განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2018
საქმის ნომერი
010210018002249509
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002249509

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-765-2018 9 ოქტომბერი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ნ----- ს------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს ს----------–--------ი

წარმომადგენელი - დ---------------ე

დავის საგანი - სესხი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 22 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს ,,ს----------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ----- ს------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისრა 18 807.98 ლარის გადახდა. მოპასუხე ნ----- ს------ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის” სასარგებლოდ დაეკისრა 564.24 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. გასაჩივრებული განჩინებით ნ----- ს------ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა უცვლელად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასკვნები დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 09 იანვარს სარჩელით მიმართა სს ,,ს----------–--------ის” წარმომადგენელმა მოპასუხე ნ----- ს------ის მიმართ, თანხის დაკისრება თაობაზე. 2.1.1. 2011 წლის 23 მარტს, სს ,,ს----------–--------სა’’ და ნ----- ს------ის შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N2------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შეადგენდა 4000 ლარს, წლიური საპროცენტო სარგებლის 36%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს. 2.1.2. მოპასუხემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მნიშვნელოვნად გადაააცილა კრედიტის დაფარვის ვადებს, რის შესახებაც ბანკის მიერ არაერთხელ ეცნობა თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად დავალიანება შეადგენს 18 807.98 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10 069.73 ლარი, პროცენტი 2 283.21 ლარი და პირგასამტეხლო 6 455.04 ლარი. 2.1.3. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მხარე მოითხოვს, რომ მოპასუხე ნ----- ს------ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 18 807.98 ლარის და მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 564.24 ლარის ანაზღაურება. 2.1.4. სარჩელი და თანდართული მასალები მოსარჩელის მიერ მოპასუხე ნ----- ს------ეს ჩაჰბარდა 2017 წლის 22 იანვარს, რაც დადასტურებულია საფოსტო გზავნილზე მოპასუხე ნ----- ს------ის პირადი ხელმოწერით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს გზავნილი ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-75-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეს აღნიშნული გზავნილით განემარტა, რომ ის ვალდებული იყო წერილობითი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე თავის მოსაზრებებთან ერთად წარმოედგინა სასამართლოსათვის სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში არ წარმუდგენია. ამასთან მოპასუხეს არ უცნობებია სასამართლოსათვის მის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის მიზეზების შესახებ. 2.1.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად კი მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. 2.1.6. სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა და მიიჩნია, რომ სამოქალაქო 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 623-625-ე. 867-ე, 873-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. დასკვნები დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასარჩელო განცხადება და თანდართული მასალები მოპასუხეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და იგი სარჩელში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა მოპასუხეს პირადად 2018 წლის 22 იანვარს, მაგრამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარმოუდგენია შესაგებელი. 2.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ვერანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა ნ----- ს------ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, თუ რატომ ვერ იქნა წარდგენილი შესაგებელი აპელანტის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიუთითა მხარისთვის გზავნილის ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების უხეშ დარღვევაზე. კერძოდ, ს----------–--------ის წარმომადგენელმა სასამართლოს მიერ მხარაზე გადასაგზავნი დოკუმენტებიდან, რომელიც სასამართლომ გადასცა მოსარჩელე მხარეს, ამოიღო სასამართლოს გზავნილი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და ს----------–--------ის კონვერტში ჩადო სულ სხვა დოკუმენტები, რომელიც ეხებოდა აპელანტის სასესხო ვალდებულებებს და გაუგზავნა ფოსტით. აპელანტმა ჩაიბარა დოკუმენტი, რომელშიც განთავსებული იყო მხოლოდ ს----------–--------ის დოკუმენტები. იქ არ იდო სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, შესაბამისად ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მოსარჩელე მხარე სასამართლოში ედავებოდა, შესაბამისად ვერც შესაგებელს წარადგენდა. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარუდგინა განცხადება, რომ აპელანტს სარჩელი ჩაბარებული ჰქონდა. ამდენად სასამართლო შეცდომაში შევიდა და შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი. სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის არგუმენტები იმისა შესახებ, რომ მოსარჩელე მხარემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 თავით დადგენილი წესები და დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ სს ს----------–--------მა სარჩელი აღძრა ნ----- ს------ის წინააღმდეგ და მოპასუხისათვის 18 807,98 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. 4.2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 23 მარტს მოპასუხეზე გასცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტიც გაფორმების მომენტში შეადგენდა 4000 ლარს. 4.2.1. სესხით სარგებლობისათვის აპელანტს წლიურად უნდა გადაეხადა 36%, ხოლო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ერიცხებოდა პირგასამტეხლო, ვადაგადაცილებული თანხის 1%. 4.2.2. მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია და სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის გადახდა შეწყვიტა. ამის გამო, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენდა ძირითად თანხას - 10 069,73 ლარს, სარგებელს - 2283,21 ლარს და პირგასამტეხლოს - 6455,04 ლარს, ე.ი. სულ - 18 807,98 ლარს. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ აპელანტი სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების ფაქტს სადავოდ ხდის. 4.3.1. ე.წ. უკუგზავნილის თანახმად, 2018 წლიწ 18 იანვარს სს ს----------–--------მა აპელანტს „წერილობითი კორესპოდენცია“ გაუგზავნა, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, რომ იგი სარჩელსა და თანდართულ მასალებს მართლაც შეიცავდა. 4.3.2. პალატის აზრით, რადგან მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო, ზემოხსენებული გარემოებების მტკიცების ტვირთიც მას ეკისრებოდა. 4.3.3. მოსარჩელემ კი ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხეს გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩააბარა. 4.3.4. ამის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლითა და 233-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არსებობდა. 4.4. თუმცა, ასეც რომ არ ყოფილიყო, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობისას, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. 4.4.1. ამის შესაბამისად, თუ მოპასუხე სარჩელზე შესაგებელს არასაპატიო მიზეზით არ წარადგენს, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე გამოაქვს. 4.5. პალატის აზრით, სს ს----------–--------ის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მის სასარჩელო მოთხოვნასთან შესაბამისობაში არ არის. 4.5.1. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის განმარტებით მოპასუხემ მისგან 2011 წლის 23 მარტს 4000 ლარი ისესხა. ამის მიუხედავად, სარჩელის თანახმად, მოპასუხის ძირითადი დავალიანება მოსარჩელის მიმართ, 2018 წლის 9 იანვრისათვის 10 069,73 ლარს შეადგენდა. 4.5.2. სარჩელში მითითებული არც-ერთი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარეობს, თუ როდის და რის საფუძველზე გაიზარდა მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ და რატომ შეადგინა მან 4000-ის ნაცვლად, 10 069,73 ლარი. 4.6. სარჩელში აღნიშნული არ არის და ამის შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, თუ როდის შეწყვიტა მოპასუხემ ვალდებულების შესრულება; რატომ ერიცხება მას სარგებელი - 2283,21 ლარი; რატომ შეადგენს პირგასამტეხლო 6455,04 ლარს და ა.შ. 4.7. ამრიგად, სარჩელში მითითებული გარემოებების საფუძველზე იმის დადგენა, რომ მოპასუხის ვალი მოსარჩელის მიმართ, მაინცდამაინც, 18 807,98 ლარს შეადგენდა, შეუძლებელი იყო. 4.8. ამის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა. 4.9. ამგვარად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დაადგინა

 

1. ნ----- ს------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 22 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;

3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე