულების მიმწოდებლისათვის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების ფაქტები, აღნიშნული კი შეიძლება დადგინდეს კანონიერ ძალაში შესული დადგენილებით, რომლითაც დადასტურდა მომხმარებლის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, მისი ბრალეულობა მის ჩადენაში და იგი დაექვემდებარა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები’’, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებული საკითხები. მითითებული დადგენილების მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ადმინისტრაციული სახდელის დადება ოქმის საფუძველზე ხდება გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით, რომლის ერთი ეგზემპლარიც გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით კი, დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გამოცემიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს ან გაეგზავნოს დაზღვეული ფოსტით პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება.

 

ხსენებული წესების მე-11 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გასაჩივრებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, რომელსაც საჩივრის განხილვისას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ; ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ; გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მე-12 პუნქტის საფუძველზე კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 13 დეკემბერს შპს ,,ყ--------------------–--ის” წარმომადგენელმა №3----- აბონენტთან საკონტროლო შემოვლის დროს დააფიქსირა ბუნებრივი გაზის დატაცების ფაქტი - ბუნებრივი გაზის მოხმარება მრიცხველის გვერდის ავლით, რაზეც კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეადგინა აქტი №ა------ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შესახებ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ა------ და მოახდინა უმრიცხველო განშტოების ჩაჭრა გარედან შედუღებით. აღნიშნული ოქმის საფუძველზე შპს ,,ყ--------------------–--ის” 2015 წლის 29

 

დეკემბრის №1----- დადგენილებით ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

ამასთან დადგენილია, რომ ლ-----------–---–მა განცხადებით (საჩივრით) მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და მასზე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად დარიცხული თანხის გაუქმების მოთხოვნით, რაზეც კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ლ-----------–---–ის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კომისიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აბონენტზე ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისთვის 4417,81 ლარის დარიცხვა მეთოდოლოგიური თვალსაზრისით და შპს ,,ყ--------------------–--ს” დაავალა აბონენტზე დარიცხვა განეხორციელებინა წესების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, კომისიამ არ იმსეჯლა და განუხილველი დატოვა ლ-----------–---–ის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საკითხი იმ საფუძვლით, რომ ლ-----------–---–ის მიერ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული არ იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მიღებული დადგენილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ლ-----------–---–ის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას იგი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის მოთხოვნის, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ლ-----------–---–ს არ გაუსაჩივრებია შპს ,,ყ--------------------–--ის” 2015 წლის 29 დეკემბრის №1----- დადგენილება მისი სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ. აღნიშნული გარემოება ადმინისტრაციულმა ორგანომ ცალმხრივად გაითვალისწინა და არ შეაფასა მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ ხსენებული დადგენილება მოსარჩელეს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ჩაბარებული, რის გამოც სადავოდ ხდიდა ბუნებრივი გაზის დატაცების ფაქტთან დაკავშირებით შედგენილ მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №ა------ ოქმს. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის განმარტება მასზედ, რომ ხსენებული მილი, რამაც განაპირობა მისი სამართალდამრღვევად მიჩნევა, არ იყო დამონტაჟებული მის მიერ და ამასთან იგი არაერთხელ მოითხოვდა მისი დემონტაჟის განხორციელებას.

 

სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

გარდა ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

 

აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც აღნიშნავდა მოსარჩელე მოცემულ საქმეზე და მოტივი თუ რატომ არ გაიზიარა ისინი ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ ყოფილა. მას შეეძლო თავად გამოეთხოვა მთელი რიგი მტკიცებულებები (ლ-----------–---–ის განცხადება, რომლითაც იგი მოითხოვდა მილის დემონტაჟს), რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში. ამ ყველაფრის საპირისპიროდ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოტივზე დაყრდნობით იქნა მიღებული, რომ ლ-----------–---–მა არ გაასაჩივრა მისი სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ დადგენილება, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ხსენებული დადგენილების მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებასაც კი არ ადასტურებდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-----------–---–ის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ დადგენილების საფუძვლიანობის შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს აბონენტზე ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისთვის თანხის დარიცხვის საფუძვლიანობაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, კომისიამ ნორმატიული აქტების, შეფასებული გარემოებებისა და მტკიცებულებების შესაბამისად, ობიექტურად იმსჯელა ლ-----------–---–ის მოთხოვნაზე და იგი კომისიის მიერ შესწავლილ და გამოკვლეულ იქნა სრულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითებები კომისიის მხრიდან კანონის დარღვევის თაობაზე, რა იმპერატიული მოთხოვნები არ იქნა გათვალისწინებული, კანონის რა მოთხოვნები დაირღვა კომისიის მიერ, შესაბამისად არ არსებობს ლ-----------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.

 

აპელანტის მითითებით, კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას არსებითია გაირკვეს, თუ რა მიზნის რეალიზებას ემსახურება იგი. აღნიშნული საკითხის გამოკვლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მომხდარა. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე - ლ-----------–---–ი არის ბუნებრივი გაზის მომხმარებელი, რომელიც შპს ,,ყ--------------------–--ის” მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტად და მინიჭებული აქვს სარეგისტრაციო ნომერი - 3-----.

 

2015 წლის 13 დეკემბერს შპს ,,ყ--------------------–--ის” წარმომადგენელმა ქ. თბილისში, წ---------ს ქუჩა, პ------–------------ში №3----- აბონენტთან საკონტროლო შემოვლის დროს დააფიქსირა ბუნებრივი გაზის დატაცების ფაქტი - ბუნებრივი გაზის მოხმარება მრიცხველის გვერდის ავლით, რაზეც კომპანიის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეადგინა აქტი №ა------ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შესახებ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ა------ და მოახდინა უმრიცხველო განშტოების ჩაჭრა გარედან შედუღებით.

 

შპს ,,ყ--------------------–--ის” 2015 წლის 29 დეკემბრის №1----- დადგენილებით ლ-----------–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

 

2016 წლის 13 იანვარს ლ-----------–---–მა განცხადებით (საჩივრით) მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და მასზე უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის სახით დარიცხული თანხის გაუქმების მოთხოვნით.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 მარტის №1---- გადაწყვეტილებით ლ-----------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული №3----- აბონენტზე ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებისთვის 4417,81 ლარის დარიცხვა და შპს ,,ყ--------------------–--ს” დაევალა აბონენტზე დარიცხვა განეხორციელებინა წესების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, განუხილველი დარჩა ლ-----------–---–ის მიმართ შედგენილი შპს ,,ყ--------------------–--ის” 2015 წლის 13 დეკემბრის №ა------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საკითხი იმ საფუძვლით, რომ ლ-----------–---–ის მიერ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული არ იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე მიღებული დადგენილება.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 18 მარტის №1---- გადაწყვეტილების მე-3 და მე–4 პუნქტებს, რომლითაც განუხილველი დარჩა ლ-----------–---–ის მიმართ შედგენილი შპს ,,ყ--------------------–--ის” 2015 წლის 13 დეკემბრის №ა------ სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საკითხი და შპს ,,ყ--------------------–--ს” დაევალა №3----- აბონენტზე დარიცხვა განეხორციელებინა წესების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად, დავის საგნიდან გამომდინარე სასამართლო დავის გადაწყვეტის მიზნით ხელმძღვანელობს ზაკ-ით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და კონკრეტული ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმებით.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლი ადგენს: ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსლიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსლიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით –გამოიწვევს გაფრთხილებას.

 

საკითხს იმის თაობაზე, თუ რა ითვლება ბუნებრივი გაზის (აირის) უკანონო მოხმარებად განსაზღვრავს ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილება, რომლის 9.1 მუხლის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის; ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.

 

საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 13 დეკემბერს შედგენილი ,,ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ Nა------ აქტი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის Nა------ ოქმი, რომელთა მეშვეობით დგინდება, რომ ქ. თბილისში, წ---------ს პირველი ჩიხი N10-ში, აბონენტთან N3----- დაფიქსირდა უმრიცხველო განშტოება, კერძოდ, მეზობლის ეზოში გამავალი ცენტრალური გაზსადენიდან განშტოებული იყო უმრიცხველო მილი, რომელიც შედის აბონენტის სამზარეულოში. სამზარეულოში შემავალი განშტოების ნაწილი იყო გახვრეტილი და შენიღბული პლასტილინით და მუქი ფერის ნივთიერებით.

 

ძირითადი მოტივაცია, რასაც მოსარჩელე საკუთარ ქმედებაში ბრალეულობის გამორიცხვის მიზნით ეყრდნობა, მდგომარეობს შემდეგში: უკანონოდ დაერთებული მილი წარმოადგენს ეზოში მრიცხველის მონტაჟამდე არსებული ქსელის ნაწილს და არის კანონიერი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ამასთან, მისი არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნა - გაუქმებულიყო განშტოება - კომპანიის მიერ არ დაკმაყოფილდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიას არ გააჩნდა მისი სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ მტკიცებულებებს, კერძოდ ოქმზე თანდართულ ფოტო მასალას და სამართალდარღვევის გამომვლენელი პირების ახსნა-განმარტებებს. საქმეში ს.ფ.199 წარმოდგენილია ფერადი ფოტომასალა, რომლის ვიზუალური დათვალიერება ადასტურებს, რომ სამზარეულოში შემავალი მილი არის გახვრეტილი. სადისტრიბუციო ცენტრის თანამშრომელი თავის ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ უმრიცხველო განშტოების პლასტელინისგან გათავისუფლების დროს მილიდან დაიწყო აღურიცხავი გაზის გამოდენა, რამდენადაც გაზის გამოდენა ხდებოდა სამზარეულოში და არსებობდა გაზის დაგროვებისა და აალების საშიშროება, ჯერ მოხდა გარედან მილის ჩაჭრა და შემდგომ მილის გასუფთავება. იმავე საქმეში დაცული ფოტომასალიდან დგინდება, რომ გახვრეტილი მილი განთავსებულია წყლის გამაცხელებელთან.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, იმ პირობებშიც კი თუ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტს იმის თაობაზე, რომ უკანონოდ დაერთებული მილი წარმოადგენს ეზოში მრიცხველის მონტაჟამდე არსებული ქსელის ნაწილს, მოსარჩელე ვერ უპირისპირებს შესაბამის მტკიცებულებას იმ გარემოებას, რომ მილი იყო გახვრეტილი და შენიღბული, ისევე როგორც წარმოდგენილი ვერ იქნა ვერცერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ რომელიმე ეტაპზე წერილობით მიმართა კომპანიას და მოითხოვა განშტოების გაუქმება.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ წარმოადგინა დამატებითი მოტივაცია და განმარტა, რომ გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ გაზის დანადგარების დამონტაჟება მოხდა სამართალდარღვევის გამოვლენის შემდგომ, რაც, მიუთითებს იმაზე, რომ არ არსებობდა გაზის მოხმარების საჭიროება. სააპელაციო სასამართლომ მხარეს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა აღნიშნული მტკიცებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რა მიზნითაც გადადო საქმის განხილვა. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, ხოლო სასამართლოში მის მიერ გადმოგზავნილი იქნა ,,კა-–------V-------------”-ის საგარანტიო ტალონი, რომლის საფუძველზეც ვერ დასტურდება, რომ აღნიშნული აგრეგატი დამონტაჟებულია წ---------ს ქუჩა, პ------–------------ში, ( დადგენილია, რომ სადავო პერიოდში ფართი იყო გაქირავებული, ხოლო მოსარჩელე ცხოვრობდა სხვა მისამართზე.) აღნიშნულის საპირისპიროდ შპს ,,ყ--------------------–--ის“ მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნულ ფართში დამონტაჟებული იყო ოთხასანათურიანი გაზქურა ღუმელით, 12 ლიტრიანი წყალგამათბობელი და ლონგვის ტიპის გამათბობელი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოდავე მხარეთა მტკიცების ტვირთი ასევე მოცმეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ შპს ,,ყ--------------------–--ის” 2015 წლის 29 დეკემბრის №1----- დადგენილებას. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რასაც მოსარჩელე ვერ უპირისპირებს მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურდება, რომ სამზარეულოში შემავალი უმრიცხველო განშტოების მილი არ იყო მის მიერ დამონტაჟებული ან/და იყო უმოქმედო.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად, ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, არის თუ არა საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალების ამხანაგური სასამართლოს, საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილ საზოგადოებრივი ორგანიზაციის, შრომითი კოლექტივისათვის განსახილველად გადასაცემად, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის შესწავლა მოხდა როგორც ზემოაღნიშნული მუხლის ასევე ზაკ-ის 96-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის და ამ გარემოებათა შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი და საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აძლევდა სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს მიეღო გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1- ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ამდენად, ლ-----------–---–ს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 394-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ლ-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. ლ-----------–---–ს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე

 

მოსამართლეები: გელა ბადრიაშვილი

 

მარიამ ცისკაძე