განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002283836
საქმე №1/ბ-1157-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ-------------–-----ის მიმართ, დაბადებულის 19----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------- უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–------------------–-–---–-----------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ-----–-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვას. რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ქ------–--–----------------–-–---–------------------------ში, ჯ-----–-----ე თავის ბებიას, ლ-------------------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა, მიმართავდა უცენზურო და დამამცირებელი სიტყვებით, რის გამოც ლ-------------------ე იმყოფებოდა მუდმივი სტრესის ქვეშ, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან თავის ასარიდებლად ხშირად ათენებდა ღამეს ქუჩაში, რამაც გამოიწვია ლ-------------------ის ტანჯვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით ჯ-----–-----ე გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–მა რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის გამამართლებელი განაჩენის შეცვლა და ჯ-----–-----ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა დეტალური ჩვენება მისცა გამოძიებას ჯ-----–-----ის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მან ასევე მიმართა ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ცენტრს ჯ-----–-----ის მიერ მასზე ძალადობის გამო, აღნიშნული სასამართლოზე დაადასტურა მოწმე ი-----------------ემ, მოწმე ე-------------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ლ-------------------ე მკურნალობდა ა-–----–---–ის სახელობის კლინიკაში, ამ პერიოდში ჯ-----–-----ეს ერთხელაც არ მოუნახულებია მისი აღმზრდელი ბებია კლინიკაში და დაზარალებულს მხოლოდ ექიმები აქცევდნენ ყურადღებას. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ დაზარალებულზე ზემოქმედება მოახდინა ჯ-----–-----ემ და აიძულა ჩვენება არ მიეცა მის წინააღმდეგ.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენი უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯ-----–-----ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ჯ-----–-----ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად უთითებს დაზარალებულის გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასა და მოწმეების ი---------------------------------------------ს ჩვენებებს.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ლ-------------------ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (შვილიშვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
მოწმე ე-------------------ის ჩვენებით, მუშაობს შპს „ა-–----–---–ის“ კლინიკაში ექიმ- კარდიოლოგად. ლ---------------------ე არის მისი პაციენტი, რომელსაც აქვს გულის ქრონიკული პრობლემები, გადატანილი აქვს ინფარქტი და ჩატარებული აქვს სტენტირება, შესაბამისად, ხშირად იყო მოთავსებული ა-–----–---–ის სახელობის კლინიკაში. მისგან იცის, რომ გარდაცვლილი ჰყავს შვილი და რძალი, ასევე იცის, რომ ზრდიდა შვილიშვილს. ოჯახური ტრაგედიის გამო ლ-------------ე ხშირად ტიროდა. დეკემბრის თვეში, როდესაც ის ბოლოჯერ იყო მოთავსებული კლინიკაში, მასთან მნახველი არ უნახავს და ყურადღებას თავად აქცევდა.
მოწმე ნ------------–--ის ჩვენებით, მუშაობს ქ.თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. ჯ-----–-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა ბრალდებული ჯ-----–-----ე, სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მტკიცებულებად მიღებული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე ი------------------ის ჩვენება, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ლ-------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია და სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ჯ-----–-----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით, კონკრეტულად ის ფაქტი რომ ჯ-----–-----ემ 2015 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, ქ------–--–----------------–-–---–--------------------------ში, თავის ბებიას, ლ-------------------ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა, მიმართავდა უცენზურო და დამამცირებელი სიტყვებით, რის გამოც ლ-------------------ე იმყოფებოდა მუდმივი სტრესის ქვეშ, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან თავის ასარიდებლად ხშირად ათენებდა ღამეს ქუჩაში, რამაც გამოიწვია ლ-------------------ის ტანჯვა ვერ იქნა დადასტურებული.
სააპელაციო პალატა, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის კუთხით ობიექტურ პირს უტყუარად დაარწმუნებდა იმაში, რომ ლ-------------------ეს მისმა შვილიშვილმა მიაყენა სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სასამართლოზე არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა ჯ-----–-----ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. რამეთუ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება მოცემულ დანაშაულში ჯ-----–-----ის სამხილებლად, საქმეში არ მოიპოვება.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ჯ-----–-----ემ ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ჯ-----–-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენი ჯ-----–-----ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ჯ------–-----ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ ჯ------–-----ეს განმარტებული აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი