განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3524-16 15 მაისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივნები: ნინო სოლომნიშვილი, ოთარ ბუკია
აპელანტი – ა-–---------- ხ------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს--------------------------------------“
წარმომადგენელი - ს--–-----–---–------
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, ა-–---------- ხ------–---ის სარჩელი, სს „ს--------------------------------------ს” მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მხარეთა შორის 2014 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა პოლისი N------.
2.2. 2012 წლის 27 მარტს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი დაზღვეული ავტომობილი მერსედეს ბ---------, სახელმწიფო ნომერი G--------.
2.3. ს--–---------------–---------------ის ავტომობილი, რომელთანაც მოხდა ა-–---------- ხ------–---ის კუთვნილი ავტომანქანის შეჯახება, შემთხვევის მომენტში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, გადაყავდა ს--–------------------------------ და ა-----------.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.4. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოსარჩელის ბრალეულმა ქმედებამ.
სასამართლო მიუთთებს საქმეში წარმოდგენილ საჯარიმო ქვითარზე, რომლის საფუძვლზე ა-–---------- ხ------–---ი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიღებული აქტის არსებობა, იმთავითვე მოიცავდა ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ხასიათს, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ არ მომხდარა საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება კანონით დადგენილი წესით, ივარაუდება, რომ ა-–---------- ხ------–---ის მიერ დარღვეული იქნა საგზაო მოძრაობის წესები.
2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობით.
კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, დგინდება, რომ ბ-------------- ხიდის პანდუსზე მძღოლი არ დაემორჩილა მონიშვნას ,,დაუთმე გზა” რის გამოც, მოხდა შეჯახება ს--–---------------–--------------ზე. სასამართლომ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელია _ მოსარჩელის ქმედება წარმოადგენს უხეშ თუ მარტივ გაუფრთხილებლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს სწორედ იმ წესებისა და მითითებების დარღვევას, შეუსრულებლობას, რომელიც სავალდებულოდ უნდა იცოდეს მსგავსი მოქმედების განმახორციელებელმა პირმა.
საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №---------- ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, ბრალეული მძღოლის მოქმედება შეიძლება თუ არა დაკვალიფიცირდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად არ შედის ექსპერტის კომპეტენციაში.
ამავე ექსპერტიზის ბიუროს №---------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, ავტომობილ მერსედეს-ბ-------------- მძღოლს, საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” 51-ე მუხლის, მეორე პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა გაეტარებინა მისგან მარცხნივ მოძრავი ავტომობილი და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო მოძრაობა დასახული მიმართულებით.
ზემოაღნიშნული გარემოება, დაზღვევის ხელშეკრულების 6.1.11 მუხლით დადგენილი საგამონაკლისო პირობების შესაბამისად, გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს.
ასევე, სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ირკვევა, რომ ბ-------------- ხიდის პანდუსზე მძღოლი არ დაემორჩილა მონიშვნას ,,დაუთმე გზა” რის გამოც, მოხდა შეჯახება ს--–---------------–--------------ზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ა-–---------- ხ------–---ს უნდა გაეთვალისწინებინა ს--–---------------–---------------ის ავტომობილის დანიშნულება, დაეთმო გზა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის და მხოლოდ მას შემდეგ განეგრძო გზა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–---------- ხ------–---ის მიერ დაირღვა უსაფრთხო გადაადგილების მინიმალური სტანდარტი და მისი ქმედება თავსდებოდა უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.
სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი; ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით, მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაზღვევის ხელშეკრულება (მე-6 მუხლის 6.1.11 პუნქტი) ითვალისწინებდა საგამონაკლისო შემთხვევებს; კერძოდ, მზღვეველი არ აანაზღაურებს ზარალს და დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებელი მოქმედებით. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზეა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევები (გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტი), რაც გამორიცხავს მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
ზემოაღნიშნული მუხლების და სადაზღვეო ხელშეკრულების საფუძველზე 6.1.11 მუხლის თანახმად, სადაზღვეო კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვავაში, თუ დამზღვევი ჩაიდენს უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეულ სამართალდარღვევას.
საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ 51-ე მუხლის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე−41-ე და 44-ე მუხლებით, აგრეთვე ამ კანონის №1 და №2 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.
სასამართლოს შეფასებით, ა-–---------- ხ------–---ის მიერ დაირღვა უსაფრთხო გადაადგილების მინიმალური სტანდარტი და მისი ქმედება თავსდებოდა უხეში გაუფრთხილებლობის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რამაც გამორიცხა სარჩელის დაკმაყოფილება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების 3.2.1, 3.2.2. პუნქტების მიხედვით, არასწორად იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოსარჩელის ბრალეულმა ქმედებამ და ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობით.
აპელანტის მოსაზრებით, ექსპერტიზის მიერ დადგინდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შერეულ ბრალს; ე.ი. ანუ როგორც ა-–---------- ხ------–---ის, ასევე ს--–------------------ის ავტომობილის მძღოლის ბრალითაც დაირღვა კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“. ამასთანავე, ექსპერტიზის კვლევით ნაწილში დადგენილი იქნა, რომ ს--–-------ს ავტომობილი ,,ფ----ის“ მძღოლი მოძრაობდა 60-70 კმ. სიჩქარით, ხოლო ა-–---------- ხ------–---ი - 5 კმ.სთ სიჩქარით. საფრთხის შექმნის მომენტში, როცა მის მიერ მართული მერსედეს-ბ---- შემოვიდა შემთხვევაში მონაწილე ,,ფ----ის“ სამოძრაო ზოლში, ეს უკანასკნელი შეჯახების ადგილიდან დაშორებული იქნებოდა დაახლოებით 60+84 მეტრით. ექსპერტიზამ იანგარიშა ,,ფ----ის“ სრული გაჩერებისათვის საჭირო მანძილი მოცემულ საგზაო პირობებში და დაადგინა, რომ მისი სრული გაჩერებისათვის, მისი მოძრაობის სიჩქარის პირობებში (60-70კმ/სთ), ტექნიკური თვალსაზრისით, საჭირო იყო დაახლოებით 42+53 მეტრი, მაშინ, როდესაც მის განკარგულებაში იყო 60+84 მეტრი, რომლის დაცვის შემთხვევაში გამორიცხული იქნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომა.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ამასთან, სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა მოსარჩელის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად.
აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლო, მის მიერ მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემთხვევაში, დაადგენდა, რომ განსახილველ დავაში ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მხრიდან გაუფრთხილებლობას და არა უხეშ ბრალს. დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ დამდგარა განზრახი მოქმედებით; ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა შერეულ ბრალს, რომლის პირობებში გამოირიცხება უხეში გაუფრთხილებლობის კვალიფიკაცია და მისი ამგვარად შეფასება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებში, მსჯელობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
_ მხარეთა შორის 2014 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა პოლისი N------.
_ 2012 წლის 27 მარტს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი დაზღვეული ავტომობილი მერსედეს ბ---------, სახელმწიფო ნომერი G--------.
_ ს--–---------------–---------------ის ავტომობილი, რომელთანაც მოხდა ა-–---------- ხ------–---ის კუთვნილი ავტომანქანის შეჯახება, შემთხვევის მომენტში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას _ გადაყავდა ს--–------------------------------ და ა-----------.
_ დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მოსარჩელის ბრალეულმა ქმედებამ, პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
_ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა მოსარჩელე _ ა-–---------- ხ------–---; კერძოდ, აღნიშნულის თაობაზე შედგა 2015 წლის 27 მარტის N-------- ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმი და სამართლადამრღვევი დაჯარიმდა 250 ლარით (ს.ფ. 73-ზე);
_ ოქმში აღნიშნულია, რომ ბ-------------- ხიდი პანდუსზე მძღოლი არ დაემორჩილა მონიშვნას ,,დაუთმე გზა“, რის გამოც მოხდა შეეჯახა ს--–---------------–---------------ის ავტომანქანას;
დადგენილია ასევე ის გარემოებაც, რომ ს--–---------------–---------------ის ც------ის კუთვნილ ავტომანქანას გადაჰყავდა პ--------, ჩართული ჰქონდა ციმციმები და ხმოვანი სიგნალი;
_ დადგენილია, რომ აპელანტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე შედგენილი საჯარიმო ქვითარი არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, ივარაუდება, რომ იგი დაეთანხმა მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიღებული აქტის არსებობა, იმთავითვე მოიცავს ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ხასიათს, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, აპელანტის მიერ არ მომხდარა საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება კანონით დადგენილი წესით და მიიჩნევა, რომ ა-–---------- ხ------–---ის მიერ დარღვეული იქნა საგზაო მოძრაობის წესები; ამასთან, თავად მხარის მიერ სარჩელშიც და სააპელაციო საჩივარშიც მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ გადაცილებული იყო საგზაო მონიშვნის ზოლს ,,დაუთმე გზა“ და მოძრაობდა 5 კმ/სთ სიჩქარით.
4.2. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატა მართებულად მიიჩნევს განმარტოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აპელანტის უხეში გაუფრთხილებლობით.
პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად მიუთითებს, რომ რადგან სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით.
სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას. ამ საკითხზე მსჯელობისას, საქმეში წარმოდგენილი მასალების, მათ შორის ესპერტიზის დასკვნების შეფასებისას, პირველ ყოვლისა, გასათვალისწინებელია სა-–---------------–---- მანქანის დანიშნულება; ასევე არსებითი მნიშვნელობისაა ის გარემოებები, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაში ჩართული იყო ციმციმები და ხმოვანი სიგნალი, რაც მოასწავებდა, რომ ს------–----------------ს ც------ის კუთვნილ ავტომანქანას გადაჰყავდა პ--------;
,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის დანაწესით, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. ასეთივე უფლებით სარგებლობს იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალება და რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები. საგზაო მოძრაობის მონაწილეები კი ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.
მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ როგორც აღინიშნა, ს--–---------------–---------------ის ც------ის კუთვნილ ავტომანქანას გადაჰყავდა პ--------, ჩართული ჰქონდა ციმციმები და ხმოვანი სიგნალი, აპელანტი კი გადაცილებული იყო საგზაო მონიშვნის ზოლს ,,დაუთმე გზა“, შესული იყო ს--–-------ს მანქანის სამოძრაო ზოლში და მოძრაობდა 5 კმ/სთ სიჩქარით, რის გამოც მისი ქმედება წარმოადგენს უხეშ გაუფრთხილებლობას.
4.3. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა-–---------- ხ------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /ხათუნა არევაძე /
მოსამართლეები: /თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი/
/გოგიტა თოთოსაშვილი/