განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001929567
საქმე №1ბ/834-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
მარინე თათრიაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ-----------------–---ის
გამართლებულის: ზ-------------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის მ-----------------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №090190417001) ზ-------------–--ის მიმართ. ზ-------------–--ე დაბადებულია 1--- წლის 16 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #0----------), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ი---------------------------–--
წარდგენილი ბრალდება: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი -ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
წარდგენილი ბრალდების თანახმად ზ-------------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა გამოიხატა მასში, რომ უკანონოდ შეიძინა და 2017 წლის 19 აპრილამდე უკანონოდ ინახავდა 1,1072 გრამ თეთრი ფერის ფხვნილს, რომელიც შეიცავს 0,1188 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,კოკაინს“ (მარილს), რაც 2017 წლის 19 აპრილს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ზ-------------–--ის პირადი ჩხეკის შედეგად იქნა ამოღებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენით:
ზ-------------–--ე საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
ზ-------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება –გირაო გაუქმდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა მ-----------------–---მა და მოითხოვა ზ-------------–--ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა - ზ-------------–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გამართლებულმა ზ-------------–--ემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მ-----------------–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ზ-------------–--ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ზ-------------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჩადენა – ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა – დადასტურებულია საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით - მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების გ-------------–--ის, გ-------–--–--ის, გ---------–-------–---–ის და გ-----------–-------ის ჩვენებებით, ზ-------------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასმართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი და დადასტურებულია საქმის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ-------------–--ე 2017 წლის 19 აპრილს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა ქ. თბილისში, პ-----------------–-- ,,საქართველოს ფოსტის“ ფილიალის სიახლოვეს და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის საფოსტო კონვერტი, რომელსაც გარედან ერთ მხარეს გააჩნდა ლათინური ასოებით წარწერა ,,Mr. Zurab Grdzelidze. Viktor Dolidze Street#26 bldg. Entrance 1. Flat #4. Tbilisi 0171. GEORGIA.” კონვერტს იგივე მხარეს დაკრული ჰქონდა უცხოენოვანი ეტიკეტი, რომლებზეც იკითხებოდა წარწერა ,,Nederland PRIORITY International 2014“, იგივე გვერდზე დარტყმული ჰქონდა შტამპი, რომელზეც ქართული ასოებით იკითხებოდა წარწერა ,,საქართველოს ფოსტა“ აეროპორტის გამშვები პუნქტი 4-04-2017. აღნიშნულ კონვერტში ნახატიან გამოსახულებიან მისალოცი ბარათის ყდაში, რომელზეც ლათინური ასოებით გაკეთებული იყო წარწერა ,,Happy Birthday”, ჩაკრული იყო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი, მის შიგნით - გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიანი პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება.
2017 წლის 20 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის #8------------- დასკვნით დადასტურებულია, რომ რომ 2017 წლის 19 აპრილს ზ--------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის ნახატიან (კანაფის ფოთოლი) პაკეტში მოთავსებული თეთრი ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 1,1072 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს (მარილი) – 0,1188 გრამს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა თ-------------–---–----------------–--–---–---- დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გი------------–--------------–--–---------------–-------–---–-------------------–--------- პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურეს 2017 წლის 19 აპრილს ქ. თბილისში, პ-----------------–- ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზ-------------–--ის დაკავება, პირადი ჩხრეკის ჩატარება და მისი მარჯვენა ხელიდან თეთრი ფერის საფოსტო კონვერტის ამოღება, რომელშიც აღმოჩნდა თეთრი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, რომელიც ადგილზე დაილუქა. ზ-------------–--ემ გაურკვეველი მიზეზით არც დაკავების და ჩხრეკის ოქმებზე, არც ლუქზე ხელი არ მოაწერა. ზ-------------–--ე გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. 2017 წლის 19 აპრილის ნარკოლოგიური ექსპერტიზის #7------ დასკვნით ზ-------------–--ეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა.
ზ-------------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და აჩვენა, რომ მიუვიდა შეტყობინება, რომ ,,საქართველოს ფოსტაში“ მის სახელზე იყო გზავნილი. 2017 წლის 19 აპრილს მივიდა თბილისში, პ-----------–- მდებარე ,,საქართველოს ფოსტა“-ში, ჩაიბარა გზავნილი და ფოსტიდან გამოსვლისას იქვე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ზ-------------–--ემ განმარტა, რომ მას დაბადების დღე აქვს აგვისტოს თვეში და ვის უნდოდა აპრილის თვეში მისთვის მიელოცა დაბადების დღე, უცნობია. არ იცოდა, ვინ იყო კონვერტის გამომგზავნი, ან რა იდო კონვერტში. ასევე აღნიშნა, რომ დაკავების ადგილზე არაერთი ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული, რომლის ამოღებით და სასამართლოში წარმოდგენით დადასტურდებოდა, რომ გზავნილი ნამდვილად აიღო ,,საქართველოს ფოსტიდან, რაც ბრალდების მხარემ არ გააკეთა.
ზემოხსენებული მტკიცებულებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია პირდაპირი, აშკარა და უტყუარი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ ზ-------------–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება ეკუთვნოდა ზ-------------–--ეს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას და ამ კატეგორიის დანაშაული ჩადენილი უნდა იქნას მხოლოდ პირდაპირი განზრხვით. განსახილველ საქმეში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირდაპირი მტკიცებულებები რითიც დადასტურდებოდა ზ-------------–--ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის და შენახვის ფაქტი.
პირადი ჩხრეკის ოქმით და ბრალდების მოწმეთა ჩვენებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ თბილისში, პ-----------------–- მდებარე ,,საქართველოს ფოსტის“ ფილიალის მახლობლად ზ-------------–--ისგან ამოღებული იქნა საფოსტო კონვერტი მასში არსებული ნარკოტიკული ნივთიერებით. უდავოა, რომ საფოსტო გზავნილი ზ-------------–--ეს გამოუგზავნეს, რაც დაცვის მხარემაც დაადასტურა, თუმცა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ზ-------------–--ემ წინასწარ იცოდა კონვერტში ნარკოტიკული ნივთიერების არსებობა და, შესაბამისად, გააჩნდა ამ ნივთიერების შეძენისა და შენახვის განზრახვა. ამიტომ მიჩნეული უნდა იქნას, რომ ზ-------------–--ისათვის წარდგენილი ბრალდება იმთავითვე ვარაუდს ეყრდნობოდა. ჩხრეკის ოქმი, ბრალდების მოწმეთა ჩვენებები და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა საკმარისი არ არის ზ-------------–--ის ბრალდების დასადასტურებლად.
ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ზ-------------–--ის ბრალეულობაში.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ზ-------------–--ემ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა ჩაიდინა.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ზ-------------–--ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ზ-------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენი გამართლებულ ზ-------------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის მ-----------------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივნისის განაჩენი გამართლებულ ზ-------------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ზ-------------–--ე უდანაშაულოდ იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ-------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია; გირაოს თანხა - 2000 ლარი, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
გამართლებულ ზ-------------–--ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
ნივთიერი მტკიცებულებები:
ზ-------------–--ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს საცავში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე