განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.10.2018
საქმის ნომერი
330310017002077980
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002077980

საქმე N3ბ/2026-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - ლ-–- ა--–------ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ს--–-- ზ--------ი;

წარმომადგენელი - გ--------- ხ-------–---–ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მაისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს N----- ბრძანება და დაევალოს შემოსავლების სამსახურს გადახდილი ჯარიმის თანხის დაბრუნება;

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ს--–-- ზ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს №----- ბრძანება და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, 2017 წლის 29 მაისს ს--–-- ზ--------ის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №--------.

 

2017 წლის 29 მაისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, თბილისი - კ---ის #----- რეისით მიემგზავრებოდა ა------------ის მოქალაქე ს--–-- ზ--------ი, რომელიც ცდილობდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოდან გაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხა 72330 ევრო, რამაც სებ-ის გაცვლით კურსის შესაბამისად შეადგინა 196034,22 ლარი. იგი დაჯარიმდა სსკ 289-ე მუხლის მე-131 მუხლის საფუძველზე 19603 ლარით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი იმავე დღეს გადაეცა ს--–-- ზ--------ს, რასაც ადასტურებს ოქმზე დაფიქსირებული ხელმოწერა (ს.ფ.12).

 

4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრის მიერ, 2017 წლის 29 მაისს ს--–-- ზ--------ის მიმართ შედგა მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების N--------- ოქმი. ოქმში აღნიშნულია, რომ დათვალიერდა ს--–-- ზ--------ის კუთვნილი ბარგი/ხელბარგი, რომელსაც ესწრებოდა თვითონ ს--–-- ზ--------ი და გამოვლინდა დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული თანხა 72 330 ევრო. ოქმზე აღნიშნულია - მგზავრი არ აწერს ხელს ენის არცოდნის გამო (ს.ფ.28).

 

4.3. 2017 წლის 7 აგვისტოს ს--–-- ზ--------მა, სსიპ შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 29 მაისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადის აღდგენისა და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას შეავსო დეკლარაცია და მიუთითა მთლიანი თანხა, თუმცა არ იყო ინფორმირებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ფულადი თანხის გატანისას, ნაღდი ფულის გადაადგილების სავალდებულო დეკლარირების შესახებ. მისი განმარტებით, თბილისის აეროპორტში იკითხა აღნიშნულის თაობაზე, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. იგი არ ფლობს ქართულ ენას და მისთვის გაუგებარი იყო დაჯარიმების მიზეზი, არ ესწრებოდა თარჯიმანი. მართალია განუმარტეს, რომ დაჯარიმდა, მაგრამ არ აცნობეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ვადა (ს.ფ.13-16; 19-21).

 

4.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს N----- ბრძანებით, ს--–-- ზ--------ის საჩივარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 29 მაისის №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სსიპ შემოსავლების სამსახურში სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზი. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ს--–-- ზ--------ს ჩაბარდა 2017 წლის 29 მაისს, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2017 წლის 28 ივნისი, ხოლო საჩივარი წარდგენილი იქნა 2017 წლის 7 აგვისტოს. მითითებული ბრძანების მიხედვით, მომჩივანს არ წარუდგენია დოკუმენტები და მასალები, რაც ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას დაადასტურებდა. ასევე მითითებული იქნა, რომ, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლის საფუძველს.(ს.ფ 19-21).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები, რომლის თანახმად, თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურის ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა გამოიკვლიოს განემარტა თუ არა ს--–-- ზ--------ს სადავო სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი, მისი გასაჩივრების წესი მისთვის გასაგებ ენაზე და ჩაბარდა თუ არა ოქმი კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს და შეაფასოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კანონიერება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობისა და გადახდილი ჯარიმის დაბრუნების ნაწილში, ზემოთ მითითებული საკითხების გადაწყვეტამდე.

 

6. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

 

6.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევით. წარმომადგენლის განმარტებით, ს--–-- ზ--------ს მისთვის გასაგებ ენაზე განემარტა საბაჟო პროცედურები, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს კომუნიკაცია მიმდინარეობდა რუსულ ენაზე და სამართალდამრღვევი პირი სრულყოფილად საუბრობდა რუსულ ენაზე. ს--–-- ზ--------ის მიერ არ ყოფილა თარჯიმნის მოწვევის მოთხოვნა და არც საჭიროება, მხოლოდ დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის საფუძვლად მიუთითა, რომ ის არ ფლობდა ქართულ ენას. შესაბამისად, ოქმის შინაარსი მისთვის გაუგებარი იყო და ამიტომ განაცხადა უარი ხელის მოწერაზე, რაც აისახა ოქმის შესაბამის გრაფაში. თუმცა, დათვალიერების ოქმისგან განსხვავებით საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე მის მიერ ხელმოწერილი იქნა მას შემდეგ, რაც განემარტა, ხელის მოწერაზე უარის თქმის შედეგი - ოქმში გაკეთდებოდა შესაბამისი ჩანაწერი და ოქმს იდენტური იურიდიული ძალა ექნებოდა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, განმარტავს, რომ ადმინისტრაცული ორგანო ვალდებულია დოკუმენტაცია აწარმოოს ქართულ ენაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დარღვეულა, ხოლო სამართალდამრღვევს აძლევს უფლებას არაქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტი წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარემ საბაჟო გამშვები პუნქტის „წ-----–-------ს“ გავლით შემოსვლისას წარადგინდა რუსულ ენაზე შედგენილი ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია, რაც აპელანტის განმარტებით უტყუარად ადასტურებს მის მიერ რუსული ენის ცოდნის და დეკლარირების ვალდებულების ცოდნის ფაქტს.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის ,,ს” ქვეპუნქტს, რომლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო ,,ტ” ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, დეკლარანტი არის პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით; საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. მითითებული მუხლის „ჟ“ და „ღ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქონლის დეკლარირება არის ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას, ზოგადი დეკლარირება – საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

ამავე კოდექსის 289-ე მუხლის მე-131 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის ჩამორთმევას.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 29 მაისს, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ს--–-- ზ--------ის მიმართ შედგა №-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც იგი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-131 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 19603 ლარით.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. დადგენილია რომ ს--–-- ზ--------ის მიერ, 2017 წლის 29 მაისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (გადაეცა იმავე დღეს) შემოსავლების სამსახურში გასაჩივრდა 2017 წლის 7 აგვისტოს.

 

7.2. პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, აღნიშნული ვადის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან. გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია აღადგინოს დაინტერესებული მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადაც, თუ ეს არ არის აკრძალული კანონით და ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

 

პალატას საქმის მასალებით დადგენილად მიაჩნია, რომ მხარემ არ იცის ქართული ენა, მას არ განემარტა გასაჩივრების ვადა და ოქმიც გადაეცა ქართულ ენაზე. ამასთან, საქმის მასალებს ერთვის 2017 წლის 29 მაისს შედგენილი მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი N---------, რომელზეც აღნიშნულია, რომ მგზავრი არ აწერს ხელს ენის არცოდნის გამო.

 

პალატა აქვე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-14 მუხლზე, სადაც მითითებულია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზური. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენა.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2071 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ან/და საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების შედგენა შეიძლება უცხოურ ენაზედაც. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია რომ, თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.

 

ზემოაღნიშნულის პარალელურად, პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლზე, სადაც ცალსახად არის დადგენილი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება და ა.შ.

 

ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 258-ე მუხლი ასევე არეგულირებს თარჯიმნის დანიშვნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დროს. მუხლში განმარტებულია, რომ თარჯიმანს დანიშნავს ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. ზემოაღნიშნული მუხლების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მართალია სამართალწაროება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს შესაძლებლობას პირი უზრუნველყოფილი იქნეს თარჯიმნის მომსახურებით. ამასთან, აპელანტის აპელირება მასზედ, რომ დეკლარანტს რუსულ ენაზე მიეწოდა სათანადო ინფორმაცია, ასევე არ გამორიცხავდა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას მისთვის უზრუნველეყო თარჯიმანი. რაც შეეხება პირის მითითებას, რომ მან არ იცოდა ქართული ენა და შესაბამისად, მისთვის გაუგებარი იყო ოქმის შინაარსი, ცალსახად ადასტურებს თარჯიმნის მომსახურების სავალდებულოობას.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 30 აგვისტოს №----- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მითითებული საკითხების გადაწყვეტამდე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს და შეაფასოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების საკითხი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები ან არგუმენტები, რომელიც შექმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -