განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
010141318700056459
ინსტანცია
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010141318700056459

საქმე №1/ა.გ.279-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლები: გერონტი კახეთელიძე

ვეფხია ლომიძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ა------------–---–ის, გ---------------–---–ის

სასჯელმოხდილის: დ------------–---–ის

ადვოკატის: ი--------------–---–ის

მონაწილეობით,ზეპირი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის ა------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, სასჯელმოხდილის დ------------–---–ის მიმართ, პ/N0----------, დაბადებული: 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ქ------–--------------–-------–------------------------------------------–------------------–--------------–-------–------------- ბინა N3. დანაშაულისთვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით, დ------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 (რვა)წლის და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მაასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დ------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)წლის ვადით და ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ დ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2007 წლის 10 ნოემბრიდან.

დ------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5(ხუთი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ დ------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

დ------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა;

მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. რაც გამოიხატა შემდეგში: დ------------–---–მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4,098 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’.

მანვე, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში შეინახა ქარხნული წესით დამზადებილი და გამოსაყენებლად ვარგისი საბრძოლო მასალა. კერძოდ, 2007 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქ------–--–------------–-------–---------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული იქნა დ------------–---–ი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 0,967 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ხოლო მისი ბინის ჩხრეკის შედეგად, მდებარე ქ-------–--–------------–-------–--------------------ში, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3,131 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 13 ცალი 1930 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილი ტ-----------------------–--- პისტოლეტებისათვის, 2 ცალი 1896 წლის ნიმუშის 7,63 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილი მ---------- კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, 1 ცალი 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის პარაბელუმის „P 08“ ვაზნა განკუთვნილი იმავე კალიბრის უცხოური წარმოების ცეცხლსასროლო იარაღებისთვის, 1 ცალი 1971 წლის ნიმუში 7,62 მმ ვაზნა განკუთვნილი რევოლვერებისათვის, 1 ცალი 1906 წლის ნიმუშის 6,35 მმ კალიბრის „------------- ვაზნა, 1 ცალი 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების მოკლე ვაზნა.

დ------------–---–ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო შემდეგი მტკიცებულებები:

–2007 წლის 10 ნოემბრის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ქ--------–-------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ------------–---–ის სპორტული ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა სამი ცალი ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდში დაფასოებული ფხვნილისებური ნივთიერება.

–2007 წლის 10 ნოემბრის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, ქ--------–-------–-------------, ბ------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას საძინებელ ოთახში განთავსებული კარადის თავიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ფხვიერი ნივთიერება, ხოლო სამზარეულოს ოთახში განთავსებული სკამიდან ამოღებული იქნა 24 ცალი სხვადასხვა კალიბრის ტყვია.

–2007 წლის 11 ნოემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საექსპერტო -კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს N------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დ------------–--–-- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამ ცალად დაფასოებული ფხვნილისებური ნივთიერება თეთრი ფერის ტაბლეტის მცირე ზომის ნატეხების ჩანართებით, საერთო წონით - 2,0577 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0,967 გრამს.

- ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დ------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთ ცალად დაფასოებული მოყვითალო ფხვნილისებრი ნივთიერება თეთრი ფერის ტაბლეტის მცირე ზომის ნატეხების ჩანართებით, საერთო წონით - 6,6618 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობა შეადგენს - 3,131 გრამს.

–2007 წლის 11 ნოემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს N------- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გამოკვლევაზე წარმოდგენილი 24 ვაზნიდან 13 ცალი არის 1930 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილი ტ-----------------------–--- პისტოლეტებისათვის და სხვა, 2 ცალი ვაზნა არის 1896 წლის ნიმუშის 7,63 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილი მ---------- კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის და სხვა, 1 ცალი - 1908 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „--------–------------- ვაზნა განკუთვნილი იმავე კალიბრის უცხოური წარმოების პისტოლეტების, ხელის ტყვიამფრქვევების, კარაბინების და შაშხანების დიდი ჯგუფისთვის, 1 ცალი 1971 წლის ნიმუში 7,62 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილი ნაგანის სისტემის, “------- მოდელის რევოლვერებისათვის და სხვა, 1 ცალი 1906 წლის ნიმუშის 6,35 მმ კალიბრის „------------- ვაზნა, 1 ცალი 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების მოკლე ვაზნა. აღნიშნული ვაზნები არის ქარხნული წესით დამზადებული, წარმოადგენს საბრძოლო მასალას, მათი ნაწილი ვარგისია გამოსაყენებლად, ხოლო ნაწილი სავარაუდოდ ვარგისია გამოსაყენებლად.

–საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ინსპექტორ–გამომძიებლების ზაზა თითბერიძის, რამაზ თარაშვილის და გიორგი თორთლაძის ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დ------------–---–ის პირად და ბინის ჩხრეკაში, ასევე მის დაკავებაში.

2018 წლის 27 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა ა------------–---–მა, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ1’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა.

აღნიშნულ შუამდგომლობას საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის წარმოების პროცესში, დ------------–---–ის უფლებების დარღვევის შესახებ 2018 წლის 07 მარტის დადგენილება, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის N------------ საქმეზე – პოლიტპატიმარ დ------------–---–ის განზრახ უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3691 მუხლის მე-3 ნაწილით – გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა დ------------–---–ის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები, გამოვლენილი იქნა ახალი გარემოებები და მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, რომელიც დ------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვისას ცნობილი არ იყო.

შუამდგომლობის ავტორის მტკიცებით, ახალი გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები სრულ წინაარმდეგობაში მოდის დ------------–---–ის მსჯავრდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. მათი გაანალიზების შედეგად მივდივართ დასკვნამდე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება დ------------–---–ის მიერ იმ ქმედების ჩადენის ფაქტი, რისთვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამრთლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და დ------------–---–ის გამართლება, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე.

სააპელაციო პალატამ, საქმის არსებითი განხილვით შეამოწმა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა, უშუალოდ გამოიკვლია სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დ------------–---–მა განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით ირიცხებოდა პოლიტიკურ ორგანიზაცია „ეროვნულ ფორუმში“ და მონაწილეობას იღებდა მიმდინარე საპროტეტსო აქციებში. იგი რამდენჯერმე სიტყვითაც გამოვიდა და საჯაროდ დააფიქსირა მისი შეხედულება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მოხდა მიტინგის დაშლა, ის გახდა ცუდად და შემდეგი რამდენიმე დღე იმყოფებოდა სახლში. 10 ნოემბერს საღამოს დაახლოებით 19:00 საათისთვის დაუკავშირდა მისი ძმა - ზ------------–---–ი და უთხრა, რომ სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები ეძებდნენ. აღნიშნული პირები, გვერდით სადარბაზოში მცხოვრებ მის ძმასთან იყვნენ მისულები, როგორც „----–----- თანაშრომელები, მისი ძმა კი მათი მანქანებიდან გამომდინარე მიხვდა, რომ ისინი სავარაუდოდ „ს------იდან უნდა ყოფილიყვნენ. ამ დროს მასთან - დ------------–---–თან ერთად სახლში იმყოფებოდნენ მისი მეგობარი ქალბატონი მ-------–----–---–ი, მეზობელი ი-----------–--ე, ასევე, მისი უფროსი ძმის მეუღლე და ბავშვი. გარკვეული დროის შემდეგ მისი ძმა ზ------------–---–იც მივიდა და უთხრა, რომ კორპუსის გარშემო მანქანები იყო და აშკარად შენ გეძებენო. მოწმის განმარტებით, მან რამდენჯერმე ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა, რომ ყველა მხრიდან სამართალდამცავების მანქანები იყო. დაახლოებით 3 საათის შემდეგ, 10-ის ნახევრისთვის სიგარეტის საყიდლად ჩავიდა მაღაზიაში, თან მანქანის ეზოში შეყვანა უნდოდა და იფიქრა, თუ პოლიციის თანამშრომლებს მასთან რაიმე საქმე ექნებოდათ, დაელაპარაკებოდნენ. ზემოაღნიშნული ავტომანქანები კვლავ კორპუსთან იდგნენ. მაღაზიაში შესვლისას დაინახა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა უახლოვდებოდა ჩქარი ნაბიჯით, მათ კიდევ სხვებიც შეუერთდნენ, თუმცა შიგნით არ შედიოდნენ. დ------------–---–მა იყიდა სიგარეტი, რა დროსაც მაღაზიაში იყო იქ მომუშავე სამი პიროვნება. ერთ-ერთ მათგანს - ე----------ს უთხრა, რომ არ შეშინებულიყო, მასთან იყვნენ პოლიციის თანამშრომლები მისულები და შესაძლოა, დაეკავებინათ. იმ დროს მაღაზიაში შევიდა ერთი პიროვნება, რომელსაც სხვებიც შეყვნენ, ის დ------------–---–ი -ვალუტის ჯიხურის უკან შეიყვანეს საწყობის ოთახში, დააკავეს და ჯიბეების გაჩხრეკვას ცდილობდნენ. შენიშნა, რომ ე----------ი ამ ყველაფერს ხედავდა. შემდეგ იგი გარეთ გაიყვანეს, ჩასვეს მანქანაში, ხელბორკილები დაადეს და ამ დროს მოახერხეს, რომ მარცხენა ჯიბის შესაკრავი გაეხსნათ, სადაც ჩაუდეს პაკეტი. ამის შემდეგ გადმოვიდნენ მანქანიდან, ჩაიცვეს სამსახურებრივი ფორმის ქურთუკები და უთხრეს, თუ სად ცხოვრობდა და საიდან მოხვდა იქ. მას შემდეგ, რაც დ------------–---–მა მიუთითა მისი საცხოვრებელი ბინა, თანამშრომლების გარკვეული ნაწილი გაემართა იმ მიმართულებით. თვითონ კი ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს პოლიციის სამმართველოში. მოგვიანებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი სახლიდანაც ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება და საბრძოლო მასალები. მოწმემ უჩვენა, რომ 2012 წლის 22 ნოემბერს, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

სააპელაციო სასამართლოში დ------------–---–ის მიერ მიცემული ჩვენება დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა მისმა ოჯახის წევრებებმა და ახლობლებმა - ზ------------–---–მა, მ-------–----–---–მა, ა-–--------–---–მა და ი-----------–--ემ. ასევე, დ------------–---–ის საცხოვრებელ ბინასთან მდებარე მაღაზიის თანამშორმლებმა: ე----------მა და მ--------------------მ.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე ზ------------–---–მა განმარტა, რომ 2007 ნოემბრის თვეში ის და მისი ძმა - დ------------–---–ი მონაწილეობდნენ პოლიტიკურ საპროტესტო აქციებში. 10 ნოემბერს დაახლოებით 19:30 საათზე მასთან სახლში მივიდა ორი უცნობი პიროვნება, როგორც განუმარტეს „----–----- თანამშრომლები და ჰკითხეს, თუ ვინ ცხოვრობდა ამ ბინაში ან დაქირევებული ხომ არ ჰქონდათ იგი. პასუხის მიღების შემდეგ აღნიშნული პირები გავიდნენ სადარბაზოდან, რის შემდეგაც მოწმემ გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ ეზოში 3-4 უცხო მანქანა იდგა. მან დაურეკა დ------------–---–ს და უთხრა, რომ შესაძლოა ერთ-ერთი მათგანის დასაკავებლად ყოფილიყვნენ მისულები. რამდენიმე წუთში კი მივიდა მასთან სახლში, სადაც დახვდნენ მისი რძალი და ახლობლები: ა-–--------–---–ი, ი-----------–--ე და მარინა, რომლის გვარს ზუსტად ვერ იხსენებს. მათ ისაუბრეს და მოგვიანებით ზ------------–---–ი კვლავ სახლში დაბრუნდა. პერიოდულად იხედებოდა ფანჯრიდან და დაახლოებით 22:00 – 22:30 საათზე აღნიშნული მანქანები იქ ვეღარ დაინახა. მოწმე ჩავიდა მაღაზიაში, სადაც გაიგო, რომ დ------------–---–ი დაიჭირეს. აღნიშნული ინფორმაცია სატელეფონი საუბარისას დაუდასტურეს დ------ სახლში მყოფმა ქალბატონებმაც, რომლებიც იმ მომენტში ადვოკატთან იყვნენ წასულები. მოწმემ დაადასტურა, რომ მის ძმას ნარკოტიკულ საშუალებასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლში მოწმე მ-------–----–---–მა უჩვენა, რომ დ------------–---–თან ერთად ცხოვრობდა 6 წლის განმავლობაში, მათ შორის 2007 წლის ნოემბრის მდგომარეობით. ამ პერიოდში დ------------–---–ი იყო „ეროვნული ფორუმის“ წევრი. 10 ნოემბერს საღამოს მათთან სახლში იმყოფებოდნენ ა-–--------–---–ი და ი-----------–--ე ბავშვებთან ერთად. დაახლოებით 21:007 საათზე დ------ დაურეკა მისმა ძმამ ზ------- და უთხრა, რომ მასთან სახლში „თელასიდან“ მისულები იყვნენ უცხო პირები და კითხულობდნენ მას - დ------------–---–ს. ცოტა ხანში, თავად ზ------ მივიდა მათთან და დ------ უთხრა: მგონი, შენ გეძებენო. მოგვიანებით ზ------ წავიდა, დათო კი სიგარეტის საყიდლად ჩავიდა ეზოში, რომელსაც ცოტა შეაგვიანდა. ამის შემდეგ, მათთან მივიდნენ უცხო პირები, რომლებსაც სამსახურებრივი ფორმა არ ეცვათ და განუმარტეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. სახლში მყოფი პირები შეიყვანეს ერთ ოთახში და უთხრეს: იქიდან არ გასულიყვნენ. ეძებდნენ დ------------–---–ის კომპიუტერს, შემდეგ საძინებელში დაუძახეს, ერთ-ერთმა მათგანმა აიხედა კარადაზე და ისევ ჩამოვიდა. მათმა ხელმძღვანელმა თქვა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ კამერა არ გვქონდა ჩართულიო. კამერის ჩართვის შემდეგ სხვა ავიდა კარადის თავზე სკამის საშუალებით და რაღაც პაკეტი ჩამოიღო. მოწმემ განმარტა, რომ სახლი ოთხი დღის წინ ჰქონდა დალაგებული და შეუძლებელი იყო იქ რამე ყოფილიყო. შემდეგ მიუთითეს სამზარეულოში გასულიყო, რა დროსაც დაინახა, რომ ტყვიები ჰქონდათ ამოღებული. მათი განმარტებით, სამზარეულოს სკამებიდან ამოიღეს. აღნიშნული ნივთები მას არასოდეს უნახავს სახლში. ბოლოს წარუდგინეს რაღაც დოკუმენტი და უთხრეს, რომ ხელი მოეწერა, ხოლო მისი უარის საპასუხოდ განუცხადეს, რომ ფორმალობა იყო და იქედან არ წავიდოდნენ, სანამ ხელს არ მოაწერდა, რაზედაც დასთანხმდა. მის შეკითხვაზე, თუ სად იყო დათო, უპასუხეს, რომ იგი ნარკოტიკების შენახვის გამო იყო დაკავებული.

სააპელაციო სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცეს მოწმეებმა ა-–--------–---–მა და ი-----------–--ემ, რომლებიც დ------------–---–ის სახლში ჩხრეკის მიმდინარეობისას იმყოფებოდნენ ერთ ოთახში. ისინი ჩხრეკის პროცედურებს არ დასწრებიან, თუმცა ი-----------–--ემ დაინახა რომ ერთ-ერთ ოთახში პოლიციის თანამშრომელი ავიდა სკამზე, შემდეგ განაცხადეს, რომ გადაღება დაავაწყდათ, კამერები ჩართეს, კვლავ ავიდნენ და კარადის თავიდან რაღაც ფხვნილი ჩამოიღეს. ანა ტატიშვილმა დამატებით განმარტა, რომ იგი ცუდად გახდა ჩხრეკის დროს და მისთვის უცნობია, საიდან რა ნივთი ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა. ორივე მათგანმა განმარტა, რომ ისინი ხშირად იმყოფებოდნენ დ------------–---–ის სახლში, საოჯახო საქმიანობაშიც ეხმარებოდნენ და მასთან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არასოდეს შეუნიშნავთ.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლში მოწმე ე----------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2007 წლის მდგომარეობით ქ. თბილისში ქ--–-------–--------------- კორპუსში მდებარე სუპერმარკეტში გახსნილი ჰქონდა ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, სწორედ აქედან იცნობს დ------------–---–საც. ამავე წლის 10 ნოემბერს საღამოს დაახლოებით 22:00 საათზე მაღაზიაში შევიდა დ------------–---–ი, რომელმაც გვერდით სექციაში იყიდა სიგარეტი, შემდეგ კი მივიდა მასთან. იგი ცოტა აღელვებული იყო, მიუახლოვდა და უთხრა, რომ „შენ არ ინერვიულო, მე უნდა დამაკავონო“. მათ მიუახლოვდათ მ-------------------- და დამლაგებელი ქალბატონი მზია. საუბრობდნენ, როდესაც კარი გაიღო, ერთი პიორვნება შევიდა მათთან, მიუახლოვდა დ------------–---–ს და გაესაუბრა, იქვე სხვა პირებიც იდგნენ, რომლებიც შევიდნენ მაღაზიაში და გვერდით საკუჭნაო (საწყობი) ოთახში შეიყვანეს დათო. მოწმე მიუახლოვდა და უყურებდათ. დ------ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის ჯიბეში რაღაცას ეძებდნენ. მათთან მივიდა მ--------------------ც. რამდენიმე წუთის შემდეგ კი დ------ ხელები დაუჭირეს, გარეთ გაიყვანეს და ჩასვეს მანქანაში. დ------------–---–ის ჯიბიდან მის თვალწინ არაფერი ამოუღიათ. სანამ პოლიციის თანამშრომლები შემოვიდოდნენ, დათომ დაახლოებით 5 წუთი დაჰყო მაღაზიაში.

სააპელაციო სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე მ--------------------მ.

პალატა ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებები, რომლებშიც სასამართლოს ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ გააჩნია, ეჭვქვეშ აყენებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ისინი წინააღმდეგობაში მოდის დ------------–---–ის მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში არსებული პირადი ჩხრეკის, დაკავების და ბინის ჩხრეკის ოქმთან, ასევე, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებთან.

2007 წლის 10 ნოემბრის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, დ------------–---–ი დაკავებული იქნა ქ. თბილისში, ქ--------–-------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ის გადაადგილდებოდა ფეხით, სააპელაციო სასამართლოში მოწმეების მ--------------------ს და .ე----------ის ჩვენებით დგინდება, რომ დ------------–---–ის დაკავება მოხდა მაღაზიაში, რის შემდეგაც ის გაიყვანეს და ჩასვევს მანქანაში. ამასთან, მოწმეების, მ-------–----–---–ის, ა-–--------–---–ისა და ი-----------–--ის ჩვენებები ეჭვქვეშ აყენებენ დ------------–---–ის ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების ამოღების ნამდვილობის ფაქტს.

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მოწმეები, რომლებიც ბუნებრივია ფლობდნენ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას, არც 2007 წლის ნოემბერში მიმდინარე გამოძიების მსვლელობისას და შესაბამისად, არც სასამართლოში არ დაკითხულან.

პალატა განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ------------–---–ისათვის 19:00 საათიდან ცნობილი იყო, რომ მას უკვე ეძებდნენ და მის საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე ავტომანქანით მოძრაობდნენ. ასეთ ვითარებაში, თუ დ------------–---–ი ნამდვილად ინახავდა კანონსაწინააღმდეგო ნივთებს ან ნივთიერებას, როგორც პირადად, ასევე საცხოვრებელ ბინაში, ამასთან, მაღაზიაში შესვლისას მან უშუალოდ იგრძნო დაკავების საფრთხე, მას დაკავებამდე - 21:30 საათამდე-სრულიად საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა თავიდან მოეშორებინა აღნიშნული ნივთები, რაც განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მისი მხრიდან ყოვლად ლოგიკური ქმედება იქნებოდა.

აღნიშნული საეჭვო გარემოება კიდევ უფრო ამყარებს დ------------–---–ის ოჯახის ახლობლების და მაღაზიის თანამშრომლების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფრომაციის რეალურობას და წარმოშობს გონივრულ ეჭვს მსჯავრდებულის პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობასთან დაკავშირებით.

პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მართალია, არ დაკითხულან მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის, დაკავებასა და ბინის ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშორმლები, რომლებმაც ახალი გამოძიების ფარგლებში ვერ გაიხსენეს დ------------–---–ის მიმართ განვითარებული მოვლენები და სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან ერთობლიობაში შეეფასებინა წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები, თუმცა, განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში გამოკვლეულმა ახალმა მტკიცებულებებმა წარმოშვა საფუძვლიანი ეჭვი იმ მტკიცებულებათა უტყუარობაში, რაც საფუძვლად დაედო დ------------–---–ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.

ამდენად, გადასასინჯი განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სისხლის სამართლის N------------ საქმეზე მოპოვებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით დგინდება, რომ არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და ეჭვისგამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა დ------------–---–ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტს. დ------------–---–ის დაკავების, პირადი ჩხრეკის და ბინის ჩხრეკის ოქმები, სააპელაციო სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში აღებული, ვერ ქმნიან იმ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლითაც საქმეზე დამკვირვებელ ობიექტურ პირს დაარწმუნებდა დ------------–---–ის ბრალეულობაში. ისინი იძლევიან მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად ვერ დაედება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით’’ უნდა დასაბუთდეს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დაკმაყოფილდეს სისხლის სამართლის კანონმდებლის ძირითადი პრინციპი – ,,in dubio pro reo’’,რაც გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (Messegie and jJabardo v. Spain) - პარაგ. 77; (Lavents v Latvia) - პარაგ 125.

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დ------------–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად, დ------------–---–ის მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310–314–ე მუხლებით, 298–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის ა------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განაჩენი დ------------–---–ის მიმართ გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი;

3. დ------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდების ნაწილში და გამართლდეს;

4.საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე, დ------------–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყონებლივ აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: გ. კახეთელიძე

 

ვ. ლომიძე